იყო და არა იყო რა...
დავიწყებ იქედან რომ 40 კვირა 5 დეკემბერს (4-ში გავაჩინე) მისრულდებოდა. 3 დეკემბერს (პარასკევს) დილას შევამჩნიე წყალივით გამონადენი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ჩემთვის გულში ჩავილაპარაკე და თავი დავაიმედე რომ მალე ,,მეშველებოდა“. ეს გამონადენი მთელი დღის განმავლობაში იმატებდა და იმატებდა, თუმცა ვერ დაარქმევდა კაცი ,,წყლის დაღვრას“ (არადა ეს ყოფილა).
ამ 3 დეკემბრის დილიდან ,,ვიქალე“: სახლი გემრიელად (წელში გადავწყდი ისე) დავალაგე, ბავშვის ნივთებს კიდევ კარგად მივუჩინე ადგილი თავის ოთახში, გადავახარისხე ყველაფერი, გავაკეთე სოკოს კრემ–სუპი peppi-ს საიტის მიხედვით, ამას პლიუს Breakyს რეცეპტით მომზადებული ,,ანტიგრიპიც“ შევარგე ღნაჩვიტოს : ))))) და შევედი ვანაში თავის მოსაწესრიგებლად...
ღამის 01:20 წუთზე დავწექი და ამ დაწოლის დროს მომიარა პირველმა ტკივილმა, შევეცადე ყურადღება არ მიმექცია და გავიფიქრე ,,ალბათ ცუდ პოზაში წამოვწექი“ – მეთქი და დაძინება ვცადე (მაგრამ ინტერვალების დათვლა გადავწყვიტე.. : ))) შიში ოხერია). 2–ჯერ მომიარა 25 წუთიანი ინტერვალით და გადავიდა ეგრევე 5–10 წუთიან ინტერვალებზე..

აი მაშინ კეთილი ვინებე, ავდექი და დავაპირე ექიმთან დარეკვა. არავისთვის არ მინდოდა მეთქვა და დამეპანიკებია ოჯახის წევრები, მაგრამ ქმრის გაღვიძებამ მომიწია... აღმოვაჩინე რომ ანგარიში გამთავებია ტელეფონზე და ბალიშის ქვეშიდან გამოვუღე ტელეფონი. ,,რა გინდა“–ო მკითხა, მეთქი ტკივილები მაქვს რაღაც და ექიმს უნდა დავურეკოთქო. ამ დროს მეგონა წამოხტებოდა ,,არიქაა ჩქარააა“–ს ძახილით, მაგრამ შენც არ მომიკვდე, კარგიო დამიქნია თავი, გადატრიალდა და გააგრძელა ძილი (ადამიანი ,,გუდურა“ !).
დავრეკე ერთხელ ნუკრისთან და არ იღებდა ყურმილს. მეორედ აღარ დამირეკავს, გადავწყვიტე ჩაჩავაში წასვლა და თუ დამტოვებდნენ მერე ისინი დაურეკავდნენ რომ ტყუილად არ დამეპანიკებინა. მობილური პატრონს შევუდე ისევ ბალიშის ქვეშ : )))) და მე ჩანთის მოწესრიგება დავიწყე, გადავამოწმე მედო თუ არა ყველაფერი (გაცვლა–გამოცვლის ბარათი, პირადობა, ქორწინების მოწმობა და ა.შ). ფენი გადმოვიღე და ,,ჩოლკა“ ჩამოვისწორე

(ცოტა ვერ ვარ!), ჩავრთე კომპიუტერი, ჩემს ქმარს მინი ინსტრუქცია ავუკრიფე ვორდში – თუ როგორ უნდა მოქცეულიყო როცა ჩემი გამოწერილი ამანათი ,,ბესტექსის“ ოფისში მივიდოდა, გადავუგზავნე ეს ვორდის დოკუმენტი მეილზე და გამოვრთე კომპიუტერი.
...ამ ყველაფრის შემდეგ მოკრძალებულად დავაკაკუნე დედაჩემის და მამაჩემის საძინებელი ოთახის კარებზე. გავაღვიძე ,,გუდურაც“ და დავიწყეთ ჩაცმა. ამ დროს ტკივილები ხან 5 წუთიანი, ხან 10 წუთიანი , ხან 15 წუთიანი ინტერვალებით მქონდა.
ჩაჩავაში მივედით დაახლოებით დილის 7 საათი იყო დაწყებული. ვიღაც მორიგე გოგომ გამსინჯა, გამომკითხა ყველაფერი. ,,წყლებს ღვრი მთელი დღეა, რა გამონადენიო, გადასწორებული 2 თითია, დაურეკეთ ექიმს დაველაპარაკები, გტოვებთო“ – მითხრა. მერე ოთახიდან მესმოდა დიალოგი ,,ხო პირველი ბავშვია“, ,,ხო 5 წუთში ერთხელ“, ,,ხო სრული 2 თითი“, ,,ძალიან მალე გააჩენს“...!
ჩემები გარეთ გაუშვეს ჩემი და ბავშვის ტანსაცმელებისა და ერთჯერადი ხალათის (ქმარს ეცვა , ის შემომყვა) ამოსატანად. ყველა ძალიან დაბნეული იყო, ფერი არ ედო არცერთს სახეზე, მე ძალიან მშვიდად ვიყავი. მორიგე გოგოებიც ფართხიფურთხობდნენ, ჩქარობდნენ... მილიონი სისულელე ფურცელი გადმოალაგეს, სადაც გაწერილი იყო ჩემი და ჩაჩავას უფლება–მოვალეობები, თუ რა ვალდებულებები ეკისრებოდა ჩემს ქმარს (რადგან ის შემოდიოდა), დაზღვევასთან დაკავშირებული საბუთები და ა.შ..... მოვხიკე ესენი ყველა, იქვე კუთხეში დავჯექი და დავიწყე ყველაფრის კითხვა

(სხვა რა საქმე მქონდა). მორიგე გოგოებმა მკითხეს ,,ზოგადად ესეთი მშვიდი ხართ, თუ...?“ (თუ! მოვლითი ტკივილები და მუცლის გამაგრება მამშვიდებდა? ) .
როგორც იქნა გავედი ბოლოში, მოვაწერე ყველაფერზე ხელი და ავფლატუნდი ჩუსტებით და ხალათით ზევით. მობილური დატოვეთო გვითხრეს, ამოვიღე და ჩავდე მათ თვალწინ ჩანთაში, ჩემს ქმარს 2 ტელეფონი დააქვს და თვალით ვანიშნე 1 ცალი დაიტოვეთქო, ისეთი დაბნეული იყო კიდევ კარგი მიმიხვდა.... ,,წინასამშობიარო ოთახში“ თუ რასაც ეძახიან ძალიან გავერთე, კედლებზე გაკრული იყო ვარჯიშები თუ რაღაც პოზები რითაც შესაძლებელი იყო ტკივილების შემსუბუქება, ვერცერთი ვერ გავაკეთე, მაინც მტკიოდა ძალიან.. მაგრამ ისე რომ მარტო სიმწრისგან ჩავილაპარაკებდი ,,ფუ შენი დედაც“ და მერე მორიგ შეტევას ველოდებოდი (არანაირი კივილი და წივილი). პერიოდულად შემოდიოდა მორიგე ექიმი (მგონი დოდო ერქვა) და მსინჯავდა (ნუკრის თურმე 1 საათში ერთხელ რეკავდა ჩემი ამბის გასაგებად).
აი ,,ფუი შენი დედაც“ ტკივილი რომ მორჩა და..... ,,ვაი დედას“ ტკივილი წამოვიდა

ნუკრიც მოვიდა და გამსინჯა. მოკრძალებულად ვთხოვე ,,იქნებ გაუტკივარება გავიკეთოთ “ – მეთქი. რად გინდა, გტკივაო? (ჩაიცინა ულვაშებში)... კი ცოტა მტკივათქო! (რა ცოტა ! იმდენი ძირმაგარა მე ცხვირზე! ლამის კედლებზე გავდიოდი) მაგრამ მერე უფრო რომ ამტკივდეს ჭინთვების დროს ძალა გამომეცლება და ვერ დაგეხმარებითთქო (შევაცოდე თავი თუ შევაშინე ვერ გავიგე : )) )... აი აქ კარგად გემრიელად გაიცინა ექიმმა, მოვიდა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა ,,არ მჭირდება გენაცვალე შენი დახმარება, ეხლა გაუტკივარებას ვერ გაგიკეთებ 4 თითზეა უკვე გახსნაო“ და წავიდა ((სიტყვა ,,გენაცვალე“–ს ყოველ წინადადებაში თბილად...თბილად, ძალიან თბილად მიმეორებდა). ჩამოვბობღდი იმ სკამიდან, მაგრამ უკვე ოთახში ექთნის დახმარებით წავედი, ძალიან მტკიოდა.
დაახლოებით 9:30 იქნებოდა, ძალიან მეძინებოდა, ძალიან... 5 წუთში ერთხელ ჭინთვა მოდიოდა მსუბუქად, მგონი ჭინთვა იყო რავი.. სწორ ნაწლავზე კი მაწვებოდა და... მტკიოდა ხანგრძლივად. გადამივლიდა თუ არა ეს ტკივილი ვიღაც გოგოს (რომელიც იჯდა და რაღაც გაცვლა–გამოცვლას ავსებდა თუ როგორი ორსულობა მქონდა, რას ვსვამდი მთელი 9 თვე, რა ჩივილები მქონდა და ა.შ) ვუყვებოდი ,,აი ესეთი ტკივილია, ამდენ ხანს გრძელდება და ბლა..ბლა ბლა.. მერე მივხვდი რომ არ აინტერესებდა (მაგის მოვალეობა საბუთების შევსება იყო) და დავიკიდე, მოვუტრიალდი ჩემს ქმარს და იმას ვუყვებოდი (ენას მაინც ვერ ვაჩერებდი

).
ამ ტკივილებმა ძალიან დამღალა

ისე რომ 3 წუთიანი ინტერვალების დროს მეძინებოდა. თურმე თვალებს აქეთ იქეთ უაზროდ ვატრიალებდი..ჩემს ქმარს შეეშინდა გული არ წაუვიდესო და ვალერიანის წვეთები მოატანინა, რომელსაც ყოველი ტკივილის დროს ხან ერთ ნესტოში მთხრიდა და ხან მეორეში : ))))) ეხლა მეცინება თორემ ძალიან მეშლებოდა ნერვები

,,ბიჭო თავი დამანებე, გაწიე ეგ ბოთლითქო“ ვეუბნებოდი.
შენც არ მომიკვდე...
გავიდა 1 საათი და წამოვიდა მაგარი ჭინთვები, ყოველი ახალი/უცხო ტკივილის დაწყებისას ვკითხულობდი ეს რა არის? ასეთი რამის დაწყების მერე მალე აჩენენ? შეიძლება კიდევ 4–5 საათი გაგრძელდეს? (სულ თვალწინ მედგა აქ მპოსტავთა მშობიარობის სურათები ,,მე 27 საათში გავაჩინე“, ,,მე 16–ში“, ,,მე 12–ში“... ჩემი სამშობიაროში მისვლიდან კი მხოლოდ 4–5 საათი იყო გასული და კიდევ 5 საათს კი არა 5 წუთს ვერ ვითმენდი, ერთი სული მქონდა გამომეგდო გარეთ ნაყოფი. ერთმა გოგომ მითხრა, არა ნუ გეშინია მაქსიმუმ 2 საათში გააჩენო.. (2 საათიც არ დამჭირდა). ამ დროს 2 ჯერ კარგად მივაკივლე. შემოვიდა ბებია ქალი და ჩამომიჯდა ლოგინზე და მითხრა ,,ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, ძალიან და მოდი ეხლა ნუ იკივლებ, ძალას დახარჯავ, რამდენი კივილი მოგინდება გაიჭინთეო“.. დავუჯერე! ერთხელაც არ დამიკივლია, ყოველ ჯერზე ვეხმარებოდი ნაყოფს დაბლა ჩამოსვლაში...ცოტა მომეშვა, ეს ჭინთვა სასიამოვნოც კი იყო (ინფინიტ! შენ გამახსენდი, გაგიხმეს მაუსი!

).
ამ დროს გახდა 11 საათი, შემოვიდა ნუკრი და ,,ვაა...აბა ეხლა ასკუპდი და წამომყევი! ‘’ და გასვლა დააპირა, მივაძახე ,,როგორ, ჩემით?“ .. არაფერი მიპასუხა, გამიღიმა და გავიდა... (როგორი სერიოზული, სიტყვაძუნწი (კარგი გაგებით, ბევრს არ ლაქლაქებს) და ,,დამჯდარი“ კაცია, ვგიჟდები ეგეთ ტიპებზე)... მივხვდი რომ ჩემით უნდა მექნა ეგ ამბავი და ავბობღდი და გავყევი მშვენივრად (ბებია ქალის დახმარებით).
ავედი სკამზე...
ექიმს თვალებში ვუყურებდი, სულ...სულ... არადა ის არაფერს მეუბნებოდა, მიყურებდა, ხანდახან გაიღიმებდა, მოვიდოდა ჩემთან, თავზე ხელს დამადებდა და ჩაილაპარაკებდა ,,კარგია გენაცვალე, კარგი, მოეშვი“... მოვეშვი მეც და ყველა ველოდებოდით პირველ ჭინთვას, წამოვიდა და ...
ერთი,
ორი,
სამი...
...და ღნაჩვიტოც გამოძვრა

არ შემიხედავს, ექიმს ავხედე, იმან ჩვეული სიმშვიდით ისევ გადამისვა თავზე ხელი და მითხრა ,,ყოჩაღ, გენაცვალე, ყოჩაღ!“... მივუტრიალდი ბებია ქალს და ვეკითხები ,,ჩახევები მაქვს?“ (არ დაგავიწყდეთ, ჭიპლარი არ არის ჯერ გადაჭრილი ამ დროს

) ვიღაც მეორე გოგომ მიპასუხა: ,,ჯერ არ ჩანს, ნახავენ ეხლა“..
ამ დროს გულზე დამაწვინეს ეს მატლი, რომელიც ბოლო წუთამდე, ჭინთვების დროსაც კი ფეხებს ირტყმევინებოდა შიგნიდან და ეხლა კიდევ ზევიდან საშვილოსნოს მიკუმშავდა : D
ქუდი ქონდა ჩამოფხატებული და სახეს ვერ ვუყურებდი... ხელები ამოვაყოფინე და დავხედე, ეგრევე ვიცანი ჩემი ფრჩხილები, მესიამოვნა...

)))
არც მიტირია, არც გული ამფანცქალებია, რაღაცნაირად ვიყავი, ბავშვის ნერვები არ მქონდა, უცებ ჩემი ქმრის ნახვა მომინდა, რომელიც ოთახში დავტოვე.. მომინდა ავმდგარიყავი და დაბლა ჩავსულიყავი სადაც ვიცოდი ძალიან ნერვიულობდა დედაჩემი, მამაჩემი... ჰერმიონ...ყველანი ჩემები
მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა...
მიუხედავად ტკივილისა, ეხლა უკვე სახლში გამოკეტილი ფაჩიკოდ ყოფნისა, უძილობისა და გამაგრებული მკერდისა.. ძალიან ბედნიერი ვარ

სასაცილოა დემეტრე, აცმაცუნებს სულ ამ ბანტივით ტუჩებს და ძინავს გაუთავებლად (ადამიანი ,,გუდურა“ №2). გულს გაგითბობს ეს რამოდენიმე დღის ჭიკარტი.
მოკლედ, ესე.... : ) ვაგრძელებ ცხოვრებას ,,ძუძუ აჭამე – გამოიწველე – გამოუცვალე – დააძინე – საკუთარ თავს აჭამე“ რეჟიმში და ვარ.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
პ.ს სამშობიაროზე და სხვა წვრილმანებზე შესაბამის თემებში დავწერ !
გუდურა
loading...