ჩემი დროც მოვიდა ამ თემაში, ვიწყებ:
15 დეკემბერს შევასრულე სრული 40 კვირა. ყველა გინეკოლოგის თქმით, ვისთანაც ვყოფილვარ, საკეისროს კანდიდატი ვიყავი.
იმ დღეს მომავალი დედიკოების თემაში დავპოსტე, რომ გაგუასთან მინდოდა კონსულტაცია სასწრაფოდ და ვკითხულობდი, თუ იყო ეს შესაძლებელი. სოფომ (Nebiera28) თურმე დარეკა კლინიკაში, ძალიან სთხოვა მიმღების ოპერატორს და თავისი გვარით ჩამწერა მიღებაზე

გავემზადე, ბოლო ნივთებიც დავამატე ჩემოდანს. უკვე საკეისროზე ვფიქრობდი, 6-ის მერე საჭმელიც არ მიჭამია. თუ გაგუა მეტყოდა საკეისროს, მზად ვიყავი იმ დღესვე გამეკეთებინა.
სადღაც საღამოს 10 საათზე მენზის მაგვარი ტკივილი ვიგრძენი, ყურადღება არ მივაქციე. ასეთი ტკივილები თითქმის ყოველდღე მქონდა. რამოდენიმე წუთში ტკივილი განმეორდა. კიდევ დავიკიდე. მესამეჯერ რომ ამტკივდა, საათს შევხედე, დავინიშნე. ისევ ამტკივდა, საათს შევხედე - 10 წუთი იყო გასული. კიდევ არ დავიჯერე. მომდევნო 10 წუთში ისევ განმეორდა და... ჩავრთე განგაშის სიგნალი. წამოხტა სახლში ყველა, აბა, გტკივაო? მართლაო? დაიწყეს სირბილი ერთი ოთახიდან მეორეში დედაჩემმა, დედამთილმა, ჩემმა ქმარმა და ძმამ. ზოგს კამერა გამოჰქონდა, ზოგს ჩემოდანი, ზოგი ფეხსაცმლის ჩაცმაში მეხმარებოდა, ზოგი თმებს მვარცხნიდა

შუალედი კი მცირდებოდა და მე გავყვიროდი, მალე თორე გავაჩინე ეგ ბავშვი უკვე თქო. გაგუას კლინიკაში რომ მივედით, ზუსტად 12 საათი იყო ღამის და ტკივილებს შორის შუალედი უკვე 4 წუთიც არ იყო.
მიმღებში დამხვდა ბრიგადის ხელმძღვანელი გელა ყამბარაშვილი. გამსინჯა, გახსნა 3 თითიო. "ყოჩაღ!"- ეს მე შევაქე ჩემი თავი

მოამზადეთ, ვიტოვებთო - უთხრა სანიტარს და კარისკენ წავიდა. საკეისრო თუ ფიზიოლოგიური? - დავადევნე შეკითხვა. მოტრიალდა, შემომხედა ოდნავ გაკვირვებით - ფიზიოლოგიური! უფ, როგორ გავიხარეეე
2.5 წლის წინ ავტოავარიაში მოვყევი და ტვინის შერყევა მქონდა მძიმე ფორმაში, ვიმკურნალე, გამოვკეთდი და მაგის მერე თავი არც მტკიებია და დავიწყებას მიეცა ეგ ამბავი. და ეხლა, კონსულტაციის გინეკოლოგმა მირჩია ბოლო ვიზიტზე, რომ ფორმა 100 თუ გაქვს, მაინც აჩვენე ნევროლოგს, ფიზიოლოგიური საერთოდ არ შეიძლება შენთვისო. სახლში ვეძებე, მარა ვერსად ვიპოვე ეგ ფორმა100 და დავიკიდე კიდეც.
ჰოდა, ვარ ამ მიმღებში, საბუთებს აფორმებს ის ქალი და უცებ ვგრძნობ, რომ თავიდან სიტყვები ამომივარდა. მეკითხება რაღაცას და ვერ ვპასუხობ. ტვინი იმდენად მიმუშავებდა, რომ გამახსენდა ეს თავის ტრავმა და იმასაც მივხვდი, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ვერ მაქვს მთლად დალაგებულად საქმე და დაუყოვნებლივ მჭირდება ამ ტკივილის გაყუჩება. მინდა ამ ქალს და ჩემებს ვუთხრა, რომ გამიკეთონ სასწრაფოდ გაუტკივარება. ჰოდა დავიწყეე: ისა... სადაა?... საშვილოსნო?.. ჰოოო?.. და მე თვითონ მიკვირს რას ვლაპარაკობ. საერთოდ სიტყვები ვერ გავიხსენე. "გაუტკივარება" - აი ამ სიტყვის ხსენება მინდა მარა სადაა, ვერაფრით ვერ ვთქვი

დედაჩემი იყო ჩემს გვერდით მაგ დროს და უცებ მოწვა, რაც მჭირდა, მერე ჩემი დედამთილი და ქმარიც შემოვარდა და მოკლედ აუხსნეს ამ ქალს საქმის ვითარება. მომკიდეს ხელი და გამაქანეს წინასამშობიარო პალატაში, სადაც ჩემზე წინ ანესთეზიოლოგები მივიდნენ. სულ "ჰო, შენი ჭირიმე"-თი მელაპარაკა ის ბიჭი. დაჯექიო მეუბნება საწოლზე, არადა გული მერევა საშინლად, და არ გინდა ეს თქვა, ამდენი სიტყვას როგორ მოვუყარო თავი. ბოლოს, ხელით ვანიშნე და მომირბენინეს ტაშტი, რომელიც მშვენივრად გამოვიყენე.
როგორც იქნა გამიყუჩეს ტკივილი, ყამბარაშვილიც მოვიდა, დაწვრილებით გამოკითხა დედაჩემს ავტოავარიის ამბები, მეორე გინეკოლოგიც მოვიდა, კიდევ ვიღაცეები ირეოდნენ პალატაში. 10 წუთის მერე დამიბრუნდა სიტყვების მარაგი.
ცოტა ხანში გამსინჯეს, 4 თითი იყო გახსნა, წყლები დამაღვრევინეს და რამოდენიმე წუთში ჭინთვებიც დამწყო. არადა სადღაც 1 საათზე ცოტა მეტი იყო, რაც კლინიკაში მოვედი. იმის შიშით, კიდევ გონება არ ამრეოდა, გაუტკივარებას გაუტკივარებაზე მიმატებდნენ, პირველი 2 საათი ჭინთვებს ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი, მერე უფრო გაძლიერდა და აუტანელი გახდა, თან ძალიან დავიღალე, ჭინთვებს შორის მეძინებოდა. ამიტომ მხოლოდ ჭინთვები მახსოვს, ის შუალედები არა. ბავშვის თავი მენჯში არ ჩამოდიოდა და სადღაც 4 საათი მქონდა ჭინთვები. ბოლო რამოდენიმე წუთი კივილსაც არ მოვერიდე, თან განუწყვეტლივ ექიმს ვითხოვდი. არადა ხშირად მაკითხავდნენ. მე არ მახსოვს, მარა დედაჩემი იხსენებს: შემოვიდა თურმე გელა და მიყურებს, დამხედა ანუ. მე კიდევ ტკივილისგან გაგიჟებული ვეკითხები: რას მიყურებთ, ქენით რამე მეთქი. მაგან კი თურმე მიპასუხა: რა გიყო აბა, მოვიდე და გაგპუტოო?
როგორც იქნა ბლოკშიო მითხრეს და წავხოხიალდი ძლივს, ავედი იმ ოხრობა სკამზე და დაიწყო... ვიჭინთებოდი და არავინ არაფერს მეუბნებოდა, კიდევ ვიჭინთებოდი, კიდევ არაფერი მითხრეს და დამეკარგა მოთმინება და ავყვირდი: ხალხნო, ან კარგია მითხარით, ან ცუდია, ან ბავშვის თავი მოდის, ან არ მოდის

შეფუცხუნდნენ ცოტა, მოდისო მითხრეს. მომდევნო ჭინთვის მერე ვიკითხე, გამოჩნდა მეთქი, ჯერ არაო. მერე კიდევ ვიკითხე და კიო. ისევ ჭინთვა და ისევ კითხვა: კარგად ჩანს თუ ისე რა? და ბოლოს დაკარგა რომელიღაცამ მოთმინება: შენ საჭორაოდ ხარ მოსული თუ სამშობიაროდ, გაიჭინთე ეხლა დროზე და გაკმინდე ხმაო. ცოტა ხანი მართლაც ჩავიგდე ხმა, მერე ბებიაქალმა მითხრა: თავი ჩანს და თმებიცო
გელა მოდიოდა და ხშირ-ხშირად მადებდა რაღაც ხელსაწყოს მუცელზე და გულისცემას უსმენდა. ამ დროსაც მოვიდა და მეკითხება: შეიძლება?

კი მეთქი და მერე დამადო.
ძალიან დავიღალე, მაგრამ ვიცოდი რომ ამ ტკივილის ბოლო ძალიან ახლოს იყო და ეს ძალას მმატებდა. ბებიაქალმა მითხრა, ეხლა უკვე სხვა გზა არ არის, უნდა (!) გააჩინო ეს ბავშვი, აუცილებლად უნდა გააჩინოო!!! თავში გამიელვა, რომ საკეისროც დაგვიანებული იქნებოდა უკვე და მართლა "უნდა" გამეჩინა! ჩემს თავს შემოვუძახე!
ბავშვზე ვდარდობდი. -კი მაგრამ, ბავშვის თავი რომ ჩანს ამდენი ხანი, არ გაიგუდოს - ვთქვი ბოლოს ძალიან შეწუხებულმა. მეორე გინეკოლოგი დედაჩემს ეკითხება თურმე ჩემზე, ექიმიაო? არაო, უთხრა, აბა ინტერნეტში იქექება ალბათ ამდენი რაღაცა რომ იცისო.
ბოლოს, როგორც იქნა, ვიგრძენი როგორ გამოლივლივდა "რაღაცა" თუ "ვიღაცა" და სიმსუბუქე დამეუფლა. ვსო, აწი მე მივხედავო, უთხრა ბებიაქალმა გელას, რომელმაც რამოდნეიმე წუთის წინ ხელთათმანი გაიკეთა და ბებიაქალს ეხმარებოდა.
თავი წამოვწიე, ძალიან შავი იყო... შემეშინდა...
რატომ არ ტირის? - ვიკითხე აფორიაქებულმა. ალბათ საშინელი სახე მქონდა ამ დროს, ვიღაცამ დამშვიდება დამიწყო, ჩასუნთქული აქვს ჰაერი, დააცადე, იტირებს ეხლავეო და... გაისმა ხმა, რომლისთვისაც ღირს 3 თვე უნიტაზის ჩახუტება, კიდევ 3 თვე ეხოდან ეხომდე ნერვიულობა, კიდევ 3 თვე კვატივით სიარული და უამრავი დისკომფორტის ატანა; ხმა, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც...
გულზე დამაწვინეს... არ ვუყურებდი, მხოლოდ ხელი შევახე, მისი ფეხი მომხვდა, საოცრად, საოცრად თბილი იყო... არ მიტირია იმ მომენტში, მაგრამ ვიტირე ბევრჯერ მერე, როცა ეს წუთები გამახსენდა...
- ოჰო, რამხელა ყოფილა!!! - გაისმა ექთნის ხმა, რომელმაც აწონა.
-რამდენია? - კითხეს აქედან.
-4.300, 53 სმ - უპასუხა.
-ვააჰ - გაოცდნენ.
მომეჩვენა, რომ არ ელოდნენ ამხელა წონისას.
დილის 5 საათი იყო. 16 დეკემბერი თენდებოდა.
მომავალი იწყება დღეს...