Taboo
მეორე პარტიაც მალე მოვიდა . ტალიკ-ტალიკ ბიჭების შემოფრენას არც ველოდი , მაგრამ ....მაინც , სულ მთლად წავხდი.
მთქნარებას ძლივს ვიკავებდი, კიდევ კარგი, განსხვავებული და კინტაური არ ყოფილა . დანარჩენი გადატანადი იყო მაინც.
სუფრაზე საჭმლის და სცენაზე ხალხის აზელვა რომ დაიწყო, მოხერხებულად წამოვდექი, საერთო ღიმილი გამოვადნე, გულითადად დავემშვიდობე ყველას და ქვემოთ ჩავკაკუნდი. ზურამ თავი გამოიდო და ერთად წამოვედით .
ფეხით გავისეირნოთ, თორემ იქ ძალიან ცხელოდა და ძალიან ბუღი იდგაო , მითხრა. გავიარეთ.
"იცი , ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან არ ჰგავხარ სხვებს"
შენგან მეტს არც მოველოდი -მეთქი, გავიფიქრე და ამოვიხვნეშე. ალბათ შვების ხვნეშად მიიჩნია.
"იცით, ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვგონია"
"აჰ, მართლა? "
" დიახ. ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა მოხდეს. აი, თქვენ მაგალითად , ხომ არ ჰგავხართ სხვებს? ეს კი, რაა, ცუდია? რაღაც არ მგონია. პირიქით, პირიქით უფრო. არაა აუცილებელი, ყველა მოვლენა ერთმანეთს ჰგავდეს, სცენარები მეორდებოდეს, ყველაფერი გაწერილი გეგმის მიხედვით მიდიოდეს. მე არ მიყვარს სიყალბე , პირდაპირ გეტყვი , ელენე . დიახ, სიყალბეს ვერ ვიტან "
უკვე ვნანობდი.. რა მესეირნებოდა ან კიდევ .. ბნელოდა, ციოდა , ფეხსაცმელი მაწუხებდა .
შევჩერდი და სიგარეტი ამოვიღე .
"ისე, რატომ ეწევით? "
"რატომ ეწევიან ხოლმე ზოგადად?"
"ამერიკაში და ევროპაში უკვე დაბალ დონედ ითვლება"
"და თქვენ გგონიათ, მე მაინტერესებს, იქ რა ითვლება დაბალ დონედ?"
"არა, რა თქმა უნდა. ეს თქვენი ნებაა, უბრალოდ, მე ვთვლი, რომ ქალი და სიგარეტი , რაღაც , მაინც თითქოსს, მმმმმ, უჩვეულოა "
აჰააა, "აგი ყავასაც დალევს " მაკლდა...
"არა, არა , არ იფიქროთ, რომ მე ცუდად ვფიქრობ რამეს , რა სისულელეა, რომელი საუკუნეა. უბრალოდ, არასასიამოვნოა" და გაჩუმდა .
ცოტა ხნის მერე ვუთხარი სჯობს , ტაქსი გავაჩეროთ, უკვე გვიანია-მეთქი. ახლაღა შევატყვე, რომ ნასვამი არ იყო და გამიკვირდა : "არ სვამთ? "
"არა, ვერიდები სასმელს "
უცებ შეჩერდა და მომიბრუნდა: "შეიძლება ხვალ კინოში დაგპატიჟოთ? "
დავფიქრდი. რას ვაკეთებდი? პროფესიით სასიძოა თუ ვარდი ყოილი, ასეა თუ ისეა, ადამიანია, დაელაპარაკები, ფილმს უყურებ. იმედია , სენტიმენტების და რომანტიკული გამოხდომების გარეშე.
თავი დავუქნიე: "წავიდეთ"
დამშვიდობებისას კოცნა მომიძღვნა, ტაქსიში ჩამსვა და გაიფიქრა, მთელ ღამეს თვალს ვერ მოხუჭავსო.
მე კი სახლში მივედი, კიბე მშვიდობით ავიარე , სადარბაზოში მაწანწალა ძაღლს დავუძვერი, თმები დავიშალე, წყალი გადავივლე და ხვალინდელ უქმეზე სასიამოვნო ფიქრში ჩამეძინა იმ იმედით აღსავსეს, რომ წვიმა მოვიდოდა და მეზობლები დამასვენებდნენ.
This post has been edited by infinity-infinity on 1 Apr 2011, 17:58