მაპატიეთ რა
გალოდინეთ, მაგრამ არ მეცალა
ყველას
გაზაფულის პირს სადარბაზოს მოადგა კვერცხივით გაპრიალებული , დაბალი, წარსულში ნავარჯიშევი და ამისდა გამო უღიპოდ გასუქებული მამაკაცი და მოიტანა უწყებები რეზერვში გაწვევის შესახებ. პირველად ვიოლას კართან შეჩერდა. იმან გამოხედა, გველნაკბენივით უკან გახტა და ფურცელი შორიდან ჩამოართვა. ქვემოდან ნია მოქაქანებდა მორიგი გასაუბრებიდან, სადაც წინაზე უფრო დაბალი ხელფასი შესთავაზეს და ამ აღრენილზე შეისწრო კიდეც კვერცხი, რომელიც კარზე გასაღებით აკაკუნებდა და საღებავს აცლიდა. ნიამ ღრმად ამოისუნთქა და უწყება ჩამოართვა : " ესღა გვაკლდა სწორედ" . ანამ კარი მოაფრიალა და გამოსძახა : 'მოგივიდათ? " "მოგვივიდა, მოგვივიდა.... ამათ მოუვიდეთ ჭირი და ამოგდება" " ჩემი მულის ქმარსაც მოუვიდა, წარმოგიდგენია? ახლა ეგ რომ რეზერვში წავა ... დედააა, მეორედ მოსვლაა" ლოლა სადღაც იყო ჩასაფრებული , უმალ გამოეცხადა გულხელდაკრეფილი : " ოჰ, დიდი ამბავი ახლა. როგორ გაუბედეს ვაჟბატონს... გამოტოვოს ორიოდე მუსკომედიის სპექტაკლი, ჩაიცვას ფორმა, დათმოს ნუგბარ-ნუგბარები!" ანამ ზღურბლზე დაფენილი ტილო გადაფერთხა და გაეპასუხა: " ნეტა ვისი რა გამხდარი საჯდომის საქმეა ნუგბარებს ჭამს თუ ბუხანკებს" , მერე სახლში შევარდა, ფუნთუშები გაზქურიდან გამოიღო და მორიგი პარტიით დატვირთული თუნუქის ტაფა შეაგდო, რომელსაც ხშირად ჟარონას უწოდებენ , ხოლო სიტყვა "ჟარონაზე" პეპეა ხოლმე ჩასაფრებული, ისევე, როგორც რეზერვის ხსენებაზე მილა.
საღამოს ყველას ხრავდა დარდის ჭია მეორე ნახევრების სავალდებულო გამგზავრების გამო, მაგრამ მილაც იქ იყო და კრინტი ვერავინ დაძრა. მილამ იცადა , იცადა, მერე ფეხი ფეხზე გადაიდო, სუფრას ფოჩი წასწყვიტა და გულისგარეთ დაიწყო: "რაო, ჩაულაგეთ თბილი წინდები?" და წამოვიდა სეტყვა:
" სამსახურში ბებიაჩემი ივლის? "
"ბავშვის დამკავებელს სახელმწიფო მიქირავებს? "
"მანქანით მიშა მატარებს?"
"დედა ვატირე ამის... კაცს წელკავი აქვს! "
"ჩემსას -კუჭის წყლული !"
"ჩემი ისე ვერ იძინებს, თუ საბანი კარგად არ ამოიგო ფეხებში"
"ნეტა არ გადახოტრონ და არაფერს ვჩივი"
მხოლოდ სოფიოს წარმოსახვაში იყო რეზერვი რომანტიკის ბურუსით გარემოცული. დახე ბედის სიმუხთლეს და სწორედ მისი ქმარი არ გაიწვიეს . სოფიო თვალებს ნაბავდა , ეჰ , ნეტავ წაიყვანდნენ, ნაწნავს მოვუშვებდი და წერილებს მივწერდიო. ვაი, შე საცოდავო, რა გეშველებაო, ეუბნებოდნენ და მაინც არ ცხრებოდა. მაკინე კიდევ ნაწნავის მოშვებითაც დაღლილი იყო და წერილების წერითაც, იმედს იტოვებდა, რომ ოდესმე ყველანაირი ომი და ბრძოლა აზრს დაკარგავდა იარაღის სრულყოფის გამო და ქმარი დაუბრუნდებოდა. მილა წერილებსაც აღარ წერდა უკვე , ისტერიკა ეწყებოდა ქმრის გახსენებისას, ისე ენატრებოდა , სიზმრებში რკინის ქალამნებს იცვამდა და მასთან მიდიოდა, თუმცა მაკინეს ვარაუდისა მაინც არ სჯეროდა. იცოდა, რომ ომი და არეულობა იქამდე იქნებოდა, სანამ კაცობრიობა იარსებებდა და ნასუფრალივით მხოლოდ მცირე მშვიდობიანობის პერიოდებს და შვებულებებს უნდა დასჯერებოდა.
ვიქტორია იჯდა და უსმენდა, აგვისტოს ის დღე ახსენდებოდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან რომ გამორბოდა ჩვილით და დამცირებას უფრო გრძნობდა, ვიდრე შიშს. ახსენდებოდა, როგორ მორბოდა და ცალი ჩუსტივით მოათრევდა შელახულ თავმოყვარეობას. სხვენზე ახსოვდათ და უყვარდათ ვიკა, ისიც არ ავიწყდებოდათ, როგორ შეუყვარდა პირველად ოცდაოთხი წლის ასაკში, ორი დღის შემდეგ როგორ გაუმხილა იმას, თავის სიყვარულს, რომ დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი ის და შენ მიხვდი, რომ მე ვარ ესო? ხოლო ქალებმა კი თავი გადაიქნიეს სინანულით, დაგეცადა ცოტა, რა მოხდებოდაო. ვიკამ მხრები აიჩეჩა, აბა , მე რას ვუწყოდი სიყვარულის ეტიკეტზედო. ახლა კი უსმენდა და ფიქრობდა , ნეტავ თუ ოდესმე დამავიწყდებაო, ის დღეო, ის ელდაო.... დავიწყება კი არ უნდოდა მაინცდამაინც, რადგან არ შეიძლებოდა... არ გსიამოვნებდა, მაგრამ ხანდახან უნდა გაგეხსენებინა ის სიძულვილი.
სიძულვილი და სიყვარული... და წაშლილი ზღვარი მათ შორის... შავი თეთრში გარდამავალი, სიტკბო- სიმწარეში, მოფერება- ცემაში, კოცნა - კბენაში...
სოფიო სიყვარულსა და სიკეთეზე ლაპარაკით ყურებს ღლიდა ხოლმე. კაცი რომ დალევს ორ ჭიქას და გაწუხებს ... ბოროტების დედა ვატირეო, სიკეთეს გაუმარჯოსო , ყველა მიყვარხართო, ასეო, ისეო... კაცთმოყვარე გულში ძალიან უყვარდა ჭორაობა, თან როგორც იციან ხოლმე, დააყოლებდა, ბოროტად არაო.... კეთილად ჭორაობა რაღაა , ოღონდაც ეგ არ იცოდა და მოკლედ, სიხარულიძე დაინახა იმ დღეს კიბეზე, წინწკლიანი მაისურით, უფრო მსხვილწინწკლიანი ქვედაბოლოთი, ზოლიანი ფეხსაცმლით, შუშაბანდიანი სათვალით და ვეფხვის ტყავს ჩამოკუწული ქამრით, კარი გამოკეტა და ხითხითით ავარდა სხვენზე. პეპემ თავში ჩაუკაკუნა, სურათი რად არ გადაუღეო, ნანა, ნანე , თეო და სხვანი გადაფიჩინდნენ, ხოლო კატიამ ერთი მოხედა და ასე მიუგო: " შენი სიკეთე რა ვთქვი მე ... შე ჭორის..." საჭირო სიტყვა ვერ იპოვა, მერე მიაგნო და გაუხარდა: "შე ჭორის ბოღლიწო, ბოროტო !" წამოდგა, კარი გააღო და ერთი კიდევ გასცრა : " ვაი, თქქქვენს პატრრრონს" და გაიხურა. დედაკაცებმა გაშმაგებით დასცეს ბოლთა , სოფოს აწყნარებდნენ, შენ არ ინერვიულო, გააგრძელე, მოყევი, ყურს რად უგდებო. სოფოს ოფლი ასხამდა- მე და ბოროტებაო?
ერთ დღეს თავისი გიჟი ბიჭი ჩაუშვა ეზოში , მოირთო და ფეხდაფეხ მიჰყვა. ამასობაში იმას სადღაც ნახევრად სარდაფში მცხოვრები ლოთი დედაბერი შეეწუხებინა ხმაურით და მძიმე ნაბახუსევიდან გამოეყვანა. სოფიომ მაშინ შეისწრო დედაბერი, მის ბიჭს ყურს რომ უგრეხდა. მსწრაფლ ეცა , თავზე თმა ებურძგნებოდა ქუჩის კატასავით. ლოთმა ერთი მოხედა და გინების კორიანტელი შეაფრქვია. სოფიოს ლურჯ-მწვანე წრეები გაუკრთა დაბნელებულ ტვინში, ჩუსტი გაიხადა და იქამდე ურტყა ცხირპირში, თან წაქცეულს, სანამ ხელიდან არ გამოწიწკნეს. პადოშით ნაცემი ლოთი სახლში გადაიყვანეს, სოფიო კი გამოერკვა და თავის საქციელს ყველა შესაძლო მუხლი მიუყენა, მერე რომ მიხვდა, თუ რამე, ადმინისტრაციულს მაინც არ გასცდებაო, დაწყნარდა და მხოლოს საღამოს მიხვდა, რომ მუხლების გარდა, არის კიდევ სხვა რამეც და ის სხვა, სწორედ რომ ზუსტად უდგებოდა მის საქციელს. დაწვა, დაიძინა, დილას ძაღლივით აღრენილმა გაიღვიძა , ლოთთან ჩასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, კატიას დაუკაკუნა დარცხვენილმა . იმან გამოხედა და გაუღო: "შემოდი. ყავას დალევ? " სოფიომ ამოისუნთქა. ნელ-ნელა დაავიწყდა ლოთი, რომელიც მის დანახვაზე მოპირდაპირე ქუჩაზე გადადიოდა ხოლმე. " არ არსებობს არაფერი იმაზე ნაღდი, ვიდრე ჭეშმარიტი ადამიანური სისასტიკეა" - ქუჩას მიუყვებოდა სოფიო. ალვის ხეს ბურდღლები სცვიოდა და ნანა მოდიოდა აწითლებული , ცემინებით. ხოლო ნანა კი ფიქრობდა: " კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ თავიდან ყველა კარგია" ალერგიით ტვიდაბინდულმა რა იცოდა, რომ ის მართლა კარგი იყო. სოფიოს ხელი დაუქნია და გზა განაგრძო: "თითქოს არაფერი ნაკლი აქვს"... თეო დაღმართზე მოშლიგინებდა თავქვე, ნანეს რაღაცები ეყიდა ფასდაკლებაზე და პარკებს მოათრევდა, ფუტკარა ეკო ბზუილით მიჰქროდა სამსახურში , ეკოს და ცეკვა-ცეკვით მიდიოდა პარკისკენ და სხვენი მოწყენილობისგან თვლემდა საღამომდე.
სახლმმართველი ნარინი ორსულ მამიდას პატრონაჟობდა და აი, იმ დილას, ცალ ხელში ექოსკოპიის პასუხებით, მეორეში ჩანთით იმ კლინიკის ეზოში შეაბიჯა, სადაც ბორენა მოღვაწეობდა, ხვრელიდან გველის და საკვერცხიდან ფოლიკულის უბადლო ამომყვანი.
კლინიკის ეზოში მანქანა იდგა და ირწეოდა. სახლმმართველს შეეშინდა, ვიღაც კრუნჩხვებში ხომ არაა ჩავარდნილიო. ცოტათი უნდოდა კიდეც, ასე ყოფილიყო, თავისი ცოდნის დემონსტრირების პერსპექტივას უღიმოდა. საქმე ისაა, რომ ერთხელ გულწასული ბიცოლა მოაბრუნა ბოქვენზე თმის ამოგლეჯვით და მაინც ეჭვობდა, მართლა იმან იმოქმედა თუ თავისით მობრუნდაო. ახლა კი ... იქნებ ახლა გაეტესტა? ვინ იცის... ნინამ მანქანისკენ გასწია. ვიღაც მართლა გმინავდა... შეშფოთებულმა კარის გახსნა დააპირა, მაგრამ მინიდან ყოჩაღი, ბალნიანი, შეუსვენებლივ მოძრავი მარჯვენა დაინახა და პირზე იტაცა ხელი. სახლმმართველი ყველაფერს მიხვდა, თუმცა ვერაფერი გააწყო, მანქანის ნომერი დაიმახსოვრა, გვერდით გადააფურთხა და მამიდას გამოუდგა კიბისკენ . იქ ასული კედელს ამოეფარა და აქელებული დაელოდა. ხუთ წუთში მანქანის მეორე მხარეს კარი გაიღო , შავ-მწვანედ მომინანქრებულ-მოფანქარებულ თვალებიანი , ავად მზირალი მანდილოსანი გადმოვიდა, წითელსახურავიან კონტეინერს მზეზე გახედა, შიგთავსი იცოტავა, უკმაყოფილო მზერით ჩაისწორა გამოტკრუცუნებული ქვედატანი და ლაბორატორიისკენ გასწია.
This post has been edited by infinity-infinity on 22 Jun 2011, 00:35
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno