Busa-BUSKA
anuka2009Taboo
ლელა ალუბლიანი დონატებით საუზმობდა და ყავას აყოლებდა. შემოვიდა თუ არა, მაგიდები მოათვალიერა. ერთი ახალგაზრდა და თავისუფალი ჯეელი ვერ ნახა წამლად და მოიწყინა. გვერდით მაგიდასთან ხანში შესული წყვილი იჯდა. ალბათ რა ბედნიერებაა, შვილებს რომ წამოზრდი, თავის გზაზე გაუშვებ და დამშვიდებული სამოგზაუროდ წახვალო, ფიქრობდა. მის მშობლებს არასოდეს ეღირსებოდათ ის ამქვეყნიური სიამოვნებები, რომლითაც ეს წყვილი სარგებლობდა სრულიად დამსახურებულად. სულ ერთ ადგილს ჩაჩერებულნი უნდა დაიხოცონ და წაჰყვნენ ხალხის მასაში ატივტივებულ კუბოს, იასამნებით სავსე სოფლის სასაფლაოსკენ. რა საოცარია განგება და სამართალი, თუ კი არსებობს სადმე ... ზოგს ყველაფერი და ზოგსაც-არაფერი... თვალები დახუჭა და თვალწინ დაუდგა ნაბოლარა ძმა, მუხლებგამობერილი შარვლით, ბავშვური, ნაზი სახითვის შეუფერებელი სევდიანი თვალებით, დიდი, წყლით სავსე ბიდონის სიმძიმით გვერდით გადახრილი, მორჩილად მიმავალი შარაგზაზე... თვალწინ დაუდგა საღებავჩამოფშვნილი შუშაბანდი, ჭრიალა ჭიშკარი, ხელსაქმეზე დახრილი და , უმწიფარი ტყემლით უბეგატენილი მისი ტყუპისცალი, ის ორი ჭრელი ძროხა, რომელთა ჯიქანზეც ჰკიდია შიმშილიც და სიმაძღრეც მათი...
მხარზე ხელი შეახეს. გაღიზიანებული მიბრუნდა. პორტიე ამცნობდა რაღაცას ჩვეული ღიმილიანი თავაზიანობით. თავი დაუქნია, ვერაფერს მიხვდა კი... ყავა მიატოვა და ზემოთ ავიდა.
შუადღემ რომ მოატანა, მერეღა გაახსენდა, რომ თვალი არ მოუკრავს არცერთისთვის. თამროს კარზე დააკაკუნა. დიდხანს იდგა, მაგრამ არავინ გააღო. მანანასთან გავიდა. ნამძინარევმა, გაჩეჩილმა მოაფრიალა კარი, თვალებს ვერ ახელდა და ისე ქანაობდა ადგილზე.
"შემოდი"
მიუგდო და ისევ დაწვა.
შეაჯანჯღარა: "რა გჭირს, ჰეი... ცუდად ხომ არ ხარ.."
მანანამ წვალებით ასწია ორი თითი და უარის ნიშნად გააქნია. მერე სახე მოისრისა, გადმობრუნდა, გიჟისთვის დამახასიათებელი , შესაშურად ბედნიერი სახით გაუღიმა ფანჯრიდან დაღვრილ მზის შუქს, წამოიწია, გაიზმორა , თმა აიბრუდა ხელით...
"არაფერიც არ მჭირს"
ლელამ აათვალიერა, გაიცინა: "მე ვერ მომატყუებ. რამ მიგბანგა? "
"ვაჰ, რას გადამეკიდე. ვინაა ეს..."
"თუ გინდა, ნუ მეტყვი. წავედი მე , ერთ საათში მოემზადები, იმედია . დღეს ერთი ექსკურსია გვეკუთვნის კანონით კიდევ, ღვინის ქარხანაში "
მანანა ლოგინიდან გადმოხტა და კაბაზე წაეტანა :
"კარგი , მოიცა. ვინმეს მაინც უნდა ველაპარაკო , თორემ გავგიჟდები"
მართლაც გიჟს ჰგავდა , ყოვლად უაზროდ იცინოდა ...
"მოკლედ, გუშინ...."
"სტოპ" -ლელამ კარისკენ ისკუპა-" ყავას და მადუღარას მოვიტან და ისე"
* * *
ღვინის ქარხნისკენ მიმავალმა ლელამ როგორც იქნა, პირველი სიტყვა ჩაუგდო ლაპარაკში :
"იცის, რომ ქმარი გყავს?"
მანანას სახე აუმჟავდა : "ქმარი რომ არ გეხსენებინა, არ იქნებოდა , ხო? რა მნიშვნელობა აქვს, იცის თუ არა..."
"ესეც ასე" -ფიქრობდა-" ქმარს მნიშვნელობა აღარ აქვს ... ტრალი-ვალი... ესე შენი ოჯახი და საზოგადოებრივი მდგომარეობა..."
ღვინო დააგემოვნეს თხლად დაჭრილ, ცხიმიან ყველთან ერთად... ამ უზარმაზარი მასშტაბის მქონე წარმოებაში თითოეული დეტალი გამართულად და იდეალურად მუშაობდა . მანანა ქათქათა ხალათებში გამოწყობილ ტექნოლოგებს და გაპრიალებული თუნუქის დანადგარებს შეჰყურებდა და საშაზე ფიქრობდა. ათასჯერ მაინც გაიხსენა ყველაფერი თავიდან ბოლომდე და მეათასედაც კი სისუსტე იგრძნო. ლელას კი ისევ სოფელი ედგა თვალწინ, ფეხებით ჩაჭყლეტილი ყურძენი ახსენდებოდა და ისეთი სინაზე აწვებოდა, როგორიც პატარა ძმის გახსენებისას მდიდრული სასტუმროს რესტორანში ...
"თამრო არ გინახავს? "
"არა, შენ? "
მანანა ღვინოს სვამდა , ბოკალს ხელში ატრიალებდა და სადღაც სხვაგან იყო.
"გუშინ გაქრა და უკვე ნერვიულობა მიტევს"
" თქვენს მეგობარს ეძებთ ხომ, ახალგაზრდა გოგონას? "
გაოცებულები შებრუნდნენ . ახალგაზრდა ქალი იდგა, ნამდვილი ქართული სილამაზე ჰქონდა და გუბურაში გაშლილ დუმფარასავით მწვანე თვალები... შარმი დაჰყვებოდა შლეიფივით და თუთიყუში ეჯდა მხარზე ...
"ერთად გხედავდით ხოლმე სამივეს "
ქალმა ისევ გაიღიმა. მანანამ გაიფიქრა, კბილები ჩასმული ექნებაო და ისევ საშა გაახსენდა აქამდე გაურკვეველი წარმოშობის ღვთაებრივი კბილებით და გრძელი თითებით... სიცხიანივით დააჟრიალა .
" ჰოდაა, თქვენი მეგობარი ღამე სადღაც წავიდა. დავინახე, ფართხა-ფურთხით რომ ჯდებოდა მანქანაში"
აქ თუთიყუშმა ჩაილაპარაკა: "თამრო ჩაჯდა ლამაზ ბიჭთან, კრრრრ, თამრო ჩაჯდა ლამაზ ბიჭთან! "
სიცილი აუვარდათ სამივეს .
ქალი თუთიყუშს გაუწყრა: 'ჩუმად, კოტე, ნუ რატრატებ"
"კოტე ჰქვია?"
"კი" - ფრინველს თითით მიეფერა ბუმბულზე-" კოტე ჰქვია, მაგრამ დედალია. კვერცხი დადო ერთი კვირის წინ"
ერთად ივახშმეს ამოჩემებულ ტრატორიაში პიაცა ნავონას მახლობლად.
This post has been edited by infinity-infinity on 29 Apr 2011, 00:43