ლილუარ მინდა სერთიფიკატი, როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ
cinclaახლავე
***
ტაქსი მოშორებით გააჩერა, ჯიბეში ხელებჩაწყობილი გაუყვა ტროტუარს, გვერდს უვლიდა გამვლელებს, არავის აკვირდებოდა, ვერავის ხედავდა. ჩანთა ჩამოუცურდა მხრიდან და რომ დაუვარდა, მერეღა გამოერკვა, უცნაურად შემოსილმა თინეიჯერმა მიაწოდა, მადლობა გადაუხადა. მიხვდა, რომ მაღაზიას გამოსცდა , უკან შებრუნდა და იპოვა. კარში შედგა , წირთხლს მიეყრდნო მხრით...
კაბინეტის კარზე დააკაკუნა, ისევ გაისწორა ჩანთა, გონებაში აკვიატებულ სიმღერას ასრულებდა ბრიტანელი მომღერალი... საშამ კარი გაუღო, გაუკვირდა , გაეცინა, გაუხარდა, გაეღიმა, თვალებით დაეკითხა, რა მოხდაო... მომღერალი ისევ მღეროდა, გიტარის სიმები ჟღრიალებდნენ... კარი დაიხურა და მანანა ჩაეხუტა, როგორც ხის ტანს ბავშვობაში, აგარაკზე... საოცარი ენერგიით იმუხტებოდა ხოლმე , ახსოვს ... საშას არაფერი უკითხავს, დივანზე დასვა და მოეხვია, ფრთხილად კოცნიდა, სანამ ტიროდა , როგორც დედა ავადმყოფ შვილს, როგორც ბავშვი- მომაკვდავ ცხოველს...
უთქმელად შეთანხმდნენ, რომ ამ საღამოს გაატარებდნენ ისე, როგორც მომავალში ისურვებდნენ, გაეხსენებინათ და დაბრუნდნენ იქ, სადაც პირველად ივახშმეს. შადრევანიც იქვე იყო, ხის მაგიდებიც, ტყეც, მოცეკვავეებიც , ყველა და ყველაფერი... მანანას რატომღაც წარმოუდგენლად ეჩვენებოდა იმაზე ფიქრი, რომ უკანასკნელად იჯდა ხშირ ფოთლოვანში და მუსიკის ბოლო აკორდს უსმენდა.
მერე იმას ვერ იჯერებდა, რომ უკანასკნელად იწვა იმ დაჭმუჭნულ თეთრეულში, რომელსაც ამ კაცის სუნამოს და გაპარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონის სუნი ასდიოდა.
მერე ის ეჩვენებოდა საოცრად, რომ უკანასკნელად სვამდა ყავას ჩამავალი მზის სინათლეს მორიდებული, ბაღის თეთრ მაგიდასთან, მსხმოიარე ქლიავის ჩრდილში...
არადა , დაუჯარებელი განა რა იყო...
საათზე მაღვიძარა დააყენა და ჰამაკში ჩაწვა: "სულ ერთი საათით რა... ერთი საათი ვიწვები და წავალ"
"დაიძინე, თუ გინდა" -საშა გვერდით მიუჯდა , თავი დაადო მუცელზე...
"რად მინდა დაძინება... ისედაც, ამის შემდეგ სულ უნდა მეძინოს და მეძინოს... მასე იჯექი რა..."
იწვა, ფოთლებში აცახცახებულ შუქს უყურებდა. ჩიტი სტვენდა მეზობლის ბაღში... გაეცინა. ძალიან ლამაზად სტვენდა...
ერთ საათში ადგა. მაგიდაზე დადებული ბეჭედი და საყურე გაიკეთა, ჩანთა აიღო. სახლისკენ შებრუნდა. საძინებლის ფანჯრებს ახედა , გადაწეული ფარდიდან მაღალი გარდერობის სარკე დაინახა და ნაჭრის აბაჟური.. მეტი ვერაფერი...
"აქ გამიჩერე" -სასტუმროს პარალელურ ქუჩაზე იდგნენ.
საშა მობრუნდა, სათვალე მოიხსნა , თმაზე დაადო ხელი: " მომისმინე , რაღაც მინდა, გითხრა..."
"ოჰ, კარგი რა. ოღონდაც ეგ არ გვინდა... ძალიან გთხოვ "
"კარგი" -გაუღიმა-"ბედნიერი ვარ , რომ შეგხვდი"
მანანამ ვერაფერი მოიფიქრა საპასუხო, ფანჯარას გახედა, მხრები აიჩეჩა, მერე სწრაფად აკოცა და გადავიდა. თავაწეული მიდიოდა ქუჩაზე, საქმიანად. სიმწარე უვლიდა ძარღვებში სისხლის მაგივრად ...
* * *
***
გურამი ხვდებოდა, რომ ახალი უბედურება დასჩემდა: ქუჩაში სიარულისას აქეთ-იქით ყურება , თანაც შეშინებული სახით... ეჩვენებოდა, რომ ყველა კუთხეში მანანა იდგა და უყურებდა, ელანდებოდა, რომ მახეში აბამდნენ. რატომ ღრღნიდა საშინელი წინათგრძნობა, ვერ ხვდებოდა. შენობებს, ჩუქურთმებს , ქანდაკებებს უნდობი მზერით შესცქეროდა. თითქოს სწყუროდა, თითქოს შიოდა, თითქოს სახლი ენატრებოდა...
"წამო, გურამ, რომის ფორუმი გაჩვენო" -ლელა კევს ღეჭავდა.
"ისე მეპატიჟები, გეგონება, შენი მამა-პაპა ფორუმის კიბიდან დაგორებული მოკვდა"
"ოჰო, ყოჩაღ, ბარაქალა! იუმორის გრძნობა ყოველთვის გქონდა, სიბერეში უფრო გაგმძაფრებია ..."
"ახლა გავხდი ბებერი?" -ცხვირსახოცი ამოიღო და სახე მოიწმინდა, მერე შადრევანში დაასველა და კისერში ჩაიფინა.
"აპა-პა, მოიხსენი, ეგრევე შეგატყობენ, რომ ქართველი ხარ. ე , მასე! რად გვინდა გამოაშკარავება... გამოსააშკარავებლად გვაქვს საქმე? ჰიჰი..."
გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ. გარემო მოათვალიერა, ნაცნობის დანახვას ელოდა თითქოს თუ რა იყო... საიდან იქნებოდა აქ ნაცნობი.
"კარგი ცოლი გყოლია, ხო იცი"
არაფერი უპასუხა, ქშინავდა, სიარულმა დაღალა.
" არ მოგშივდა? წამოდი, ვჭამოთ"
"დამასვენე ერთ წამს, გული ხელით მიჭირავს ..."
ისვენებდნენ, ხალხს უყურებდნენ. მტრედები ფეხებთან უვლიდნენ, სულ არ ეშინოდათ.
"ოჰ , მოუკვდა პატრონი... ჩემი ბედისა რა ვთქვი..." -ლელამ ისევ ფრჩხილები გაიხსენა, ჯერ სინანულით დახედა, მერე სალოკი თითიდან დაიწყო. ცდუნება დიდი იყო _"რა უშავს, ჩავალ თბილისში და კიდევ ვიყიდი იმ ლაკს! "
ღვინის ფასმა შეაძრწუნა, მაგრამ მაინც მოატანინა ორი ბოთლი. პირველი ჭიქა იყო ძნელი დასალევი , ყველა ყლუპი ერთ ევროდ ფასობდა ... მერე წავიდა რაკრაკით.
" გასუქებულხარ ცოტა" - შეათვალიერა. წამდაუწუმ კარისკენ აღარ იყურებოდა, მოეშვა, ქამარი ორი ნიშნულით გადასწია და დაისვენა.
"უჰ, რა გამახარე" -ლელა ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ წვნიანს მიირთმევდა.
"არა, გიხდება , ხო იცი... მკერდი შეგვსებია უფრო... უუუხ!"
"ცეცხლი და ამოგდება" -გაიფიქრა, ხოლო ხმამაღლა თქვა: "აქამდეც არ სწუნობდი, თუ მეხსიერება არ მღალატობს"
ოფიციანტმა მესამე ბოთლი მოიტანა, უხმაუროდ გახსნა და ჩამოასხა.
" ლელას ვენაცვალე მე... ეჰ, ნუ ტლინკაობ, მოგენატრები მაინც, ხომ ვიცი" -გურამი ხითხითებდა. მომდევნო სადღეგრძელო თქვა_ 'ეს ქართველ ქალებს გაუმარჯოს"
"ჩემი თამადობით?" - კოვზიდან მოხვრიპა სუპი- " მოდი, მითხარი, რა მომენატრება შენი. ჩამოთვალე რა..."
გურამი აჟინჟღილებული შესცქეროდა: "ყველაფერი, ჩემო ჩიტო! "
This post has been edited by infinity-infinity on 4 May 2011, 23:04
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno