dubadabihttp://www.kvirispalitra.ge/component/cont...s-sartyeli.htmlღვთისმშობლის სარტყელი
უნაყოფო დედებს შვილოსნობას მიჰმადლებს
"ვისაც მისი ტარების სურვილი უჩნდება, უნდა აიღოს საგანგებო კურთხევა"
იმის გამო, რომ ზოგიერთ წყვილს შვილი არ ეძლევა, გარდა ექიმებთან მკურნალობისა, ათას გზასა და ხერხს ეძებს... ასეთი ძიების პროცესში შესაძლოა ექიმბაშებისა და შარლატანების ხელშიც აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ყველას როდი ესმის, რომ შვილი კაცს ღმერთისგან ეძლევა და მისი ნების გარეშე არავის შეუძლია გახდეს ქვეყნად ახალი სიცოცხლის მომვლინებელი.
წმინდა აბრაამსა და მის მეუღლეს, სარას უფალმა მაშინ მისცა შვილოსნობის უნარი, როდესაც ცოლიც და ქმარიც საუკუნეს იყვნენ მიტანებული. არც წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს - ზაქარიასა და ელისაბედს ეგონათ, რომ სიბერეში მიეცემოდათ უფლისგან ვაჟი, მაგრამ ღმერთმა მოიღო წყალობა. ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი წყვილისთვის მოუვლენია ასეთი სასწაული უფალს. ამიტომაც ქრისტიანობის ისტორიაში ხშირია ისეთი ფაქტიც, როდესაც უნაყოფობის დაძლევა რომელიმე წმინდანის ან სიწმინდის მონაწილეობით ხდება.
თითქმის თვეზე მეტია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს კვიპროსიდან. მას შემდეგ, ყოველ ხუთშაბათს უნაყოფო წყვილები მოდიან და მადლის მოღებას ევედრებიან დედაღვთისას. მამა თეიმურაზ თათარაშვილი და მამა არჩილ ავალიშვილი ხატის წინ საგანგებო ლოცვას კითხულობენ და უნაყოფო ქალებს უფალს და ღვთისმშობელს ავედრებენ. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს ღვთისმშობლის სარტყელს.
მამა თეიმურაზ თათარაშვილი - კიკოსის ღვთისმშობლის ხატი სასწაულთმოქმედია. სწორედ მისმა ასლმა დაივანა ჩვენთან. ამ ხატს მრავალი სასწაული უკავშირდება. მათ შორის ყველაზე მეტად არის ცნობილი ის, რომ იგი შეეწევა უნაყოფო დედებს და შვილოსნობას მიჰმადლებს მათ. ხატთან ერთად კიკოსის მონასტერში ინახება სარტყელი, რომელზეც გამოსახულია ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი. ამ სარტყელს უკეთებენ უშვილო ადამიანებს, რომელთათვისაც მღვდელი კითხულობს საგანგებო, უშვილობის დასაძლევ ლოცვას და ღვთისმშობლის ხატის წინ მრავალი სასწაული აღესრულება. ხშირ შემთხვევაში ღვთის მადლით ბევრი ქალი ძალიან სწრაფად რჩება ორსულად. უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით კიკოსის ღვთისმშობლის ხატთან ერთად ქამრის ასლიც დამზადდა და ბინა დაიდო წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.
- შვილოსნობის თხოვნით მოსულ მრევლში უკვე ხომ არავინ ელოდება შვილს?
- ღვთის წყალობით, უფალმა მოიღო მადლი რამდენიმე უშვილო ოჯახზე. თუმცა, მხოლოდ სარტყლის წელზე გაკეთება და ლოცვაზე უბრალოდ მოსასმენად დგომა როდი კმარა ამისთვის. საჭიროა მარხვა და გაძლიერებული ლოცვა, რადგან თითოეული ჩვენგანი მადლს ვიღებთ რაღაცის გამო, რაღაცისთვის. ამას კი ქრისტიანისგან დაუცხრომელი შრომა სჭირდება.
ბოლო ხანს წმინდა სამების ტაძარში ხატებისა და სხვა სიწმინდეების გვერდით გამოჩნდა კიდევ ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქამარი, რომელიც უშვილო წყვილებს კურნავს. უფრო დაწვრილებით ამ ქამრისა და სხვა სასწაულთმოქმედი, შვილოსნობის მომნიჭებელი სიწმინდეების შესახებ მამა ზურაბ ცხოვრებაძეს ვესაუბრეთ.
- ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ქამარი უკავშირდება ათონის მთაზე მდებარე ვატოპედის მონასტერს, სადაც ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კიდევ ერთი წმინდა სარტყელი. სამების ტაძარში ჩამოტანილი, პატარა, ზონარივით ქამრები სწორედ ამ სარტყლით არის ნაკურთხი. დებენ მონასტერში სარტყელთან და მათზე გადმოდის მადლი, რომელიც უშვილო წყვილებს შეეწევა. ეს სარტყელი ვატოპედის მონასტერში მეთოთხმეტე საუკუნიდან ინახება. იგი შეწირულია ბიზანტიის იმპერატორ იოანე კანტაკუზელის მიერ. ძველი გადმოცემის თანახმად, ასეთი სარტყელი ურიგდებოდათ ღვთისმოშიშ მომლოცველებს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შემწეობით ისინი განიკურნებოდნენ ბევრი დაავადებისგან. ამასთან, უამრავი უშვილო ცოლ-ქმარი მშობლები გამხდარან. ვისაც მისი ტარების სურვილი უჩნდება, უნდა აიღოს საგანგებო კურთხევა. ქამრების ტარების პროცესში წყვილს ეკრძალება ხორციელი თანაცხოვრება. მათ უნდა იმარხულონ, ილოცონ და შეასრულონ კურთხევის შესაბამისად დადგენილი წესი.
- ასეთი სიწმინდეები მსოფლიოში ბევრგან ინახება?
- ბევრ წმინდა ადგილზე შეხვდებით მსგავსი მადლის მატარებელ სიწმინდეებს. ათონის მთაზე, სერბულ ჰილანდარის მონასტერში ასევე ხდება სასწაული ერთ-ერთი სერბი წმინდანის, სტეფანეს საფლავზე, სადაც ვაზი გაიზარდა და მისი ყურძნის მარცვლები სასწაულთმოქმედია. მარცვალს აძლევენ მორწმუნეებს, რომელთაც ჩვილი არ ჰყავთ. ამ შემთხვევაშიც საჭიროა კურთხევა და შესაბამისი წესის დაცვა, მარხვა, სინანული, მეტანიები, ლოცვები. 40 დღის გასვლის შემდეგ კი წყვილი ერთმანეთთან ცხოვრობს ხორციელად და ბევრს შვილი უჩნდება. იერუსალიმის წმინდა მიწაზე საბა განმწმენდელის მონასტრიდან პალმის რტოებს კრეფენ და მისგან დამზადებული ნაყენიც შვილიერებას იძლევა. ასეთი სიწმინდეები არის საქართველოშიც. სამთავროს მონასტრის ქვიშაც კი სასწაულთმოქმედია, რადგან თავის დროზე წმინდა ნინომ მოახდინა იქ სასწაული. ერთ-ერთ უშვილო ქალს შეეძინა შვილი მისი შემწეობით. ასევე დავით გარეჯელია უშვილოთა დიდი შემწე. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღწერილია საინტერესო შემთხვევები: დავით გარეჯელის დღესასწაულზე მთელი თბილისი შეეფინებოდა ხოლმე მთაწმინდას. მათ შორის იყვნენ თეთრ სამოსელში ჩაცმული ბავშვებიც. ყველამ იცოდა, რომ ისინი მშობლებს მიეცათ დავით გარეჯელისადმი ლოცვის შედეგად. ბოლო დროს საქართველოში გახმაურდა ღვთისმშობლის ქამრის ამბავიც, რადგან იგი უკვე აქაც ჩამოაქვთ და მორწმუნეებს შეუძლიათ მისი შეძენა. თუმცა, სანამ მის აღებას გადაწყვეტდე, უნდა დაფიქრდე და გაიაზრო, რომ მისი გაკეთების შემდეგ ყველაფერი თავისით არ მოხდება.
- გულისხმობთ, რომ თუ რწმენით არ მიუდგები, ქამრისგან მადლს ვერ მიიღებ?
- ხშირად არ აკვირდებიან იმას, რომ ქრისტიანობა, არ არის მაგიური რიტუალის მსგავსი, არამედ მისი ყველა სასწაული დაკავშირებულია ჩვენს რწმენასთან. წმინდა სპირიდონის ცხოვრებაში არის ასეთი შემთხვევა: ერთხელ, გზაზე მიმავალ წმინდანს დახვდება ქალი, რომელსაც გარდაცვლილი ბავშვი ჰყავს თან და სთხოვს, რომ გაუცოცხლოს. მან იცის წმინდა სპირიდონის სასწაულთმოქმედი ძალა, სჯერა უფლისა. ხომ ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს არ უჩნდება მსგავსი აზრი. წმინდა სპირიდონიც გააცოცხლებს ბავშვს. აქ აშკარად ამ ქალის რწმენა თამაშობს როლს. ასევეა ყველა საქმეში, როდესაც ადამიანს სწამს რაღაც და ღვაწლს გაიღებს.
- მაგრამ ზოგჯერ მცირედ მორწმუნენიც იღებენ მადლს და წყალობას უფლისგან.
- დიახ, იღებენ ასეთებიც ღვთისგან წყალობას. რაღაცის გამო გამოარჩევს მათ ღმერთი, რის გამო? ეს ჩვენთვის დაფარულია. შესაძლოა იმიტომ, რომ რწმენაში გაძლიერდეს...
ხშირია შემთხვევა, როცა სრულიად ურწმუნონი მოჰკრავენ ყურს ასეთი სასწაულთმოქმედი სიწმინდეების არსებობას, ქამარი იქნება, ყურძნის მარცვლები თუ პალმის რტო და ამას უდგებიან ისე, როგორც ინფორმაციას რომელიმე ექიმბაშის შესახებ, რაღაც წამალს რომ ამზადებს, ან ვიღაც (ჯვარი სწერია ყველას მსგავსი ამბისგან) მოლას შესახებ, თურმე "სასწაულთმოქმედ" ლოცვებს რომ კითხულობს და ა.შ. ამ გაუგებარ კონტექსტში განიხილავენ სიწმინდის მადლს. ასეთ ადამიანებში არ არის სარწმუნოება, არამედ, არის ერთადერთი სურვილი, რომ აისრულონ მიზანი, მართალია, კეთილშობილური, მაგრამ მის ასასრულებლად სწორი გზით არ მიდიან. თუმცა როგორც ზემოთ ვთქვით, ხანდახან უფალი ასეთებსაც მოუვლენს სასწაულს. ამის შემდეგ, თუკი არ შეიცვალეს ცხოვრების წესი, ეს წყალობა შესაძლოა სასჯელად ექცეთ უზენაეს სამსჯავროზე წარდგომისას. რადგან, როცა ამხელა მადლს მოგივლენს უფალი, ცხოვრება ისე კი არ უნდა განაგრძო, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ღმერთს მთავარი შესაწირი, გული უნდა მისცე და სული განიწმინდო.
* * *
იმედია,გამოგვადგება ეს ინფო, არამარტო შენ, არამედ ჩვენ ყველას, ვისაც შვილი გვინდა!