წაჩხურობა,მარტვილი.
უშვილობა ბევრი ოჯახის პრობლემაა. წყვილი ხშირად უფალს შვილიერებას სთხოვს. საქართველოში რამდენიმე ტაძარია, სადაც წყვილები საგანგებოდ ამ თხოვნით მიდიან. ერთ-ერთი ასეთი ტაძარი, მარტვილის რაიონის ულამაზეს სოფელ სალხინოშია.
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზეა აგებული. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა აღდგომის მეოთხე დღეს, ხუთშაბათს. ამ დღეს უამრავი მორწმუნე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრება. უფრო მეტად, უშვილო წყვილები, გასათხოვარი და დასაქორწინებელი ქალ-ვაჟი იყრიან თავს. საოცარია, მაგრამ რეალობაა - ამ დღეს იქ ყოველთვის წვიმს.
შესაძლოა, სოფელში წვიმა არ იყოს, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ტაძარია, დღის რაღაც მონაკვეთში აუცილებლად გაწვიმდება. იქაურობა ნისლით იბურება.
ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ უამინდობის გამო ავტომობილით ხშირად ვერ ადიან. მოსალოცად მიმსვლელთა ნაკადი, წვიმის მიუხედავად, არ წყდება. გათენებისთანავე გრძელ აღმართს მომლოცველთა დიდი რიგი მიუყვება. უშვილო წყვილები პატარა, ლამაზად მორთული აკვნებით ადიან. ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. უამინდობის მიუხედავად, ბევრ ფეხშიშველ ადამიანსაც ნახავთ, ყველას თავისი დათქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის
სათქმელად შესაწირით ადიან. აღმართზე დაპირებული ცხვარი ზოგს მხრებით აჰყავს, ზოგი ბატკანს ან ფრინველს სწირავს. ბევრს ხელში პატარა ჰყავს და ამბობს, რომ უფლის სასწაულით მოვლენილი, მადლობის სათქმელად აჰყავს.
ბავშვობაში ამ დღეს ტაძარში ყოველთვის მეგობრებთან ერთად ავდიოდი. მაშინ იქ წირვა არ ტარდებოდა, წარმართული რიტუალი იყო - ე.წ. მახვამური ანუ მლოცველი; რიტუალს სოფლის უხუცესი ატარებდა - წყვილს დააჩოქებდა და ხატს შესთხოვდა, რომ მისთვის შვილი მიეცა. ხელში დიდი ჯაჭვი ეჭირა; ახალგაზრდები ჯაჭვის ქვეშ გაძვრებოდნენ და სურვილს ჩაუთქვამდნენ...
უკვე 13 წელია, ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება.
წლეულსაც წაჩხურუს ეკლესიაში უამრავი ადამიანი ლოცულობდა. რამდენიმე წყვილი პატარა ბავშვით ხელში შევნიშნე, რომლებიც მადლობის სათქმელად იყვნენ მისულები. აქ უამრავ საოცარ ამბავს მოისმენთ.
პირველი წირვა წაჩხურუს ეკლესიაში 13 წლის წინ დეკანოზმა, მამა სერაფიმემ (დანელია) აღავლინა. ამ დღის შემდეგ წირვა-ლოცვა სისტემატურად ტარდება და ეს მამა სერაფიმეს დამსახურებაა. რამდენიმე წელია, იქ მეუფე პეტრე ადის. როცა მეუფეს იქაურობა პირველად უნახავს, გაოცებულა და უთქვამს: რა საოცრად ჰგავს გერგეტის სამებასო!.. სპეციალური წირვა ამ დღეს უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.
მალე იქ მამათა მონასტერი იქნება და ეკლესიაში ლოცვა ყოველდღე ჩატარდება. ტერიტორიის გალამაზებისთვის ზრუნვაც დაიწყეს: ტაძარი მოიხატა, გადაიხურა, სამრეკლო გაკეთდა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით კაკლის ხე დაირგო.
მამა სერაფიმე სოფლის ცენტრიდან ტაძრამდე ყოველ ხუთშაბათს ფეხით გადიოდა. პირველი წირვაც სწორედ ხუთშაბათ დღეს ჩაატარა. ტრადიციაა - უძველესი დროიდან ამ ტაძრის მონახულება, მოლოცვა, ხუთშაბათობით ხდება, დღესასწაულიც ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს იმართება. მამა სერაფიმემ პირველი წირვა უშვილო წყვილთან ერთად ჩაატარა და იმ დღეს სასწაული მოხდა. დღეს წინამძღვარი არის მამა დანიელ (გვილავა) და ის აღასრულებს წირვა ლოცვას ყოველ ხუთშაბათს.




* * *
სერაფიტი
რამდენად საინტერესოა არ ვიცი,მაგრამ ულამაზესი ადგილია

ბაბუაჩემი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა,თუმცა მე არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ((