artservisi2009
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 141341
რეგისტრ.: 9-January 12
|
#38319005 · 9 Oct 2013, 14:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ამ სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში საკეისრო კვეთაზე რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ბევრს ეს გადაწყვეტილება სამართლიანად მიაჩნია იმ საგანგაშო ციფრების გამო, რომელიც ბოლო 7 თვეში აღინიშნა: ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში 14 მშობიარე გარდაიცვალა, აქედან 9 შემთხვევა სწორედ საკეისრო კვეთაზე მოდის.
ასეთი ოპერაციები მთელ მსოფლიოშია გაზრდილი და გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით, საკეისრო კვეთის თანაფარდობა საერთო მშობიარობის მაჩვენებლებთან შედარებით 38% შეადგენს და იგი სულ მცირე, ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.
საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელოში ფიქსირდება და იგი საერთო მშობიარობის 56%-ს შეადგენს, არანაკლებ მაღალია ეს მაჩვენებელი საქართველოს სხვა კუთხეებშიც. არსებობს სამშობიარო სახლების ჩამონათვალი, სადაც ამგვარი ოპერაციების რიცხვი 60-70%-საც კი აღემატება. თუმცა, რეგულაციების გამკაცრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: ”პირველი შვილი ბუნებრივი გზით გავაჩინე და ახლაც არ მავიწყდება ის ტანჯვა, რომელიც გამოვიარე, მეორე შვილის გაჩენას საკეისრო კვეთით ვაპირებდი და ძალიან მაწუხებს ეს გადაწყვეტილება” - მითხრა 25 წლის გვანცამ, რომლის მსგავსი საქართველოში ალბათ ბევრია.
რამდენად საშიშია ქალის ჯანმრთელობისათვის საკეისრო კვეთა? - ამ საკითხზე ცნობილი მეან-გინეკოლოგი, ლადო კახაძე გვესაუბრება:
- უძველეს წარსულში საკეისრო კვეთა ცოცხალ ადამიანებს საერთოდ არ უტარდებოდა, ეს ოპერაცია მხოლოდ მეჩვიდმეტე საუკუნეში გაკეთდა ცოცხალ ორსულზე. უფრო ადრე კი, საკეისრო კვეთას მხოლოდ გარდაცვლილებს უკეთებდნენ. საკეისრო კვეთა არის რთული მდგომარეობიდან გამოსვლის უმოკლესი და საუკეთესო გზა მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაციის ჩატარება აუცილებელია. ამ ოპერაციის ჩასატარებლად საკმარისი არ არის პაციენტის, ან ექიმის ნება-სურვილი, აუცილებელი პირობაა ის, რომ დედის, ან მუცლადმყოფი ნაყოფის, რომელსაც საფრთხე ემუქრება, სიცოცხლე გადარჩეს.
- ბატონო ლადო, ხშირად ორსულ ქალს მოსალოდნელი ტკივილის ეშინია და კატეგორიულად მოითხოვს, საკეისრო კვეთა ჩაუტარონ.
- ეს დაუშვებელია, თუნდაც იმის გამო, რომ ქალმა შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს. მომავალი დედა ფსიქოლოგიურად უნდა მომზადდეს მოსალოდნელი ტკივილის დაძლევისათვის. ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს და სკოლასაც, რადგან გარკვეული ასაკის შემდეგ გოგონაც და ვაჟიც უნდა ემზადებოდეს ოჯახის შექმნისა და შვილიერებისათვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ შვილის გაჩენა, ეს არ არის ნაყინის ჭამა, როგორც ამას ზოგი დედა უყურებს. როდესაც მშობიარე ყოველგვარი საჭიროების გარეშე მოითხოვს საკეისრო კვეთის ჩატარებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეან-გინეკოლოგსაც. დღესაც არიან საქართველოში ცნობილი მეან-გინეკოლოგები, რომლებიც ჩვენების გარეშე საკეირო კვეთას არ აკეთებენ. ისინი ესაუბრებიან მშობიარეს იმ დადებით მხარეებზე, რაც მოსდევს ბუნებრივი გზით ნაყოფის დაბადებას. უხსნიან, რომ მომდევნო ორსულობა გაცილებით გაუადვილდებათ, თუ შვილს ბუნებრივი გზით გააჩენენ. უხსნიან იმასაც, რომ ამ ოპერაციის შედეგად საშვილოსნო სერიოზულ ტრავმას ღებულობს. როდესაც მომავალ დედას აუხსნი, რომ ფიზიოლოგიური გზით მშობიარობა მისთვისაც და ნაყოფისთვისაც უმჯობესია, ის ბუნებრივ მშობიარობას ამჯობინებს.
- ბატონო ლადო, რა შემთხვევაშია სასურველი საკეისრო კვეთის ჩატარება?
- ეს ჩვენებები ექიმებმა კარგად ვიცით. მე მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: თუ ნაყოფი სრულფასოვანია, მაგრამ დედას აქვს ვიწრო მენჯი, ორივეს დავღუპავთ, თუ ბუნებრივ მშობიარობას ჩავატარებთ, ამ დროს შეიძლება საშვილოსნო გასკდეს და დედაც და შვილიც დაიღუპოს. ზოგჯერ კი, საშვილოსნოს ყელის გახსნა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან შეიძლება უბედურება დატრიალდეს. არის არასამეანო გართულებებიც - მაგალითად, თუ დედას გულის მანკი, ან მხედველობის პრობლემები აქვს... ამ დროს საკეისრო კვეთა საუკეთესო გამოსავალია, რადგან შეიძლება ქალი დაიღუპოს, ან მხედველობა დაკარგოს. ძალიან ბევრი ჩვენება არსებობს საიმისოდ, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდეს.
- ბატონო ლადო, ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ექიმი ფულის გამოც აკეთებს საკეისრო კვეთას...
- მტრისას და ავისას, თუ ამაში რაღაც მერკანტილური ინეტერესები ურევია! კერძო კლინიკებში რაღაც კაპიკებია სხვაობა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის და არც მინდა დავუშვა, რომ რომელიმე ექიმი საკეისრო კვეთას ფულის გამო აკეთებს! როგორც ექიმს, ძალიან მიმძიმს ამ თემაზე ლაპარაკი.
- როგორ ფიქრობთ, უნდა აიკრძალოს მსგავსი ოპერაციები?
- ჩემი აზრით, ადმინისტრაცია ამ საქმეში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. შეიძლება ეს ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანის სურვილი იყოს, მაგრამ მედიცინა პირველ რიგში მეცნიერებაა. მთავარია, საზოგადოება მოემზადოს, მომავალ დედებს ასწავლონ, უთხრან, რომ ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვის იმუნური სისტემა უფრო ძლიერია, რომ ის უფრო კარგად ებრძვის დაბრკოლებებს, რომლებიც მერე შეხვდება ცხოვრებაში. აკრძალვა კი არა, საგანმანათლებლო საქმიანობაა საჭირო. ფეხმძიმე ქალს მთელი ცხრა თვე აქვს, რომ ყველაფერს შეეგუოს. ამ პერიოდში ექიმმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს მისი ჯანმრთელობა და მოსალოდნელი რისკებიც წინასწარ იცოდეს.
- ესე იგი, საჭიროების გარეშე ჩატარებულ საკეისრო კვეთას ქალისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს?
- ვიმეორებ, საკეისრო კვეთა მხოლოდ შესაბამისი ჩვენების შემთხვევაშია მისაღები. თითი რომ გტკივა, მთლიანი ხელი ხომ არ უნდა მოიჭრა, ან კბილი რომ გაწუხებს, მაშინვე ხომ არ უნდა ამოიღო? ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა, რომელიც საჭიროების გარეშე ტარდება, საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. * * * ასეთი დამოკიდებულება ა. Mიყვარს
|