ესეც თქვენ, მომინდა გამეზიარებინა ჩემი გრძნობები..ზოგმა შეიძლება იტიროთ, მაგრამ ეს თქვენ პატარებს არაფერს დაუშავებს
2012 წლის სექტემბერი - შენ ჩემში ხარ და მე ამას ვგრძნობ, თუმცა არ ვიცი როგორ, რატომ, საიდან...უბრალოდ ვიცი..ბედნიერება ჩემში წვეთ-წვეთ იღვრება და მავსებს, არავის მინდა გავუზიარო, მინდა ცოტა ხნით მხოლოდ ჩემი იყოს, მხოლოდ მე ვიცოდე რომ რამდენიმე მილიმეტრიანი წერტილი დასახლდა ჩემში. ჰო, დე, მე პირველივე დღიდან ვიცოდი რომ ჩემ სხეულში დაიდე ბინა, ვგრძნობდი, არ მჭირდებოდა ამისთვის არანაირი სამედიცინო მტკიცებულებები.
2012 წლის 9 სექტემბერი - ლომისას წმინდა სალოცავში ავედი და მაშინ როცა რამდენიმე კილოგრამიანი, მძიმე ჯაჭვი უნდა დამედო კისერზე, ერთ წამში გავიფიქრე - ვაი და..ჩემი თავის მე თვითონ შემრცხვა, ისეთ წმინდა ადგილას ვიყავი მოსალოცად, ისეთი სასწაული იყო შენი სახით ჩემ სხეულში რომ უფალი ორივეს დაგვიცავდა. მოვილოცე და წამოვედი მადლით, სიხარულით და ბედნიერებით სავსე.
2012 წლის 12 სექტემბერი - და აი ისიც, პირველი სამედიცინო მტკიცებულება რომ დედიკოს სხეულში პატარა ბუნაგი მოიწყვე. ორსულობის ტესტზე ანთებული ორი პატარა წითელი ხაზი - მე არ მიტირია, არ ავკანკალებულვარ, არ მიყვირია რომ ბედნიერი ვარ. რატომ?დაგავიწყდა?მე ხომ შენი არსებობა უკვე ვიცოდი, ჩემო პატარა. მშვიდად ავიღე ტელეფონი და პირად ექიმს დავურეკე, არ დამიჯერა, ჯერ ძალიან ადრეაო, ტესტს ვერ ვენდობითო. ჰმ, მე ხომ ვიცი. მეორე დღეს ექიმმაც დაიჯერა შენი არსებობა. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება გველის, ჩემო პატარა, აბა გამოიცანი?!მამიკომ უნდა გაიგოს შენი არსებობის შესახებ.
2012 წლის 16 სექტემბერი - ვიყიდე პატარა, იასამნისფერი წინდები, შევფუთე ლამაზად და მამიკოს დავუძახე. ვკითხე რა გაუხარდებოდა ყველაზე მეტად. პასუხი: ,,შენც ხომ იცი რა გამიხარდებოდა”. გული აძგერდა გამალებით, გავუწოდე საჩუქარი, გახსნა და შემომხედა სახით, რომელზეც აღებეჭდებოდა სიხარულიც, გაკვირვებაც, ბედნიერებაც. „ფეხმძიმედ ხარ?’’ მკითხა, თავი დავუქნიე და ის მომეხვია. არა, მოგვეხვია შენ და მეც, გვაგრძნობინა რომ ბედნიერია და ეს ბედნიერება მე და შენ მივანიჭეთ.
ამის შემდეგ თარიღებს აღარ დავაკონკრეტებ, რადგან შენ ჩემში, ჩემო პატარა, ისე სწრაფად იზრდებოდი რომ მოლოდინით აღსავსე 9 თვემ წამში გაირბინა; არადა თავიდან ძალიან დიდ დრომ მეჩვენებოდა ეს პერიოდი;
7 კვირის ორსულობა - ვირუსი, მაღალი სიცხე და ჩემი დარდი, შიში რომ დაგკარგავდი; მე ერთხელ გამოვცადე ეს სიმწარე..არც სულიერი და არც ფიზიკური ძალა აღარ მეყოფოდა იგივეს გადასატანად. ყოველი დილა თენდებოდა და დღე ღამდებოდა შენზე ფიქრით, იმედით რომ მე და შენ ერთად გადავიტანდით ამ ყველაფერს; ექიმთან გულისცემის მოსასმენად მშვიდად მივედი, თუმცა ამ სიმშვიდის უკან ქვეცნობიერი შიში იმალებოდა - შენ მე არ მიმატოვე, რადგან უფალმა ინება ასე, ინება და პირველად მოვისმინე შენი გულისცემა, პატარა გულის გამალებული ფეთქვა, რომელიც მამცნობდა რომ ჩემში ორი გული იყო და ის მეორე პატარა გული დედის გულს ასაზრდოებდა სიხარულით და სითბოთი.
ჩემო პატარა, შენი არსებობით გამოწვეული ტოქსიკოზიც კი სიხარულს მანიჭებდა ან იყო კი ეს ტოქსიკოზი?!სულ რაღაც 10 დღე მქონდა უსიამოვნო შეგრძნებები კვების დროს და მაშინაც კი როცა ჩემი საყვარელი კერძის ჭამის დროს მეგონა რომ რაღაც ჟანგიანს მივირთმევდი, მიხაროდა; მემგონი ის უფრო მეწყინა როცა ამ დისკომფორტმა გადაიარა და შეგრძნებები სადღაც დაიკარგა - ზოგს გაეცინება,ახლა მეც მეცინება. J
14 კვირის ორსულობა - დადგა ის ნანატრი დღე, როცა უნდა გავიგო ქალიშვილის დედა გავხდები თუ პატარა ბიჭუნასი; ხომ არა გგონია, ჩემო, რომ აქამდე არ მინახიხარ, დედიკო ყოველ ორ კვირაში გნახულობდა; გავეშურე ექიმისკენ, დავწექი და საკუთარი გულისცემა მესმოდა..ერთ...ორი...სამი...ოთხი...გოგოა!!!გამოვედი გარეთ და გონებამ წამში წარმოიდგინა - ფერადი ტანსაცმელი, კიკინები, თმის სამაგრები - მე პატარა გოგოს დედა გავხდებოდი, პატარა ანგელოზის, რომელიც დედას მესაიდუმლე და ყველაზე საუკეთესო მეგობარი გახდებოდა, ამაყი ვიყავი. მინდოდა ეს სასიხარულო ამბავი მაშინვე გამემხილა მამიკოსთვის, მაგრამ ამას საღამოს ვაპირებდი. ხო მართლა, იმ დღეს დედიკოს დაბადების დღე იყო და საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გავუკეთე ამით.
მამიკომ რომ გაიგო გოგოს მამა გახდებოდა, გაეღიმა, სიამოვნება აღებეჭდა თვალებში და მაკოცა, მუცელზე ხელი დამადო და თქვა: ,,ჩვენი გოგო’’. ჩვენი გოგო, დედასი და მამასი, ნეტავ იცოდე როგორ გელოდით და გვიყვარხარ.
პირველი ადამიანი ვინც გაიგო რომ გოგოს დედა გავხდებოდი, ეს არ იყო მამაშენი; ბევრ გაუკვირდება, მაგრამ ეს იყო ის ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარხარ, გელოდა, ელოდა შენს დაბადებას და დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრების გზაზე შენი საუკეთესო მეგობარი იქნება, ყველაფერში დაგეხმარება და მე მას შენს თავს ვანდობ ყოველთვის. მან ეს იცის და ამოიცნობს საკუთარ თავს ამ სიტყვებში.
17 კვირის ორსულობა - დედა შენი მოძრაობის პირველ შეგრძნებას ელის. და აი ისიც, შენი ნაზი შეხება, შენი ფრთხილი, სუსტი მოძრაობა. არ არსებობს ამაზე ტკბილი შეგრძნება, არ არსებობს ქალისთვის ამაზე უფრო ბედნიერი წუთები, როცა გრძნობ რომ შენი შვილი თავის არსებობას გახსენებს;
18 კვირა - შენი პირველი ვიდეოგადაღება მუცლადყოფნის პერიოდში - ზის პატარა ადამიანი გარე სამყაროსგან მოშორებით, დაცული დედის წიაღში და წოვს თითს გამალებით - აი შენი სურათი; მერე დაამთქნარე და დედის გული გაათბე; მიყვარხარ, ჩემო პატარა;
გადიოდა, დღეები, კვირეები, თვეები;შენ იზრდებოდი, ნელ-ნელა ტერიტორია მცირდებოდა და ვეღარ ეტეოდი დედიკოს მუცელში, თუმცა ისევ ისეთი ნაზი და ფრთხილი მოძრაობებით გამოირჩევი. გესაუბრები, გეფერები, ვუყურებ ჩემი მუცელი როგორ იცვლის ფორმას როცა პატარა ფეხს მომაბჯენ და ვცდილობ ზუსტად იმ წუთას შეგეხო;შენ გრძნობ ჩემ სიყვარულს, ხედავ როგორ გამალებით ფეთქავს დედის გული და შენ იცი - არასდროს არავინ ესე ძლიერ არ მყვარებია. ამბობენ, შვილის სიყვარული მას შემდეგ იწყება რაც მასზე ზრუნვას იწყებ და ამაგი გაქვსო. მე კი ვიტყვი, შვილის სიყვარული იმ დღიდან იწყება როცა მისი არსებობის შესახებ გებულობ, ხოლო როცა ის იბადება ეს სიყვარული ასმაგდება, იზრდება ყოველდღიურად და შვილის მომღიმად სახეში, ბედნიერ თვალებში, მხიარულ კისკისში პოულობს გამოხატულებას.
მოვიდა ნანატრი მაისიც - ვარდობისთვე; დედიკოს მუცელი გაიზარდა, დამძიმდა, ცოტა უჭირს სიარული და ღამით ძილი, მაგრამ უხარია რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და დაიბადები შენ. გამალებით შევუდექი შენი პაწაწინა ტანსაცმლის რეცხვას, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ არც კი დავუკვირდი და ყველაფერი ცივ წყალში დავრეცხე ხელით. მართალია, წელიც ამტკივდა, მუცელიც და პარალელურად სახსრების ტკივილმაც არ დააყოვნა, მაგრამ მე ეგ გამაჩერებდა?!ჯიუტად ვაგრძელებდი რეცხვას და დაუთოებას, აბა რა, ჩემ გოგოს ყველაფერი მზად უნდა დავახვედრო, გამოვპრანჭო და ყველას წარვუდგინო: ,,ესეც ჩემი ვარდისფურცელა’’
დაინიშნა საკეისრო კვეთის დღეც, გაიწელა დღეები, საათები, წუთები. აი ისიც, 20.05.2013. მშიერი უნდა იყოო, ექიმებმა რა იციან რა მსუნაგი დედიკო გყავს, დიდი მოთმინების ფასად გავძელი უჭმელმა. დამღალა ლოდინმა, მინდოდა მალე დაწყებულიყო და დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ ჩემამდე სხვები იყვნენ რიგში, ისინიც ელოდნენ თავიანთ წინ ბედნიერებას ტირილით რომ იბადება და აღუწერელ სიხარულს ანიჭებს დედის გულს.
შემოვიდა ექიმი, წამოიღე ბავშვის ნივთები და წამოდიო. ავარჩიე პაწაწუნა ბოდეები და ქუდი. გავიარე გრძელი დერეფანი და ისე მივაბიჯებდი თითქოს საერთოდ არ ვნერვიულობდი, მუცელი წინ მიმიძღოდა. შევედი საოპერაციოში და მთელ სხეულში ამოუცნობდა გრძნობამ დამიარა, მე მეშინოდა!მეშინოდა, არ ვიცოდი როგორ დასრულდებოდა ყველაფერი, არ ვიცოდი რა იქნებოდა 5, 10, 15 წუთის შემდეგ. დამაწვინეს, გამამზადეს და დაიწყო. მამიკო თავთან მეჯდა და მამშვიდებდა. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება, მან მე ძალა მომცა, გამამხნევა, მომეფერა და მისი სამი სიტყვა: ,,ყველაფერი კარგად იქნება’’, უკვე მამშვიდებდა. და ესეც რომ არ იყოს, ის მამა იყო შენი და უფლება ქონდა ჩემთან ერთად გაეზიარებინა შენი დაბადების პირველი წუთებით გამოწვეული ბედნიერება.
ვიგრძენი როგორ ფათურობდნენ ჩემში ექიმები, ვიგრძენი როგორ ცდილობდნენ დაბადებაში დაგხმარებოდნენ. ექიმი: ,,დაიხსომე დრო’’, მე გავხედე საათს: 13.35, რამდენიმე ძლიერი დაწოლა, ნეკნებიდან სიმძიმის გამოსვლა ვიგრძენი და ვიცოდი შენ უკვე გაიცანი ეს სამყარო. იტირე, ძლიერად იტირე, შენ ხომ თბილად და მყუდროდ იყავი დედიკოს მუცელში და ,,ბოროტმა’’ ექიმებმა დაგირღვიეს ეს სიმყუდროვე, ამოგაძვრინეს ჩემო პატარა და გაიძულეს ჰაერი ჩაგესუნთქა. არაუშავს, დედიკო დაგიბრუნებს მაგ სიმშვიდეს და სითბოს, დედა გაგრძნობინებს რომ შენს გვერდითაა. გაგახვიეს ღუნღულა პლედში, დაგახურეს ალუბლის ფოთლებიანი პაწაწუკა ქუდი და ჩემთან მოგიყვანეს, მომადევი შენი თბილი ლოყა და იგრძენი რომ დედასთან იყავი.გაიტრუნე, უბრალოდ კრუსუნებდი პატარა ბოკვერივით რომელიც დედას იცნობს და თავს დაცულად გრძნობს. მე ვიგრძენი რომ მიგრძენი და მეც ვიტირე, სიხარულით, ბედნიერებით იყო სავსე ეს ცრემლები, ჩემი ნაშიერი ჩემთან იყო.
ერთი წელი გავიდა იმ დღიდან და მე დღეს ვარ სრულყოფილი, ბედნიერი ქალი, იმიტომ რომ შენ მყავხარ, იმიტომ რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ მე ვარ ქალი და ჩემი სრულყოფილება შენშია - იმიტომ რომ მე ვარ დედა.