ჩემ გამოცდილებასაც გაგიზიარებთ , ამჯერად მესამე საკეისროსთან დაკავშირებით.
პირველი ორი საკეისრო ჯანმრთელობის სახლში მაქვს გაკეთებული და ალბათ მესამეზეც მანდ მივიდოდი, რომ არა ორი გარემოება:
ერთი ის რომ საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს მესამე და შემდგომ საკეისრო კვეთას ისეთ კლინიკაში რომელსაც რეანიმაციული განყოფილება არ აქვს დედისთვის და ბავშვისთვის და ჯანმრთელობის სახლს არ აქვს რეანიმაცია და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმე მხოლოდ ფულში ხომ არაა, მართლაც რომ რამე გართულება მოყოლოდა, მინდოდა მშვიდად ვყოფილიყავი.
თავიდანვე ვიცოდი რისკების შესახებ, იმიტომ რომ პლაცენტა მქონდა სრული წინამდებარეობით რაც ისედაც საკეისროს ჩვენებაა და მითუმეტეს ჩემ შემთხვევაში. გარდა ამისა იყო რისკი რომ ამ პლაცენტის და საშვილოსნოს ნაწიბურის შეზრდა მომხდარიყო და ყველა ეხოზე მეუბნებოდნენ რომ დიდი რისკია საშვილოსნოს გარეშე დარჩეო.
ძალიან დიდხანს ვიფიქრე სად მივსულიყავი და ვისთან, ჯერ ჰერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე რაღაც მიზეზების გამო და საბოლოოდ გადავწყვიტე გაგუას კლინიკა და ექიმი პაატა მახარაშვილი. პაატამ რომ ნახა ჩემი სიტუაცია, შემომთავაზა მილების გადაკეტვა, მაგრამ უარი ვუთხარი , თუმცა ვინაიდან ვიცოდი შესაძლო გართულებების შესახებ, ოპერაციის პროცესში რასაც საჭიროდ ჩათვლით ის გააკეთეთთქო ვუთხარი . 38 კვირაზე დავგეგმეთ საკეისრო, მაგრამ ჩემმა გოგომ არ მოიცადა და 37 კვირაზე სასწრაფო ოპერაცია გამიკეთეს. პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ანესთეზიოლოგი გიორგი ღონღაძე ყავთ სასწაული ! ისე გააკეთა სპინალური ანესთეზია, ვერ ვიგრძენი, სანამ არ მითხრა დაწექი სწრაფადო, მეგონა ჯერ არ ქონდა გაკეთებული .
ოპერაცია პაატასთან ერთად გამიკეთა ასაკიანი ექიმი იყო, თამაზი, თუ არ ვცდები ნიკოლეიშვილი გვარად. დიდი რაოდენობით სისხლი დავკარგე , ძალიან რთული ოპერაცია იყო და დიდხანს გაგრძელდა და როგორც თავად თქვეს, დიდი ძალისხმევა დაჭირდათ რომ შეენარჩუნებინათ საშვილოსნო, რის გამოც ვარ უზომოდ მადლიერი . ნებისმიერი სხვა ალბათ იფიქრებდა, რომ მესამე ბავშვია და ეყოფაო და არ იწვალებდა, ისე ამოიღებდა ყველაფერს .
მთელი ღამე დამტოვეს ინტენსიურში, წნევაც და ჰემოგლობინიც დაბალი მქონდა, სისხლის გადასხმაც დამჭირდა და დამტოვეს ამის გამო , თორემ სტანდარტულად 4-6საათში გადაყავთ პალატაში . ინტენსიურის ექთნებზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ჯერ მარტო იმიტომ 5 წუთში ერთხელ წყალს რომ ვთხოვდი და დავარბენინებდი წინ და უკან , ეგ რომ აიტანეს
მეორე დღეს უკვე პალატაში გადამიყვანეს, მე ერთადგილიანი მქონდა აღებული და შემეძლო დამეტოვებინა ვინც მინდოდა, მაგრამ არ დავიტოვე არავინ , მიუხედავად რთული ოპერაციისა ჩვეულებრივად ავდექი და დავდიოდი, ბავშვსაც ვუვლიდი ,სულ მე მყავდა , მხოლოდ გამოსაცვლელად და დასაბანად გამყავდა ბავშვთა ოთახში . მორიგე ექთნები და ექიმები, სანიტრები და ზოგადად მთელი პერსონალი იყო ძალიან ყურადღებიანი და თბილად განწყობილი. პაატა ყოველ დღე შემოდიოდა და მკითხულობდა და ზოგადად ყველა მოდიოდა და შენ არ იცი რა ოპერაცია გაგიკეთდაო და უკვირდათ მაინც რა ყოჩაღად ხარო .
მოკლედ მთლიანობაში მინდა ვთქვა რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით , თუ როდესმე მეოთხეს გაჩენას გადავწყვეტ, აუცილებლად ისევ პაატასთან მივალ .
ხო ასევე შედარებას გავაკეთებ ჯანმრთელობის სახლთან
რაც ყველაზე მეტად ჩანს და თვალში მოსახვედრია არის რემონტი, გაგუას ახალი შენობა და ახალი რემონტი იგებს მაინც რაც არ უნდა მეორეხარისხოვანი იყოს ეს ყველაფერი.
ასევე რაც ყველაზე მეტად მომეწონა გაგუაში, ბავშვის მოვლის პროცესში დედის ჩართულობა არის ძალიან მაღალ დონეზე. ჯანმრთელობის სახლში მაგალითად დაბანის და გამოცვლის დროს არ გვიშვებდნენ ბავშვთა ოთახში, არც პალატაში შეიძლებოდა გამოცვლა და დედა არ უნდა ჩარეულიყო და აქ პირიქით, აქტიურად იყო ყველა დედა ჩართული, ვინც არ იცოდა ასწავლიდნენ და ეხმარებოდნენ. სხვამხრივ რავიცი, გააჩნია მოთხოვნებს , ყველაფერი ინდივიდუალურია მაინც.
ძალიან ვრცელი პოსტი გამომივიდა და ცოტა არეულიც, მაგრამ სავარაუდოდ ბევრს დააინტერესებს და ამიტომ დავწერე