როგორც იქნა მოვიცალე ჩემი მშობიარობის ისტორიის დასაწერად..
მეც ცოტა შორიდან დავიწყებ.. ინ ვიტროს და წეროს გოგოებმა იციან, რომ 4 წელი ველოდებოდი ჩემს ნანატრს გოგოს..
თავიდან იყო ბევრი ექიმები, არასწორად დასმული დიაგნოზები, მეუბნებოდნენ რომ ცალი მილი ჩაკეტილი მქონდა, ჩემს ქმარს კი სპერმის მოძრაობის ხარისხი დაქვეითებული.. ძალიან ბევრი სტრესი გამოვიარეთ და გადავლახეთ ერთად, ბევრი ცნობისმოყვარე კითხვა და მზერა, არა მკითხე მოამბეები და ა.შ. ბოლოს, ნერვებდაწყვეტილებმა გადავწყვიტეთ ინ ვიტრო და გაამართლა პირველივე ცდაზე.. ორსულობის ტესტი, რომელმაც გვახარა ნანატრი სიახლე დღემდე შენახული მაქვს ხალათის ჯიბეში..
მერე დაიწყო ეხოები, ანალიზები, მშვიდი ორსულობა მქონდა, თუმცა ყურადღება არასდროს მომიდუნებია.
ეხოდან ეხომდე დღეებს ვითვლიდით, რომ ჩემი გოგო გვენახა და დაბეჭდილი სურათები წამოგვეღო..
ისე უცებ მოვიდა ოქტომბერი, გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარით სიხარულისგან..
სამშობიარო ,,ჰერა'' გადავწყვიტე ბევრი მიზეზის გამო: პროვაიდერი კლინიკაა, საკეისრო კვეთა მჭირდებოდა და სოსო ყველამ მიქო მათ შორის აქაურმა გოგოებმაც და ზოგადად მკვეთრად უარყოფითი არ გამეგო ამ კლინიკაზე არაფერი, ამიტომ ბევრი არც მიფიქრია, ისე ავიყვანე ღოღობერიძე და დავთქვით საკეისროს თარიღი.
ოთხშაბათს დილით დაგეგმილად წავედით, ბევრი არ მინდოდა ყოფილიყო კლინიკაში ოპერაციის დროს და ამიტომ, მე, ჩემი ქმარი, დედაჩემი და ჩემი ქმრის მშობლები წავედით.. 10ის ნახევარზე უკვე ჰერაში ვიყავი, გული ისე მიცემდა ვერ წარმოიდგენთ, ჩემი ნანატრი გოგო უნდა ჩამეხუტებინა და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. წნევა გამიზომეს და 130-90ზე მქონდა პირველად ცხოვრებაში (90/60-ს არ აცდენია მთელი ორსულობა). ჩამაცვეს, შემიყვანეს ინტენსიურში გადასხმა დამიდგეს და მალევე, დაახლოებით 15 წუთში საოპერაციოში შემიყვანეს. მახსოვს ანესთეზია 11ის 25 წუთზე გამიკეთეს, საათი წიკწიკებდა ოთახში. ზუსტად 10 წუთში გაყუჩდა ყველაფერი და სოსოც შემოვიდა. საათს ვუყურებ და ვლოცულობ, ცრემლები მადგას თვალებზე, თან მესმის როგორ ლაპარაკობენ საოპერაციოში სახის გაწმენდაზე და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე და ხმას ვერ ვიღებ.. მერე ექთანმა შეამჩნია ჩემი ცრემლები, მოვიდა და ხელი ჩამკიდა არ ინერვიულოო.. თურმე მთელი ოპერაცია წნევა მქონდა ძალიან მაღალი და აკონტროლებდნენ ისე, რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ..
ზუსტად 15 აკლდა 11-ს სუსტი ტირილის ხმა გავიგე, ამოაბრძანეს ჩემი გოგო და გააქანეს სადღაც შესაფუთად.. ამ დროს რა ვიგრძენი ვერ აგიღწერთ, საოცარი სიმშვიდე და თან ფორიაქი.. მომიყვანეს ზუსტად ორ წუთში შეფუთული, ტიროდა.. სახე სახეზე მომედო თუ არა, გაიტრუნა წამიერად და მაშინ მართლა ვეღარ შევიკავე თავი და ამოვიზლუქუნე გემრიელად. მერე მამამისთან წააბრძანეს და მე ინტენსიურში გადამიყვანეს, წნევას ვერ მიგდებდნენ, რა აღარ გამიკეთეს.. თან მე ვერ ვგრძნობდი საერთოდ ამ წნევებს და ვიხვეწებოდი პალატაში გადამიყვანეთ-მეთქი, ერთი სული მქონდა ჩემი გოგო მენახა..
მგრძნობელობა როგორც კი დამიბრუნდა, გადამიყვანეს, საწოლიდან საწოლზე გადასვლა საერთოდ არ გამჭირვებია, თვითონაც გაუკვირდათ ესე ყოჩაღად როგორ ხარ პირველივე დღესვეო.. ზოგადად, ინტენსიურში მომექცნენ ძალიან დიდი ყურადღებით და მზრუნველობით, რაც მერე პალატაში დაიწყო, მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჰერაზე შთაბეჭდილება საერთოდ დამაკარგინა.
პირველ და მეორე დღეს ხსენი არ მქონდა და ბავშვს ბოთლიდან აჭმევდნენ.. მესამე დღეს მოვიდა ხსენი, მაგრამ მოვიდა იმდენი, რომ რა გამეკეთებინა მართლა არ ვიცოდი. არავინ მოსულა, რომ ახალ ნაკეისრალზე ესწავლებინა ბავშვი ან როგორ უნდა მიმესვა მკერდთან ან რა უნდა გამეკეთებინა საერთოდ. მილიონი ვიდეო მქონდა ნანახი, მაგრამ პრაქტიკაში სულ სხვა ყოფილა და შედეგად ბავშვი ძუძუს არ მიეკარა საერთოდ, რა აღარ ვცადე - დავამშიე, სილიკონები ვიყიდე, ვიწველიდი, მაგრამ ვერ ჩაიდო თავი და კრუნჩხვებში ჩავარდა შიმშილისგან ლამის. ბოლოს მე თვითონ გავუყვანე, მიეცით ბოთლიდან მეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა იმ დამპალმა ექთანმა - ესე რძე საერთოდ არ მოგივა, აწვალე და ჩაიდებსო..
ეს რძე ჩამიქვავდა, სიცხეები ამივარდა როგორც იცის, კაციშვილი ყურებს არ იბერტყავდა, სახლიდან მოვატანინე კომბოსტოები და მე თვითონ დავჭერი და დავიფინე.
ბოლოს ისეთი გამწარებული ვიყავი სოსოსთან შევვარდი, რამე მიშველე მეთქი და მერე დაფაცურდნენ, ერთი ბებიაქალი ჰყავთ ნინო, რომელმაც მასაჟებიც იცის და იმან მიშველა ცოტა იმ ღამით, თორემ მართლა მოვკვდებოდი.. ვკანკალებდი სულ სიცხისგან..
ზოგადად, ჩემი შეფასება ჰერას მიმართ არის 10დან 4. ისიც იმიტომ რომ სოსო ჰყავთ, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია მართლა და ინტენსიურში ყურადღებით და გულისხმიერებით მექცეოდნენ, თორემ ზოგადად მენეჯმენტი აქვთ კატასტროფა, 4 მშობიარეს რომ ორი ბებიაქალი ამშობიარებს ერთდროულად და ბლოკიდან ბლოკში დარბის გაღვითქული უნდა მიხვდე, რომ ან კადრები უნდა დაამატო ან ამდენი მშობიარე არ მიიღო.
მოკლედ, აღარ მინდა იმ საშინელი დღეების გახსენება, მთავარია რომ კარგად ვართ ეხლა.
მერე რა, რომ რძე ნერვიულობით გამიშრეს, მატირეს, მაბღავლეს..
მთავარია, რომ ჩემთანაა ჩემი გოგო და თავბრუდახვეული დავდივარ ბედნიერებისგან

))