სულ რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ამ მოგონებებს ძალიან დიდი ინტერესით და ემოციით

ახლა მე ვწერ და ალბათ ეს მოგონებაც საინტერესო იქნება ორსულებისთვის, ისევე, როგორც მე ვკითხულობდი გაფაციცებით...
მოკლედ, დიუ დეითი იყო 15 ივლისი...9 ივლისს, საღამოს მე და ჩემმა მეჯვარემ ვისეირნეთ და ვიგრძენი, რომ ძალიან ვიყავი დამძიმებული...მოვედი, დავიძინე და ღამის 2 საათზე გამეღვიძა, ვგრძნობდი უცნაურ მოვლით ტკივილს არათანაბარი ინტერვალით, ხან ნახევარ საათში ერთხელ იყო, ხან 20 წუთში, 15 წუთში...მე-9 თვეში საერთოდ ხშირად იყო ასეთი მოვლითი ტკივილები, მაგრამ ეს უფრო ძლიერი მომეჩვენა...ვეღარ დავიძინე ვერაფრით, დილის 6-ის ნახევრიდან ინტერვალები 5 წუთზე დავიდა და ნახევარი საათის განმავლობაში რომ 6-ჯერ განმეორდა, მივხვდი, დაიწყო...დედასთან ვიყავი, ავდექი და ვუთხარი...მერე წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი, მეუღლეს დავურეკე, ამასობაში მოვემზადეთ მე, დედა და ჩემი და...არც ჭამა და არც რამის დალევა მინდოდა...მოვიდა ჩემი ქმარი და გავემართეთ ჰერასკენ რუსთავიდან...რომ მივედით, იყო 8 საათი დილის...ექიმი არ მყავდა აყვანილი...შემიყვანეს, გამსინჯეს (რაც ჩემთვის იყო ძალიან მტკივნეული) და აღმოჩნდა, რომ 3 თითზე ვიყავი გახსნილი

შევავსეთ ანკეტა, გავიარეთ ყველა ფორმალური პროცედურა და გადამიყვანეს ბლოკში...წინა დღეს გავიგე, რომ B სტრეპტოკოკის პასუხი დადებითი იყო, ანტიბიოტიკი გამიკეთეს, ასევე მოვითხოვე გაუტკივარებაც (სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა)...მოკლედ გავიდა გარკვეული დრო, ვერ ვიგრძენი საერთოდ გაყუჩება და დავამატებინე, 10 წუთში გავბუჟდი სასიამოვნოდ და დაახლოებით 2 საათი ვიყავი ასე ნეტარებაში...ამასობაში კიდევ გამსინჯეს და სრული გახსნა იყო, მაგრამ გაუტკივარების გამო ვერ ვგრძნობდი ჭინთვებს, დამიმატეს რაღაც წამალი და მოვიდა თანდათან შეგრძენებები...ამ დრომდე ვთვლი, რომ კარგად მიდიოდა ყველაფერი, თან მაქებდნენ, პირველი მშობიარობის დროს რა ყოჩაღად ხარო, ყელიც მალე გაიხსნაო...მაგრამ ცოტა ხანში დაიწყო და რა დაიწყო, ბავშვი უნდა ჩამოსულიყო ქვემოთ, რომ ჭინთვები დამეწყო, მანამდე შეიკავე თავიო და ეს იყო ძალიან რთული...ამ დროის განმავლობაში მუდმივად უსმენდნენ გულისცემას და კარგი იყო ძალიან...როგორც იქნა ცოტა ხნის შემდეგ მითხრეს, რომ მზად იყო ბავშვი და დამეწყო ჭინთვები...პირველად რომ გავიჭინთე გაგიჟდნენ, რა გოგო ხარო, კიდევ ერთი და ალბათ გამოძვრება თავიო, მაგრამ მერე არ ვიცი რა დამემართა, შეიძლება ძალა აღარ მეყო, თან ტკივილი იყო საოცარი

ვკანკალებდი, ვყვიროდი, მოკლედ რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე დამჭირდა ჩაჭრა, მერე ვეცადე რაც შემეძლო დავხმარებოდი და გამოძვრა თავი და კიდევ ერთი ჭინთვის მერე მთლიანად გამოსრიალდა, რამდენიმე წამი არ უტირია, მერე ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ დაიწყო ტირილი და კრუსუნი

დამასვეს გულზე და დავიწყე ტირილი ბედნიერებისგან, 2980 გრამი და 50 სმ დაიბადა ჩემი ცმაცუნა ანანო

ამასობაში მომყოლიც გამოვიდა, ნაკერები დამადეს და დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ გადამიყვანეს პალატაში...ყველანაირი ანალიზი და გამოკვლევა წესრიგში ჰქონდა და 12-ში 13:00 საათისკენ გამოგვწერეს უკვე, კმაყოფილი ვარ ჰერათი, მაქსიმალურად მაქცევდნენ ყურადღებას და მეხმარებოდნენ...
ამ ეტაპზე ნაკერები მტკივა ძალიან, მიჭირს ადგომა, დაწოლა, ჯდომა, სიარულიც, მაგრამ რომ ვუყურებ მავიწყდება

ასეთი ბედნიერება არ არსებობს სხვა...
ყველას გისურვებთ უპრობლემო მშობიარობას!
This post has been edited by MARIKUNA1991* on 13 Jul 2018, 10:48