tammmta1
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2320
წევრი No.: 156443
რეგისტრ.: 25-November 12
|
#47231568 · 10 Mar 2016, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია ფეხს ვითრევ და არ ვიცი რამდენად ღირს ჩემი მოგონებების დაწერა, ვიცი, ბევრი ორსული კითხულობს და სულაც არ მინდა ვინმე დავზაფრო, მაგრამ, როგორც მე ველოდებოდი, ალბათ, ისე ელოდებით ახალ მოგონებებს, თან იქნებ ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგეს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ მაინც დავწერ. მოკლედ 13 თებერვალს ღამით მუცელი ამტკივდა, ტკივილი ხან 10 წუთში მეორდებოდა, ხან 5 წუთში, ხან კიდე 20 წუთი აგვიანდებოდა, მაგრამ მაინც წავედი გაგუაში. გამსინჯა მორიგე ექიმმა და ორთითნახევარზე ხარ გახსნილიო. მანამდე ორი დღე ვიარე ორ თითზე გახსნილმა ისე, რომ არაფერი მტკიოდა. მოკლედ, დამიტოვეს. შემიყვანეს ბლოკში, ამოვიდა ჩემი ქმარი და ველოდებოდით, როდის დაიწყებოდა მშობიარობა. მეზობელი ოთახებიდან გოგოების განწირული ხმები შემოდიოდა და ეს ჩემი ქმარი ისე დაითრგუნა, ცოტა ხნით გარეთ გავუშვი, რომ დამშვიდებულიყო. ეს ყველაფერი ხდება ღამის 3-4 საათზე, უძილობას ძალიან ცუდად ვიტან, ის ღამე თეთრად გავათენე და ეტყობა, ამანაც წაიღო ჩემი ძალა. სადღაც დილის ექვსზე მოვითხოვე გაუტკივარება და სწორადაც მოვიქეცი, ისევ ორთითნახევარზე ვიყავი გახსნილი და ტკივილებს სუნთქვით უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი. შემოვიდა ანესთეზიოლოგი და სამი საათით დავმშვიდდი, თან მითხრეს, პაატამ იცის, რომ აქ ხარ და მალე მოვაო, (პაატა მახარაშვილი მყავდა აყვანილი), სადღაც ცხრისკენ ისევ დავამატებინე გაუტკივარება, რადგან სამ თითზე გავიხსენი მხოლოდ, ამასობაში პაატაც მოვიდა და გამსინჯა. გაუტკივარება თანდათან კარგავდა ძალას და მალე დამეწყო არაადამიანური ტკივილი, წამალს აღარ მიმატებდნენ, რადგან სრულ გახსნამდე ცოტა აკლდა, ისეთი ტკივილები მქონდა, გონებას ვკარგავდი და აზრზე რომ მოვდიოდი, ვერ ვხვდებოდი რატომ მიყავი იმ ოთახში და რატომ მსაყვედურობდნენ ექიმი და ექთნები, ვერ გვეხმარებიო. მარტო ჭინთვები გაგრძელდა 4 საათი, მშობიარობა 14 საათი მიმდინარეობდა. საშინელი, ხანმოკლე ჭინთვები მქონდა, საკეისრო უკვე დაგვიანებული იყო, თავბედს ვიწყევლიდი, რომ არ დავუჯერე არავის და "გმირობა" გადავწყვიტე. ბავშვი თითქმის 4 კილომდე იყო, თმები ჩანდა, მაგრამ ვერ ვაჩენდი, პატარას გულისცემას უმოწმებდნენ ხშირად, პაატას ვეკითხებოდი, რამდენ ხანში დამთავრდება ეს კოშმარი-თქო და რომ მეუბნებოდა დროის გარკვეულ პერიოდს, ისტერიკა მეწყებოდა, 15 წუთიც კი მაგ დროს ძალიან ბევრი გგონია. ჩემი ქმარი თითქმის ჩემსავით მშობიარობდა, ბოლოს ცუდად გახდა და ექიმმა გარეთ გაუშვა, უკან შემობრუნება რომ დააპირა, მე აღარ მივეცი უფლება, ისე ვიყავი ჭკუიდან გადასული, არც ის შემოვუშვი, არც ჩემი და, არც მეგობარი, აღარავინ მინდოდა და 4 წლის ნანატრ ბავშვზე ვიძახდი, არ მინდა შვილი, მომაშორეთ ეს ბავშვი როგორც გინდათ-თქო. არადა საერთოდ არ ვარ სუსტი ნერვების პატრონი და თავის კონტროლიც შემიძლია, მაგრამ ეს იყო არაადამიანური ტკივილი, რომლის გაძლებაც წარმოუდგენელია. თან ვფიქრობდი, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს ჩემი წამება რატომ აღარ სრულდება-მეთქი. პაატა ხშირად ახსენებდა თავის ხალხს, ხომ იცით ეს ბავშვი ინ ვიტროთია ჩასახული, მთელი ცხრა თვე ველოლიავებით და უფლება არ გვაქვს რაღაც ისე არ იყოსო. ორი წუთით რომ გადიოდა ექიმი პალატიდან, ამაზეც ცუდად ვხდებოდი და სულ ვეხვეწებოდი, არ დამტოვო-მეთქი, ნუ გეშინია, აქ ვარო, ამბობდა და მართლაც ორ წუთში შემოდიოდა. ერთ-ერთი გასინჯვისას პაატამ დაიძახა, ბავშვს გულისცემა უსუსტდება, ჩქარა ვაკუუმიო, ამაზე გული გამისკდა და ვეკითხები, ვაკუუმით რომ დაბადებთ, რამე ხო არ დაუზიანდება-თქო, პაატამ დამამშვიდა, ნუ ნერვიულობ, ჯანმრთელი იქნებაო. ამასობაში ექთანმა ჩამჭრა და ვაკუუმის დადებიდან წამებში გულზე თბილი, მძიმე და სველი არსება დამიწვინეს, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, 14 საათზე დაიბადა ჩემი პატარა ანა. იმ წუთებში ისე ვიყავი ემოციისგან დაცლილი, ბავშვის მოფერება, ან ტირილი ან სიხარული, ვერაფერი მოვახერხე, გახევებული ვუყურებდი, ვცდილობდი თავი ამეწევივინებინა და სახე დამენახა. მალე გაიყვანეს ჩემი პატარა და დაიწყო გაკერვა, იმის მიუხედავად, რომ გამაყუჩებელი გამიკეთეს, ყველაფერი ვიგრძენი, როგორ ერჭობოდა ნემსი ხორცში და როგორ მკერავდნენ, ერთი დიდი შიდა ნაკერი დამადეს და სამი გარე ნაკერი. ბოლოს ეს ტანჯვაც დამთავრდა და ჩემი ქმარი შემოვიდა, ბავშვი უნახავს და ამხელა კაცი ბედნიერებისგან ზლუქუნებდა, მის ტირილზე მომეხსნა ეს გახევება და მეც ავტირდი. მალევე შემომიყვანეს ბავშვი და ორი საათი, სანამ პალატაში გადამიყვანდნენ, გულზე მეწვინა, მერე გადამსვეს სავარძელში და გამოგვაგორეს პალატისკენ, სანამ პალატაში შევიდოდი, ჩემიანებთან ჩამატარეს, მინის მიღმა დავინახე ტირილით თვალებდასიებული ჩემი და, მულები, მეგობრები, ბავშვი დავანახე და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალიან გავდა მამიკოს. კიდევ კარგი ერთადგილიანი პალატა ავიღე, ისე მქონდა ნერვები დაწყვეტილი, ვერავის ოთახში ყოფნას ვერ ავიტანდი. ნახევარ საათში ავდექი და აბაზანაში თავი მოვიწესრიგე, ჩემი თავი მეზიზღებოდა, ისეთ დღეში ვიყავი, შემდეგ უკვე გასუფთავებული მივესვენე საწოლს და დილამდე არ გავნძრეულვარ. პირველ ღამეს მული დავიტოვე და ბავშვის მოვლა მთლიანად მას მივანდე, ღამით რამდენჯერმე მკერდზე ისე მომასვა ბავშვი და აჭამა, არაფერი გამიგია, ისე ვიყავი გათიშული, ხსენი იმ დღესვე წამომივიდა და ბავშვიც საკმაოდ აქტიურად წოვდა. ყურადღების მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ, თავს გვევლებოდნენ ექიმებიც და ექთნებიც, მეორე დღეს პაატამაც შემომაკითხა და ბოდიშები ვუხადე იმ ისტერიკებისა და უსაქციელობისთვის, მაგრამ გაეცინა, ეგ არაფერიო. მოკლედ, მერე მთელი ორი-სამი კვირა ვერ ვჯდებოდი, შემდეგ კი მკერდის გამო რამდენიმე დღე 40 მქონდა სიცხე, ბევრი რძე მაქვს და ბავშვი ვერ ერევა. მოკლედ, თანდათან მოვდივარ გონზე და თავს ვერ ვპატიობ, რომ ასე გავწირე საკუთარი ფსიქიკა, "იქ" ნაკერებს და უბედურებას ბევრად მერჩივნა მუცელზე მქონოდა ნაკერები, ჩემმა დამ გაიკეთა საკეისრო და ორ დღეში ლამის დარბოდა, მაშინ როცა მე ორი კვირა ძლივს ვმოძრაობდი. აღარაფერი რომ ვთქვა დანგრეულ ნერვულ სისტემაზე. ახლა ცოტა გამოვედი, თორემ ჩემი ატანა ადამიანს არ შეეძლო. თან ისე გამოვიდა, რომ პირველი კვირის მერე დამხმარეც არავინ მყავდა და მშობლის ინსტიქტების იმედად დავრჩით მე და ჩემი გოგო. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგადაა, ერთმანეთს უკვე შევეჩვიეთ, ერთმანეთის სიყვარულსაც თანდათან ვსწავლობთ. ჩემი ქმარივით დაბრმავებული და ზონიდან გასული მშობელი არ ვარ და არ მგონია, რომ ჩემი შვილი ყველაზე საოცარი, ლამაზი და არაჩვეულებრივია, მაგრამ მისთვის შეუძლებელს რომ შევძლებ, უკვე ვიცი. რაც შეეხება მშობიარობას, მეორე ბავშვზე აუცილებლად საკეისროს გავიკეთებ.
This post has been edited by tammmta1 on 10 Mar 2016, 16:31
|