მეც უნდა დავწერო სანამ ემოციებს გადაუვლია და ყველაფერი მახსოვს...როგორც ექიმება მითხრეს, პირველი მშობიარობისთვის, ძალიან ადვილი მშობიარობა მქონდა. ტკივილის დაწყებიდან ზუსტად 3 საათში გავაჩინე, რეალურად ნახევარი საათიც კი არ მქონია ჭინთვები.
22-ში ავიღე დეკრეტული შვებულება. მთელი დღე ვიბოდიალე სამსახურში, ჟურნალისტები მყავდნენ, სიუჟეტები ჩავწერეთ და მოკლედ აქტიურად ვიყავი.
23-დან დავრჩი სახლში და ისეთ ენერგიაზე ვიყავი, დღეში ათჯერ სახლს ვალაგებდი. თან მინდოდა მალე დამწყებოდა მშობიარობა, თან გულის სიღრმეში ძალიან მეშინოდა, აი თავს რომ არ უტყდები ისე.
25-ში ჩვეულ რეჟიმში ვიგიჟე სახლში, მერე ჩავუჯექი რაღაც დეტექტივს და ვტკბები, ჭკუაზე არ ვარ. უცებ, ძალიან მოულოდნელად მეტკინა მუცელი, ჯერ არ მივაქციე ყურადღება. მერე კიდევ განმეორდა. ავიღე ჩუმად ფურცელი და დავიწყე ინტერვალების ჩანიშვნა. ჩემს ქმარს ჯერ არაფერს ვეუბნებოდი, მეთქი არ მეჩვენებოდეს...ინტერვალები არ იყო რეგულარული. ხან 10 წუთში, ხან 5-ში, ხანაც 25-ში, მაგრამ როცა მტკიოდა, აშკარად არ იყო ჩვეულებრივი ტკივილი. გავბედე და გიოს ვუთხარი მგონი დაიწყო თქო. უცებ დაიბნა, შეეშინდა და 2 წამში გაემზადა, მე მშვიდად გამოვიცვალე, გადავივლე, ჩანთები გადმოვაწყე და წავედით. გზიდან ნოდარს დავურეკე, გავესინჯები მგონი დაიწყო თქო.
მიმღებში 2,5 თითზე ვიყავი გახსნილი, რა თქმა უნდა დამტოვეს. მერე დაიწყო ისტორიის შევსების გაწელილი პროცედურა. არადა მე ამ დროს ტკივილები მივლის, გასაძლები, მაგრამ მაინც ტკივილია. მერე ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი და წავედით ბლოკში. აი როგორ აღვწერო არ ვიცი, ბოლომდე მობილიზებული ვიყავი და ერთი წუთით არ მეშინოდა არაფრის. აი საერთოდ არ შემპარვია შიშიც ნაწილაკიც კი. მოკლედ ყოჩაღად ვარ

ბლოკში მე და ჩემს ქმარს დაგვხვდა ბებიაქალი, ნინო. ძალიან კარგი ქალი, გვესაუბრებოდა, გვეხუმრებოდა, მოკლედ ხასიათი არ მიფუჭდებოდა. გაუტკივარება გავიკეთე, არ გავრისკე მის გარეშე, წარმოდგენა არ მქონდა როგორ გავუძლებდი დიდ ტკივილს და ვცდილობდი დამესვენა. გაუტკივარების პროცედურა ასატანია, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო.
ჯდები მაღალზე, იხრები წინ მაქსიმალურად და გარჭობენ ორ უზარმაზარ კათეტერს. მაგრამ კარგი ისაა, რომ დაახლოებით 5 წუთში ყველა ტკივილი ქრება. მე ფეხიც დამიბუჟდა და მეორე დღემდე მარცხენა ფეხს ვერ ვგრძნობდი.
გაუტკივარებამ ზუსტად 1 საათი იმოქმედა და მერე დაიწყო ყველაფერი...უცებ ჩაირთო ტკივილი, თითქოს ვიღაცამ კნოპკას დააჭირა ხელი და მოულოდნელად დაიწყო. აღარ დამიმატეს, სრული გახსნააო. მცხელოდა უსაზღვროდ. გავაღებინე ყველა ფანჯარა, ჩემს ქმარს ვთხოვე როგორმე გამინიავე თქო, იპოვა რაღაც დიდი ჟურნალი და მთელი მშობიარობის პროცესი ხელი არ გაუჩერებია, მინიავებდა ( მერე ორი დღე ხელს ვერ სწევდა ზევით

). ეს გაუსაძლისი ტკივილები მახსოვს საშინელება იყო და მოვთქვამდი, ნოდარს ვეხვეწებოდი მიშველე მეთქი. მე როგორც ვიცოდი, მშობიარობას ბებიაქალი იღებდა და ნოდარი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერეოდა. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მიჭირდა, მთლიანი მშობიარობა ნოდარმა მიიღო. ალბათ დაინახა როგორ ვენდობოდი და მაგიტომ. ჭინთვები მალევე დამეწყო, მასწავლიდა როგორ მესუნთქა და მემოძრავა, ბებიაქალი მეფერებოდა და ჟანგბადს მასუნთქებდა. ჩემი ქმარი ბებიაქალის რჩევებს იმეორებდა და ჭინთვებს მასწავლიდა (ეხლა მეცინება ჩემი ქმარი და ჭინთვების სწავლა

) მეგონა ვერ გაუძლებდა, მაგრამ ბოლომდე იქ იყო, მთლიანად უყურა პროცესს, ისე მეხმარებოდა, ეხლაც ვფიქრობ მის გარეშე ვერაფერს ვიზამდი. 4-5 გაჭინთვის მერე ამ საწოლის გადაკეთება დაიწყეს სკამად. მე მეგონა ეს იმას ნიშნავს რომ კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს მშობიარობადა სხვა პოზაში მამზადებენ მეთქი და თითქოს ძალა გამომეცალა იმის წარმოდენაზე, რომ კიდევ უნდა მტკენოდა. გადამაწვინეს ამ სკამზე, ბებიაქალმა მკაცრად მითხრა, აბა ეხლა ძლიერადო და... გაჩნდა კიდეც ბავშვი, ზუსტად ერთ გაჭინთვაში. აი იმ წამს გაჩნდა თუ არა, იცით როგორი შეგრძნება იყო თითქოს ყველა ტკივილი თან გაიტანა და რაღაცა ფუტლიარი დავრჩი, ცარიელი.
უცებ ხმა ვერ გავიგე, თან ამ დროს ჯერ ვერ ვაცნობიერებ რომ ნამდვილად გავაჩინე, მგონია ჯერ მეჩვენება ყველაფერი. ჩემი ქმარი წაშლილი სახით დგას და ხმამაღლა ყვირის, ვაიმე ბავშვი, ხატი გაჩნდა ბავშვი. მერე ხმაც გავიგე, ოღონდ ხმამაღლა არ ტიროდა, წუწუნებდა თითქოს. ხმამაღლა დავიწყე ყვირილი რატომ არ ტირის, ხომ კარგადაა, რას უკეთებთ ამდენი ხანი, არ ვიცი 2 წამში უამრავი კითხვა დავსვი. თან მეშინოდა დანახვის. მთელი მშობიარობის განმავლობაში აქ შემეშინდა პირველად. ამ შეგრძნებას ეხლაც ვერ ვხსნი რა იყო. მეშინოდა ბავშვის დანახვის. მეშინოდა რომ არ იქნებოდა ჩვეულებრივი, შეიძლება რამე ისე ვერ იყო და სანამ არ დავინახავდი, კარგად იქნებოდა ყველაფერი. პედიატრმა რომ დამაწვინა გულზე ხელს ვერ ვკიდებდი ისე მეშინოდა. მერე გავბედე და შევხედე, მთლიანად ლურჯი იყო და ცივი. მეკრობოდა მთელი ტანით და წუწუნებდა. ჟანგბადის სასუნთქი გაუკეთეს მეც და მასაც. ამასობაში მე მაწესრიგებდნენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. იმის გაცნობიერებას ვცდილობდი რომ ეს ჩემი შვილი მეწვა გულზე და ყველაფერი კარგად იყო...
მერე ყველა გავიდა და 2 საათი ვეცნობოდით ერთმანეთს, გიო მოგვიჯდა გვერდით, ტელეფონები გამორთო რომ არავის დაერეკა და იმ ცოტა ცოტა სიმყუდროვით ვტკბებოდით...ეხლა სახლში ვართ. ძინავს ან ჭამს მხოლოდ. ისეთი წყნარია, თბილი, ღუნღულა. ვხვდები რომ ვიღაც ისე ძლიერ შემიყვარდა, რომლისთვისაც ყველაფერს ვიზამ. ეხლა ვცდილობ გავიხსენო ის მშობიარობის ტკივილი, მაგრამ ვეღარაფრით ვიხსენებ, მგონია ვიღაც სხვას გადახდა თავს.
პ.ს ბოდიში ამდენი რომ ვწერე. ვეღარ გავჩერდი

ეხლა რაც შეეხება ჰერას ტექნიკურ და მომსახურების დეტალებს:
ნოდარი არის ძალიან კარგი მეანი, ოდესმე თუ კიდევ გადავწყვეტ რაიმეს, მხოლოდ მასთან. უზომოდ გაწონასწორებულია, ყურადღებიანი და პროფესიონალი.
ჰერაში კვება ძალიან კარგია, ოთხჯერადი და მოშიებას მართლა ვერ ასწრებ.
მშობიარობის პროცესში ზედ გყვება ყველა, მეანი, ბებიაქალი, ექთნები.
სტაციონარში ზედ არ გყვება არავინ

რაღაც თუ გინდა ან გაინტერესებს შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოს შეხსენება ან თხოვნა.
დილის 7 საათზე მაღვიძებდნენ სულ, წნევა-ტემპერატურის საზომად.
და ექიმების შემოვლა იყო 2 წუთიანი. რაღაცის კითხვა თუ მინდოდა თითქოს უხერხულად ვგრძნობდი თავს ისე ეჩქარებოდათ ხოლმე. რაიმე პრობლემა რომ მქონოდა ეს ფაქტი ალბათ გამაღიზიანებდა, ამ შემთხვევაში დიდად არ მივაქციე ყურადღება.
იყო ერთი პრობლემური მშობიარე, მთელი დღე მისი გვარი მესმოდა და მართლა ზედ გადაყვნენ. ანუ მარტო ჩემი მონაყოლით ვერ განსაზღვრავ მათ ქცევას.
მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, ვიწექი ერთიანში, ვიყავი ჩემთვის წყნარად და სუფთად.
წარმატებები გოგოებო. გამოგადგეთ იქნებ ჩემი მოგონება

მახსოვს მე რა გაფაციცებით ვკითხულობდი ხოლმე.