მოგონება / შეგონებანი პირველი ბავშვისა
2015 წლის 29 ივლისი
ეძღვნება
kozeta123 -ს
ცოტა შორიდან მოვუვლი ... ცოტა მხატვრულად გავაფორმებ

ცოტას გატირებთ

ცოტას გაგაღიმებთ

მძიმე მომენტებს გამოვტოვებ ...
ჩემი ბიჭი, აწ უკვე მეუღლე 2008 წელს გავიცანი, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მალევე მივიღეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვის გაჩენისაგან თავს ვიკავებდით ძალიან დიდი ხანი და ახლა რომ ვფიქრობ, ეს ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც კი ცხოვრების განმავლობაში დამიშვია, არ უნდა დამეკარგა ამდენი დრო

მერე უცებ იყო მოულოდნელი ორსულობა და უფრო მოულოდნელი ორსულობის შეწყვეტა ... ექიმის ფრაზა - შესაძლოა ორსულად ვეღარ დარჩე

ამის შემდეგ იყო დიდი დეპრესია, ბევრი ცრემლი, ბევრი ექიმი, ბევრი წამალი, ბევრი მკურნალობა, ბევრი ალბათ, ბევრი წვალება და დიდი ხნის ლოდინი, ბოლოს ხელის ჩაქნევა ... 2014 წლის 2 დეკემბერს ჩემი ტესტი „აბრდღვიალდა“

ზუსტად ვიცოდი, ზუსტად, რომ ძალიან მალე ოქროსფერთმიან და ცისფერთვალება ბიჭს ჩავიხუტებდი გულში და ის იქნებოდა ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცი

იყო 9 თვე ჩვეული ნიშნებითა და გამოვლინებებით, 9 თვეს დაემთხვა სამსახურში ყველაზე მძიმე დღეები, დაწინაურება და არნახული წარმატება, ჩემი არეული ცხოვრების სასწაულ დროში და რეჟიმში თავისით დალაგება, არ ვიცი თითქოს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დალაგდა ისე, რომ სანერვიულო აღარაფერი მქონოდა ... 9 თვის განმავლობაში გიჟივით დავდიოდი ერთი ექიმიდან მეორესთან, ცოდვა გამხელილი სჯობსო და ჩუმად დავდიოდი მესამესთან, რომ იმ ორის ნათქვამი დამედასტურებინა ... ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი, ბედნიერი, სიხარულითა და სიყვარულით სავსე დღეები, მოლოდინის დღეები ...
2015 წლის 29 ივლისს იმედის კლინიკაში მივედი გეგმიურ ექოსკოპიაზე და ანალიზებზე, ბევრი რომ არ გავაგრძელო მისვლიდან 30 წუთში საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი ...
4ის 20 წუთზე ჩემმა დედამიწამ ბრუნვა უბრალოდ სხვანაირად დაიწყო, ყველაფერი მნიშვნელოვანი უმნიშვნელო გახდა, ოცნების შვილი მოევლინა ქვეყანას, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა საოცრად ლამაზი ბიჭი ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი თმით, 1 წლისა და 7 თვის წინ მე მას სიცოცხლე ვაჩუქე, 1 წლისა და 7 თვის წინ მე მან დედობა მაჩუქა ... აი, ეს იყო ის ყველაფერი რის გამოც ცხოვრება ღირს ...
საკეისროს შემდეგ პირველი ადგომა - კოშმარი
მეორე დღე - მძიმე
მერე ნელ-ნელა ისე ძალიან აღარ გტკივა
5 დღის მერე, სახლში რომ უნდა გამოვეწერეთ და უკვე ბარგს ვალაგებდით, თითქოს ჩემს გულში იჯდაო, ქმარმა მკითხა: არ გეშინია, ჩვენ ხომ არ ვიცით როგორ უნდა გავზარდოთო ... მეშინოდა კი არა ფეხები მიკანკალებდა ...
მაგრამ თითქოს გულთმისანი ხდებიო, არ ვიცი როგორ, საიდან, რანაირად, მაგრამ ზუსტად იცი, როდის შია, როდის ცივა, როდის ცხელა, როდის სტკივა, რა სტკივა ... არ შეგეშინდეთ, უბრალოდ გულს მოუსმინეთ და მიხვდებით რა სჭირდება თქვენს შვილს

და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი: მე მივხდი რომ ჩემი ქმარი ზუსტად ისაა ვინც უნდა იყოს, არარეალური შეძლო სულიერი და ფიზიკური დახმარებით, ისე რომ ერთი დაწუწუნების საშუალება არ მოუცია, შემიყვარდა იმაზე მეტად ვიდრე მიყვარდა, მან მე სანდრო მაჩუქა სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ

ამდენი იმიტომ ვწერე, რომ იცოდეთ, დედები გმირები ხართ, ცხრა მთის გადადგმას შეძლებთ, დამიჯერეთ, მართლა შეძლებთ!
ექიმის ფრაზა - შესაძლოა ორსულად ვეღარ დარჩე - ზუსტად წელიწადნახევარში ჩემი ტესტი ისევ „აბრდღვიალდა“ და ეს ყველაფერი მე მეორედ უნდა გავიარო ... ისეთი ბედნიერი ვარ!!!