კომპანია OMEGA-მ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საათების ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სრულყოფაში. ათწლეულების განმავლობაში ის განუხრელად ინარჩუნებდა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ჯიბის და მაჯის საათების მწარმოებლის ტიტულს. ყველაფერი 1848 წელს დაიწყო, როცა ოცდასამი წლის ლუი ბრანტმა პატარა ქალაქ ლა შო-დე ფონში საათების ამწყობი პატარა სახელოსნო გახსნა. მისმა ვაჟებმა - ცეზარმა და ლუი-პოლმა სახელოსნო იმ დროისათვის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოდ გარდაქმნეს, სადაც მექანიზმის ყველა დეტალის წარმოება და მისი აწყობა ერთ ადგილზე ხორციელდებოდა. 1880 წელს წარმოება ქალაქ ბილში გადავიდა. ფირმის მმართველობა დღესაც ამ ქალაქშია განლაგებული, რაც მის თანამშრომლებს, და მათთან ერთად მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელოვანი მარკის საამაყო ისტორიას. 1884 წელს შეიქმნა საათის მექანიზმი, რომელსაც ბერძნული ანბანის ბოლო ასოს მიხედვითOMEGA ეწოდა (ფირმის მესვეურების თვალსაზრისით ეს ასო, ან უფრო ზუსტად მისი ადგილი ანბანში, განასახიერებს დასრულებულობას, დღეგრძელობას, სრულყოფილებას). ამ მექანიზმით აღჭურვილი საათები იმდენად პოპულარულები გახდნენ, რომ გადაწყდა, კომპანიასაც ეს სახელი დარქმეოდა. მას შემდეგ კომპანიაOMEGA -მ გრძელი და სახელოვანი გზა განვლო. 1906 წელს კოლექცია "Art Nouveau" მილანში ჩატარებული მსოფლიო გამოფენის გრან-პრის მფლობელი გახდა. 1936 წელს ფირმამ მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი საათის გამოსავლენად კიუ-ტედინგტონში (დიდი ბრიტანეთი) ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის ტიტული 97, 8 ქულით (ამდენი ქულა დღემდე არ დაუგროვებია ამ კონკურსის არც ერთ სხვა მონაწილეს!).
მას შემდეგ OMEGA-მ კიდევ 92 გამარჯვება მოიპოვა ნევშტალეს, ჟენევისა და კიუ-ტედინგტონის ობსერვატორიების მიერ ჩატარებულ საათის სვლის სიზუსტის კონკურსებში. ამასთან დამყარდა სიზუსტის 72 მსოფლიო რეკორდი! 1965 წელს სხვა მწარმოებლებთან ერთად OMEGA –მ მონაწილეობა მიიღო NASA-ს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში: საათებზე უწონობისა და -18/+93 გრადუსი ტემპერატურების პირობებში უძლიერესი მაგნიტური ველი მოქმედებდა. გამოცდას მხოლოდOmega Speedmaster-მა გაუძლო და NASA-მაც სწორედ ამ საათებით გადასწყვიტა თავისი ასტრონავტების შეიარაღება. 1969 წლის 20 ივლისს 2 საათსა და 56 წუთზე ასტრონავტ ბაზ ოლდრინის მაჯაზე დამაგრებულმა Omega Speedmaster-მა მიწიური საათებიდან პირველმა შეაბიჯა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის-მთვარის ზედაპირზე. 1970 წელს Omega Speedmaster -მა ფასდაუდებელი როლი ითამაშა აპოლონ-13-ის ეკიპაჟის გადარჩენაში: როდესაც კოსმოსური ხომალდის ელექტრონიკა მწყობრიდან გამოვიდა, სწორედ მექანიკური Speedmaster -ის ქრონოგრაფით მოხერხდა ზუსტი დროის შერჩევა დედამიწის ატმოსფეროში დასაბრუნებლად.
უკიდეგანო კოსმოსის დალაშქვრასთან ერთად კომპანია "OMEGA" დიდ ყურადღებას უთმობს ოკეანეების სიღრმეების ათვისებასაც. 1932 წელს გამოვიდა 135 მეტრ სიღრმეებამდე წყალგაუმტარი საათი "Marine", რომელსაც - Omega Seamaster-ბის მთელი სერია მოჰყვა: 1957 წელი – Seamaster 300 (წყალგაუმტარობა 300 მეტრ სიღრმეებამდე); 1970 წელი - Seamaster 600 (წყალგაუმტარობა 600 მეტრ სიღრმეებამდე); 1975 წელი- Seamaster 1000 (წყალგაუმტარობა 1000 მეტრ სიღრმეებამდე). Omega Seamaster-ის სერიის საათები ფართოდ გამოიყენებოდა კაპიტანი კუსტოს, თუ ოკეანეების სხვა მკვლევარების ექსპედიციებში. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ფილმებში აგენტი 007 – ჯეიმს ბონდიც სწორედOmega Speedmaster -ს ანიჭებს უპირატესობას. (წინათ ის მხოლოდ ROLEX-ის საათებით იმშვენებდა მაჯას!)
მიმაგრებული სურათი