ნუ აქ კინომოყვარულები არ იჩითებით ან იჩითებით ალბათ, მაგრამ საქმე ქართულ
კინოს ეხება,
კინოს რომელიც სულს ღაფავს და ერთ-ერთი ძლიერი და მრავალწლიანი ტრადიციების და ისტორიის მქონე კინოსტუდია ქართული ფილმი დღეს ჰაერშია გამოკიდებული რომლის ბაზაზეც ძალიან ბევრი კარგი ქართული კინოა გადაღებული...
აქ თუ შემოდიან კულტურის სამინისტროს ან ხელისუფლების წარმომადგენლები მიხედონ ამ ამბავს
/////
საყურადღებო სტატიაა:
შემთხვევით არ ვიხმარე სიტყვა "კინოსტუდია", თუმცა ასეთი სტუდია კარგა ხანია არ არსებობს. დღეს ყოფილი კინოსტუდია "ქართული ფილმი" ამავე სახელწოდების სააქციო საზოგადოების ნაწილია. სს "ქართული ფილმის" აქციების მფლობელი დღეს მხოლოდ სახელმწიფოა, ეკონომიკის სამინისტროს სახით, თუმცა საკადრო გადაწყვეტილებები შეიძლება კულტურის სამინისტროსაც ეხებოდეს.
ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიისა და შენობების ნაწილი გაყიდულია: დიღმის საწარმოო ბაზის ნაწილი "ტელეიმედს" აქვს შეძენილი, დანარჩენი ტერიტორიის დიდი ნაწილი გასხვისებულია, დარჩენილი ორი პავილიონი "იმედის" ტერიტორიაზეა მოხვედრილი, სამიოდე შემორჩენილი შენობის დიდი ნაწილი კი გაქირავებულია სხვადასხვა დაწესებულებებზე.
უკეთესი მდგომარეობა არც აღმაშენებლის ბაზაზეა: მისი ნაწილი "თიბისი ბანკმა" შეიძინა, რათა კინოქალაქი დაეფუძნებინა გასართობი კომპლექსებით, კინოთეატრებით, საკონცერტო დარბაზით, კინოსახელოსნოებით, ბავშვთა გასართობებით, კაფეებით და ასე შემდეგ... პროექტი, სამწუხაროდ, პროექტად დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიისა და შენობების დანარჩენი ნაწილი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა ეგრეთ წოდებულ კინოფონდს, აღმაშენებელზე მდებარე სტუდიაც ისეთივე დღეში აღმოჩნდა, როგორც დიღმის ბაზა, კინოფონდის ერთადერთი შემოსავლის წყარო ისევ შენობების გაქირავება აღმოჩნდა, რაც გადასახადების დაფარვასაც ვერ უზრუნველყოფს.
კინოსტუდია, როგორც სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" ნაწილი, კულტურის სამინისტროში კინოცენტრის შექმნის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩა, რამაც გამოიწვია მისი სრული დეგრადაცია. საკმაოდ დიდი ქონება, რაც სააქციო საზოგადოებას გადაეცა, დიდად ვერაფერში გამოადგა ფილმწარმოებას. შემოქმედებითი ფუნქცია და ფილმების დაფინანსება მთლიანად კინოცენტრს გადაეცა, თუმცა არსებობდა მოსაზრება, რომ სახელმწიფო დაფინანსება კინოცენტრსა და კინოსტუდიას შორის თანაბრად განაწილებულიყო. ამ შემთხვევაში კინოსტუდია შეინარჩუნებდა შემოქმედებით ფუნქციას და არ იქნებოდა მხოლოდ საწარმოო ბაზა, რომელსაც კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროდიუსერები და რეჟისორები მომსახურებისათვის მიაკითხავდნენ.
სამწუხაროდ, ეს გათვლა ფიქცია აღმოჩნდა და კინოცენტრისთვის გამოყოფილი თანხები ამ წლების განმავლობაში მხოლოდ პატარ-პატარა კერძო სტუდიებში ხვდებოდა, "ქართულ ფილმს" კი, შეიძლება ითქვას, ერთი თეთრიც არ შეხვედრია.
კინოცენტრის შექმნა გარდაუვალი ნაბიჯი იყო, მას აქვს აუარებელი ფუნქცია, რომლებსაც ვერ განახორციელებს სს "ქართული ფილმი": ურთიერთობა სახელმწიფოსთან და უცხოეთის კინოსტრუქტურებთან; ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად კინოქსელის აღდგენა და განვითარება მუნიციპალური კინოქსელის ჩათვლით იქ, სადაც არ არსებობს კერძო კინოთეატრები; კინოგანათლებასა და
კინოს პოპულარიზაციაზე ზრუნვა; კინოფესტივალებთან ურთიერთობა; კერძო, დამოუკიდებელი კინოსტუდიების დახმარება და მრავალი სხვა, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო საყოველთაოდ აღიარებული ქართული
კინოს ფენომენის ხარჯზე, რომელიც მთლიანად კინოსტუდია "ქართულ ფილმში" შექმნილი შედევრების დამსახურებაა.
დღეს, სამწუხაროდ, "ქართული ფილმის ფენომენი" და კინოსტუდია "ქართული ფილმი" ცოტა ვინმეს თუ ახსოვს. არა და ჯერ კიდევ შეიძლება კინოსტუდიის აღორძინება. საქართველოში გვყავს მსოფლიო რანგის რეჟისორები, მოვიდა საკმაოდ ნიჭიერი ახალი თაობა, რომელთა სარბიელიც უსახსრობის გამო საკმაოდ შეზღუდულია, ბევრმა მათგანმა უცხოეთს მიაშურა და იქ ცდილობს ფილმების გადაღებას.
არა მგონია, რომელიმე მკითხველი არ დამეთანხმოს, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმი" ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ერისათვის, ვიდრე ოპერისა და ბალეტის, რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები, სახელმწიფო ანსამბლები და სხვა კოლექტივები, რომელთაც სახელმწიფო აფინანსებს.
ამისათვის არსებობს გამოსავალი: სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი", რომელსაც თითქმის ოცწლიანი არსებობის მანძილზე აბსოლუტურად არაფერი შეუქმნია და ერთი თეთრიც კი არ გაუცია დივიდენდის სახით, გამოცხადდეს გაკოტრებულად, რაც აგვაცილებს აუარებელ გართულებას. კინოსტუდია "ქართული ფილმი", ორივე ბაზის დიღმისა და აღმაშენებლის დარჩენილი ქონებით, კი დარეგისტრირდეს სახელმწიფო თეატრების მსგავსად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დაიბრუნოს თავისი ფუნქცია - ფილმების გადაღება.
დასაწყისისთვის საკმარისი იქნება სამი-ოთხი დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანისა და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის დაფინანსება. არ ვგულისხმობ, რომ არ უნდა გავუყოთ ისედაც მწირი დაფინანსება კინოცენტრს.
სააქციო საზოგადოების გადარჩენილი და გაუყიდავი ქონება, რაც ძირითადად უმოქმედო კინოთეატრებია თბილისსა და რაიონებში, განკარგოს ეკონომიკის სამინისტრომ.
თუ გამოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც აღადგენენ კინოჩვენებას, მათ შენობები შეიძლება გადაეცეთ სიმბოლურ ფასად, ხოლო იქ, სადაც არ გამოჩნდებიან ინვესტორები, გადაეცეთ ადგილობრივ გამგეობეს მუნიციპალური კინოთეატრის აღსადგენად.
ურიგო არ იქნება, თუ ვიფიქრებთ კინოცენტრის რეორგანიზაციაზეც. ფრანგული კინოცენტრის მოდელი, რომელიც ჩვენ ბრმად გადმოვიღეთ, გულისხმობს საფრანგეთის 1500-ზე მეტი კინოთეატრის შემოსავლების 10%-ისა და საფრანგეთის ყველა ტელეარხის მოგების ნაწილის და მთელი რიგი სხვა თანხების ჩარიცხვას კინოცენტრის ფონდში, რაც ჩვენთან, დამეთანხმებით, შეუძლებელია. გარდა ამისა, საფრანგეთში არც არსებობდა და არც ახლა არსებობს დიდი კინოსტუდია, ტრადიციული გაგებით, სრული შემოქმედებითი და საწარმოო ციკლით.
ამიტომ ჩვენთვის სასურველი იქნებოდა სკანდინავიური, კერძოდ, შვედური მოდელის მორგება, სადაც არსებობს კინოცენტრის ფუნქციების მქონე შვედეთის სახელმწიფო კინოინსტიტუტი და ძალიან ძლიერი, უზარმაზარი, ასევე სახელმწიფო კინოსტუდია, სრული შემოქმედებითი და საწარმოო ციკლით, საჭირო საამქროებით, პავილიონებით, სრული მომსახურებით. ჩვენ ეს ყველაფერი გვქონდა და ჯერ კიდევ შეიძლება ქართული
კინოს ფენომენის აღორძინება.
ცალკე თემაა ტელევიზიებთან ინტეგრაციის საკითხები, რისი გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია მცირე ქვეყნებში
კინოს განვითარება.
დავამთავრებ ანდრეი ტარკოვსკის ციტატით: "თუ ერს არ გააჩნია კინემატოგრაფი, ეს ერი განწირულია თვითიზოლიციისათვის".
http://www.resonancedaily.com/index.php?id...1&id_artc=15139 This post has been edited by მაწო on 18 Aug 2013, 11:20