ქართველმა კაცმა ეს უნდა იცოდეს ეს ამბავი, ქვემოთმოთხრობილ მონაკვლევში მკითხველს საინტერესო მოვლენას – ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურთა შორის ქართველთა ყოფნას რომ აუწყებს, 15 წლის წინათ ჩვენთვის ცნობილი იყო. მაშინ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თანამშრომელი გახლდით და ამის შესახებ ჩემს მიერ მომზადებული ინფორმაცია გადაიცა რადიოს უკანასკნელ ცნობებში, ხოლო პრესისათვის ვიცოდი, რომ სხვა ჟურნალისტი ამზადებდა მასალას და აღარ ჩავრეულვარ. რადიოში გადაცემულ ინფორმაციას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ჟურნალ-გაზეთებში კი რატომღაც არც არაფერი დაბეჭდილა. ასე ჩაიკარგა მნიშვნელოვანი ამბავი უმნიშვნელო ზღვა ინფორმაციაში. არა და ქართველმა კაცმა თავისი წინაპრების სახელოვანი ისტორია უთუოდ უნდა იცოდეს, მით უმეტეს, რომ იგი უკავშირდება კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენას და ქართველებისათვის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც!
კოლუმბის საკაცობრიო მნიშვნელობის ექსპედიციებიევროპასა და აზიას შორის უმოკლესი საზღვაო გზის მოსაძებნად, წარმოშობით იტალიელმა და მოღვაწეობით ესპანელმა სახელგანთქმულმა მეზღვაურმა ქრისტეფორე კოლუმბმა (1451-1506წწ) განახორციელა პირველი მოგზაურობა. მას უნდა მიეღწია კეთილსურნელოვანი მცენარეებით, ძვირფასი ქვებითა და ოქროთი მდიდარ ინდოეთამდე.
ქრისტეფორე კოლუმბს აღნიშნული მისიის შესასრულებლად ესპანეთის მთავრობამ გადასცა სამი ხომალდი: “სანტა მარია”, (100 ტონა წყალწყვის), “პინტა”, (60 ტონა წყალწყვის, კაპიტანი მარტინ ალონსი) და “ნინია”, (50 ტონა წყალწყვის, კაპიტანი ვისენტე იანესი). ეკიპაჟი შეირჩა ესპანეთის საზღვაოსნო ქალაქებიდან.
1492 წლის 3 აგვისტოს, დიდი ადმირალის, კოლუმბის მეთაურობით 90 კაცისაგან შემდგარი ფლოტილია დაიძრა ანდალუზიის ნავსადგურ პალოსიდან. სამივე ხომალდის ეკიპაჟმა გადალახა ატლანტიკის ოკეანე და ამავე წლის 12 ოქტომბერს მიაღწეს კუნძულ სანსალვადორს (ბაჰამის არქიპელაგი). შემდეგ მოინახულეს აღნიშნული არქიპელაგის სხვა კუნძულები, აღმოაჩინეს და შეისწავლეს კუბა და ჰაიტი.
კოლუმბის ამ და სხვა ექსპედიციათა (ოთხჯერ მოაწყო) აღმოჩენებს საყოველტაო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ამერიკის მიწები გეოგრაფიულ წარმოდგენათა სფეროში მხოლოდ მისი ნაოსნობის შემდეგ შევიდა. ამ აღმოჩენებმა ხელი შეუწყო შუა საუკუნეთა გეოგრაფიულ მსოფლმხედველობის გადასინჯვასა და კოლონიური იმპერიების წარმოქმნას.
1992 წლის 12 ოქტომბერს მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის მიერ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის 500 წლისთავი (ქართველებს ამისთვის არ გვეცალა, ერთმანეთში ბრძოლის გამო!) ცხადია, კოლუმბის საყოველთაო დიდებას იზიარებენ ის მამაცი მეზღვაურებიც დიდ ადმირალს ექსპედიციებში რომ ახლდნენ.
CHAO GEORGIO MOLASCHCHIA1972 წლის სექტემბერში, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ყოფნისას, ნევროლოგიის ცნობილმა სპეციალისტმა, პროფესორმა იური მოლაშხიამ (ამჟამად მრავალი აკადემიის აკადემიკოსმა) “ნუევო ლეონის” შენობათა კომპლექსის დათვალიერებისას ყურადღება მიაპყრო ფოტოატელიეს, ლამაზად გაფარმებულ აბრაზე “ფოტოგრაფი მოლაშხია”.
უმჯობესია სიტყვა თვით აკადემიკოს იური მოლაშხიას დავუთმოთ: “ცხადია, დავინტერესდი და გიდს ვთხოვე შემყოლოდა ფოტოატელიეში. იქ მითხრეს, რომ ბატონი მოლაშხია ატელიეს მფლობელია, რომ ამ ფოტოატელიეს ფილიალები ნიუ იორკსა და მონრეალშიც აქვს. საბედნიეროდ, ამჟამად მექსიკელი მოლაშხია მეხიკოში აღმოჩნდა. მას ჩვენი თხოვნით დაუკავშირდნენ ტელეფონით და მალე წარმოსადეგი გარეგნობის ორმოცი ორმოცდახუთი წლის კაცს ვესაუბრებოდი.
_ მე საბჭოთა კავშირიდან ვარ, ვეუბნები. _ მიკვირს, საიდან გაჩნდა ჩემი მოგვარე მექსიკაში?
_ კავკასია თუ იცით? _ მეკითხება.
_მე ხომ კავკასიელი ვარ, ქართველი...
_ჩვენ ნამდვილად ერთი სისხლისა ვყოფილვართ! _ აღტაცებას ვერ ფარავს მექსიკელი. – ჩემი შორეული წინაპრები ქართველები იყვნენ. მათ შესახებ აი, რა გადმოცემაა ჩვენს ოჯახში: მთის სოფელში სამი ძმა მოლაშხია ცხოვრობდა. მათ ვიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ, რომელსაც აუარებელი ქვეშევრდომი და ნათესაობა ჰყავდა. ძმების სოფელში დარჩენა არ შეიძლებოდა. გამოიქცნენ. მდევრებმა უფროსი ძმა დასჭრეს. ის შორეულ ნათესაობასთან დაიმალა. ორი ძმა კი დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ესპანეთში – ბასკონიაში მოხვდა. ამის შემდეგ ჩვენი გვარის ისტორია დაწვრილებით ვიცი გენეალოგიური რუკიდან. ქრისტეფორე მამაც და ჯანმთელ ადამიანებს ეძებდა თავისი ექსპედიციისათვის. ძმები მოლაშხიები “სანტა მარიას” (რომლის კაპიტანი თვით კოლუმბი იყო) ეკიპაჟში მოხვდნენ, კოლუმბთან ერთად ეძებდნენ ინდოეთის გზას დასავლეთისაკენ და ამერიკაში ამოყვეს თავი. უმცროსი ძმა აქვე დარჩა. მე მისი პირდაპირი შთამომავალი ვარ. შუათანა ძმა კი ბასკეთში დაბრუნდა და მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს. მამა-პაპისაგან მსმენია, რომ ჩვენი წინაპრების ქვეყანაში მოლაშხიები ბლომად არიან,
_ იმ დაჭრილი და სამშობლოში დარჩენილ მოლაშხიას შთამომავლები.
მექსიკელმა მოლაშხიამ ოჯახში მიმიწვია, მაგრამ დროის უქონლობა მოვიმიზეზე, რადგან მოგეხსენებათ კგბ-ს იმ დროს რანაირი კუდი შეეძლო გამოება თუნდაც ამგვარი ურთიერთობისთვის. შემდეგაც, ამ მიზეზით, არ ვაქტიურობდი მასალის გამოსაქვეყნებლად. როცა გადავწყვიტე, მაშინ ვერ ვიგრძენი დიდი ენთუზიაზმი პრესისაგან.
_რატომ არ დაიბეჭდა?! ვკითხე ბატონ იურის
_”კომუნისტის“ რედაქციაში ჩემს მიერ მოწოდებული მასალები თვით რედაქტორთან, გიორგი ბედინეიშვილთან ინახებოდა იგი მპირდებოდა, რომ აუცილებლად დაბეჭდავდა, მაგრამ ეს პროცესი რატომღაც გაჭიანურდა. ამასობაში იგი გარდაიცვალა და მასალებიც გაიბნა. ჩემი არაერთგზის თხოვნის შედეგად, მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს...
ბატონ იურისთან საუბარში დავინტერესდი თუ რა ერქვა ფოტოატელიების მფლობელ მექსიკელ მოლაშხიას.
_ცნობილია, ესპანელებს ბევრი სახელი ჰქვიათ. ჩემმა თანამოგვარემ სახელების ისეთი გრძელი რიგი წარმოსთქვა, რადგან არ ჩამიწერია, დამახსოვრება შეუძლებელი იყო. ოღონდ, ეს არის, ამ სახელებში გიორგიც ერია...
_მეზღვაურ მოლაშხიასაც ხომ გიორგი ერქვა?
_დიახ. ეგ თქვენ უკვე იცით. ჩვენი საუბრის დასასრულს , მექსიკელმა მოლაშხიამ მოიტანა გაყვითლებული და გაცვეთილი საოჯახო წიგნი, სადაც ეს ისტორია იყო მოთხრობილი და რომელშიც ჩართული იყო კოლუმბის მეზღვაურთა სიაც, სადაც რიგში მეექვსე ეწერა
CHAO GEORGIO MOLASCHCHIA. სიის ეს მონაკვეთი მან ფოტოზე გადააღებინდა და გადმომცა. ასე, რომ მექსიკელი მოლაშხია თავის სახელებში მეზრვაურ წინაპარსაც ასახელებდა უთუოდ.
ვფიქრობ, რომ ჩემს მიერ ქ. მეხიკოში ნანახი და მოსმენილი შუქს ფენს დღემდე გამოუკვლევ საკითხსაც თუ რა გზით აღმოჩნდა პირველი ბასკი ამერიკაში. ამასთან დაკავშირებით ცნობილი ამერიკელი მწერალი ერსკინ კოლდუელი თავის წიგნში “ამერიკა სიგრძე სიგანით” (Erskin Calwell –Aroun about America, New – York, 1964. გვ. 133-134) აღნიშნავს, რომ: “არ ვიცი როგორ მოხდა პირველი ბასკი ამერიკაში – შესაძლოა ეს იყო ქრისტეფორე კოლუმბის ქარავნის მეზღვაური, რომელიც დარჩა იქ, გაამარიკელდა და გამდიდრდა”.
“სანტა მარიას” ეკიპაჟის სიაში ინტერესს იწვევს მეზღვაურთა შორის თითქოსდა ქართული წარმომავლობის ლიპუსკუას გვარის დასახელებაც... (სიაში იგი მეოთხეა) თუმცა, დროა შევეშვათ ვარაუდებს... მთავარი ისაა, რომ ეს სია, რომელიც ფოტოზეც არის აღბეჭდილი, ისტორიის ქარტეხილებს არის გამოღწეული. როგორც ცნობილია, არსებობდა ქრ. კოლუმბის პირველი ექსპედიციის დღიური, რომლის ზუსტი ასლი გადააღებინა ესპანეთის მაშინდელმა დედოფალმა, მაგრამ ამ უძვირფასესი დოკუმენტის ორივე პირი 1550 წელს უკვალოდ დაიკარგა. ისტორიას შემორჩა მხოლოდ დედნის კონსპექტი, რომელიც კოლუმბის დღიურის გაცნობის საფუძველზე შეადგინა ესპანელმა ისტორიკოსმა ბართლომე ლას კასასმა (1474-1566). ამ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი-ლას კასასის “ინდოეთის ისტორია” ძვირფას რელიკვიად ჰქონდა მექსიკელ მოლაშხიას. მეზღვაურთა სია სწორედ იქიდან გახდა ცნობილი.
ბატონი იურის მონათხრობს დავუმატებდით, რომ საუკუნეთა ჟამთა სვლის შემდეგ, წარმოუდგენლად ძნელია დადგენა იმისა, თუ რატომ არ წერია სიაში მეორე ძმა მოლაშხია, რომელთა შთამომავალნიც თურმე ბასკეთში ცხოვრობენ, მაგრამ თვით მთელი ეს ისტორია სარწმუნოც არის და ძალზე საინტერესოც. ცხადია, კარგი იქნება თუ მოხერხდება ამ ისტორიის უფრო გამოწვლით შესწავლა, ძმები მოლაშხიების ნაკვალევზე შთამომავალთა ძიება, ამერიკელ, ბასკ და ქართველ მოლაშხიათა ურთიერთობის ხიდების გადება, მაგრამ ეს ალბათ უკეთეს დროთათვის უნდა გადაიდოს, ხოლო იმ დღეებამდე მეხსიერებამ უნდა შემოინახოს ამ საინტერესო მოვლენის ნათელი ხსოვნა.
http://www.megrelia.ge/chao_ge.html
This post has been edited by ROVER on 5 Jun 2012, 04:22
მიშისტი არ ვარ მაგრამ...
არც ბიძინისტი
ევროპელები ცოტა სხვანაირი ხალხია, მტრის წინააღმდეგ ტოტალურად შეკრული
მაგრამ შიდა საზოგადოებაში გახსნილი
რაც ჩვენთან აბსოლუტურად პირიქითაა