unknown5
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1749
წევრი No.: 30723
რეგისტრ.: 1-March 07
|
#13933759 · 21 May 2009, 16:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდით ეს ერთი თემა იყოს სადაც არ იქნება კამათი....
უბრალოდ წაიკითხეთ და პოსტვის გარეშე გამოხატეთ უარყოფითი ან დამცინავი ემოციები.... გაიცინეთ, ატირდით, გადაიხარხარეთ ან უბრალოდ გაიფიქრეთ: ''მოცლილია ამდენი რამ დააწერინაო''.... ვისაც სურვილი გექნებათ დაუმატეთ თემის შესაბამისი პოსტები...
მოდერებს ვთხოვ რომ წაშალონ ყველა ის პოსტი, რომელიც თემასთან არ იქნება ახლოს... წინასწარ დიდი მადლობა....
ბარაბა --------------
ვინ ხარ? თვითონ ვინც ვარ, ქვემოთ მოგახსენებ. შენ კი მიპასუხე, ვინ ხარ?
ის მანამდეც იყო, სანამ გამოჩნდებოდა, ოღონდ როცა გამოჩნდა, ჯვარს აცვეს. იქნებ მაშინ შენც იქ იყავი და კიოდი, ჯერ: ბარაბა, ბარაბა! მერე კი: ჯვარს აცვი იგი!
ჰო, თქვა ერთ-ერთმა: აი, კაციო! მაგრამ ისიც იმიტომ, რომ მერე ხელები დაებანა.
მაშინ სუყველა გავკიოდით: ბარაბა, ბარაბა! შემდეგ კი: ჯვარს აცვი იგი!
ნუთუ ერთხელ გამოჩნდა და მაშინ ჯვარს ვაცვით?
მერე? ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ოღონდ უფრო მოსაწყენები გავხდით, სახეები დაგვიგრძელდა, მოდაში შემოვიდა მწუხარება. მ ი ს ნაცვლად სევდას ვხატავთ ხოლმე. მას კი არც სჯეროდა, ჯვარზე თუ გავაკრავდით, მოვკლავდით, გავწირავდით. თითქოს ელოდა, ჩამოვხსნიდით და შევეკითხებოდით: რაა ჭეშმარიტება? და პილატესავით ზურგს კი არ შევაქცევდით, არამედ მოვუსმენდით. ისე მოკვდა, ვერც კი გაიგო, რომ მოვკლავდით. ან ახლა კი სჯერა, რომ მოვკალით? კი, ელოდა, ელოდა, თვითონაც იწინასწარმეტყველა თავისი ბედი, მაგრამ რატომღაც მაინც არ სჯეროდა ჩვენი დაუნდობლობისა. ნეტავი რატომ?
მერე? ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ოღონდ თვალები გაგვიხდა ოდნავ სევდიანი და მასაც სევდიანს ვხატავთ ხოლმე, თითქოს ისიც შესცქეროდა თავისსავე ჯვარცმას, თითქოს ისიც ჩვენთან ერთად გაკიოდა ჯერ: ბარაბა, ბარაბა! შემდეგ კი: ჯვარს აცვი იგი! თითქოს მასაც მიუძღოდა ბრალი თავისსავე ჯვარცმაში, თითქოს ისიც ცოდვილი იყო! არადა, რა იმედიანი თვალებით შემოგვცქეროდა. ნეტავ რატომ არ იჯერებდა ჩვენს შეუბრალებლობას?
მერე მისი სხეულიდან წვეთებმა გადმოჟონეს. სათითაოდ დაითვლიდი... მაშინ პირველად ჩავეტიეთ წვეთებში. ყოველი წვეთი მძიმე იყო, ყოველ წვეთში ჩვენ ვირეკლებოდით. მაშინ ვისწავლეთ გაკვირვება და გავიკვირვეთ: კაცი მოვკალითო! თითქოს ადრეც არავინ არ გვყოლოდეს მოკლული და მომავალშიც არ ვაპირებდით ვინმეს მოკვლას. თითქოს პირველად გავიგონეთ: არა კაც ჰკლაო! ჰოდა, სევდიანი გაგვიხდა გამოხედვა, ოდნავ ბრიყვულიც... რას ვერჩოდით უდანაშაულოს, რომ არ მოგვეკლა, დღესაც ხომ ჩვენს შორის ივლიდა. იცოდა, ყველაფერი იცოდა, კარგადაც გვიცნობდა, ოღონდ არ იმჩნევდა! ჩვენ კი არ გვაინტერესებდა, რა იცოდა! დღესაც იმტვრევენ თავს, იმის გასაგებად, თუ რა იცოდა. მაგრამ გვიანაა!
ჯვარს ვაცვით ღრიალით, ბარაბა კი – გამიშვეს და ირონიულებიც გავხდით. ახლა ყველაფერს ირონიულად ვუყურებთ და სხვებიც ირონიულად შემოგვცქერიან. ირონიულად დაგვცქერის: მზე, ცა, ვარსკვლავები, ხეები... ირონიულად ამოგვცქერიან: ბალახები, მწერები... ირონიულად გვიცქერენ: ცხოველები... ნახატები... სახლები... ირონიულად ყივის მამალი, ლამის გადაიხარხაროს, არ გესმის მისი ქაქანი: დილას ელოდებით, ჰო, დილას, რახანია, რაც გათენებას ელით, რამდენჯერ ვიყივლე ოცი საუკუნის განმავლობაში, ერთხელ მაინც გათენდა იმ ერთი გათენების შემდეგ? მაშინ კი, რა ძალა მქონდა – სამ დაყივლებაში სამჯერ უარყო უერთგულესმაც!
არც გათენდება! ყი-ყ-ლი-ყო! მზის ამოსვლა გათენება გგონიათ, ხომ?! იქნებ ყიყლიყოს ნაცვლად გადავიხარხარო, იქნებ ხახახათი გათენდეს?! საინტერესოა: რაღა მაინცდამაინც მაშინ მოწყვიტა ევამ, როცა აკრძალული ჰქონდა, ცოტა დაეცადა, იქნებ შემდგომში მიეცათ ნება?! ალბათ ის ვაშლი ჭიანი იყო, ან მკვახე, თორემ ყველაფერი ასე რატომ უნდა გაგრძელებულიყო? ადამი მაინც რამ გააბრიყვა?
ოცი საუკუნე ცოტა დრო როდია, მაინც რომ ვერ გვეშველა! ეს "დრო" რაღაა? ვიბადებით, ვკვდებით! სიკვდილის წინ მაინც უნდა ვიხარხარო გამწარებულმა, ხახახათი უნდა მოვკვდე! სევდა, წუხილი, ავადმყოფობა, სიკვდილი... ხა-ხა-ხა! ხელოვნების ირონიული ღმერთი, აი, რის იმედითღა დავრჩით. ხანდისხან მაინც მიკვირს, რა უძლურია ირონია, როცა ოცი საუკუნის წინ დაღვრილ წვეთებზეა ლაპარაკი.
ის ხომ სიტყვა იყო! სიტყვა ვაცვით ჯვარზე, სიტყვა! სიტყვიდან გადმოჟონა და ყოველ წვეთში ჩვენ ვირეკლებოდით, ოღონდ ძახილით: ბარაბა, ბარაბა! მერე კი: ჯვარს აცვი იგი! იქნებ ყოველ სიტყვაში იგივე ექო კივის დღესაც – ბარაბა, ბარაბა! ჯვარს აცვი იგი! მის გარდა ვინმეს უთქვამს სიტყვა, ექოდ რომ არ გამოსცემდეს ამ შემზარავ ძახილს?!
ბარაბა ნებაზე მიმიშვეს და ეჭვი ჩაგვიდგა თვალებში, ნებაზე მიშვებული ეჭვი. ეჭვიანები გავხდით! სხვაგვარად კი შევძლებდით თავის დამშვიდებას, თვით მაცხოვარი ვაცვით ჯვარზე, თვით მაცხოვარი?! ბარაბამ კი გადავიხარხარე, წყლულებზე მალამო მოვიცხე, იმ ჯალათმა რომ მომაწოდა, რომელმაც მერე სიტყვას აძგერა შუბი. სიკეთე ვქენიო – გაიფიქრა ჯალათმა. ბარაბა კი გზას გავუყევი. ოცი საუკუნეა ვერ გამოვილიე ეს გზა. კიდევ რამდენ ხანს ვივლი? გადავიხარხარე და გზას გავუყევი...
ამიტომ გვიდგას თვალებში ეჭვიც. მან როდი იცოდა ეჭვი, მან მხოლოდ იმედი იცოდა, ოღონდ სრულფასოვანი – იმედიანი იმედი და წარმოგიდგენიათ, ჩვენი იმედიც ქონდა!
ჩვენ კი – უიმედო იმედი ჩაგვიდგა თვალებში, რასაც წარმატებით ვარქმევთ იმედს, სულ რაღაც-რაღაცები გვგონია ხოლმე: გვგონია გვიყვარს ერთმანეთი, გვგონია ვუგებთ ერთმანეთს, გვგონია ვმეგობრობთ ერთმანეთთან – თითქოს ღმერთის გარდა ვინმეს შეეძლოს მეგობრობა, გაგება, სიყვარული. კიდევ კარგი, ხარხარის უნარი მაინც შეგვრჩენია, ხომ შეგვიძლია გადავიხარხაროთ, როცა გვეტყვიან: მე შენ მიყვარხარ, მე შენი მესმის, ჩვენ მეგობრები ვართ! მაგრამ რა უძლურია ხარხარი, როცა წვეთებზეა ლაპარაკი, უფლის სისხლის წვეთებზე.
ჰოდა ბარაბა ვარ, ბარაბა, ჯვარს აუკვრელი ბარაბა, ყველა, ვინც არაა ჯვარცმული, – ბარაბაა, ბარაბა! რატომ მიისაკუთრე, ღმერთო, ჯვარი, რისთვის წაიღე სხვისი ხვედრი, რად გინდოდა ჩემი წილი სიკვდილი, რას მერჩოდი? ბარაბა ვარ, ბარაბა, თვალებამღვრეული ბარაბა, გონდაკარგული ბარაბა, ჩემს ნაცვლად მაცხოვარი ააკრეს ჯვარზე! თუმც ვის რაში სჭირდებოდა ჩემი ცოდვილი სისხლის წვეთები, მაგრამ ჩემი წილხვედრი სიკვდილი თვით მაცხოვარს დასჭირდა! აი, თუ გინდა ბედის ირონია.
კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიარო ჩემი შერყვნილი სისხლით? მისი სისხლით სპეტაკდებიან, ჩემით კი – თაობიდან თაობაზე გადადის ბოროტება. სიკვდილისაგან იმ პირველი ვაშლივით მომწყვიტეს და მილიონებს გყოფნით. ეჯახებით ერთიმეორეს ჩემეული ჯინის დასაოკებლად. იცოდა, ჰო, იცოდა მაცხოვარმა თავისი საქმე, ცოცხალი მე უფრო გჭირდებით, ვიდრე ის. ჩემი ბნელი თვალები უფრო გამშვიდებთ, ვიდრე მისი სინათლე. მაგრამ მაშინ რად გჭირდებოდათ ვაშლი, ნაყოფი ცნობადისა?
"რა გვინდა?" – აი, კიდევ რა ჩაგვიდგა თვალებში, ვიცით, რა გვინდა?
ბარაბამ კი ვიცი: სისხლი მინდა, სისხლი, ოიდიპოსის სისხლი, ერთმანეთზე დაგეშილი სისხლი, თანაც ერთი-ორი წვეთი კი არა, სისხლის ოკეანე! რამდენი სისხლი დაიღვარა დღემდე ადამის გამოძევების შემდეგ?! კიდევ რამდენი დაიღვრება?! მეტი მინდა, მეტი! წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი ხარბი რომ არ ვყოფილიყავი, წურბელასავით რომ არ ვეჯდე კაცობრიობას კისერზე?! თუმცა რა ვიცი, არავინ არაფერი არ იცის! მხოლოდ მ ა ნ იცოდა ყველაფერი და ისიც შევიწირე! ყოვლისშემძლე ვარ, ყოვლისშემძლე მაგრამ მისი სისხლი მაინც სხვა იყო, სხვა, ასპეტაკებსო და წარმოგიდგენიათ – თურმე მეც მასპეტაკებს!
ბარაბა ვარ, ბარაბა!
შენ კი, ვინ ხარ?
|