მალე თბილისი ერევანს დაემსგავსება
http://presa.ge/index.php?text=news&i=9608მალე საქართველოში არსებული ყველა სახის ავტომობილი დაიბეგრება. განსაკუთრებით დიდი გადასახადის გადახდა იმ მძღოლებს მოუწევთ, რომელთა კუთვნილებაშიც ძველი ავტომანქანებია. ცნობილი ამბავია, რომ მოძველებული ავტომობილი გარემოს ბევრად უფრო აბინძურებს გამონაბოლქვით, ვიდრე ახალი. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ახალი მანქანა ძველზე რამდენჯერმე ძვირი ღირს და მისი შეძენა მხოლოდ შეძლებულ ავტომფლობელს ხელეწიფება.
მძღოლები მიიჩნევენ, რომ ამ ახალი კანონით სახელმწიფოს გარემოზე ზრუნვაზე მეტად, ბიუჯეტში შემავალი თანხების მძღოლების ხარჯზე გაზრდა სურს. ასევე არსებობს აზრი, რომ საქართველო, პირველ რიგში კი თბილისი, ახალი კანონის მიღების შემდეგ სომხეთის დედაქალაქ ერევანს დაემსგავსება, სადაც ასეთი ტიპის კანონი უკვე შვიდი წელია მოქმედებს და შედეგად ის მიიღეს, რომ ერევანში უმეტესად რუსული წარმოების ბევრი ახალი მანქანა დადის, უცხოური ავტომობილები კი ამ ქალაქის ქუჩებიდან თანდათან ქრება.
ზვიად შაშიაშვილი, მძღოლი: “ნაკლებად ცნობილი ფირმების გამოშვებული მცირელიტრაჟიანი მანქანები 10 ათას დოლარზე ნაკლები არ ღირს, მაშინ როდესაც ნორმალური 10-15 წლის “ბეემვეს” ან “მერსედესის” შეძენა თბილისში 6-8 ათას დოლარად შეიძლება. უცხოური წარმოების ძველი მანქანა რუსულ ახალ მანქანაზე ეკონომიურიცაა და ორი აზრი არ არსებობს, რომ გარემოს უფრო ნაკლებადაც აბინძურებს.
ეს ყველაფერი ნებისმიერმა მძროლმა იცის და ბუნებრივია ისმება კითხვა, მაშ რატომ მიიღო ჩვენმა პარლამენტმა ასეთი უცნაური კანონი?! ჩემი აზრით ამის მიზეზი რუსული მანქანებისათვის ქართული ბაზრის გახსნის სურვილია. ბოლო დროს რუსული მანქანების ფასი და პრესტიჟი ძალიან დაეცა. ახალი რუსული მანქანა, ძველ გერმანულ ავტომობოლზე იაფი გახდა და რუსული ქარხნები ლამის დახურვის პირას არიან.
აშკარაა, რომ ჩვენს მთავრობაში ვიღაცას აწყობს რუსული მანქანებისათვის საქართველოს ბაზრის გახსნა და ყველაფერს აკეთებენ ამისათვის. აბა ახლა რომელი ნორმალური ადამიანი იყიდის რუსულ მანქანას, მაშინ როცა იმ ფასად ბევრად კომფორტული და პრესტიჟული უცხოური მანქანის შეძენა შეიძლება”.
ძველ ავტომობილებზე დაწესებული მაღალი გადასახადების მომხრე ავტომფლობელს თბილისში ვერ შეხვდებით. ახალი მანქანების მფლობელი ადამიანებიც კი აკრიტიკებენ ამ კანონს და ფიქრობენ, რომ ეს კანონი ჩვენს მთავრობას ცუდად შემოუბრუნდება და შეიძლება მისი მიღების ნაჩქარევობაში ძალიან მალე დარწმუნდნენ.
ზაზა ხოფერია, მძღოლი: “ჩემი “ჯიპი” 2003 წელშია გამოშვებული, ახალი მანქანაა და დიდი გადასახადის გადახდა პირადად მე არ მომიწევს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ძველ მანქანებზე გადასახადის გაზრდა ძალიან არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო.
საქართველოში ახალი მანქანები მძღოლების მხოლოდ 5%-ს თუ ეყოლება და დანარჩენებმა რა ქნან? ძველი მანქანის ყოლა ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ ადამიანს ფული არა აქვს. კაცს ფული თუ აქვს, მთავრობის ბრძანება სულაც არ სჭირდება და თვითონაც მშვენივრად შეიძენს ახალ მანქანას. ვის არ უნდა კარგი მანქანა და კარგი ცხოვრება, მაგრამ საქართველოა და ყველამ ვიცით აქაური გაჭირვების ამბავი.
ეს კანონი მთავრობას ძალიან მალე ცუდად შემოუბრუნდება. რომ ტრაბახობენ თბილისი ევროპულ ქალაქს ემსგავსებაო, მალე ამით უბრალოდ ვეღარ იამაყებენ, რადგან თბილისი გაივსება ახალი რუსული მანქანებით. ამ მანქანებს მთელს მსოფლიოში დასცინიან, რადგან ყველამ იცის რა დაბალი ხარისხისაცაა რუსული მანქანების წარმოება. თბილისში “მერსედესებს” და “ჯიპებს” ახალი “ნოლშვიდები” და “ნივები” ჩაანაცვლებენ. აბა ახალი “ბეემვე” 50 ათას დოლარზე ნაკლები არა ღირს და ერთად ამდენი ფული საქართველოში უმეტესობას არც კი უნახავს”.
ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ, გადავწყვიტეთ ინტერნეტში მოგვეძია ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყნებში მოქმედებს ანალოგიური კანონი და რა შედეგები მიოტანა ამ ქვეყნებისათვის. აღმოჩნდა, რომ ანალოგიური კანონები მხოლოდ ისეთ ქვეყნებშია (გერმანიაში, აშშში შვედეთში, რუსეთში, იაპონიაში, თურქეთში და სხვა) სადაც განვითარებულია ადგილობრივი საავტომობილო წარმოება და იმ ქვეყნების ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს უცხოეთიდან ავტომობილების შესვლა, რათა საკუთარ ქვეყანაში წარმოებული მანქანები გასაღდეს.
საავტომობილო წარმოების უცხოელი ექსპერტები ასეთი ტიპის კანონებს იმით ამართლებენ, რომ საავტომობილო წარმოების მქონე ქვეყნებს სხვა გამოსავალი არ რჩებათ. ”ვოლვოს” ფირმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იაკობ კიმენსკის აზრით: ”თუკი საავტომობილო წარმოების მქონე ქვეყნებმა არ შეაფერხეს უცხოური ავტომანქანების ექსპორტი, მალე ყველა ქვეყანაში მხოლოდ ხუთი მარკის მანქანა ივლის. მსოფლიოში ყველა ადამიანი ოცნებობს ცნობილი ფირმის მანქანის შეძენაზე. თუკი ყველას აუსრულდა ოცნება, მაშინ ჩათვალეთ, რომ დედამიწა გერმანულ საავტომობილო ფირმებს დარჩებათ, სხვებს კი შანსი არასოდეს მიეცემათ”.
ძველ ავტომანქანებზე გადასახადების გაზრდის შემდეგ რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ, ამ საკითხზე ძალიან საინტერესო მოსაზრებას აყალიბებს ავტობაზრობა ”ორიონის” დირექტორი ბესო ირემაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ქართველი მძღოლები ყოველმხრივ შეეცდებიან კანონის გვერდის ავლით კუსტარული წესით გააყალბონ მანქანების საბუთები და ამ გზით ”გააახლონ” საკუთარი მანქანები.
ბესო ირემაშვილი, ავტომაზრობა ”ორიონის” დირექტორი: ”ძველ მანქანებზე გადასახადები გაზრდის შემდეგ, ძალიან მეეჭვება ძველი მანქანების მქონე ქართველმა მძღოლებმა ავტომობილები ფარეხებში დააყენონ. ქართველი რისი ქართველია ყველგან გამოსავალი რომ არ ნახოს.. დაიწყება მანქანების საბუთების მასიური გაყალბება და ავტომობილების გამოშვების წლის გადაკეთება. ტექნიკურად ეს ძალიან ადვილია და არა მგონია მძღოლებს გაუჭირდეთ.
ვისაც 1950 წელს გამოშვებული დაფახფახებული ”21” ჰყავს, ის რა თქმა უნდა ვერავის მოატყუებს ჩემი მანქანა ახალიაო, მაგრამ უცხოური, მძღოლების ენაზე, რომ ვთქვა ”კარგად შენახული” მანქანის ასაკის გადაკეთება სულაც არ იქნება ძნელი. ძველ მანქანებზე მათი ასაკის მიხედვით გადასახადი იმხელაა, რომ არ მეგულება მისი გადამხდელი არცერთი ძველი ”ჟიგულის” ან ”ვოლგის” მძღოლი.
აბა წარმოიდგინეთ ძველი მანქანები ყველამ რომ დააყენოს რა მოხდება. თბილისში ფაქტიურად აღარ დარჩება ტაქსი. აღარ დარჩება სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი. ახალი სატვირთო მანქანას 40 ათას დოლარზე იაფად ვერ იყიდი. რომელი მძღოლი გადაიხდის 40 ათას დოლარს და ექნება იმის ილუზია, რომ ამ თანხას ორ, ან თუნდაც სამ წელში ამოიღებს. ოთხი წელიწადი არავინ იშიმშილებს მანქანაში გადახდილი თანხის დასაფარავად”.
როგორც ხედავთ ქართველ მძღოლებსა და ზოგადად საავტომობილო საქმეში ჩახედული ადამიანებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალ კანონის შედეგებზე სრულიად განსხვავებულ შეხედულებები აქვთ. ერთი კი უდავოა, რომ აღნიშნელ კანონს თითქმის არავინ იწონებს და მას ახალი მანქანების მფლობელებიც კი აკრიტიკებენ.
თქვენი დედებს შე#$%^@ით ვინც ეგ კანონი მიიღოს,