druncha
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21063
წევრი No.: 36653
რეგისტრ.: 16-June 07
|
#26149987 · 25 Jun 2011, 09:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეძღვნება ლაშას ხსოვნას! რამდენიმე წლის წინ, ნიუ იორკის ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი მეგობარ გოგონასთან ერთად. დღის სიცხე მზესთან ერთად ჩაესვენა და მანჰეტენის გამჭოლ ქუჩებში, პოლიციისა და სასწრაფოების სირენებთან ერთად, ნიავის ხმაც გაისმა. უჩვეულოდ ლამაზი საღამო იყო - მიხაროდა ცხოვრება, მიხაროდა, რომ ჩემს გვერდით ლამაზი გოგო იჯდა, რომელიც, როგორც მინიმუმ, პატივს მცემდა. ჩაციებულ ლუდს მივირთმევდით და გამვლელებზე ვჭორაობდით. ისინიც გვიყურებდნენ, გვიღიმოდნენ. ის შორიდანვე შევნიშნე. მაღალი, ახოვანი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი - ნახშირივით შავი, ხუჭუჭა თმა, სწორი, სამკუთხა ცხვირი, რომელსაც ამერიკელები რატომღაც რომაულ ცხვირს ეძახიან, დაბერილი ტუჩები ანჯელინა ჯოლის შეშურდებოდა - ამ ყველაფერს უჩვეულოდ მწვანე თვალები ამშვენებდა. მეგობარ გოგოს გადავხედე, მისკენ მივანიშნე: - ანა, ხედავ იმ კაცს? - რომელს? - აი, ის, ყველაზე მაღალი. - ნახევრად ველურს და ამავდროულად, საოცრად მამაკაცურს? - ჰო, მაგას. - კი, ვხედავ. რა იყო? - ვიცნობ. - მერე რა? - ვერ ვიხსენებ საიდან. ვიცი, რომ ქართველია? - რა ეტყობა მაგას ქართველობის. ან ფრანგი, ან იტალიელი, ან ესპანელია. - არა, ქართველია. სახეები არ მავიწყდება. მინახავს და ვიცნობ. ცოტა ხანი დავაკვირდები და გავიხსენებ. - სულელი ხარ. თუ იცნობ, მიდი და გამოელაპარაკე. - ცოტა ეჭვი კიდევ მღრნის. ჩემს ბედად, იმავე კაფეში შემოვიდა - ორი მაგიდის მოშორებით დაჯდა და ოფიციანტს წყალი თხოვა, ვიღაცას ველოდები და მერე შევუკვეთავო. თვალს ვერ ვწყვეტდი. ნამდვილად ვიცნობდი, მაგრამ საიდან? მზერა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავადაც რამოდენიმეჯერ მოიხედა ჩემსკენ. ერთ-ერთი მოხედვა ცოტა უფრო ხანგრძლივი იყო - თავადაც დამაკვირდა - ბოლოს გამიღიმა და ქუჩისკენ დაიწყო ცქერა. ვეღარ მოვითმინე, ანას ვუთხარი, უნდა გამოველაპარაკო-თქო და მისკენ გავწიე. მორიდებით მივუახლოვდი, მორიდებითვე ჩუმად ვკითხე: - თქვენ ხომ ქართველი ხართ? ვერ ვიტყვი, რომ შეცბა, მაგრამ ეჭვის თვალით გამომხედა, რამოდენიმე წამი მათვალიერებდა, შემდეგ გამიღიმა და მიპასუხა: - კი, ქართველი ვარ. ვიცნობთ ერთმანეთს? - რატომღაც მგონია, რომ კი, მაგრამ ვერ ვიხსენებ. სახე მახსოვს, მაგრამ საიდან, მიჭირს თქმა. თბილისში რა უბანში ცხოვრობდით? - თბილისიდან არ ვარ. გურჯაანელი ვარ. - გურჯაანში არავის ვიცნობ. - მაშინ, ალბათ მიმასგავსეთ ვიღაცას. - არა, ნამდვილად მინახიხართ. არ ვცდები ხოლმე. რა გქვიათ? - ლაშა. ლაშა - ტვინის უჯრედებს მხოლოდ სახელით დახმარება დასჭირდათ, რომ ყველაფერი გაეხსნათ. მაშინვე გამახსენდა ბავშვობა, ერთ-ერთი ქართული კურორტ-პანსიონატი და კეთილი გოლიათი ლაშა. ჩვენზე ათიოდე წლით უფროსი იყო. დედასთან ერთად ისვენებდა. მთელ დროს მასთან ერთად ატარებდა. როდესაც დედამისი დაიძინებდა, აივანზე გამოდიოდა და წიგნს კითხულობდა, თან მუდამ ჩანაწერებს აკეთებდა. ხანდახან, მოხმაურე ბავშვებს გადმოგვხედავდა და ტკბილად გვთხოვდა სიჩუმეს. მხოლოდ დილაობით ჩადიოდა ზღვაზე - ჰორიზონტზე იკარგებოდა და თითქმის ერთი საათის მერე ბრუნდებოდა. ყველას გვიკვირდა, რატომ არ უერთდებოდა თანატოლებს, რატომ არ დასდევდა ჯერ კიდევ შემორჩენილ რუსის ქალებს - ის მხოლოდ დედასთან ერთად იყო. ათასი ჭორი დადიოდა მის შესახებ, რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ ყურადღებას არაფერს აქცევდა. რამოდენიმეჯერ თანატოლებმა საჩხუბრად გამოიწვიეს, მაგრამ არ აყვა, ზურგი შეაქცია და საკუთარ ოთახში გაუჩინარდა. დედამისის სახელიც გამახსენდა: - დედათქვენს ნათელა არ ჰქვია? - ერქვა, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. - ვიზიარებ. ბოდიში. - მადლობა. მე ვერ გაგიხსენეთ. - 1987-ში ერთ კურორტზე ვისვენებდით. დედათქვენთან ერთად იყავით. მე ჩემს ოჯახთან ერთად, თქვენს გვერდით კოტეჯში ვიყავი - პატარა და მყავს. - თუთიყუშიც ხომ არ გყავდა? - კი, ჩიკო. - გიორგი გქვია ხო? - დიახ. თქვენც კარგი მეხსიერება გქონიათ. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ფეხზე წამოდგა, ჰაერში ამიტატა და დათვივით ჩამეხუტა - ვიგრძენი, როგორ ამიტკაცუნდა ძვლები. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მიწაზე დამდო, სკამი გამომიწია და დაჯექიო, მთხოვა. მომერიდა, არ მინდოდა მისი მყუდროება დამერღვია, მაგრამ როდესაც სახეზე შევხედე, მივხვდი, რომ უნდა დავმჯდარიყავი - მის თვალზე ცრემლი შევნიშნე, შევატყვე, რომ მასაც თვალწინ დაუდგა 20 წლის წინანდელი ამბები. - როგორ ხარ, გიორგი? - მადლობა, კარგად. - დიდი ხანია ამერიკაში ხარ? - უკვე 7 წელია. - ხომ მუშაობ, ხომ არ მაიმუნობ რამეს? - არა, ვმუშაობ. - სწავლა? - თბილისში დავამთავრე უნივერსიტეტი, აქაც ვისწავლე ცოტა ხანი. თქვენ როგორ ხართ? - არ გინდა თქვენობით, უკვე 20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. შენი და დიდი გოგო იქნება. ხომ არ გათხოვდა? - ჯერ არა, მაგრამ აპირებს - მალე ნიშნობა ექნება. - საყვარელი ბავშვი იყო. გახსოვს, ფეხი რომ გაიჭრა? - კი. მახსოვს და მერე რაც მოხდა, ისიც მახსოვს. - მეც მახსოვს, თითქოს გუშინ იყო ყველაფერი. ******************************************************* ტყეში შესულს ჩემი დის ტირილი შემომესმა. მეგობრებთან ერთად წასულს, ტყეში ადგილობრივი ბიჭები შეხვედრიან, პატარა ბავშვები ხევში დაუგორებიათ და სიცილით სკდებოდნენ. ცხადია, ამ ამბის გაგების შემდეგ, დას გამოვექომაგე. თავადაც სულ რაღაც 9 წლის ვიყავი, ჩემი და კი მხოლოდ 2-ის. ადგილობრივები ჩემზე თითქმის ათი წლით უფროსები იყვნენ. სანამ მოვასწარი, ერთ-ორს კი მოვადე, მაგრამ წიხლქვეშ გამიგდეს და რამდენიმე წუთი დაუნდობლად მირტყავდნენ. დასისხლიან-დაფლეთილი, მაგრამ მაინც ამაყი დავბრუნდი პანსიონატში. მხოლოდ მაშინ ავტირდი, როდესაც ჩემს დას ფეხზე სისხლი დავუნახე და შევამჩნიე, როგორ შეეშინდა ბავშვს და კანკალი დაიწყო. სწორედ მაშინ გამომელაპარაკა ლაშა, რა მოგივიდათო. თავიდან არ ვამბობდი, ტყეში წავიქეცით-მეთქი. ნუ მატყუებთ, თორემ თქვენს მშობლებს ვეტყვი ყველაფერსო. ახლა რომ ვუფიქრდები, რა უნდა ეთქვა მშობლებისთვის - ცუდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მაშინ გაჭრა და ყველაფერი ჩავუკაკლე. თავისთან შემიყვანა, დედამისმა ჩამოგვბანა, კამფეტებიც დაგვირიგა და ლაშას უთხრა, მიიყვანე სახლშიო. მშვიდობიანად ჩაგვაბარა მშობლებს, თავაზიანად დაემშვიდობა, მე და ჩემს დას გვაკოცა, გაგვიღიმა და გაქრა. მეორე დილით ზღვისკენ ვიყურებოდი. დავინახე, როგორ ჩავიდა ლაშა პლიაჟზე, სპორტული შარვალი გაიხადა და რამდენიმე წუთში ტალღებში გაუჩინარდა. ყველას ეძინა - ვისარგებლე და პლიაჟზე გავიპარე. მის შარვალთან დავჯექი - ჩემი ჭკუით, ვყარაულობდი. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა, როდესაც უკნიდან ხმა გამესმა: - ეი, შენ ის თბილისელი არ ხარ, გუშინ დიდ გულზე რომ იყო? ხმაზე ერთ-ერთი თავმდამსხმელი ვიცანი. გული ამიჩქარდა. უკან არც გამიხედავს. - ბიჭო, შენ რომ გელაპარაკებიან, არ გესმის? სახლში არ გასწავლეს, უფროსი რომ გეკითხება რამეს, უნდა უპასუხო? - შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! - უყურე ამას, კიდევ ხმის ამოღებას ბედავს. გააჯვი ახლა აქედან და ამ პლიაჟზე აღარ დაგინახო. ჩემია ეს პლიაჟი. მხოლოდ ახლა გავხედე. ოთხნი იყვნენ - ისინი, ვინც გუშინ მირტყა. მივხვდი, ახლა რომ ავმდგარიყავი და წავსულიყავი, ვეღარასოდეს ჩავიდოდი პლიაჟზე. ღრმად ჩავისუნთქე და გავძახე: - შენი რა, მამაშენმა დაგიტოვა? - შე პატარა ნაბიჭვარო! მამაჩემს კიდევ ერთხელ ახსენებ და მაგ ქვიშაში ჩაგმარხავ! ჰო, ჯერ მამაჩემის იყო ეს პლიაჟი, ახლა ჩემია და შენნაირებისთვის არ მემეტება. გააჯვი-თქო! - არსადაც არ წავალ - გავჯიუტდი და ისევ ზღვას გავხედე. ქვიშაში მოახლოებული ფეხის ხმა მესმოდა, თვალები მაგრად დავხუჭე და უარესისთვის მოვემზადე. მანაც არ დააყოვნა - ვიღაცის წიხლი ზურგში მომხვდა, პირქვე დავემხე. მაშინვე რამდენიმე კაცი დამახტა და ერთ-ერთი თავზე დამაწვა - სახე ქვიშაში ეფლობოდა. მოულოდნელად, ლაშას ხმა გავიგე: - ეეე, რას აკეთებთ?! გაანებეთ მაგ ბავშვს თავი! მომხვდურებმა გამიშვეს, ოდნავ უკან დაიწიეს. სახიდან ქვიშა ჩამოვიფერთხე და ზღვას გავხედე. ტალღებიდან ნელ-ნელა იზრდებოდა ლაშას მასიური, დაკუნთული სხეული. იმდროინდელი რუსული მულტფილმი გამახსენდა "სკაზკა ო ცარე სალტანე" და იქაური 33 "ბოგატირია", თუმცა ლაშა მარტო იყო. მისი სხეულის ზომებმა ადგილობრივებზე შოკისმომგვრელად იმოქმედა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგეს და გასძახეს: - შენთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ეს პატარა უზრდელობს და ცოტა ჭკუის სწავლება გადავწყვიტეთ. ლაშა მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა და მკითხა: - უზრდელობდი? - არა, ლაშა. გუშინ რომ მცემეს, ისინი არიან. დღეს პლიაჟიდან მაგდებდნენ. ლაშა წელში გაიმართა, შარვალზე დაგდებული პირსახოცი აიღო, თავის გამშრალება დაიწყო, თან ადგილობრივებს გაძახა: - რომელია თქვენში უფროსი? - მე ვარ,- უპასუხა "პლიაჟის მესაკუთრემ". - რა გქვია? - ბონდო. - ჰოდა, კარგად მომისმინე, ბონდო. ამ ბავშვს თავი გაანებეთ. სადმე შეგხვდებათ, მეორე მხარეს გადადით, ზედმეტი სიტყვა არ უთხრათ! - რომ ვუთხრათ? - ჩემთან გექნებათ საქმე! - და შენ ვინ ხარ? - არავინ. - ჰოდა, თუ არავინ ხარ, წადი რა, გააჯვი, შენ საქმეებს მიხედე. ლაშამ პირსახოცი წყნარად დაკეცა და ისევ შარვალზე დადო, ასევე წყნარი ნაბიჯით მიუახლოვდა ბონდოს, მოულოდნელად კისერში წვდა და ცალი ხელით ჰაერში აწია: - უზრდელობას არავის ვაპატიებ! ასევე ცალი ხელით მოიქნია და რამდენიმე მეტრის მოშორებით ქვიშაზე დააგდო. ბონდო წამოხტა, ლაშას შეშინებული თვალებით შეხედა და დაუყვირა: - შენ აქ დაიცადე, შენი სისხლი უნდა დავლიო შე ახვარო!!! ოთხივე მომხვდური გაუჩინარდა. ლაშა გვარდით მომიჯდა, გამიღიმა და მკითხა: - რამე ხომ არ გატკინეს? - არა. - ჰოდა, ძალიანაც კარგი. ისე კი, როცა ხედავ, რომ გერევიან, გაქცევა სირცხვილი არაა. - ვერ გავიქცეოდი. შენ ტანსაცმელს ხომ არ დავტოვებდი, - ვუპასუხე და ავსლუკუნდი. ლაშა გადამეხვია, თავზე მომეფერა და ჩუმად მითხრა: - ვიცი, რომ არ გაიქცეოდი. რაც აქ მოხდა, ჩვენი საიდუმლო იყოს. - ჰო, კარგი. - ახლა წადი სახლში და ისაუზმე. - შენ არ წამოხვალ? - არა, ცოტა ხანი კიდევ ვიჯდები. ლაშას გადავეხვიე და წყნარი ნაბიჯებით კოტეჯისკენ გავწიე. ბუჩქნარს მიახლოვებული ვიყავი, როდესაც სახეში ვიღაცის წიხლი მომხვდა და გადამაგდო. ცხვირიდან სისხლი მომდიოდა. გაჭირვებით წამოვდექი და პლიაჟისკენ გავიხედე. 4 მომხვდური და კიდევ 2 ასაკით და ტანით უფრო დიდი ლაშას გარშემო წრეში დადგა. არ მესმოდა, რაზე საუბრობდნენ, მხოლოდ ლაშას სახეზე ღიმილს ვხედავდი. მოულოდნელად, ერთმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ლაშას სახესთან დაუტრიალა - მის ტუჩებს ღიმილი არ მოშორებია. თავი უკან გადაწია, შემდეგ მხრები აამოძრავა და თვალის დახამხამებაში დანა უკვე მის ხელში იყო. მომხვდურები გაოცებულნი უყურებდნენ - მეც პირღია ვიჯექი და ვცდილობდი, არაფერი გამომეტოვებინა. ლაშა ერთი და ისინი ექვსნი. არ მინდოდა რამე მოსვლოდა, ვნერვიულობდი - სულ ტყუილად. ჩხუბი რამდენიმე წამს გაგრძელდა - 3 ქვიშაში უგონოდ ეგდო, სამი კი ისე გარბოდა, რომ ფეხსაცმელები პლიაჟზე დარჩათ. ლაშამ კი, წყნარად ამოიცვა შარვალი, ფეხზე ამაყენა, თავისთან შევიყვანა, ისევ დამბანა და სახლში გამიშვა. ბონდო და მისი მეგობრები იმ დღის შემდეგ აღარავის უნახავს პანსიონატის გარშემო.
***********************************************************
- ლაშა, შენც ამერიკაში ცხოვრობ? - არა, ტურისტულად ვარ ჩამოსული. ჩემი გერლფრენდის მშობლებს შევხვდი კოლორადოში. ახლა ნიუ იორკში ვარ რამდენიმე დღე და ისევ გავფრინდები? - სად ცხოვრობ? - არსად. სადაც სამსახურიდან გამიშვებენ, იქ. კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ კაფეში ულამაზესი გოგო შემოვიდა, ლაშას აკოცა, ცოტა ალმაცერად გადმომხედა, მაგრამ მაინც გამიღიმა და მომესალმა. ლაშამ ჩემი თავი წარუდგინა, მეგობარია საქართველოდანო. გოგო გამეცნო - ჯენიფერი ერქვა. მივხვდი, რომ მყუდროებას ვურღვევდი, მოვუბოდიშე, ლაშას ჩემი ტელეფონი და იმეილის მისამართი მივეცი და ვთხოვე, თავისუფალი დრო რომ გექნება, დამიკავშირდი-თქო. კი, აუცილებლადო-დამპირდა, კვლავ ამიტატა ჰაერში, კვლავ დამდო ადგილზე და დამემშვიდობა, მომავალ შეხვედრამდეო. ********************************************* იმ დღის შემდეგ, თითქმის ორი წელი გავიდა, როდესაც მოულოდნელად, უცხო იმეილი შევნიშნე - ლაშა მწერდა, ამერიკაში ვარ და თუ შეგიძლია, შემხვდიო. რატომღაც ვიგრძენი, რომ რაღაც აწუხებდა. მისამართი გამოვართვი - 7 საათის სავალზე იყო. სამსახურიდან გავენთავისუფლე და მისკენ გავწიე. საღამო ხანს მოზრდილ რანჩოს მივუახლოვდი. ნავიგაცია მაჩვენებდა, რომ ადგილზე ვიყავი. კარზე დავაკაკუნე - ჯენიფერმა გამიღო. კარგი მეგობარივით გადამკოცნა და შემიპატიჟა. სასტუმრო ოთახში დამსვა - ლაშა აბაზანაშია და მალე გამოვა, მანამდე რამეს ხომ არ დალევო. ვისკი ვთხოვე. რამდენიმეწუთიანი სიმარტოვე შეძლებისდაგვარად გამოვიყენე - ოთახში დაკიდებულ სურათები დავათვალიერე. ყველგან ჯენიფერი იყო და ყველა სურათი ცხელ წერტილებში ჰქონდა გადაღებული - სომალი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კოსოვო, ჩეჩნეთი. ერთ სურათზე ლაშასთან ერთად იყო - სამხედრო ფორმაში გამოწყობილს, ხელში სნაიპერის შაშხანა ეჭირა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ მაინც იღიმოდა. ერთადერთი სურათი იყო, რომელსაც ადგილმდებარეობა მითითებული არ ჰქონდა. ჯენიფერი ჟურნალისტი გამოდგა - მიხვდი, რომ ლაშა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გაიცნო, მაგრამ სად? ისიც არ ვიცოდი, სად ომობდა.... ლაშა რამდენიმე წუთში გამოვიდა. რაღაც მოტეხილი მომეჩვენა. ღიმილი და ცეცხლოვანი თვალები ისევ დარჩენოდა, მაგრამ სხეულის მოძრაობები მოხუცი ადამიანის ჰქონდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, დავლიეთ, ძველი ამბები გავიხსენეთ, გავიცინეთ, ვიტირეთ, ჯენიფერი დასაძინებლად გავუშვით. თავად კი დეკზე გავედით, ვისკის ბოთლი ფეხებთან დავიდგით და გავჩუმდით. ცოტა ხანში ლაშა წამოდგა, დეკის მოაჯირთან დადგა, ჯერ სიბნელეში დაკარგულ ხეებს დააკვირდა, შემდეგ ჩემსკენ შემობრუნდა, გამიღიმა და ჩემდა მოულოდნელად, მკითხა: - შენ, თბილისში ჟურნალისტი არ იყავი? - კი, საფეხბურთო გაზეთში. საიდან იცი? - გავიგე. - საიდან? - რა მნიშნველობა აქვს. ალბათ მიხვდი, რომ აქ ტყუილად არ გთხოვე ჩამოსვლა. რაღაცის თქმა მინდა. უფრო სწორედ, დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ახლა კი გავბედე, ოღონდ თხოვნა მაქვს - სანამ ცოცხალი ვარ, არავის უთხრა. რომ მოვკვდები, რაც გინდა ის ქენი. - ჟურნალისტობაზე ტყუილად არ ჩამომიგდებდი სიტყვას. ე.ი. გინდა, რომ სადმე დავწერო. - ეგ შენი გადასაწყვეტია. - ისე, რა დროს შენი სიკვდილია? -არავინ იცის ხვალ რა იქნება. რამე თუ მოხდება, ჯენიფერი შეგატყობინებს. რამდენი დღე შეგიძლია გაჩერება? - ორი. ორშაბათს სამსახურში უნდა ვიყო. - კარგი. მაშინ დღეს დაისვენე და ხვალიდან დავიწყოთ. - ჯენიფერს რატომ არ ეუბნები? ისიც ჟურნალისტია, ხომ? - კი, მაგრამ ის ვერ მიხვდება. - რატომ? - ძალიან კარგი გოგოა, მამაცი, განათლებული, მოსიყვარულე, მაგრამ ის ქართველი არაა. - რა მნიშვნელობა აქვს? - ამ შემთხვევაში აქვს. დავიძინოთ ახლა, დავისვენოთ. ლაშამ ჩემი საძინებელი მაჩვენა, ხელი ჩამომართვა, ხვალამდეო. ლოგინში დიდხანს ვბორგავდი, ვერ ვიძინებდი. მაინც ვერ ვხვდებოდი, რის სათქმელად დამიძახა - ჩვენი შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ. მანამდე არც გავხსენებივარ, ერთხელაც არ დაურეკავს და არ მოუწერია. არ მინდოდა, გამოსაყენებელ ნივთად ჩავეთვალე. ამ ფიქრებში ჩამეძინა. მალევე გათენდა. ყავის სურნელმა გამაღვიძა. ჯენიფერი სახლში არ იყო. ლაშა სამზარეულოში დამხვდა, ომლეტს აკეთებდა - დაჯექიო, მანიშნა, ჯერ ვჭამოთო. ჩუმად ვისაუზმეთ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს შევავლეთ თვალი. გამომყევიო, მანიშნა. სარდაფში ჩავედით. ლაშამ კისერზე ჩამოკიდებული გასაღები მოიხსნა, რკინის კარი გახსნა და როგორც თავად მითხრა, მის ოფისში შემიყვანა. გაოცებისგან პირი დავაღე. საკმაოდ დიდი ზომის ოთახში ყველა კედელი იარაღით იყო გატენილი. კერძო კოლექციაში იარაღის ასეთი რაოდენობა არასდროს მენახა. რაც კი რამ მქონდა გაგებული, ყველაფერი ჰქონდა. ერთ კუთხეში მაგიდა ედგა, ზედ ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი - ვიცანი, სამხედრო მოდელი იყო. სკამი გამომიწია, დაჯექიო. მაგიდაზე დადებული ფურცელი და კალამი ავიღე და ჩასაწერად მოვემზადე: - არა, ისე მოგიყვები და დარწმუნებული ვარ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგამახსოვრდება. მზად ხარ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და რამდენიმე წუთში, მის სამყაროში გადავეშვი.
This post has been edited by druncha on 25 Jun 2011, 09:16
--------------------
ჩვენ, ყველანი, გამოკვლევებულები ვართ! ელენიკო დათო კირკიტაძემ დაცვის ბიჭს ბოდიში მოუხადა. არის თუ არა ეს კულტურული რევოლუცია - saak... ეს საბოტაჟი რომ არ გყავდეთ, რა გეშველებოდათ?!
|