UZUL
Կեցցե ROCK AND ROLL !

        
ჯგუფი: Members
წერილები: 55568
წევრი No.: 14062
რეგისტრ.: 30-October 05
|
#2747192 · 16 Mar 2006, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
24 საათი " # 50 ხუთშაბათი, 9 მარტი, 2006 წელი
ნინია კაკაბაძე: ღია წერილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,
შაბათს, 4 მარტს, ბაკურიანში, თხილამურზე სრიალის შემდეგ, ვიდრე მანქანაში დაბრძანდებოდით, თქვენთან ახალგაზრდა გოგონა, გნებავთ, ქალბატონი მოვიდა და იმის შესახებ მოგახსენათ, თუ როგორ იყო მთელი დღის განმავლობაში, სათხილამურო ტრასიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, გადაკეტილი სამანქანო გზა. იმის შესახებაც მოგახსენათ, რომ არავის უშვებდნენ და ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ძალიან წვალობდნენ. საკმაოდ ცივი და თოვლიანი ამინდი იყო. პირველ ჯერზე თქვენ მხოლოდ ჩვეული, თავდაჯერებული, ოდნავ პათეტიკური პასუხით დაკმაყოფილდით და ბრძანეთ, რომ თქვენს გამო გზა არასდროს გადაკეტილა, ბოლოში კი ოდნავ უკულტუროდ დააყოლეთ - "გოგო!" მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ქალმა კიდევ ერთხელ გაგიმეორათ, რომ გზა დილის ათი საათიდან გადაკეტილია, მას თქვენი დაცვის წევრებმა, რბილად რომ ვთქვათ, გვერდზე გაყვანა დაუწყეს. თქვენ ამაყად შემოტრიალდით და შემდეგი სიტყვებით მიმართეთ თქვენი დაცვის ერთგულ და მონდომებულ წევრებს - "გაუშვით, მაგის დედაც მოვტყან!" (ამ სიტყვების ავტორი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ იყოს, მერწმუნეთ, აღარ გავიმეორებდი) და ისევე ამაყად დაბრძანდით თქვენს მანქანაში. ახალგაზრდა ქალბატონმა ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, ეს იყო: "უზრდელი ბრძანდებით".
დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ძალზე ლმობიერი და კორექტული შენიშვნა იყო თქვენი მისამართით. იმის შესახებაც მოგახსენებთ, რომ ქალბატონი ორი მეგობარი გოგონასა და საკუთარი ვაჟიშვილის თანხლებით იყო.
მაპატიეთ, ასე აღმატებულ ტონში რომ მოვიხსენიებ საკუთარ თავს, მაგრამ თუკი თქვენ ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა პრეზიდენტი ბრძანდებით, პატარა, მაგრამ არსებული ასაკობრივი სხვაობა იმის უფლებას მაძლევს, საკუთარი თავი ახალგაზრდა ქალბატონად მოვიხსენიო. ჩემთვის ერთ-ერთი საკითხი, რომელმაც ყველაზე მეტად შემაშფოთა, ის გახლავთ, რომ თქვენ ამ შემთხვევაში არა ვინმე ნინია კაკაბაძეს აგინეთ (თუმცა ეს ქალბატონი სწორედ მე გახლდით), რომელიც, შესაძლებელია, რამდენიმე კრიტიკული წერილის თუ სატელევიზიო გამოსვლის ავტორია, არამედ თქვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და თქვენს ამომრჩეველს; მოქალაქეს, რომელმაც თქვენს გამო შექმნილი უხერხულობის შესახებ საკმაოდ ზრდილობიან ფორმებში მოგახსენათ.
მგონი, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენი რეაქცია უზრდელი კაცის საქციელს ჰგავდა. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ოჯახში უზრდელობა, მაგალითად, თქვენს სათაყვანებელ წინაპრებს არ უსწავლებიათ, მაგრამ ტიტულმა, სოციალურმა მდგომარეობამ, ხალხის სიყვარულმა, როგორც ეტყობა, ზრდილობა დაგავიწყათ. ცუდი კი ის არის, რომ ახლა ნათლად დავინახე, როგორია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი კამერებს მიღმა. ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ თქვენი ხალხში გასვლის სცენები დრამატურგიულ ჩარევებსა და თეატრალიზებულ ფორმებს ატარებდა, მაგრამ არ მეგონა თქვენი როლიდან გამოყვანა ასე მარტივი თუ იქნებოდა. ჯერ კიდევ არსებული ილუზია იმის შესახებ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს დემოკრატიული და ლიბერალურ ფასეულობებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება სურს, ჩემდა სამწუხაროდ, მთლიანად დაიმსხვრა. დემოკრატია მხოლოდ შოუს არ გულისხმობს, სადაც თქვენ ადამიანის უფლებებზე, ნაციონალურ უმცირესობებზე, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებზე საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლები გაქვთ და რომლის გამო ბევრჯერ დამიკრავს თქვენთვის ტაში. ბევრჯერ გამხარებია და მომწონებია, როდესაც ხან სცენაზე მოცეკვავეს გხედავდით, ხან კი - მიუსაფარ მოხუცებთან ერთად, როგორ მადიანად მიირთმევდით წვნიანს, ან კი როგორი გულწრფელი სიხარულით უსმენდით ამომრჩევლებს, თქვენდამი მოძღვნილ ლექსებს რომ კითხულობდნენ. "სულ ამერიკის პრეზიდენტივით არის" - იტყოდა ბებიაჩემი, ცოცხალი რომ იყოს, მე კი უბრალოდ და ჩუმად მომწონს. მაგრამ თქვენი დემოკრატია რომ მხოლოდ კარგი რეჟისორის დამსახურებაა, ესეც ცხადი გახდა ჩემთვის. თქვენი ადამიანურობა კი მხოლოდ ტელევიზიების თანდასწრებით და მადლიერ ამომრჩევლებზე რომ ვრცელდება, ესეც გასაგებია. დღეს უკვე აღარ მგონია, რომ თქვენი ქუჩური სლენგი ასეთი ღარიბი იყოს, დარწმუნებული ვარ, სხვა უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის, ეგრეთ- წოდებულ "ცხრასართულიანებს" არ იშურებთ.
მაშინ, როდესაც ქურდულ სამყაროსთან და ქურდულ მენტალიტეტთან ღია ომი გამოაცხადეთ, ამასაც აღფრთოვანებით შევხვდი, მაგრამ, როგორც ეტყობა, თქვენთვის ქურდებთან ბრძოლა სწორედ ქალების დედის გინებას ნიშნავს, კანონიერი ქურდები ხომ ქალებს არ აგინებენ, მათი ხელქვეითები კი ისე კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, როგორც თქვენი ქვეშევრდომები, მაგალითად, დონაძე, ახალაია, მელნიკოვი და ა.შ. სამწუხაროდ ჩემი ქვეყნის მთავრობის ნაწილი მკვლელებით არის დაკომპლექტებული, პრეზიდენტი კი ერთი თვითკმარი ადამიანია, რომელიც დემოკრატი მეფის როლს ჯერ კიდევ წარმატებულად ასრულებს.
იდევ ერთი კორექცია
იმ დღეს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დაცვის წევრები მთელი საღამოს განმავლობაში ასეთი ფორმით დამეძებდნენ: "ვინ იყო ის მთვრალი გოგო, პრეზიდენტს რომ უზრდელი ეძახა". გავკადნიერდები და თავს უფლებას მივცემ, პატარა შესწორება შევიტანო ისტორიის მათეულ ინტერპრეტაციაში. უმჯობესი იქნებოდა, ასე ეკითხათ - "სად არის ის გოგო, პრეზიდენტმა დედა რომ აგინა?". დამეთანხმებით, ეს ვერსია უფრო ახლოს დგას რეალურ სურათთან. თქვენი პოლიტიკური სიმშვიდისათვის, რასაკვირველია, იმ დღეს ჯობდა, მთვრალიც ვყოფილიყავი, რასაც მეორე დღეს პოლიციელების მიერ აღმოჩენილი სუბუტექსი, ან საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი იარაღის არსენალიც მოყვებოდა, რომელსაც ოპერატიული სამსახურის წარჩინებული მუშაკები მედიის საშუალებით საზოგადოებას მაშინვე ამცნობდნენ, თქვენი სხვა პოლიტიკური, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზების გადასაფარად. ეს ხომ ჩვეული, ათწლეულების მანძილზე საბჭოთა იდეოლოგიის მიერ აპრობირებული და ჯერ კიდევ აქტუალური მეთოდია განსხვავებული ხედვის მქონე უმცირესობის წინააღმდეგ.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი
ეს რაც შეეხება ჩემი არაფხიზელი ცხოვრების სტილს. თუმცა, ვინ იცის, რა მარტივია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება მათთვის, ვინც ფხიზელი თვალით არ აფასებს მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ ახლა იმის შესახებ, რაც, ჩემდა სამწუხაროდ, სრულიად ფხიზელი თვალით და გონებით დავინახე და გავაცნობიერე.
მაშინ, როდესაც თქვენი დაცვა ჩემს სახელსა და გვარს არკვევდა, არც ერთი ჩემი მეგობარი მათ ჩემს ვინაობას არ უმხელდა. არა ქურდული მენტალიტეტიდან გამომდინარე ("მეგობარი არ დაასმინო"), არამედ იმიტომ, რომ ისინი ამით ჩემს უსაფრთხოებას იცავდნენ სრულიად შეგნებულად. "აღარაფერი თქვა, გეხვეწები, მანქანიდან არ გადმოხვიდე, სანამ აქ არის, გეხვეწები, გაჩუმდი..." ასეთი იყო მათი ხვეწნა-მუდარის შინაარსი. დღეს კი, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ბატონო პრეზიდენტო, ყველა ჩემი ახლობელი, ნათესავი თუ უბრალოდ ნაცნობი შეშინებული მთხოვს, რომ აღარაფერი ვთქვა. არ გეგონოთ, გმირად წარმოვიდგინე საკუთარი თავი, არა, უბრალოდ, როგორც ეტყობა, ჩემთვის, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ დაუჯერებელი და უცხოა შიში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება იწვევს. რამდენიმე ხნის წინ იმის შესახებაც დავწერე, რომ ქვეყნის სოციალურად დაუცველ ფენებში შიშის სინდრომის ნიშნები გაჩნდა, რაც ერთი ფრაზის - "გაჩუმდი თორემ გაგვაციმბირებენ" გამოჩენაში ვლინდებოდა. როგორც აღმოჩნდა, შევცდი, შიშის სინდრომი კი არა, უკვე პანიკური შიში არსებობს თქვენი და თქვენი ხელისუფლების მიმართ. არავინ არის დაცული, ადამიანებს სრულიად შეგნებულად, გაცნობიერებულად და დარწმუნებით სჯერათ, რომ შესაძლებელია ერთი პატარა ურჩობისთვის ტყეში წაგიყვანონ და უმოწყალოდ მოგკლან, ახლობელი მოგიკლან, ტყუილით და შეთითხნილი საქმით დაგაპატიმრონ და ა.შ. ბატონო მიხეილ, შიშზე სახელმწიფო ჯერ არ აშენებულა და თუკი თქვენ სტალინის, ჰიტლერის, კენედისა და ჩერჩილის სინთეზი გინდათ შექმნათ საკუთარ პოლიტიკურ პერსონაში, ეს აუცილებლად ფატალურ ფინალს შობს. არ შეიძლება კამერების თანდასწრებით კენედი და კამერის მიღმა, საკუთარი ქმედებით, აგრესიული დიქტატორი იყოთ. ალბათ ცოტა ხანიც გავა და შეიძლება ისეთი პრეტენზიული მოქალაქეების, როგორიც, მაგალითად, მე ვიყავი 4 მარტს, როცა თქვენი სპორტული ტკბობა დროებით შევაფერხე, ადგილზე ლიკვიდაციის განკარგულებაც გასცეთ და ეს იმით გაამართლოთ, რომ უკმაყოფილება ქვეყანას ვერ ააშენებს და ჩვენ ხალხის მტრები ვართ.
ხალხი შიშით არის შეპყრობილი, ყველაზე ფასეული კი - მომიტევეთ ამგვარი დიდაქტიკა, მაგრამ მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და თქვენი ამომრჩეველი ვარ, ამიტომ გეტყვით - თითოეული ადამიანის სიცოცხლე, მისი უსაფრთხოებაა. ყველაზე წარმატებული ქვეყანა სწორედ ის გახლავთ, სადაც ერთ ადამიანს ისე უფრთხილდებიან, როგორც მთელ სახელმწიფოს. მხოლოდ ძლიერი ჯარი, ზრდილობიანი პატრული, განათლების რეფორმა, ახლად შეღებილი სახლები, ახლად დაგებული ასფალტი, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ადამიანს ბედნიერებას არ მოუტანს, თქვენ კი ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებაზე უნდა იზრუნოთ, რომელსაც ბედნიერება ჰქვია.
ნინია კაკაბაძე
P.S. ცნობისათვის მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენს გამო ბაკურიანში პირველად არ გადაკეტილა გზა, ეს საკმაოდ ხშირად ხდება და, თუკი შესაძლებელი აღმოჩნდა, პატრულისთვის გვესწავლებინა ზრდილობა, იქნებ ისიც გახდეს შესაძლებელი, თქვენი დაცვის წევრებიც მეტად ეთიკურები იყვნენ მოქალაქეებთან. თუმცა, ამის მაგალითს ქვეყნის პირველი პირი უნდა იძლეოდეს.
ბატონო მიხეილ, თქვენს გამო კი ქუჩებიც პერმანენტულად იკეტება და მაშინ, როდესაც რომელიმე კაფესა თუ რესტორანში გემრიელად სადილობთ, მას გარედან ბრაზიანი მცველები ყარაულობენ და შიგნით არავის უშვებენ. არადა, იქნებ სხვასაც შია და მასაც სწორედ ფრანგული სამზარეულოს კერძების მირთმევა სურს? ამას საზოგადოებას მოვახსენებ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ გზებს შევარდნაძე კეტავდა, თქვენ კი - არა, ვინაიდან, სამწუხაროდ, დღეს მე უკვე აღარ მჯერა, რომ თქვენ არ იცით, როგორ დარაჯობენ იმ გზებსა და კარებს, სადაც თქვენ გაივლით ან კი ივახშმებთ და არც ის მჯერა, რომ არ იცით, რამდენი მკვლელია თქვენს მთავრობაში.
ნ. კ.
========
24 საათი " # 53 ორშაბათი, 13 მარტი, 2006 წელი
ნოდარ ლადარია: მომავალ ორშაბათამდე !
რაღა ჯანდაბაზე დავწერო? - აირია ქვეყანა. უკვე ვერც რაიმე ინტერვიუს გამოქვეყნებით გავექცევი პასუხისმგებლობას. მაგრამ საკითხავი სულ სხვაა - მაინც რატომ გამიჭირდა თემატიკის არჩევა? ეს შეკითხვა მარტო მე არ მეხება, რადგან მიმდინარე ისტორიული პროცესის ერთ ნიშანდობლივ თვისებას ასახავს...
თუმცა აქ აჩქარება არ გვმართებს. ყველაზე მარტივი არჩევანი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის კურიოზული უზრდელობის გაკიცხვა: მართლაც, ქვეყნის ხელმძღვანელმა, რომლის ერთადერთი არსებითი თვისება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტად ყოფნაა (სხვა დანარჩენი თვისებები, უფლებები და მოვალეობები აქედან გამომდინარეობს და მეორადია), წამითაც არ უნდა დაივიწყოს, რომ საარჩევნო ვადის განმავლობაში საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, და საკუთარ ამომრჩევლებს დედა არ უნდა აგინოს... მაგრამ... ერთი "მაგრამ" რომ იყოს, კიდევ არაფერი... აჰა, მივაგენი დასაწყისს - დღევანდელ პუბლიკაციას შემდეგი სქემის მიხედვით ავაგებ:
ძირითადი თეზისი: 2006 წლის 4 მარტს ბაკურიანში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბინძური სიტყვებით აგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მას გზის გახსნა სთხოვა. შეგვიძლია დავწეროთ მოთხრობა, რომელშიც მოვახდენთ ალექსანდრე დიდსა და დიოგენე სინოპელს შორის ცნობილი დიალოგის პაროდირებას. მაგრამ ჩვენ მოთხრობას კი არა, პუბლიცისტურ სტატიას ვწერთ, ამიტომ პირველი დასკვნა შემდეგია: პუბლიცისტური სტატიისთვის ამ შემთხვევის დაწვრილებითი განხილვა და მორალისტური დასკვნის გამოტანა თუმც მართებული, მაგრამ მაინც ზედაპირული იქნებოდა. სერიოზული პუბლიცისტიკისთვის მეტად წვრილმანი თემაა.
ამ შედეგის გაგრძელება რამდენიმენაირად შეიძლება, თანაც ყოველი გაგრძელება ხან მთავარ დასკვნას უპირისპირდება, ხანაც მის წინა გაგრძელებას და ამიტომ შესაბამისი დამაპირისპირებელი კავშირით დაიწყება.
პირველი "მაგრამ": პრეზიდენტმა ვერ იცნო პიროვნება, რომელსაც აგინებდა. სრულიად შემთხვევით, ამ პიროვნებას (მის ხსენებას ახლა მოვერიდები მრავალი და მათ შორის დელიკატური მიზეზის გამო) საჯარო სიტყვის თქმის საშუალება აღმოაჩნდა და ფაქტი გახმაურდა. გეცნოთ ვითარება? - რამდენიმე პოლიციელს "სპონტანურად" აჰყავს განმარტოებულ ადგილას ორი ახალგაზრდა "ჭკუის დასარიგებლად". ამასაც შემთხვევითობათა რიგი მოსდევს: ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი "სპონტანურად" იღუპება, დაღუპულს საკმაოდ "ძნელი" ჭირისუფალი აღმოაჩნდა, ჭირისუფალს კი არანაკლებ "ძნელი" და მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები. აქ უკვე კიდევ ერთი, დაქვემდებარებული "მაგრამ" წარმოიქმნება: შემთხვევითობა ორივეგან მხოლოდ გახმაურების ფაქტს ახასიათებს, თორემ, რაც მოხდა, ორივეგან მყარ კანონზომიერებაზეა დაფუძნებული. თანაც ეს კანონზომიერება ერთი კი არა, ორია: 1) პროფესიონალიზმის უქონლობა (პრეზიდენტი თავს ვერ აკონტროლებს, პოლიციელები კი კლავენ იმას, ვისი მოკვლა არ უნდათ); 2) ადამიანების მიმართ დამოკიდებულება, ანუ რუსთაველის (და არა გრიგოლ ორბელიანის) სიტყვებით რომ ვთქვათ: "კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების". ბოლო წლებში არაერთი დასტური მივიღეთ იმისა, რომ სწორედ ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს, სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის "მონოლითურობას" და მის შიგნით საკადრო პოლიტიკის მთავარ პრინციპს: დავით კირკიტაძის მეტაფორული "გმირობიდან" (დაცვის თანამშრომელი გალახა) აკაკი ბობოხიძის რეალურ სარდლობამდე (ჟურნალისტი გალახა).
ამრიგად, პირველი "მაგრამ" გვიჩვენებს, რომ განსახილველად დაწუნებული შემთხვევა მაინც იმსახურებს განხილვას, რადგან უბრალო კურიოზი კი არა, სიმპტომია.
მეორე "მაგრამ". მაშ, სიმპტომია, არა? - მაგრამ მოვათავსოთ პირველი "მაგრამიდან" გაკეთებული დასკვნა სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში. ძნელია კამათი იმ აზრთან, რომ საზოგადოების გარდაქმნისას ბევრი ფიქრი და ყოყმანი არ გვარგებს, რომ ამ დროს მოქმედებაა მთავარი და არა მისი თანმხლები შედეგები. აკი მე თვითონ ვიყავი "ნულოვანი ტოლერანტობის" მომხრე! ვიყავი და ვარ კიდეც: ყოველ შემთხვევაში, თინათინ ხიდაშელისა და ანა დოლიძის სწორხაზოვნებას ვერ გავიზიარებ და დიდ თუ პატარა კრიმინალთა მიმართ კერძო საუბრებში უფრო ცინიკური ვარ კიდეც, ვიდრე ვანო მერაბიშვილს დაესიზმრება. სხვათა შორის, მე არც იმ აზრს ვეთანხმები, თითქოს ნაციონალები კრიმინალებს იმიტომ ებრძვიან, რომ მათი ადგილი დაიკავონ. მართალია, აქვე უნდა დავსძინო, რომ ეს დებულება პრიმიტიულობის გამო არ მომწონს, თორემ ცხოვრებამ შეიძლება თავისებურად განსაჯოს.
მე არაფერი მესაქმება ოპოზიციასთან, რომელიც ხმას აძლევს კანონს, მერე კი ამავე კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან ხალხს მოერეკება, მე, უბრალოდ, ერთი ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო: მთლიანად დავდგე მმართველი უმრავლესობის დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ პოზიციიდან დავამტკიცო, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია:
რა ხდება ქვეყანაში? - ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ციხეში ქურდის მიყვანის მოთხოვნა და სალარო აპარატების წინააღმდეგ გალაშქრება ერთი ბუნების მქონე მოვლენებია: ესაა სტიქიური ამბოხი ცივილიზაციის წინააღმდეგ. თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ ყოფით, არაფორმალურ ურთიერთობებზე დადგენილი საზოგადოება ადრე თუ გვიან გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დადგებოდა, რომ სიტყვიერი ფორმულიდან რეალურ პირობად ქცევისას კანონის უზენაესობა აუცილებლად მოითხოვდა ტრადიციულ ურთიერთობათა მეტ-ნაკლებად რადიკალურ დანგრევას. სწორედ ამითაა გამოწვეული პოლიტიკური ოპოზიციის საყოველთაო "გაბანძება", რადგან ძალაუფლების დაუძლეველი წყურვილის დისკუსიის წარმართვის უუნარობასთან ერთად იწვევს იმას, რომ ოპოზიცია ერთიანად ამოჰყოფს თავს გუშინდელ დღეში, სადაც უკვე არავის აკვირვებს, თუ ლევან ბერძენიშვილი სერიოზულად აღიქვამს შალვა ნათელაშვილს, ხოლო იგორ გიორგაძე კომპლიმენტებს უთვლის სალომე ზურაბიშვილს.
სახელმწიფო აღმშენებლობისათვის ამ გადამწყვეტ დროს ხელისუფლებას არათუ ეპატიება, მოეთხოვება კიდეც შეუბრალებლობა, მაგრამ ყურადღებით მოვეკიდოთ ამ სიტყვას: შეუბრალებლობა და არა ახვრობა! ამავე დროს უეჭველია, რომ სწორედ ამ უკანასკნელის გამოვლინებაა როგორც ბაკურიანში წარმოთქმული უშვერი სიტყვები, ასევე ოქროყანაში ჩადენილი უმსგავსო საქმე.
ალბათ მართალი იქნება ის, ვისაც სასაცილოდ არ ეყოფა ბაკურიანში შეგინებული ახალგაზრდა ქალის გრძნობები; ალბათ ისიც მართალი იქნება, ვინც გულცივად შენიშნავს, რომ სასაფლაოზე ღამით მოკლული ახალგაზრდა კაცის გარშემო უკვე საკმაო უგემოვნებობამ მოიყარა თავი, მისი ჭირისუფლები კი ნელ-ნელა კარგავენ ზომის შეგრძნებას. მე თვითონაც საკმაოდ გულცივი ვარ - ამიტომაც ვლაპარაკობ ერთიანად ამ ორ ერთმანეთის უთანაზომო მოვლენაზე. მე არც პატიმართა ნათესავების პრობლემები მატოკებს და არც გარე მოვაჭრეთა ჩივილზე მიცრემლიანდება თვალები. არც რომელიმე ბრიყვ ნაციონალზე ნაკლებად ვხედავ, რომ საქართველოში ხალხი ბრმაა. მაგრამ სწორედ ეს გულცივობა მაძლევს უფლებას გამოვთქვა ეჭვი, თუმცა ეს ეჭვი კი არა, ორიათასი წლის წინათ შეკითხვის სახით გამოთქმული ჭეშმარიტებაა: შეძლებენ კი ბრმები ბრმათა მეგზურობას? განა ორივენი ორმოში არ ჩავარდებიან?
მესამე "მაგრამ". დიახ, არის მესამე მიზეზიც, რის გამო მაინც ღირს მიხეილ სააკაშვილის წვრილმანი უხეშობისადმი ყურადღების მიქცევა და ეს მიზეზი სწორედ ახლახან ნახსენები ორმოა, რომელშიც შეიძლება ყველანი ჩავვარდეთ... ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ.
რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ახალ რევოლუციას ვერ გადაიტანს. ნეტა რა აძლევდა ამ განცხადების საბაბს? ჩვენ ხომ არ ვამბობთ ყოველდღე, რომ კაცობრიობა ახალ წარღვნას ვერ გადაიტანს - არ ვამბობთ, იმიტომ რომ ნოეს ცისარტყელის სახით მიეცა ნიშანი, რომ ახალი წარღვნა აღარ იქნება. სალომე ზურაბიშვილს კი რა აძლევს ახალ რევოლუციაზე ლაპარაკის საბაბს?
არა, ნათელაშვილისგან უკვე მივეჩვიეთ ლამის ყოველდღიურ განცხადებებს სააკაშვილის ძალაუფლების მოახლოებულ დასასრულზე. მაგრამ გუშინ ერთი ჩემი მეგობრისგან, სრულიად გონიერი და დაკვირვებული ადამიანისგან საოცარი წინადადება გავიგონე: "ნათელაშვილისა და გიორგაძის გულისთვის ამათი გადაგდება სულაც არ მაწყობს!". მე პირადად კიდევ მრავალ მიზეზს დავასახელებდი, რის გამოც არ მაწყობს "ამათი გადაგდება", მაგრამ ახლა სულ სხვა რამისთვის ვირჯები: ისევ მინდა შეგეკითხოთ, ამ ჩემს გონიერსა და დაკვირვებულ მეგობარს რაღა აძლევს ამაზე სერიოზულად ლაპარაკის საბაბს?
და კიდევ: სულ უფრო მკაფიო ფორმას იძენს კავკასიის გაღმიდან გამომზირალი იგორ გიორგაძის აჩრდილი. მაგრამ ვინმეს წაგიკითხავთ სადმე, ან იქნებ რადიოთი მოგისმენიათ, ან ტელევიზორში გინახავთ დალაგებული ანალიზი, რომელიც ყველას დაგვანახებდა, რა რეალური შესაძლებლობები დგას ამ აჩრდილის უკან. ანალიზის უნარი რომ ჩვენს მედიაში უცხო ხილია, ეს ძველი ამბავია. მე უფრო მეტსაც ვიტყოდი: სიტყვის თავისუფლების ზომა "მთავრობის წინააღმდეგ ლაპარაკის" დონით კი არ უნდა განისაზღვრებოდეს, არამედ ამ ლაპარაკში ანალიზის წილით. ახლა კი მსჯელობა სულ სხვა მიმართულებით უნდა წავიყვანო: იქ, სადაც მკაფიოდ არაა განსაზღვრული პოლიტიკურ ძალთა შეფარდება, სადაც ადამიანს არა აქვს მეტ-ნაკლებად სანდო წარმოდგენა შინაგან და გარეგან საფრთხეზე, არა თუ კაცისკვლა, თვით შეგინებაც კი გაურკვეველ სიდიდეს იძენს - სიდიდეს, რომელიც რეალურად ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მათემატიკოსები ამბობენ, განსაზღვრის არეში ნულიდან უსასრულობამდე.
ავტორიტარიზმი მაინცდამაინც არ ნიშნავს მასობრივ რეპრესიებსა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ადამიანებს - ეს, უპირველეს ყოვლისა, არსებითი ინფორმაციის მიუწვდომლობაა. არსებითისა-მეთქი და არა ობიექტურისა, რადგან იმის ცოდნა, რომ ვეტერინარულ ცენტრში დღის განმავლობაში რვა მკვდარი ბეღურა და ორი ბუ მოიტანეს, თუმც ეჭვს არ იწვევს, სრულიად უსარგებლოა. ვინ მომცემს გარანტიას, რომ ისინი, ვინც ჩემს გონიერსა და დაკვირვებულ მეგობარს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შეგრძნება შეუქმნა, გასამრჯელოს ჩვენი საგრძნობლად გაზრდილი ბიუჯეტიდან არ იღებენ?
ვინმემ იქნებ პარანოიდალურად მიიჩნიოს ეს ბოლო შეკითხვა, მაგრამ ისიც იკითხეთ, ბატონებო, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ჩემი პარანოია ქვეყანაში გამეფებული მარაზმის ფონზე?
მეოთხე "მაგრამ". მარაზმზე კი ეს გამახსენდა: ერთ ჩემს ნაცნობ მოძღვართან ტაძარში ვინმე მოვიდა და თან ქაღალდზე დაწერილი რაღაც ლოცვა მოიტანა, ყოველ შაბათ-კვირას საჯარო ღვთისმსახურებისას წაიკითხე ტაძარშიო. მშვენიერია! - ეკლესია დიახაც უნდა ლოცულობდეს ერისთვის, თანაც აწმყოში არსებული ერისთვის და არა საუკუნეების მანძილზე განურჩევლად იმეორებდეს ტიპიკონში შემორჩენილ ლოცვას სარკინოზთა უღლისაგან დასახსნელად. თანაც ნამდვილად მისასალმებელია მრევლის ლიტურგიკული შემოქმედება. მაგრამ ხსენებულ ტექსტში არის ერთი საგულისხმო მომენტი: საჯარო ღვთისმსახურებისას შეგროვილი მრევლის სახელით უფალს სთხოვენ, საქართველოში აღდგეს მონარქია.
აქ ბევრი რამე შეიძლება დაინახოს კაცმა: პოლიტიკური ინდეფერენტიზმი, უფრო მეტიც, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულად მხარდაჭერილ ლიბერალურ ღირებულებათა სისტემის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. მართლაც, რატომ უნდა გააიგივოს ვინმემ მართლმადიდებელი და მონარქისტი? მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდები. სულ სხვა რამ მაწუხებს: ვაი თუ უფალმა ისმინოს!
ჰოდა, თუ ჩვენს მიერ არჩეული დემოკრატი პრეზიდენტი სიტყვიერ გინებას გვაკმარებს, მერწმუნეთ, ამ უთავბოლო ქვეყანაში გვირგვინოსან მონარქად ყოფნას მხოლოდ ისეთი ხეპრე თუ დათანხმდება, ვისაც არც ჭკუა და არც სინდისი არ დაუშლის, რეალურად მოგვიტყნას დედა.
This post has been edited by UZUL on 16 Mar 2006, 14:10
--------------------
Не так я вас любил, как вы стонали..
|