| Unbesito უბრალოდ მემბერი
 
  
 
      ჯგუფი: Members
 წერილები: 2494
 წევრი No.: 83091
 რეგისტრ.: 23-January 09
 
 
   | #28995081 · 31 Dec 2011, 02:01  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ახალი წელი ჩემს ოჯახში. 
 სკოლაში დამავალება მომცეს , თემა უნდა დავწერო. "ახალი წელი ჩემს ოჯახში". ჯერ ვიფიქრე დედას ვთხოვ დახმარებას მეთქი, მერე გადავი ფიქრე. უკვე დიდი
 ვარ. ხომ უნდა მოვახერხო მე თვითონ. თან ძნელიც არ არის, ჩვენი ოჯახი არც ისე დიდია. დედა, მამა, ჩემი უფროსი ძმა დათუნა, პატარა დაიკო მარიამი და მე- გიორგი. ჰო, ბაბუა გვყავდა , ბევრი არაფერი მახსოვს. ის ვიცი, რომ მამა რომ მოვიდა ჩვენს ოჯახში მაშინ წავიდა ბაბუა. დედიკომ გვითხრა
 გარდაიცვალაო. მაშინ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, ეხლაც ზუსტად ვერ ვხვდები. დამავიწყდა მეთქვა რომ მამა ჩვენთვის ნამდვილი მამა არ არის, უფრო სწორედ მე და დათუნას სხვა მამა გვყოლია, ისიც გარდაიცვალა და დედიკომ ეს მამა მოიყვანა. მერე პატარა მარიამიც მოვიდა საიდანღაც. დედამ გვითხრა და ეხლაც სულ გვეუბნება რომ ეს მამა არის ჩვენთვის ნამდვილი მამა, უნდა გვიყვვარდეს, პატივი ვცეთ და მამა დავუძახოთ.
 ჩვენი ბინა სამოთახიანია, ადრე ხუთი ოთახი გვქონდა. ბაბუას ნათესავები ცხოვრობდნენ იქ. მერე რაღაც მოხდა , ის ორი ოთახი ჩვენმა მეობელმა , ძია
 ანატოლიმ შეიერთა. მამა რომ დალევს ხოლმე , სულ იმუქრება ის ოთახები უნდა დავიბრუნოო. ჩვენ გვეუბნება რომ ძია ანატოლის არ ვუყვარვართ და დანარჩენ ოთახებზეც თვალი უჭირავს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. კარგად ვისწავლოთ ინგლისური , დავუჯეროთ მამას და ერთ დღეს ანატოლი
 წაეთრევა და ჩვენ საზეიმოთ შევალთ იმ ოთახებში. სიმართლე გითხრათ არ ვიცი მამა სად მუშობს, ადრე მეგონა სულ არ მუშაობდა, ძალიან ბევრ სხვადსხვა ქვეყანაში დადის , კონცერტები, თვითმფრინავები და სუში უყვარს. მერე დედამ მითხრა მამა ბევრს მუშაობს და ჩვენზე ზრუნავსო. სულ გვპირდება ჩემს ძმას და მე, ამერიკაში გაგიშვებთ სასწავლებლადო, ოღონდ ყველაფერში დამიჯერეთ და მომისმინეთო. ჩვენ გვიხარია, ვოცნებობთ ხოლმე როგორ წავალთ იმ დიდ ქვეყანაში სასწავლებლად, იქ კარგად ვისწავლით და კარგ სამუშაოსაც ვიშოვით. იმასაც გვპირდება, მალე ამ სახლზე უფრო დიდ სახლში გადავალთ საცხოვრებლად, თქვენ ყოველდღე მაკდონალდსში გატარებთ და ცოტას რომ წამოიზრდებით მანქანებს გიყიდითო. მე მერსედესი მინდა, დათუნას პორშე მოსწონს, სული გვეკვრება ხოლმე როდესაც წარმოვიდგენთ როგორ ვეგონკავებით ერთმანეთს თბილისი-სოხუმის ავტობანზე. ერთხელ ეზოში ვთამაშობდით, მეზობლის კაცებმა თქვეს ჩვენზე, ალბათ ეგონათ არ გვესმოდა. საწყალი ბავშვები რა დღეში არიან, ნახევრად მშივრები და დახეული ტანსაცმლითო. მე ავტირდი, არ მინდოდა საწყალი ვყოფილიყავი და მამას მოვუყევი ყველაფერი. მამა ძალიან გაბრაზდა , სარდაფში ჩამკეტა მთელი დღით, რომ გამომიშვა ამიხსნა რომ ეს მეზობლები ბოროტები და შურიანები არიან, თვითონ არაფრის მაქნისებს ისღა დარჩენიათ ჩვენს ძლიერ და მდიდარ ოჯახს ჩირქი მოსცხონ. მანახა კიდეც რაღაც ცხრილები, ეს სტატისტიკააო, იქ ეწერა რომ ჩვენ ძალიან კარგად ვცხოვრობთ. მე ძალიან გამიხარდა და სტატისტიკა შემიყვარდა
 საერთოდ მამა სახლში ძალიან იშვიათადაა, ბევრს მუშაობს. როდესაც მოდის, ვეკითხება ვის ყავს ყველაზე კარგი მამა მსოფლიოში, ჩვენ ვეუბნებით რომ რა თქმა უნდა ჩვენ. უხარია და მზესუმზირას გვჩუქნის ხოლმე, ზოგჯერ დღესასწაულებზე კი კამფეტებს. დედა ამბობს, მამას უნდა ვასიამოვნოთ, მის გარეშე რა გვეშველება, ძია ანატოლი ეგრევე გაგვყრის აქედანო. ჩვენც ათას რაღაცას ვიგონებთ ხოლმე , რომ გავახაროთ. ერთხელ მამა საღებავები , შპალიერი და რაღაც სარემონტო მასალები მოიტანა. მე და დათუნამ გავაკეთეთ ჩვენი ხელით თითქმის ყველაფერი. მართალია ცოტა უსწორმასწორო გამოვიდა, მაგრამ მამას არ წყენია. პირიქით, მეზობლებს ეუბნება, საუკეთესო რემონტი ფრანგულ ფირმას გავაკეთებინეო. ძვირი კი დაჯდა , მაგრამ დედამიწაზე ბადალი არ ყავსო.  მივხვდი რომ დათუნა და მე ფრანგული ფირმა ვყოფილვართ , თანაც საუკეთესო და ძალიან გამიხარდა. არადა სკოლაში ბოროტმა ბავშვებმა დამცინეს , ფრანგული ფირმა კი არა კუტუები ხართო, გატყუებთ თქვენი მამა და ვერ ხვდებითო. ეს რომ მამამ გაიგო, ძალიან განრისხდა, ბევრი ღვინო დალია, ჯერ ჩვენ გვცემა , რომ მეორედ ასეთი სისულელისთვის არასდროს მოგვესმინა. მერე დაიჩემა ის ოთახები უნდა დავიბრუნო ძია ანატოლისგანო. მიუვარდა შუაღამისას და კარებზე ბრახუნი ატეხა. დიდხანს არ აღებდნენ კარს, მერე იქვე ჩაეძინა, დედამ და ჩვენ ძლივს მოვიტანეთ სახლში. მეორე დღეს გამოგვიცხადა, ანატოლის ჩემი შეეშინდა , დავამარცხე და ის ოთახები ჩვენია ისევო. დიდი ზეიმი უნდა გადავიხადოთ, ბევრი ვიცეკვოთ და ვიმღეროთო. ამ დროს კარებზე ბრახუნი ატყდა, დათუნამ ფანჯრიდან გაიხედა, ძია ანატოლი იყო, ხელში მაკრატელი ეკავა. ჩვენ კარები არ გავაღეთ. მამა მაგიდის ქვეშ შეძვრა. ჩვენ ძალიან შეგვეშინდა. მაგრამ ანატოლი წავიდა, ოღონდ იმ ოთახებზე დიდი პლაკატი გააკრა, ამიერიდან ეს ქონება ჩემი ოფიციალური საკუთრებაა , ხელი არავინ მოკიდოს , დედას ვუტირებო. ჩვენ მამამ აგვიხსნა რომ ანატოლიმ წააგო, მთელს სამეზობლოში და უბანში თავი მოიჭრა, ჩვენ მას ნიღაბი ჩამოვხსენით და უნდა ვიზეიმოთო. სტუმრები მოვიდნენ, ძირითადად ახალგაზრდა ქალები. ულოცავდნენ გამარჯვებას და ბევრს ცეკვავდნენ. ძალიან ვამაყობდით რომ ასეთი ძლიერი და წარმატებული მამა გვყავს.
 ამ ამბის მერე მამა ყოველთვის როცა სახლშია, სულ კარგი და სასიხარულო ამბები მოაქვს. ანატოლი თურმე ძალიან ცუდ დღეში ყოფილა, ვალებშია და ავვადმყოფობს. მალე გაკოტრდება და მოკვდება. ჩვენც გვიხარია , რომ გაგვიმართლა და ანატოლი არ არის ჩვენი მამა. ერთი კია, ცოტა ეჭვიანობა დასჩემდა მამას, დედას აუხირდება ხოლმე, ანატოლი მოგწონსო. თუ ვინმე ანატოლიზე ცუდს არ ამბობს და არ ლანძღავს, იმასთან ურთიერთობას გვიკრძალავს, ამბობს ეგენი ანატოლის მოსყიდული ბოროტები არიანო. ჩვენც ვერიდებით ასეთ ბოროტ ხალხს, რომ არ გაგვაუბედურონ. ჩვენ მალე ორ ოთახს დავიბრუნებთ, მანქანები გვეყოლება და ყოველდღე მაკდონალდსში ვივლით. ამერიკაში წავალთ სასწავლებლად და ანატოლი მოკვდება შურით. ამას მამა ყოველ ახალ წელს გვიყვება. ჩვენც გვიხარია რომ ბედნიერი და ოცნებების ასრულების წელი გვექნება. ეს უკვე ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. თან ყოველ წელს მამა ახალ და ახალ რამეებს ამბობს.
 მამას ხშირად დამკვრელები მოჰყავს ხოლმე სახლში, აკორდეონზე და დოლ-გარმონზე უკრავენ. ჩვენც ვცეკვავთ და სურათბს ვიღებთ მუსიკოსებთან. მამა ამბობს ჩვენი სახლიდან სიმღერის ხმა რომ გავა , ანატოლი შურით მოკვდებაო.
 ერთხელ დედამ უთხრა, ამდენი ფულის ყრას მუსიკოსებში, საჭმელი ვიყიდოთ და ჭერი შევაკეთოთ , წვიმა ჩამოგვდის თავზეო. ორი კვირა იყო დედიკო საავადმყოფოში, ალბათ მამამ ისევ ანატოლიზე იეჭვიანა. მას მერე დედა სულ ჩუმად არის, ცდილობს მამა არ გააბრაზოს. აღარც მეზობლებთან დადის. ისინი ბოროტები და შურიანები არიან. ვერავინ იტანს მამას წარმატებას ჩვენს ეზოში. ანატოლისი ეშინიათ ალბათ.
 უფრო მეტსაც დავწერდი , მაგრამ დედა მეძახის, შეშა უნდა დავჩეხო. მალე ახალი წელია. ჩვენ სუფრას შემოვუსხდებით, მაკარონი გვექნება და ნამდვილი ჩაი.  მამიკო მოგვილოცავს და მოგვიყვება რა კარგი რაღაცეებიც მოხდება მომავალ წელს. მერე მამა რესტორანში წავა საქმეებზე. დედა ჭურჭელს დარეცხავს. მარიამი დაიძინებს. მე და დათუნა კი ტელევიზორს მივუსხდებით. საახალწლო გადაცემებს ვუყურებთ და იქვე ჩაგვეძინება.
 ჩვენს ბედნიერ ოჯახში ახალი წელი ყოველ წელს მოდის.
 
 This post has been edited by Unbesito on 31 Dec 2011, 02:09
 
 --------------------
 
 In weed we trust! 
 
 http://www.facebook.com/profile.php?id=100002286254221
 |