მოკლედ, წელიწადზე მეტი დროის რჩევის, შესწავლის, ლოდინის და შედარების შემდეგ, როგორც იქნა ვიყიდე იოტა რიდერი. თუ ვინმეს რამეში გამოადგება, მზად ვარ, ის მიზეზებიც მოვიყვანო, თუ რატომ მინდოდა "იმენნო" იოტა რიდერი და არა რაიმე პროდასავლური ან პროაღმოსავლური.
საქმე იმაშია, რომ კითხვა მჭირდება როგორც ქართულად, ასევე - სხვა ენებზეც.
კინდლის ყიდვაში აზრს ვერ ვხედავ - კითხულობს მობის და კიდევ რამდენიმე ისეთ ფორმატს, ჩამოთვლაც რომ არ ღირს და არ კითხულობს იპაბს.
სონი - კითხულობს იპაბს და არ კითხულობს მობის.
ასევეა ნუკიც.
ანუ ამ სამიდან არც ერთს რომ არ ვიყიდდი, თავიდანვე ვიცოდი. თითქოს იყო უკეთესი ალტერნატივა - პოკეტბუქი, მაგრამ ვერავინ ვერ გამცა პასუხი (მათ შორის, ვერც ლიტ.ჯიში), პოკეტბუქი ლიტ.ჯის წიგნებს წაიკითხავს თუ არა. ამიტომ ვამჯობინე იოტა რიდერი. გარდა ამისა, არსებობს ქართული ელწიგნებიც (სწორედ ელწიგნები და არა სკანერები, როგორიცაა პდფ და დჟვუ), რომელთა უდიდესი უმრავლესობა ან მობი ფორმატშია, ან იპაბ ფორმატში. ე. ი. სონის, ნუკის და კინდლის კლიენტი წაიკითხავს ქართული წიგნების მხოლოდ ნაწილს. სხვა (ფბ2, ფბ2.ზიპ) და ა. შ. ფორმატში ქართული წიგნები მე არ მინახავს, თუ ვინმემ იცით, მითხარით. აი იოტა რიდერი მივიჩნიე გამოსავლად იმიტომ, რომ: იოტა კითხულობს მობისაც და იპაბსაც (ეს რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს), საქართველოში კი არც კონკურენტი ჰყავს, არც - ანალოგი - ლიტ.ჯის წიგნები თავისია, საბას წიგნებს კითხულობს და ყველაფერს კითხულობს მობიში და იპაბში (პდფ-ს წიგნად არ ვთვლი კი არა და, წიგნი არაა). რადგან მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ერთი წლის წვალება და თათბირი და გამორჩევა, ამიტომ მოკლედ დავწერ იოტას მიმოხილვას, იქნებ გამოადგეს-კიდეც ვინმეს.
1. დიზაინი.
პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, დაახლოებით რამდენი მოსაზრება არსებობს ამქვეყნად, თუ რომელია ან როგორია სასიამოვნო და დახვეწილი დიზაინი. თქვენი აზრი? მე ვფიქრობ, რომ 7 მილიარდზე მეტი (აქ მშვენიერების ობიექტურ კანონებზე და სიქსტის კაპელაზე არ ვილაპარაკოთ.). ეს ფაქტია და ფაქტად დარჩება, რაც არ უნდა ერთი ადგილი გაიცხელონ მარკეტოლოგებმა და ბაზრის მკვლევარებმა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეფასებისას, შეიძლება არა პირველ ნომრად, მაგრამ დიზაინის საკითხი დღის წესრიგში დგება-ხოლმე, ერთი არცთუ უცნობი კაცი კი რადიო თავისუფლების ბლოგზე ამბობდა, შეუხედავიაო. მე კი სულაც არ მეჩვენება შეუხედავად, მშვენიერი და მოსახერხებელი დიზაინი აქვს და ღილაკების კარგი განაწილება.
2, ფუნქციონალი და შიგნეულობა.
ჩართვისთანავე აღმოჩნდებით მთავარ მენიუში, სადაც თერთმეტი თემატური მიმართულება დაგხვდებათ. მე რომ მკითხოთ, თემატურად ძალიანაც ლოგიკურადაა დაყოფილი მენიუს "სუბიექტები" (თუ რა დავარქვა - menu entry), ოღონდ ეს "ბოლო დოკუმენტების" მუღამი ვერ გავიგე. შუშაბანდმა დაამკვიდრა ეს ბიბლიოთეკების არასტაციონარული ინტერფეისი და გავრცელდა და გავრცელდა მის მერე უსასრულოდ. ერთი უზარმაზარი შენიშვნა კი მაქვს ყველას მიმართ, მაგრამ ეს ვის უნდა ვუთხრა ან ვისგან რა უნდა მოვითხოვო - ჟურნალისტემაც კი - პირდაპირი გაგებით - წერა-კითხვა არ იციან - ბრჭყალებს გარეთ დეფისით გააქვთ-ხოლმე ბრუნვის ნიშანი ამ დებილებს. ასაკით ჩემზე უფროსს რომ ვუსწორებ-ხოლმე რამე სისულელეს, უკვირს და უტყდება. ქართული ენის სტანდარტების დამცველი არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია დღეს აღარ არსებობს და იოტა რიდერის მენიუს შემქმნელებიც ვერ იქნებოდნან, რა თქმა უნდა, დაზღვეულები ქართულის უცოდინარობისგან. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ესაა უპატივცემულობა საკუთარი ენის მიმართ და შეურაცხყოფა, გაუმართავი და "კოჭლი" ქართულით ლაპარაკი სხვა ადამიანების შეურაცხყოფაცაა. რაც მართალია, მართალია - იოტა რიდერის მენიუში ასეთი ბევრი არაა, სულ ორი ცალი თვალისმომჭრელი სისულელეა: "პარამეტრები" (settings) და "შორთქათები" ("shortcut"). მპ3-ს რომ უკრავდა, ეს არ ვიცოდი. ედგმევა უზარმაზარი SD ბარათი, კომპს უკავშირდება უსბ-თი. აქვს ლექსიკონი - ჯერ არ გამიჩითია, როგორია, ასევე შეიძლება სტილუსის დახმარებით ხელით წერა და ნაწერის შენახვა (თან ფონს აირჩევ, როგორ ფონზე გინდა ხატვა) - ამ თვისებამაც ითამაშა არაუმნიშვნელო როლი იმაში, რომ იოტა ვიყიდე. რაც შეეხება ნავიგაციას და "მოძრაობას", შესაძლებელია როგორც სტილუსით - მენიუს შესაბამის პუნქტებზე დაკლიკვით - ან კორპუსზე წრიული ღილაკებით. სხვათა შორის, ძალიან მოსახერხებელი ღილაკებია, გარედან არც ეტყობა, რომ ღილაკების ორი რიგია წრეზე: გარეთა (დიდი) წრე - მენიუ, უკან, შემდეგი, წინა - და შიგა წრე მხოლოდ მიმართულებებია, რაც გადაფურცლვის ან ნავიგაციის დროს გამოიყენება. ცენტრში კი ტრადიციული ოკ ღილაკი გამოჭიმულა ამაყად.
3. წაკითხვის პროცესი.
წიგნის გახსნა ხდება წიგნზე კლიკით (სტილუსი ან ცენტრ. ღილაკი). წაკითხვის პროცესი ძალიან კარგია. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ მახსოვს, ვიღაცეები სადღაც ეკრანებს ადარებდნენ ერთმანეთს - სონი კინდლი და ა. შ. კინდლიც მჭერია ხელში და სონიც. აბსოლუტურად არაფრით არ ჩამოუვარდება არც სონის და არც კინდლის ეკრანს. მზის შუქზეც გადასარევად იკითხება გარეთ და სახლშიც - მეორადი განათების პირობებშიც. ძალიან მოსახერხებელია ის, რომ ეკრანის დატრიალება შესაძლებელია წრეზე - 360 გრადუსით - და არა მხოლოდ ცალ მხარეს landscape mode, როგორც კინდლშია. ასოების ზომა და სტრიქონებს შორის მანძილი რეგულირდება შეუზღუდავად, ხოლო რაც შეეხება პდფ-ს (მახსოვს, ამ თემაში ან წინა თემაში სადღაც კი დაიწერა, მაგრამ არ დავიჯერე) - პდფ-ს კითხვის დროსაც შეუძლია ფონტის ზომის გაზრდა! მე მესმის, რომ პირდაპირი გაგებით ფონტს კი არ ზრდის, ზუმსაც იყენებს, მაგრამ როგორ ხერხდება - ჩემთვის გაუგებარია. შედეგი კი, თამამად შეიძლება ითქვას - გადასარევი! სულ ის მახსენდებოდა, კინდლში პდფ-ს კითხვის დროს ან ზუმის გამო ლიფტი რომ დამქონდა აქეთ-იქით ან ზუმის გარეშე გამადიდებელი რომ მეჭირა და ისე ვკითხულობდი. საინტერესოა, როგორ კეთდება, პდფ ხომ სურათია და არა - ტექსტი... მოკლედ, პირდად ჩემთვის პდფ-ის მტკივნეულზე მტკივნეული საკითხი მოგვარებულია.
4. ინტერნეტი და სხვა ფუნქციები.
როგორც ის კაცი სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა რადიო თავისუფლებიდან, რიდერი არის მხოლოდ და მხოლოდ ელწიგნის წამკითხველი და ისეთი სისულელეებისთვის, როგორიცაა კამერა და მუსიკა, მობილური ტელეფონები არსებობს. ასევეა ინტერნეტიც. აქვს WiFi-შეერთება, მაგრამ მინიმალური საჭიროებებისთვის და მოთხოვნილებებისთვის. ბრაუზერი - საზიზღარი (კიდევ ერთხელ - რიდერს მეტი არ მოეთხოვება), ერთადერთი, ჩემს ქსელზე დაჯდომა ვერ დავამუღამებინე ჯერ. თუ ჩემით ვკრეფ ხელით ქსელის სახელს, პაროლს და ა. შ. - უერთდება, ხოლო თუ ჩამონათვალში ავირჩიე ჩემი ქსელი - ჯერ დიაგნოზი ვერ დავსვი, თუ რა ემართება. აქვს ყურსასმენებისთვის 3.5 ბუდე და ხმის კონტროლის ორმაგი ღილაკი, მიკროუსბ ბუდე თუ სალტე (თუ როგორაა) და უზარმაზარი SD ბარათის ბუდე თუ სალტე
მენიუშივეა სტილუსის კალიბრაცია (ასეთიც არსებობს... მაშ!), ეკრანის კალიბრაცია - ეს ჯერ არ მიცდია, DRM-პარამეტრები (ეს არ ვიცი, რა არის) და ერთი ჩემთვის გაუგებარი ფუნქცია, რომელსაც ჰქვია "ეკრანის განახლება" და ვერაფრით ვერ ვხვდები, რა არის. რაც შეეხება ბატარეას - ჯერ ერთი დღეა, რაც მაქვს, შუადღისას ცოტა დავტენე და 51%-დან 53%-ზე აიწია, ჩართულ WiFi-ზე კი გამაფრთხილა, დაჯდომას ვაპირებ და დამტენეო. უსბ კაბელი პირდაპირ უერთდება შტეპსელის ჩანგალს, ხოლო თუ შტეპსელი არ გსიამოვნებთ, მგონი კომპიდანაც იტენება.
მოკლედ, ძალიან კარგი მოწყობილობაა და ზუსტად ვიცი, რომ არაფრით არ გავცვლი სხვა რამეში.
რამდენი ვწერე...