ძვირფასებო, სანამ ლანძღვას დაიწყებთ, მანამ ხომ შეიძლება ცოტა მაინც რომ გავერკვეთ საქმის ვითარებაში?
აგერ, ბატონო, შორს არ გავქცეულვარ ამის მოსაძებნად:
http://liberali.ge/ge/liberali/articles/111125/საქმის დასაწყისი
გლდანის საპყრობილის პატიმარი ივა ჩიღვინაძე ათწლიან სასჯელს იხდის. ის ერთი წლის წინ, 26 მაისს, ღამით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.
როდესაც დარბევა დაიწყო, ივა და მისი მეგობარი კობა გოცირიძე ჩიღვინაძის მანქანაში, თეთრი ფერის ტოიოტას ჯიპში ჩასხდნენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით გაიქცნენ, თუმცა იქ გზა გადაკეტილი დაუხვდათ. მათ მანქანა მოატრიალეს და თავისუფლების მოედანისკენ წამოვიდნენ. აქ სიტუაციას უკვე სპეცრაზმი აკონტროლებდა. ხელ-ფეხ შეკრული ადამიანები მიწაზე იწვნენ და მათ ხელკეტებით უსწორდებოდნენ. ისროდნენ რეზინის ტყვიებს, ჰაერში სპეციალური გაზი იყო გაშვებული…
პარლამენტთან მანქანაში რამდენიმე უცნობი ადამიანი ჩაუჯდათ. მათ სახიფათო ადგილიდან თავის გარიდებაში დახმარება ითხოვეს. ტოიოტას ჯიპი თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ხიდისკენ დაეშვა. სწორედ ამ დროს ჩიღვინაძემ საპატრულო მანქანას გვერდი გაჰკრა. რამდენიმე წამში პოლიციელები გამოეკიდნენ. დევნა დაიწყო.
ივა ჩიღვინაძემ მარჯვენა სანაპირო პოლიციის ცეცხლის ქვეშ გაიარა. “ისინი გაჩერებას ითხოვდნენ, მაგრამ ივამ სიკვდილის შიშით არ გააჩერა, რადგან ხან ჰაერში და ხანაც დამიზნებით, განუწყვეტლივ ესროდნენ” - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი. გაქცევის დეტალები პატიმარმა მას თავად უამბო.
როგორც ნიკოლეიშვილი გვიყვება, ჩიღვინაძე ვარაზის ხევით ვაკეში, პარტია “დემოკრტიული მოძრაობის” ოფისისკენ გაიქცა, თუმცა საჭემ უმტყუნა და ოფისის წინ მდებარე ჩეხეთის საელჩოს ღობეს შეეჯახა. ივა ჩიღვინაძე საელჩოს ტერიტორიაზე შევიდა და ხეს ამოეფარა. დანარჩენი მგზავრებიც აქეთ-იქით გაიქცნენ, მაგრამ “პოლიციელებმა ყველა სათითაოდ დაიჭირეს, დააჩოქეს, ურტყამდნენ, ყველაზე ბოლოს ივა დააკავეს, საელჩოს ტერიტორია დაარღვიეს, შევიდნენ და გამოიყვანეს.”
რას ამბობს თვითმხილველი?
მანანა კარტოზია ჩეხეთის საელჩოსთან მდებარე სახლში ცხოვრობს. 26 მაისის ღამეს მისი ყურადღება მოულოდნელად ატეხილმა სროლამ მიიქცია. მისი თქმით, რასაც ყვება, ყველაფერი საკუთარი ფანჯრიდან დაინახა.
თავდაპირველად რაც თვალში მოხვდა, პოლიციის უამრავი მანქანა იყო: “მათ შორის კი თეთრი ფერის ჯიპი გამოირჩეოდა. კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ ხმა კარგად მესმოდა. თვითონ პოლიციელები ყვიროდნენ, რომ “დავიჭირეთ,” “ერთი დაკავებულია” ‘ჩავყარეთ მანქანაში” და ა.შ. მერეღა გავარჩიე, რომ დაკავებულები დაბლა, ხელბორკილებით, წყალში იწვნენ. მოგვიანებით, ჩეხეთის საელჩოს ეზოდან მოწითალო მაისურში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი გამოიყვანეს. მასაც ხელბორკილი ედო. ფეხებში ჩაარტყეს. როცა ჩაიკეცა, ზემოდან დააწვნენ, აგინებდნენ. მე გავარჩიე, როგორ უთხრა ერთმა მეორეს - ნუღა ურტყამ, არ მოკვდესო. - მოკვდეს მაგისიც… დაუბრუნეს პასუხი. ამის შემდეგ დაკავებულები მანქანაში ჩასვეს და სამი მანქანით გაიყვანეს. წითელ მაისურიანი დატოვეს. შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მან კი სხვა, კარდიოლოგიური სასწრაფო გამოიძახა…”
მოწმე იხსენებს, რომ ვიდრე, დაკავებულებს წაიყვანდნენ, მანქანით ჟურნალისტი და ოპერატორი მოიყვანეს, “ქოლგამომარჯვებული ჟურნალისტი სათითაოდ მიდიოდა ტალახში პირქვე ჩამხობილ ხელ-ფეხ შეკრულ ადამიანებთან, მიკროფონს უშვერდა და კითხვებს უსვამდა. ეს იყო პოლიციის ტელევიზია. ეს სცენა ჩემთვის გინებასა და ცემაზე ნაკლებ დამთრგუნველი არ იყო” - მანანა კარტოზიამ წითელმაისურიანი მამაკაცი მეორე დღეს სატელევიზიო კადრებში ამოიცნო.
ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, “ჩიღვინაძე იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მან გონება დაკარგა, სწორედ ამიტომ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების მანქანები”. გონდაკარგული ჩიღვინაძე ვაკეში მდებარე, ე.წ. მე-9 საავადმყოფოში წაიყვანეს. საიდანაც ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად, დიღომში, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
“ჩიღვინაძე მძიმედ აწამეს, - ამბობს ადვოკატი - მას აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ სარკე გაჰკრა ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ამის გამო სხვა მანქანას ჩაუვარდა და გარდაიცვალა. საბოლოოდ დადგინდა რომ ის პოლიციელი სხვა ვითარებაში დაიღუპა, ჩიღვინაძეს კი მეორე პოლიციელთან დაჯახება დასდეს ბრალად, რომელიც არ მომკვდარა. მისი მკურნალობის ხარჯებიც ივას დააკისრეს.”
ფაქტობრივი გარემოებები
26 მაისის ღამეს პოლიციის თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი მართლაც გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი ჩიღვინაძის საქმეში აღარ ფიგურირებს, რადგან ადვოკატის თქმით, “ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ჩიღვინაძის საქმესთან ვეღარ დააკავშირეს.”
მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დღემდე დევს ვიდეო, სადაც დაკავებული ივა ჩიღვინაძე პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობას აღიარებს:
“წამოვედი აქციიდან, ვიყავი თეთრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და შუაში ჩავუდექი. მომიტინგეთა და სპეცრაზმის რაოდენობა ძალიან დიდი იყო, იმ წუთას ვერ ვიგრძენი, მაგრამ ჩემი აზრით ამ დროს გავკარი სარკე, წონასწორობა დავაკარგვინე და მერე უკანა მანქანამ გადაუარა”.
“ლიბერალი” დაინტერესდა, თუ როგორ აღიარა დაკავებულმა დანაშაული წინასწარ, რომელიც შემდეგ არ დამტკიცებია, თუმცა შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ შევძელით.
ივა ჩიღვინაძეს ათი წელი შეუფარდეს. ოთხი - პოლიციელის დაშავებისთვის. ექვსწლიანი სასჯელი თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: ორი წელი პოლიციის მანქანასთან შეჯახებისთვის, ოთხი კი - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
ჩიღვინაძემ სააპელაციო სასამართლოში იჩივლა, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასაცია
რამდენიმე დღის წინ ოჯახმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. პატიმარი მხოლოდ ექვსწლიან სასჯელს ასაჩივრებს. იმიტომ რომ ოთხ წლიან სასჯელთან დაკავსირებით მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, კანონის მიხედვით კი საპროცესო შეთანხმების გასაჩივრება, გაფორმებიდან თხუთმეთი დღის შემდეგ აღარ შეიძლება.
“გასაჩივრების საფუძველი ახალი გარემოებაა, - ამბობს ადვოკატი - გამოჩნდა მოწმე, რომელიმაც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, მე გამოვკითხე და გამოკითხვის ოქმი საჩივარს დავურთე. მოწმე ყვება როგორ სცემდენ დაკავებულებს და ამბობს რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ბრალდების მხარის მოწმეები კი მხოლოდ პოლიციელები არიან, რომლებიც რასაც ავალებენ, იმას ამბობენ”
უზენაეს სასამართლოში საქმის გასაჩივრების ვადა 23 მაისს იწურებოდა, თუმცა ნიკოლეიშვილმა საკასაციო სარჩელი 19 მაისს შეიტანა. უზენაეს სასამართლოს და 6 თვიანი ვადაა აქვს, რათა გადაწყვიტოს, დაიწყებს თუ არა საქმის განხილვას.
უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულმა საქმემ რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს. საქმე განსახილვებლად დაიშვება, თუ ის სააპელაციო სასამართლომ არსებით დარღვევებით განიხილა, თუ მსგავს საქმეზე განსხვავებული პრეცენდენტული გადაწყვეტილება არსებობს და თუ საქმის განხილვას ქართული მართლმსაჯლების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “როგორც წესი, ამბობენ ხოლმე რომ პირობები არ კმაყოფოლდება და 99% შემთხვევაში საქმეს დასაშვებად არ ცნობენ. ჩვენ ამას შეგუებული ვართ, რადგან ეს არის აუცილებელი საფეხური სტრასბურგის სასამართლოსკენ”
განხილვის დაწყების საფუძვლად ახალი გარემოების აღმოჩენაც მიიჩნევა, “თუმცა ახალი გარეომოება განხილვის ღირსად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მანამდე ამ მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელი იყო. სასამართლოს გადასაწყვეტია, მიიჩნევს, თუ არა მოწმის ადრეულ საფეხურზე დაკითხვას შეუძლებლად.” - ამბობს ნიკოლეიშვილი.
ადვოკატი მანანა კარტოზიაზე საუბრობს, კარტოზია ლიბერალთან საუბარში ადასტურებს, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს ჩვენება მისცეს.
ივა ჩიღვინაძის მეუღლე, სალომე ნაკაშიძე ჩვენთან საუბარში 26 მაისის ამბებს იხსენებს. მისი თქმით მეუღლეს დღენახევრის განმავლობაში ეძებდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი არ იცოდა, ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილთან ერთად პოლიციის სამმართველოებში დადიოდა. ბოლოს სასამართლოში წავიდნენ, იფიქრეს, რომ თუ დაჭერილი იყო და პროცესზე გაიყვანდნენ, სასამართლოს ტაბლოზე ამოიკითხავდნენ. ბოლოს დიღომში პოლიციის სამმართველოში იპოვნეს. “ადვოკატმა ნახა, მე უფლება არ მქონდა, მისი მონაყოლის მიხედვით ივა ძალიან მძიმედ იყო, მაგრამ რაკიღა ცოცხალი ვიპოვნე, არარ ვჩიოდი” - გვეუბნება სალომე.
თავდაპირველად, ოჯახს არ ეგონა, რომ სიტუაცია ასე გართულდებოდა “გვეგონა რომ რამდენიმე თვეში გამოუშვებდნენ. განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია, თან მაშინ ბევრი დაიჭირეს და გამოუშვეს, უმრავლესობას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა”
სალომემ წითელ ჯვარს მიმართა, რომლებიც საპატიმროების მონიტორინგს ატარებენ “მაგრამ მათ ინფორმაციის გამოტანის უფლება არ აქვთ, გვეუბნებოდნენ ხოლმე, რომ უბრალოდ, - ნახეს. საქმის შესახებ ორგანიზაციას “სოლიდარობა უკანონო პოლიტპატიმრებს”, შევატყობინეთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც საქმის კურსშია.”
სალომე ნაკაშიძე ქმარს წესის მიხედვით თვეში ერთხელ ნახულობს, პირისპირ შეხვედრის ნებას არ აძლევენ, შუშის მიღმა, ტელეფონით მეუღლესთან საუბარი კი მისთვის დამთრგუნველია. სალომე აცნობიერებს, რომ შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებასი არ მიიღოს, და სტრასბურგისთვის ემზადება. “თუმცა ამდენი სასამართლოსთვის ფინანსური რესურსიც აღარ გამაჩნია” - ამბობს, ჩვენთან საუბარში ნაკაშიძე - სანამ საქმე სტრასბურგამდე მივა, იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც შეიცვლება, ამდენი უსამართლობა - აუტანელია, ასე გაგრძელება კი - შეუძლებელი”.