რუსიფიკაციის მორიგი, ფართომასშტაბიანი ტალღა გალის რაიონში...
=====
ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალაგალში დარჩენილ 11 ქართულ სკოლაში მომავალი წლიდან სწავლება რუსულ ენაზე მოხდება და ქართული მხოლოდ ერთ რიგით საგნად დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე აანონსებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და თვით ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია მის "რესპუბლიკაში" მოსწავლები თბილისში დაბეჭდილი ისეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას უარყოფს".
გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონიას თქმით, დღეს მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლა ინარჩუნებს ქართული სკოლის სტატუსს, თუმცა აფხაზური ადმინისტრაციის მხრიდან უკვე მიზანმიმართული აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდეს, რაც ხაჯიმბამაც აღნიშნა.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გეგმაზომიერი ასიმილაცია მიმდინარეობს.
"რუსიფიკაციის გეგმაზომიერი პოლიტიკა მიმდინარეობს. რუსეთი საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი მიდის. სინამდვილეში ეკონომიკური ურთიერთობის რაღაც ნაბიჯის გარდა არაფერი არ ჩანს.
"ხაჯიმბას ეს განცხადებაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველების ასიმილაციის პოლიტიკა ისევ აქტიურად მიმდინარეობს. შედეგი ის იქნება, რომ ქართველი მოსწავლეები რუსული წიგნებით, რუსული სასწავლო პროგრამით სწავლების გამო იძულებული გახდებიან, სწავლა არა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სოხუმსა და რუსეთში გააგრძელონ. ასეთი შედეგი რამდენიმე წელიწადში დადგება.
"ამას ემატება მეგრული "დედა ენის" შეტანის გეგმაც. მე უკვე აღარ ვიცი, ჩვენ რა შეგვიძლია, საპროტესტო განცხადებების მეტს ვერაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნავს გვაზავა.
ცნობისათვის, ორი დღის წინ აფხაზეთში გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და ასევე გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვას არ აპირებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აფხაზური სახელმძღვანელოების საშუალებით მოხდება, რადგან "მიუღებელია, ბავშვებს ისეთი სახელმძღვანელოთი ასწავლონ, რომელიც აფხაზეთის არსებობას უარყოფს."
"ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ რუსეთთან და საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გვინდა, თუკი ქართული მხარე მიხვდება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის აღიარება აუცილებელია," - განაცხადა ხაჯიმბამ გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, "აფხაზეთის კონსტიტუციის" მიხედვით აფხაზური ენა "სახელმწიფო ენაა", რუსულ ენაზე კი საქმეთა წარმოება მიმდინარეობს. ამიტომ გალის მოსახლეობისათვის აუცილებელია იცოდნენ აფხაზურიც და რუსულიც, ხოლო ვისაც ქართული ენის ცოდნა უნდა, შეუძლია ისიც ისწავლონ.
"ვისაც უნდა, ისწავლოს, ზედმეტი არ იქნება. მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, ბავშვებს ჩვენი სახელმძღვანელოებით მივაღებინოთ განათლება," - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მან შეკრებილებს მოუყვა, თუ როგორ აჩვენა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ის ქართული სახელმძღვანელო, რომლითაც გალის რაიონის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან.
"ამ წიგნში მოცემულია ილუსტრაცია, სადაც დახატულია რუსული დათვი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან აშორებს და ამ ტერიტორიებს ჭამს. ჩვენ ამ ნახატის აზრს ვერ გავიზიარებთ. ამიტომაც არის აუცილებელი ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც აფხაზეთში გამოიცემა და რომლებშიც საქართველოს მიერ თავსმოხვეული იდეოლოგია არ იქნება გატარებული," - დაამატა ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტმა".თავის მხრივ, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ლიდერმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ რაიონის 20 სკოლიდან 11-ში სწავლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს, განსაკუთრებით დაბალი ზონის სკოლებში.
"მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ გაიქცნენ და აფხაზეთში დარჩნენ. მაგრამ ასეთი სწავლება ამ მოქალაქეებს მძიმედ ურტყამს. საკითხავია, ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ ენაზე ვერ წერენ და ვერ საუბრობენ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოში ადაპტირებას?!" - განაცხადა ნადარაიამ და დასძინა, რომ დღეისათვის სკოლებში უკვე დარიგდა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პროგრამის შესაბამისად შექმნილი 4 000 სახელმძღვანელო.
გალის რაიონში ომამდელ საზღვრებში 31 სკოლა ფუნქციონირებდა. ამ სკოლებიდან დღეს ხელოვნური დაქუცმაცების გამო 9 სკოლა ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის, 1 ოჩამჩირეს, 20 კი გალის რაიონს დარჩა.
გალი ზედა და ქვედა ზონებადაა დაყოფილი, ზედა ზონაში 9 სკოლაა, ქვედა ზონაში - 11. დღესდღეობით მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში მიმდინარეობს ქართულად სწავლება, სხვაგან - რუსი ავტორების, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებია და ქართული მხოლოდ რიგით საგნად ისწავლება - კვირაში ერთ საათი ქართველი ენა და ერთი საათი ლიტერატურა ისწავლება.
თუმცა, ქართული პედაგოგები მოსწავლეებს ქართულს ჩუმად მაინც ასწავლიან. ასევე მეორე კლასიდან ყველა სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა და ისიც რიგით საგნად.ნონა შონია აცხადებს, რომ ქვედა ზონის ქართულ სკოლებში უკვე ამ სასწავლო წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ქართულ ენას ჩამოერთვა საათები და რუსულის სწავლება გაძლიერდა.
"თუ მანამდე გალის ქართულ სკოლებში მოსწავლეები რუსულის სწავლას მესამე კლასიდან იწყებდნენ, წელს პირველი კლასიდან დაიწყო და გაძლიერებულად", - აღნიშნავს შონია.
მისი თქმით, 31-ვე სკოლაში ყველა მოსწავლე ქართული გრიფირებული სახელმძღვანელოებით მარაგდებოდა, თუმცა 2013-2014 წლებში მხოლოდ ქვედა ზონის 11 სკოლისათვის მოხდა სახელმძღვანელოების გადაგზავნა. ოღონდ ერთი აკრძალვა ყოველთვის მოქმედებდა - ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორის სახელმძღვანელოების შეტანა აკრძალულია.
"მომავალი წლის სექტემბრიდან დაგეგმილია, რომ ამ დარჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც პირველი კლასიდანვე მხოლოდ რუსულად დაიწყოს სწავლება და როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, ქართული რიგით საგნად უნდა ისწავლებოდეს. ის სახელმძღვანელო, რომელზეც ხაჯიმბა ამბობს, დათვი იყო გამოსახულიო, |ყ-ყ|| კლასის ისტორიის სახელმძღვანელოა, სადაც 2008 წლის ომზე მოკლედ საუბარი და ევროპული პრესიდან ამოღებული კარიკატურაა - დანაწევრებული საქართველო და იქვე დათვია დახატული, რომელსაც "რუსეთი" აწერია.
"სხვათა შორის, ხაჯიმბას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი შეეპასუხა - თუკი დაწყებითი კლასიდან მოხდება სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანა, ეს ქაოსს გამოიწვევს, ბავშვებმა სათანადოდ რუსული არ იციან და საგნების სწავლებას ვერ შეძლებენ, არც პედაგოგები ფლობენ რუსულ ენას სრულყოფილად და რუსულ ენაზე საკმარისი სახელმძღვანელო არ არისო.
"თანაც, ოკუპირებულ აფხაზეთში გაცხადებულია, რომ ნაციონალური სკოლებისთვის სახელმძღვანელოების შექმნა თავად სურთ, თუმცა, ჯერ შექმნილი არ აქვთ.
"ნადარაიას მიერ ნახსენები უკვე დაბეჭდილი 4 ათასი წიგნი, ეს არის მეორე-მეოთხე კლასის რუსული ენის წიგნები, თუმცა, ჯერ სკოლებისთვის არ გადაცემულა და არ ვიცით, ვის გადასცემენ. არ ვიცით, რა და როგორ იქნება, მაგრამ ამ პროცესის შეჩერება ჩვენზე დამოკიდებული არ არის", - ამბობს შონია და დასძენს, რომ რუსულ სწავლებაზე გადასვლა მართლაც დიდ ქაოსს გამოიწვევს და ბავშვების განათლებას ძალიან დააზარალებს, რადგანაც რუსულ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში გაკვეთილების ჩატარება ისევ ქართველ პედაგოგებს მოუწევთ.
ასე ხდება ტყვარჩელისა და გალის ზედა ზონის სოფლებში, სადაც პედაგოგებმა რუსული ენა სრულყოფილად არ იციან და მოსწავლეების მსგავსად მასწავლებლებსაც წინა ღამით უწევთ გაკვეთილის დაზეპირება.
"ტყვარჩელისა თუ გალის ზედა ზონების სკოლებში ძირითადად ჩვენი პედაგოგები მუშაობენ, ისინი ქართველები არიან, განათლება ქართულად აქვთ მიღებული, თუმცა, იძულების გამო საგანს წინა ღამით რუსულად იზეპირებენ, რომ მეორე დღეს გაკვეთილი ბავშვებს რუსულად აუხსნან. მათ ძალიან უჭირთ და თუკი ქვედა ზონის სკოლებშიც სწავლება რუსულენოვანი გახდება, ბუნებრივია, მასწავლებლებს გაკვეთილის რუსულად სწავლა მოუწევთ", - დასძენს შონია.
არის სხვა პრობლემაც - რუსეთში გამოცემული სახელმძღვანელოებით განათლებამიღებულ ქართველებს მომავალში ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრაც გაუჭირდებათ. შონიას თქმით, დღესაც კი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების ერთი ნახევარი თუ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობს, მეორე ნახევარი სოხუმისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებს განათლებას. მით უმეტეს, სოხუმში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება საერთოდ უგამოცდოდ ხდება. ქართული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს კი აფხაზეთში საერთოდ ვერც გამოაჩენ, ეს სახიფათოა.
"აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილია, უფრო და უფრო ბევრი ქართველი სასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი არ წავიდეს, არამედ სოხუმსა და რუსეთში, რომ გალში რუსული იდეოლოგიით განათლებულები დაბრუნდნენ," - დასძენს შონია.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=24025
This post has been edited by ფორცხოლი on 15 Mar 2015, 18:13
. .