
საქპატენტმა დეპონირების დამადასტურებელი მოწმობა 12 წლის ლუკა ირემაშვილის კიდევ ერთ სამეცნიერო ნაშრომზე გასცა. „სამყაროში 14 მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილ ატომებში ნებისმიერი ელექტრონის ახალი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობის ზოგადი ფორმულა აღმოჩენილია“, - ასე ეწოდება კვლევას, რომელიც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ორი თვის წინ დარეგისტრირდა. მანამდე კი ლუკას სახელზე საქპატენტში ხუთი სამეცნიერო ნაშრომი უკვე ირიცხებოდა.
თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლე აღნიშნული ნაშრომით კვანტურ მექანიკაში პრობლემური საკითხების კვლევას განაგრძობს. იგი For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ელექტრონების თავისუფალი ნების კვლევის საკითხმა ახალი საფიქრალი გაუჩინა.
„მიზნად დავისახე სამყაროში დიდი აფეთქების დროს 14-მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი 92-ვე ატომში ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის - ელექტრონის თავისუფალი ნების-რიცხობრივი მნიშვნელობის დადგენა. ასევე შევისწავლი, თუ რა გავლენას მოახდენს კვანტურ მექანიკაში ცნობილი ოთხი კვანტური რიცხვის ცვლილება ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის ცვლილებაზე“,- ამბობს ლუკა ირემაშვილი.
მეცნიერული ნაშრომების მცირეწლოვანი ავტორი საკუთარ მიგნებებს სპეციალური ფორმულის სახითაც აყალიბებს - G = N+L+M+S - რომელიც ასე იშიფრება: ელექტრონის თავისუფალი ნება რიცხობრივად ამ ელექტრონის ენერგიის, ღრუბლების ფორმის, სივრცეში ორიენტაციის უნარის და წარმოსახვითი ღერძის ირგვლივ ბრუნვის მიმართულების რიცხობრივი მნიშვნელობების ჯამის ტოლია.
24-ე სკოლის მოსწავლე ყვება, რომ გამოკვლევების პროცესში შემდეგი რამ დადგინდა: როდესაც იზრდება მთავარი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობა, ყველა ქვედონის შემთხვევაში იზრდება ახალი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობები. ახალი კვანტური რიცხვი კი მრავალ ორბიტალურ ქვედონეებზე ყველა მიმართულებით იზრდება, მაშინაც კი, როდესაც ამ ქვედონეებზე ორბიტალური კვანტური რიცხვი არ იცვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორბიტალური კვანტური რიცხვი ხელს ვერ უშლის მრავალ ორბიტალურ ქვედონეებზე ელექტრონების ახალი კვანტური რიცხვის ზრდის ტენდენციას.
„დასკვნის სახით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კვანტურ მექანიკაში არსებული ოთხივე კვანტური რიცხვის კავშირი ახალ კვანტურ რიცხვთან ჩემ მიერ შესწავლილი იქნა და დადგენილი იქნა ის კანონზომიერება, რომელიც მათ შორის არსებობს“,- განმარტავს ლუკა ირემაშვილი და აღნიშნავს, რომ ელექტრონის ქცევაზე გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მხოლოდ ელექტრონის თავისუფალი ნების მაღალი მაჩვენებელი, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს ელე,ქტრონების ურთიერთგავლენას და ელექტრონების განწყობას.
„როდესაც ატომში შეიქმნება მოთხოვნილება და სიტუაცია ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მაშინ ატომში იმ ელექტრონში, რომელსაც მაღალ თავისუფალი ნება გააჩნია და ამ ელექტრონზე მცირეა სხვა ელექტრონების ურთიერთგავლენა, ასეთ ელექტრონში მეტია შანსი გაჩნდეს განწყობის იმპულსები, რომელიც ქმედებაში გადავა. სწორედ ასეთ შემთხვევებთან გვქონდა საქმე, როდესაც წინა შრომებში ვსწავლობდით ატომების Gz, Mn, Cu, Zn… ჩამოყალიბების მექანიზმებს“, - ამბობს 12 წლის ლუკა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ჯერჯერობით, არც ერთ მეცნიერს არ უარუყვია ახალი კვანტური რიცხვი. დღეს კი დადგა დრო, ეს საკითხი ფართოდ გაშუქდეს და კვანტური კომპიუტერის ეპოქაში 14 მილიარდი წლის „ასაკის“ მქონე ელექტრონების „დემოკრატიული“ წესრიგი საზოგადოების ასევე დემოკრატიულად განვითარების ერთგვარ მაგალითად იქცეს.
ლუკა ირემაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ აღმოჩენილი უნივერსალური მათემატიკური ფორმულით ნებისმიერ მეცნიერს შეუძლია, სამყაროში 14-მილიარდი წლის წინათ წარმოქმნილი 92-ვე ატომში ნებისმიერი ელექტრონის – მის მიერვე აღმოჩენილი – მეხუთე კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობის დადგენა.
12 წლის მკვლევარი ამბობს, რომ ახალი აღმოჩენა უკვე გადასცა ყველა დაინტერესებულ მეცნიერსა და სამეცნიერო ორგანიზაციებს. დარგის სპეციალისტებისთვის ნაშრომის გადაგზავნაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას დახმარებასაც უსვამს ხაზს და ამჯერად სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისგან შენიშვნებს ელის.
სპეციალისტების ნაწილისგან რამდენიმე დადებითი შეფასება თვეების წინ მიიღო. პროფესორმა დემურ ჯალაღონიამ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ლუკას ნაშრომების თემაზე სპეციალური წერილით მიმართა, რომლითაც ლუკას მიგნებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დეკარტე ამბობდა, მომეცით არქიმედეს საყრდენი და დედამიწას დავატრიალებო. ჩვენი აზრით, მთავარი კვანტური რიცხვი შეიძლება გახდეს სამყაროსეული საიდუმლოს ამხსნელი, საწყისი, ისეთი საწყისი, როგორც ბერძნები ბრძანებდნენ: „ენ პანტა“ - ერთში მრავალი და მრავალში ერთი. ის ცდილობს, დაადგინოს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ატომები და შემდგომ ის აქციოს ისეთ ერთად, რომელსაც არ სჭირდება ამხსნელი. ცნობილია, კვანტური მექანიკის ავტორის, ნილს ბორის და ცნობილი მეცნიერის, ალბერტ აინშტაინის კამათი. აინშტაინი უარყოფს ნილს ბორის კვანტურ მექანიკას. აინშტაინი ისე გარდაიცვალა, რომ კვანტური მექანიკა არ აღიარა. ატომების ჩამოყალიბების გასარკვევად ახალგაზრდა მეცნიერი, სწორედ, კვანტურ მექანიკას ეყრდნობა. საიდანაც სურს, წვდეს სამყაროსეულ საიდუმლოს. საკითხის ასე დასმა ორიგინალურია და უდავოდ საინტერსო“, - ვკითხულობთ პროფესორის წერილში.
ლუკას ნაშრომების გაცნობა და მის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ქართველი მეცნიერების გარდა უცხოელებსაც შეუძლიათ. ინგლისურ ენაზე თარგმნილი ლუკას გამოგონებები სამეცნიერო ვებგვერდ www.researchgate.net - ზე არის გამოქვეყნებული.
კვანტური მექანიკით დაინტერესებული 12 წლის ლუკა უახლოეს მომავალში წიგნის გამოცემასაც გეგმავს, რომლითაც მკითხველს საკუთარი შრომებისა და მიგნებების შესახებ დაწვრილებით მოუთხრობს.
„წიგნში მოვლენები პარალელურად ვითარდება ჩვენთვის აბსოლუტურად ახალ რეალობაში – კვანტური კომპიუტერის ეპოქაში – და ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობ ვითარებაში – 14 მილიარდი წლის წინათ, როდესაც დაიწყო სამყაროს ჩამოყალიბება. ოთხი ელექტრონი კი, რომელიც პირველად მე აღმოვაჩინე კვანტურ მექანიკაში და მათი მონაწილეობით d-ელემენტების ჩამოყალიბების მექანიზმის საიდუმლოება პირველად მე ამოვხსენი, ორივე ეპოქაში მშვენივრად გრძნობენ თავს, თუ ადამიანები მათ თავს დაანებებენ... წიგნი დიალოგის ფორმატშია გადაწყვეტილი, რომელშიც იქნება ყველა ჩემი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი შრომების ანალიზი“,- განმარტავს ლუკა ირემაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი წიგნის წაკითხვა ფართო აუდიტორიას შეეძლება, რადგან ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იქნება გამოცემული.
For.ge, მადლენა მაჭარაშვილი
კვანტური მექანიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პალეონტოლოგია - 12 წლის ლუკა ირემაშვილისთვის ეს დარგები იმდენად ახლოა, რომ დღემდე 5 სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა. ხუთივე მათგანი საქპატენტში დარეგისტრირებულია და პატარა გამომგონებელის სახელზე დეპონირების დამადასტურებელი მოწმობებიც გაცემულია. ქართველ მეცნიერთა ნაწილი ლუკა ირემაშვილში გენიოსს ხედავს.
თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორებთან პირველი საჯარო შეხვედრა 1-ელ ივლისს გამართა. პროფესორებმა ორთვიანი ტაიმ-აუტი ითხოვეს და პატარა გამომგონებელთან საკამათოდ მორიგი შეხვედრა სექტემბრისთვის ჩაინიშნეს. ეს არ ნიშნავს, რომ ლუკა ორი თვე ისვენებს, იგი საკუთარ ნაშრომებს ინგლისურ ენაზე თარგმნის და საერთაშორისო ვებგვერდზე გამოქვეყნებას აპირებს, სადაც მის აღმოჩენებს უცხოელი მეცნიერები გაეცნობიან. ლუკა ირემაშვილს საკუთარი გამოგონების დასაცავად არგუმენტების წარდგენა მათთანაც მოუწევს.
For.ge ლუკას სახლში ესტუმრა და მისი ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.
ლუკას დედა, მაკა ხითარიშვილი ჩვენთან საუბარში ყვება, რომ შვილს განსახვავებული ინტერესები და ხედვები ადრიდანვე შენიშნა „შინაგანად აქვს ნიჭი და განსხვავებულად ფიქრობს. თავისებური ხედვა აქვს. ზღვა კითხვები უჩნდება, სულ კითხულობს, ეს ასე რატომ არის? მე ვერ ვპასუხობ. ამიტომ თავადვე ცდილობს პასუხების მოძიებას“, - ამბობს მაკა ხითარიშვილი.
შვილიშვილზე დიდ იმედებს ამყარებს ბაბუა, ილია ხითარიშვილი, რომელიც პროფესიით ქიმიკოსია. გვეუბნება, რომ ლუკასთან ნათესაური ურთიერთობა თითქმის არ აქვს, რადგან ისინი, ძირითადად, საქმეზე - სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობენ და კამათობენ.
„ცნობილ პროფესორთან მეცნიერ აბესალომ ვეკუასთან მივედით. დახედა პალეონტოლოგიის თემაზე ლუკას ნაშრომს, გაესაუბრა მას და მითხრა: ვერ დაგიმალავთ, ეს ბავშვი გენიოსია! ძვალი რასაც ქვია, მის შესახებ ყველაფერი ვიცი, მაგრამ რასაც ეს ბავშვი ყვება, პირველად მესმის, რეცენზენტიც არ მეგულება, ვინც რეცენზიას დაგიწერდათ, ჩემს ჟურნალში რომ დამებეჭდაო“, - იხსენებს ილია ხითარიშვილი და აღნიშნავს, რომ ლუკა ელექტრონების თემის შემდეგ უკვე წყლის ფენომენის გამოკვლევით არის დაინტერესებული.
For.ge ყველაზე ვრცლად თავად პატარა გამომგონებელს ესაუბრა.
ლუკა, მოგვიყევი, როდის და რატომ დაინტერესდი კვანტური მექანიკის საკითხებით?
- მეოთხე კლასში ვიყავი, კოსმოსით რომ დავინტერესდი. მინდოდა გამეგო, თუ როგორ ჩამოყალიბდა ატომები 14 მილიარდი წლის წინ. ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს ვიყენებდი. ვიდეორგოლებს ვუყურებდი, ვუსმენდი ბევრი მეცნიერის კამათს ამ თემაზე. მათ შორის იყო კვანტური მექანიკის ავტორის ნილს ბორის და ცნობილი მეცნიერის ალბერტ აინშტანის კამათი. აინშტაინი უარყოფს ნილს ბორის კვანტურ მექანიკას. ისე გარდაიცვალა, კვანტური მექანიკა არ აღიარა. ატომების ჩამოყალიბება რომ მცოდნოდა, კვანტური მექანიკა უნდა შემესწავლა. რაც თავის მხრივ, კვანტური რიცხვების და რამდენიმე წესის სწავლას გულისხმობდა. მეხუთე კლასში უკვე კონკრეტული აღმოჩენები მქონდა.
ვინ გეხმარებოდა კვანტური მექანიკის შესწავლაში, შენს ასაკში სკოლაში, მსგავსი საგნები არისწავლება და მასწავლებელი ალბათ ვერც კონსულტაციას გაგიწევდა...
- ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციებს. გავიგე, რომ ქიმიის და ფიზიკის წიგნები მჭირდებოდა და, თავდაპირველად, უფროსი ძმის, გუგას სახელმძღვანელოები წავიკითხე.
ინტერნეტში ქართულის გარდა რა ენაზე კითხულობდი შენთვის საჭირო ინფორმაციებს?
- ინგლისურად. ეს ენა ადრე ვისწავლე, მულტფილმების და ფილმების ყურებით.
სამეცნიერო ნაშრომებზე მოგვიყევი. როდის დაწერე პირველი ნაშრომი და რა თემაზე?
- მრავალელექტრონიანი სისტემისა და კვანტური რიცხვების წესის შესწავლის შემდეგ ნელ-ნელა ვსწავლობდი სისტემაში ატომების ჩამოყალიბებასაც, ეჭვი შემეპარა ქრომის ატომში. ლიტერატურაში ცნობილია, რომ ელექტრონი ჩავარდება სამიდან ხუთ ორბიტაზე და ასე ჩამოყალიბდება ქრომის ატომი. შევისწავლე ქრომის ატომი და გამოვიტანე დასკვნა, რომ იგი კი არ ვარდება, არამედ, აზროვნების გამოყენების შედეგად გადაადგილდება საკუთარი ორბიტიდან სხვა ორბიტაზე. შემდეგ შევისწავლე მანგანუმის ატომი. სპილენძის ატომიც ქრომის მსგავსია. გამოვიტანე დასკვნა, რომ ერთ ელემენტს შეუძლია, 5 სხვადასხვა ატომი სხვადასხვა რიცხვებით სხვადასხვა დროს ჩამოაყალიბოს. ეს ატომებია - კალციუმი, ქრომი, მანგანუმი, სპილენძი და თუთია. 4S2-ის გარდა ასევე შევისწავლე 5S2, 6S2, 7S2-ის ორბიტაზე მბრუნავი ელემენტების ქცევა და წარსული ინფორმაციული ველის შესწავლით დავადგინე და თუ რომელ ელემენტებს ჩამოაყალიბებს 5S2, 6S2, 7S2. ვის აჩვენე პირველი ნაშრომი და რამდენად იოლად გაიგეს შენი აღმოჩენის მნიშვნელობა? - ქიმიას რომ ვსწავლობდი, ბაბუა მეხმარებოდა, რომელიც ჩემი კონსულტანტია. როცა რაღაცაში ეჭვი მეპარებოდა და კითხვები მიჩნდებოდა, ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა მართალი. როდესაც დავადგინეთ, რომ 4S2-მა, 5S2-მა, 6S2-მა და 7S2-მა ჩამოაყალიბა 20 ატომი, ვეცადე დამემტკიცებინა, რატომ ხდებოდა ეს. ამის შემდეგ დიმიტრი უზნაძის წიგნის საფუძველზე უკვე დავწერე მეორე ნაშრომი - „კანონი განწყობის შესახებ“.
რას გულისხმობს „კანონი განწყობის შესახებ“?
- ელექტრონს უნდა გააჩნდეს თავისუფალი ნება, რომ ჩამოაყალიბოს ატომი. ანუ, ელექტრონი თავად წყვეტს, თუ რომელ ორბიტაზე დაჯდეს, რომელი ატომები ჩამოაყალიბოს და რომელი კვანტური რიცხვები ჰქონდეს. იგი ემორჩილება სამყაროს კანონზომიერებას - პროცესები მიმდინარეობს უმოკლესი გზებით, ნაკლები ენერგიის ხარჯვით და სრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი ამ შემთხვევაში არის მდგარდი სისტემის ჩამოყალიბება.
პალეონტოლოგიის მიმართულებითაც გაქვს ნაშრომი მომზადებული. ეს სფერო რა კავშირშია კვანტურ მექანიკასთან?
- როდესაც გავარკვიე, რომ ჩემი ელექტრონები აზროვნებენ, აქვთ გენეტიკური მეხსიერება და აყალიბებენ სხვადასხვა ატომს, შევისწავლე ძვლის შემადგენლობა. ინგლისურ ენაზე წავიკითხე ლიტერატურა ინტერნეტში და გავარკვიე, რომ ძვალსაც ელექტრონის მსგავსი თვისებები ჰქონდა. ძვალს აქვს მეხსიერება და უნარი, თაობიდან თაობას გადასცეს ინფორმაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი მეცნიერს - აბესალომ ვეკუას, მითხრა, ძვლის შესახებ ყველაფერი ვიცი, ხელს რომ მოვკიდებ, თვალდახუჭულიც გეტყვით, რომელი ძვალია, მაგრამ რაც ნაშრომში გიწერია, ეს არ ვიციო. ბევრ სხვა მეცნიერსაც შევხვედრილვარ. პროფესორები, რომლებიც კვანტურ მექანიკაში ლექციებს კითხულობენ, მეუბნებიან, რომ საკითხები, რაზეც მე ვწერ, არ იციან. ჩემი ბოლო ნაშრომი კვანტურ რიცხვს ეხება. ჩემი ელექტრონების დასახასიათებლად შემოვიტანე კვანტური რიცხვი, რაც არის ელექტრონის თავისუფალი ნება. დავადგინე მისი რიცხვობრივი მნიშვნელობა, რაც კრებითი კვანტური რიცხვის ტოლია. კრებითი კვანტური რიცხვი კი ელექტრონის მთავარი, ორბიტალური, მაგნიტური და სპინოკვანტური რიცხვის ერთობას უდრის. ჩემი აზრით, ეს ახალი კვანტური რიცხვი უნდა იყოს მთავარი კვანტური რიცხვი.
ასეთ რთულ საკითხებზე მუშაობა და ნაშრომების მომზადება ალბათ დიდ დროს მოითხოვს? სწავლაში ხელი არ გეშლება? როგორი მოსწავლე ხარ?
- სკოლაში ნორმალურად ვსწავლობ და ჩემი შრომებისთვისაც მრჩება დრო. უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ. არ მინდა, რომ გადავიტვირთო, ვთამაშობ და ვერთობი კიდეც. კალათბურთი და ფეხბურთი მიყვარს. კომპიუტერულ თამაშებსაც ხშირად ვთამაშობ. სამეცნიერო საკითხებზე მუშაობისთვის განსაკუთრებით კარგი დრო ჩემთვის ზაფხულია. სკოლაში არდადეგები რომ მაქვს, მეტი თავისუფალი დრო მრჩება.
იმედია ხელშეწყობა ექნება ამ ბავშვს და მალე არ მოუწევს ფიქრი უყურადღებობის გამო ამ ქვეყნიდან წასვლაზე...
This post has been edited by Mr_Li on 2 Apr 2015, 17:57