დევიდ ლინჩის თვინ ფიქსის ახალი კოშმარების მოლოდინში
litagora / January 29, 2016
635795425733528421612437262_twin peaks
ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი
დაბალი რეიტინგის გამო დევიდ ლინჩის საკულტო სერიალი Twin peaks (თვინ ფიქსი) 1991 წლის ზაფხულში გაქრა ეკრანებიდან. და აი, შოუს გაუქმებისა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 26 წლის შემდეგ, სერიალი კვლავ განახლდება, სავარაუდოდ 2017 წელს.
ამ არაჩვეულებრივად უცნაურმა შოუმ სერიოზული მუსიკალური, კინემატოგრაფიული და იდეური გავლენა მოახდინა პოპ-კულტურის სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის ისეთ ცნობილ ვიდეო თამაშზე, როგორიც პირველი Silent Hill-ია (Sony Playstation-ის ყველაზე ადრინდელი კონსოლისთვის) და ისეთ კრიტიკულად აღიარებულ სერიალებზე როგორებიცაა Bates Motel, Gravity Falls და True Detective.
საოცრად შთამბეჭდავია როდესაც გენიალური ალფრედ ჰიჩკოკის შედევრზე დაფუძნებული სერიალის (Bates Motel) შემქმნელი კარლტონ კიუზი დაუფარავად ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო სწორედ თვინ ფიქსი იყო. ეს ფაქტი თავისთავად მიუთითებს იმაზე თუ რამდენად ღირებული ხელოვნების ნიმუშის ავტორია დევიდ ლინჩი, რაც თავის მხრივ, ერთიორად დასაფასებელია შემოქმედებით პროცესში პროდიუსერების მუდმივი ჩარევის ფონზე.
და მაინც რაზეა და რატომაა ასე მისტიურად მიმზიდველი სერიალი, რომლის ნახვაც ქართველ ტელემაყურებელს 90-იან წლებში ტელეკომპანია კავკასიაზე შეეძლო? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ისევე რთულია, როგორც დევიდ ლინჩის მიერ ამ და სხვა ნამუშევრებისთვის შექმნილი სიზმრისმაგვარი ლამაზი კადრებიდან ლოგიკური აზრების გამოტანა.
ლინჩის სხვა ფილმების მსგავსად მუსიკა აქაც სერიოზულ როლს თამაშობს და მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელ ჟრუანტელის მომგვრელ ატმოსფეროს ქმნის. შოუს კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტია, რომელსაც რეჟისორთან სერიალამდეც და მას შემდეგაც უთანამშრომლია (ლურჯი ხავერდი, უბრალო ისტორია, მალჰოლანდ დრაივი). ზოგგან მუსიკა უბრალოდ წყნარი, მაგრამ საზარლად ავისმომასწავებელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოურიდებლად აღწევს მაყურებლის კანქვეშ და მსმენელს ძარღვებში სისხლს უყინავს.
პერსონაჟებს შორის კომედიური ინტერაქციებით, ჩახლართული რომანტიული ურთიერთობებით, აუხსნელი მკვლელობებით, ზებუნებრივი მოვლენებით, საშინელებათა ფილმებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური გაფორმებითა და კინემატოგრაფიული სტილით, თვინ ფიქსი ერთდროულად ამერიკული საპნის ოპერების პაროდიაცაა, შავი კომედიაც და ინოვაციური ელემენტების დამნერგავი დეტექტიურ-მისტიური, ჰორორის ჟანრის სერიალიც.
ტექსტის მომდევნო ნაწილები სპოლიერებითაა გაჯერებული, ამიტომ, მათ ვისაც სიამოვნების მიღება სურს და სერიალის ორი სეზონის ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე ნახვა უნდა, კითხვის შეწყვეტას და უშუალოდ სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის ყურებას ვურჩევ.
შოუ სავსეა სიურრეალისტური მოვლენებით და პერსონაჟებით. ხის მორთან მოლაპარაკე ხანში შესული ქალი, ტრანსგენდერი დევიდ დუხოვნი, გაუგებარი ქარაგმებით მოსაუბრე ჯუჯა და დევიდ ლინჩის ფედერალური გამოძიების ბიუროს ნახევრად ყრუ აგენტი. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ უცნაური ადამიანებისა, რომლებსაც თვინ ფიქსში ვხვდებით. მსახიობები, რომლებიც რეჟისორმა შეარჩია ცალკე განხილვის თემაა.
http://litagora.ge/2016/01/29/twnpks/