ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
|
#46271345 · 21 Nov 2015, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
avgusta
კარგი შეკითხვებია, მაგრამ პასუხებით ალბათ დიდად ვერ გაგაკვირვებ, უმეტესობა ცალ-ცალკე მაინც გეცოდინება, თუ ერთად შეკრებილი არ წაგიკითხავს.
| QUOTE | | როგორ ცხოვრობენ "ათეისტები" |
გააჩნია ვითარებას. ისტორიის უმეტეს დროს ათეიზმი აკრძალული იყო, ამიტომაც იატაქვეშეთში მიდიოდა ათეიზმის პრაქტიკა, ანონიმურად, პამფლეტურად იწერებოდა და ქვეყნდებოდა ნაშრომები. თუმცა, აქა-იქ იმდენი ათეისტი გროვდებოდა ხოლმე, რომ შესაძლებელი ხდებოდა მთელი ქვეყნის, ერ-სახელმწიფოს საერო თუ სასულიერო იერარქიის გადატრიალება. ძველ ეგვიპტეშიც კი არის აღწერილი ამგვარი აჯანყება, როცა მდიდრები ღარიბები გახდნენ და ღარიბები _ მდიდრები, ხოლო ქურუმებმა დროებით დაკარგეს ძალაუფლება. მაგრამ პირველი კარგად დოკუმენტირებული რევოლუციებია საფრანგეთის რევოლუცია, 1789-1793 და რუსეთის რევოლუცია, 1917. ათეისტური და, ზოგადად, სოციალური რევოლუციების მახასიათებელია ტერორი, რევანშისტული წმენდა (დაბალ და დაჩაგრულ ფენებს შესაძლებლობა ეძლევათ, შური იძიონ საუკუნეების ჩაგვრისათვის და ამ შესაძლებლობას იყენებენ) და ბოლოს ისევ ისეთი იერარქიული საზოგადოების ჩამოყალიბება, სადაც უბრალოდ როლებია შეცვლილი, თორემ ჩაგვრა ადგილზე რჩება.
ჩვენთვის შედარებით უკეთ ცნობილია საბჭოთა ათეიზმი, ამიტომაც ეგ შეიძლება კარგ მაგალითად გამოდგეს. ათეისტებს უჩნდებათ სიმბოლიკა (წითელი დროშები, დაღვრილი თუ დასაღვრელი სისხლის სიმბოლო, წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, ალბათ ხუთ კონტინენტზე გაბატონების ამბიციის მაჩვენებელი, ურო და ნამგალი _ მასების წარმოშობის და საქმიანობის მაჩვენებელი და ა.შ.), უჩნდებათ ბელადები ან კერპებიც კი: მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი, რომელთა კრიტიკას მკაცრი ტაბუ ედება. ყალიბდება მთელი პრივილეგირებული ფენა _ პარტიულები, რომლებიც გარეგნულად აუცილებლად ათეისტები უნდა იყვნენ, თუმცა ზოგი მათგანი ფარულად მორწმუნეცაა, ათეიზმი კი იძენს მხოლოდ გარეგნული, წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი ატრიბუტიკის სახეს. ამ ყველაფრის კულმინაციაა გარიგების ჩამოყალიბება სახელმწიფოსა და ეკლესიას ან სხვა რელიგიურ კულტებს შორის (არც მეჩეთები იყო წითელი კონტროლისგან თავისუფალი).
უნდა აღინიშნოს, რომ მორალური კოდექსი, რომელსაც ათეიზმი საზოგადოებას ახვევს თავზე (ცდილობს ასწავლოს საშუალო სკოლებიდანვე), არც ისე ცუდია. წახალისებულია ურთიერთდახმარება, ალტრუიზმი, პატიოსნება და მაღალი ზნეობა. კომუნიზმის მშენებელი მონოგამური ალტრუისტია, მისთვის სამარცხვინოა ოჯახის გარე კავშირები. ოფიციალურ დონეზე კრიმინალი სულაც არ რეკლამირდება, სამარცხვინო საქმედ ითვლება ყოველგვარი მომხვეჭელობა. ყველაფერზე მაღლა დგას ათეისტური "მრავალეროვანი სამშობლოს" ამბიციები: მეცნიერება, სპორტი, ხელოვნება, სამხედრო ძლიერება. ათეისტი ეროვნებაზე მაღლა დგას, ყველა ეროვნება ძმურია, მხოლოდ სადღაც ქვეცნობიერად ვიცით, რომ არსებობს ერთი გამორჩეული "უფროსი ძმა" და "უფროსმა ძმამაც" იცის ეს, რომ უფროსია. ;)
აღარ გავაგრძელებ კრიტიკას, სამწუხაროდ, ქაღალდებს, იდეალებსა და რეალობას შორის დიდი სხვაობა იყო. ოჯახის სარჩენად ბევრი ათეისტი სახელმწიფოს ქურდავდა და ამას ისე ყოჩაღად აკეთებდა, რომ ვერც გამოიჭერდნენ ხოლმე. კრიმინალსა და სახელმწიფოს შორის პაქტი არსებობდა, კრიმინალი მართავდა ციხეებს, ციხე "ქურდების" იყო, ხოლო სახელმწიფოს მოგება ის იყო, რომ კრიმინალს იყენებდა მისთვის არასასურველი ელემენტების, ვთქვათ, დისიდენტების გასაკონტროლებლად. ომის შემთხვევაშიც ქურდი თუ იომებდა სახელმწიფოს მხარეს, მას სრული რეაბილიტაცია ელოდა. ერების "ძმობა" საბოლოოდ პატარა ერების გარუსებისკენ და ეროვნული თვითშეგნების დაკარგვისკენ მიდიოდა.
ათეიზმის რეალური მდგომარეობა სსრკ ნგრევამ აჩვენა. სულ რაღაც ორიოდე წელში ქვეყნები, სადაც ათეისტები ქაღალდზე 80-90%-ს შეადგენდა, 90%-ით შემობრუნდა ტრადიციული რელიგიისაკენ. ნიშანდობლივი ისაა, რომ ათეიზმი შეინარჩუნეს უმეტესად მათ, ვინც სულაც არ ყოფილა პარტიული, კომუნისტი ან ჩეკისტი. ამგვარი არაპარტიული ათეისტური ფენისგან მოვდივარ მეც.
დღეს საქართველოში ათეიზმმა დაკარგა ორგანიზებული სახე. ძირითადად ათეიზმი აღმოცენდება სპონტანურად აქა-იქ, ინტელექტზე, ცოდნაზე, პიროვნულ გამოცდილებაზე დამოკიდებულად. ათეიზმი და ზნეობა ძველებურად, საბჭოურად ურთიერთდაკავშირებული აღარაა. ყველა ათეისტი სულაც აღარ თვლის თავს ვალდებულად, იყოს ალტრუისტი ან ინტერნაციონალისტი, მონოგამური ან სხვა მხრივ ზნეობრივი. დღევანდელი ქართული ათეიზმი არც ჩაითვლება ერთ ტომად ან სუბკულტურად, მასში რამდენიმე ძირითადი შიდა მიმართულება გამოიყოფა ალბათ, უკვე პოლიტიკური ნიშნებით. ათეისტებს იშვიათად აკავშირებს მეგობრობა, თუ ყველა მხრივ არ ემთხვევა აზრები, იმდენად მიჩვეულები ვართ შეურიგებელ პოზიციას განსხვავებული აზროვნების მიმართ. პირველი რეალური ურთიერთგაცნობა, შეხვედრები, ორგანიზების მცდელობები მიდის უკვე ელექტრონულ მედიაში, თუნდაც აქ ფორუმში, სოციალურ ქსელებში და ა.შ. იმის გამო, რომ სრულ უმცირესობაში ვართ და თან ვაცნობიერებთ, რომ ინტელექტზე, აღზრდაზე და გენეტიკაზე მცირედ მაინც არის დამოკიდებული ათეიზმი, ვცდილობთ, რომ ისევ ათეისტური წყვილები შევქმნათ.
ჩვენს პლუსებში ჩავწერდი იმას, რომ მიუხედავად რელიგიურების მხრიდან კრიტიკისა და სტიგმატიზებისა (ეგ არაქართველები, იეღოვლები, სატანისტები!), ათეისტებს ჯერჯერობით გვყოფნის ჭკუა, არ მოვაწყოთ "პარადები", გამოსვლები და არ ვამტვრევინოთ არავის თავ-პირი უაზროდ. ჩვენს საქმეს წყნარად და აკადემიურად ვაკეთებთ, ვცდილობთ ვთარგმნოთ უცხოური ათეისტური ფუნდამენტური ლიტერატურა, ვიკამათოთ მუშტი-კრივის გარეშე და ა.შ.
| QUOTE | | "ველურ "ტომებსაც კი ყავთ სიმბოლო რაზეც ლოცულობენ .. |
აგერ ამ კლუბის ფურცლებზე ზუსტად მე ვცდილობდი, შემერჩია კლუბისთვის სიმბოლო. სიმბოლო 1 წლით იყო არჩეული და ვადა გაუვიდა. ვეცდები ქვემოთ დავდო ბმული. მაგრამ როდესმე შეიძლება ისევ გახდეს აქტუალური. ლოცვას ათეისტისგან ტყუილად ნუ ელი, მაგრამ სიმბოლო და სიმბოლიკა შეიძლება იქცეს საყვარელ აქსესუარად, შეიძლება შეგხვდეს ათეისტის ოთახში, მის ავტომანქანაში სამშვენისად და ა.შ. აი ერთ-ერთი ბმული მეცხრე კლუბიდან: ათეისტთა კლუბი (post #33005475) | QUOTE | | არჯერათ "სულის" არსებობა და არც გრძნობები |
"სულის" არსებობა ნამდვილად არ გვჯერა, ათეისტები შორს ვდგავართ მეტაფიზიკისკენ, ჩვენი საქმე უფრო კლასიკურ ფიზიკაში, ქიმიაში და ბიოლოგიაშია. ნიშანდობლივია, რომ მეტია ათეისტი საბუნებისმეტყველო დარგების სპეციალისტებს შორის, ვიდრე მთლიან პოპულაციაში.
რაც შეეხება გრძნობებს, კი, ათეისტს სჯერა გრძნობების, ემოციების, ოღონდ მათ ხსნის ევოლუციის თეორიით და არა ღვთაებრივი წარმოშობით. სრულ უზნეობას ათეისტებს სულაც ვერ დავაბრალებთ, ბევრი მათგანი ნორმალური მოქალაქეა, აყალიბებს საკმაოდ მდგრად წყვილებს, თითქმის მონოგამურ ოჯახებსაც კი, ზრდის შვილებს და სულაც არაა ცუდი მშობელი და ა.შ.
არ ვიცი, საიდან მოდის ყველა და ნებისმიერი ათეისტის მორალი. გააჩნია ინდივიდს. შეიძლება ნაწილობრივ ჩვევიდან, აღზრდიდან, მიბაძვიდან, მაგრამ აშკარად არა რელიგიური მცნებებისგან. მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, საიდან მოდის ბევრი ათეისტის მორალი _ ესაა მორალის ოქროს პრინციპი, რომელიც ცხადია ყველასთვის, ვინც სოციუმში, საზოგადოებაში ცხოვრობს: თუ შენი და სხვა ინდივიდის ინტერესები ერთმანეთს კვეთენ, მოექეცი სხვას ისე, როგორც ის შენს ადგილზე ისურვებდა, ადგილები რომ გაგეცვალათ. ჩათვალე ყველა ჰომო საპიენსის უფლება თანაბრად. თუ შენი და სოციუმის ინტერესები ერთმანეთს კვეთენ, მოიქეცი ისე, რომ ოქროს კვეთა მოხდეს შენსა და საზოგადოების ინტერესებს შორის, ანუ გამოვიდეს საუკეთესო და ოპტიმალური შედეგი როგორც ინდივიდისათვის, ისე საზოგადოებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი მორალი ეფუძნება კალკულაციას, ამ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით ჩვენს ქცევას თითოეული ცალკე შემთხვევისთვის თავიდან ვითვლით.
უნდა ითქვას, რომ ბევრი ათეისტი არა მარტო ჰომოსაპიენსებს ექცევა ჰუმანურად, არამედ სხვა არსებებზეც ავრცელებს ჰუმანურობას. ბევრი ჩვენგანი ვეგეტარიანელი ან ვეგანია, აფასებს და პატივს სცემს სიცოცხლეს, გარემოს და ა.შ. ეს არაა მკაცრად ათეიზმის დამახასიათებელი ნიშანი, ჩემი აზრით, ეს ნებისმიერი მაღალინტელექტუალური ინდივიდისთვის საერთო დასკვნებია, არ დაანგრიო იოლად ის, რისი აშენებაც შენ ასევე იოლად სულაც არ შეგიძლია.
ბევრი რამ დავაკელი აშკარად, მაგრამ თუ ინტერესი კიდევ იქნება, სხვა პოსტებში დავამატებ და ალბათ სხვებიც მომეშველებიან. თუ არ ეთანხმებიან, გამაკრიტიკებენ, თუ არადა, უბრალოდ შეავსებენ.
This post has been edited by ლაბარნა on 21 Nov 2015, 12:01
|