საინტერესო სტატია გამოქვეყნდა "აქცენტში". სადაც შეფასებულია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები და საქართველოს შანსები მსოფლიოსა და მეზობლებთან მიმართებაში. სტატიის დიდი ზომის მიუხედავად, დამერწმუნეთ, წაკითხვას არ ინანებთ.
http://accent.com.ge/ge/news/details/25768მოგაწვდით ამონარიდებს სტატიიდან.
"მსოფლიო თავისი განვითარების ახალ ეპოქაში შედის, რომელსაც ხშირად პოსტინდუსტრიულ, ინფორმაციულ ან ინოვაციურსაც უწოდებენ."
"ქვეყანა ან აუღებს ალღოს ახალ ტენდენციებს და გონივრულად გააზრებული ძალისხმევით დაიკავებს საკუთარ ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიოში, ან ახალი პარადიგმის პერიფერიაზე აღმოჩნდება გარიყული და ჩამორჩენილობისა და სიღარიბისთვის იქნება განწირული."
ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკურ საფრთხე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ამ ამოცანის გადაწყვეტაში, რუსეთის ფედერაციისაგან მომდინარეობს."
ფართო გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მოსკოვი საქართველოს განიხილავს, როგორც გეოგრაფიულად ყველაზე მოხერხებულ ადგილზე მდებარე და ამავდროულად სუსტ რგოლს, რომელშიც მას ძალუძს, გაწყვიტოს დასავლეთი-სამხრეთ კავკასია-ცენტრალური აზიის ჯაჭვი."
"უახლოესი ისტორიის განმავლობაში მოსკოვი საქართველოს მიმართ ატარებს კურსს, რომლის მიზანს საქართველოს დაშლა-დანაწევრება, ქართული სახელმწიფოს მოშლა და მის ტერიტორიაზე საკუთარი კონტროლის დამყარება წარმოადგენს. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევის ტაქტიკა თითქმის ისეთივეა, როგორიც 1801 ან 1921 წლებში. ეს არის ქვეყნის იზოლირება და მისი საზოგადოების მორალური გახრწნა"
"საქართველო, როგორც ყველაზე ძველი და ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის მქონე ერი, რუსეთის იმპერიაში და შემდგომ საბჭოთა კავშირში პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ავანგარდში იდგა და ამ მხრივ სხვა დაპყრობილი ხალხებისათვის ცოცხალ მორალურ მაგალითს წარმოადგენდა. რუსეთის ელიტა, ითვალისწინებს რა ისტორიის გაკვეთილებს, კარგად აცნობიერებს, რომ ქართველი ერი თავისი სახელმწიფოებრივი ინსტინქტების გამო წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მისი ნეოიმპერიული ინტეგრაციული პროექტების წარმატებული განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ რუსული ნეოიმპერიალიზმის სამიზნეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, არამედ ქართველი ერი, როგორც ამ სახელმწიფობრიობის იდეის მატარებელი და წყარო."
"არასწორია მოსაზრება, თითქოს რუსეთთან პრობლემური ურთიერთობების მიზეზი საქართველოს არასწორი პოლიტიკა იყოს. ე.შევარდნაძის პოლიტიკა 1997-98 წლებამდე მთლიანად რუსულ ფარვატერში წარიმართა. მიუხედავად ამისა, მან ვერ მოახერხა, რომელიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხში (ტერიტორიული მთლიანობა, აჭარა, სამხედრო აღმშენებლობა) მოსკოვისგან რამდენადმე სერიოზული მხარდაჭერისთვის მიეღწია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მ.სააკაშვილის პირველი იმპულსი რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების დარეგულირების მცდელობა იყო, თუმცა რით დამთავრდა მისი ძალისხმევა, კარგადაა ცნობილი (სხვათა შორის, ორივეს ხელისუფლებაში მოსვლაში რუსეთს საკუთარი როლი აქვს ნათამაშები). საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა არის მოსკოვის არჩევანი "
"პუტინის განცხადებით, მან საქართველოსთან ომის გენშტაბის მიერ მომზადებული გეგმა 2006 წელს დაამტკიცა"
"რუსეთთან მძიმე ურთიერთობების მიზეზი, როგორც უკვე ვახსენე, არის, ერთის მხრივ, ამ სახელმწიფოს იმპერიული ბუნება და მისგან მომდინარე დამპყრობლური პოლიტიკა, მეორეს მხრივ კი - ქართველი ერის ფენომენი, რომელსაც პრინციპი „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ სამუდამოდ აქვს გამჯდარი ძვალსა და რბილში. "
"სამხრეთ კავკასიას რუსეთი საკუთარი ექსკლუზიური უფლებების ზონად განიხილავს, ამდენად, აქ არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში, მოსკოვის ფაქტორის გათვალისწინებით უნდა იქნას განხილული. "
"გარემოებები დღესდღეობით შეუძლებელს ხდის რეგიონის სამი ქვეყნის სრულფასოვან თანამშრომლობას, რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების გარანტია იქნებოდა. დღესდღეობით საქართველოს ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური კავშირები აქვს. საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ სტრატეგიული პარტნიორობა (რაც მოსკოვის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს). ამ პარტნიორობას გააჩნია პოტენციალი, სათანადო პირობების ჩამოყალიბების შემთხვევაში მომავალში გახდეს ის საფუძველი, რომელზეც შესაძლებელი იქნება რეგიონული თანამშრომლობის შენობის აგება."
"ყურადღება უნდა მიექცეს ასევე რუსული სპეცსამსახურების აქტივობას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს, განსაკუთრებით - მათ მიერ მარგინალური პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსებასა და მართვას. სხვათა შორის, უკანასკნელი პრობლემა ევროპის ქვეყნების წინაშეც დგას"
"საქართველო ინარჩუნებს კურსს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამდენად, დიდი ანგარიშით, შეიძლება, ითქვას, რომ ჯერჯერობით ქვეყანა საგარეო პოლიკურ გამოწვევებს უმკლავდება. "
"თურქეთის რესპუბლიკა ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა პოლიტიკური დოქტრინის ფარგლებში, რომელსაც ქემალიზმს უწოდებენ. "
"თურქეთის ელიტამ ჩათვალა, რომ ქემალიზმმა, რომელიც ერთგვარ იზოლაციონალიზმსაც გულისხმობს, ამოწურა ქვეყნის წინსვლის შესაძლებლობები და უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება დაისახა მიზნად."
"საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, მიუხედავად გარკვეული გადახრებისა, თურქეთში განვითარებული მოვლენები, დიდი ანგარიშით, დემოკრატიის ფარგლებში რჩება. "
"ანტითურქული და, ზოგადად, ანტი- განწყობები არა მხოლოდ უახლესი ისტორიისთვის, არამედ ზოგადად ქართული ცნობიერებისა და მენტალობისთვის უცხო მოვლენაა... ადგილი აქვს ერთეულ მოვლენებს, რომლებიც მთლიანად მესამე, კერძოდ, რუსეთის მხრიდან არის ინსპირირებული და მისი პროპაგანდისტული მანქანისა და სპეცსამსახურების მხარდაჭერით ხორციელდება. საზოგადოების მხრიდან მტკიცე რეაქციის შემთხვევაში ასეთი მცდელობები კრახისთვისაა განწირული. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნების მკაფიო დაფიქსირებაც, რაც, ქართული სპეცსამსახურების პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, ამგვარ მცდელობებსაც კი გამორიცხავდა."
"შესამჩნევია, რომ დღევანდელი მსოფლიო და, მათ შორის, ამერიკელი ამომრჩეველი ერთგვარად გადაიღალა არსებული მდგომარეობით და ცვლილებებს, სიახლეს მოითხოვს. ამდენად, როგორც ჩანს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტისგან ნამდვილად უნდა ველოდოთ ცვლილებებსა და სიახლეებს."
"ვაშინგტონის კურსს საერთაშორისო არენაზე მემკვიდრეობითობა და გარკვეული ინერტულულობაც ახასიათებს, რაც თავისთავად გამორიცხავს მკვეთრ მოძრაობებსა და რადიკალურ ცვლილებებს. ტრამპის მიერ უკვე დაანონსებნული დანიშნვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, მისი საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა რესპუბლიკელი პრეზიდენტების პოლიტიკისგან."
" ტრამპი შეეცდება პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა შედეგს ვერ მიიღებს.
„რესტარტის“ პოლიტიკის კრახმა აჩვენა, რომ რუსეთი ურთიერთობების გაჯანსაღებაში შტატების მხრიდან სტრატეგიული ხასიათის დათმობებს გულისხმობს, მაშინ, როდესაც თავად არ არის მზად, თუნდაც ტაქტიკურ დონეზე გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. პუტინით მოსალოდნელი იმედგაცრუება, ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ადვილად გადაიზრდება ხისტ დაპირისპირებაში."
"საქართველოსთან მიმართებაში უახლოეს ხანებში მკვეთრ მოძრაობებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა, რუსეთთან თითქმის გარდაუვალი დაპირისპირების პირობებში, მოსალოდნელია, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ გაიზარდოს."
"ლიბერალიზმმა, მემარცხენეობამ, მემარჯვენეობამ, როგორც ინდუსტრიული ეპოქის პირმშოებმა, იმ სახით, რომლითაც არსებობდნენ, საკუთარი თავი ამოწურეს."
"მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მემარჯვენე განწყობების გაძლიერება, რა თქმა უნდა, არც საქართველოს აუვლის გვერდს. ჩვენი სოციალური სტრუქტურიდან გამომდინარე, ალბათ, მოსალოდნელია პატრიოტულ-ნაციონალისტური იდეების გამოღვიძება. როგორც ვხედავთ, დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მემარჯვენე ფრთა ძირითადად შეუვსებელია. არსებობს რისკი, მოსკოვი შეეცადოს, ეს სიცარიელე საკუთარი სპეცსამსახურების წიაღში გამოზრდილი ძალით შეავსოს. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი არ მოერიდება საქართველოში რადიკალური, ულტრანაციონალისტური გამოხდომების ინსპირირებას, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მის მარიონეტებს მემარჯვენე ნიშის დაკავებას."
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”