დასვენება და გართობა ყველაზე აქტუალური თემაა ზაფხულში. „ჯემ ფესტი“ – ფესტივალი, რომელზეც მოხვედრა ყველაზე „სვეცკი“ ტონია და ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაც. რით არის გამორჩეული ადგილი, სადაც ახალგაზრდები დროს ატარებენ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ფესტივალს, რას აპროტესტებენ დამსვენებლები და რა ცვლილებებია შესატანი აღნიშნულ პროექტში. ეს ის თემებია, რომლითაც „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა.
ადგილობრივი მედია – Livepress ფესტივალ Gem fest-ის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რეპორტაჟს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest 2017 ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა კვების ობიექტების მეპატრონეთათვის. ისინი უკმაყოფილო ტოვებენ განმუხურის ტერიტორიას, სადაც ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმართებოდა. როგორც გაირკვა, მცირე ბიზნესმენების ნაწილს მიწის იჯარის თანხა წინასწარ ჰქონდა გადახდილი, რამაც ისინი კიდევ უფრო აზარალა. ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო GEM fest-ის ადმინისტრაციას დარჩენილ თანხას არ გადაუხდიან.
მცირე ბიზნესმენების დიდი ნაწილი კომენტარზე უარს აცხადებს. ამბობენ, რომ პრეტენზიები GEM fest-ის ადმინისტრაციას უკვე უთხრეს და ამ თემაზე საჯაროდ გამოსვლების აზრს ვერ ხედავენ.
„ერთადერთი ობიექტი, რამაც აქ კარგად იმუშავა, იყო საპირფარეშო და თამბაქო“, – ამბობს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი გიორგი აბრამიშვილი. მისი თქმით, GEM fest-ზე ბიზნესმენებმა არათუ მოგებაზე იმუშავეს, ვალები და საბანკო ვალდებულებები დაიმატეს. მის განწყობას იზიარებენ სხვა დაწესებულებების თანამშრომლებიც.
მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელიც კვების ობიექტის მენეჯერია, ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის საკვებსა და სასმელს დაბალ ფასად სთავაზობდნენ, მეტწილად დაწესებულება ვერ მუშაობდა.
„ჩვენ, სტაფი, გადავდიოდით ერთმანეთთან და ამით ვირთობდით თავს“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.
წარუმატებლობის მიზეზად ბიზნესმენები ერთმანეთის მსგავსი ობიექტების სიმრავლის პარალელურად ფესტივალის სტუმრების სიმცირეს ასახელებენ.
მათ პრეტენზიები აქვთ GEM fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თითქოს უკვე გაყიდულია ათიათასობით ბილეთი და ელოდებოდა უპრეცედენტოდ ბევრ დამსვენებელს. აქედან გამომდინარე, მათ განმუხურში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს.
მეიჯარეების პარალელურად, ფესტივალის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს თანამშრომლების ნაწილსაც. GEM fest-ის ბილეთების კონტროლიორების ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ისინი ამბობენ, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მათთვის ერთი თვის გასამრჯელოდ 500 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა მხოლოდ 100 ლარი მისცეს, რამაც ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია.
რას აპირებს ფესტივალის ადმინისტრაცია, უცნობია. საპასუხოდ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. უფრო ადრე მისმა დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ განმარტება „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ელექტრონული მუსიკის წლევანდელი ფესტივალი არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული, რაც იყო მისი მცდარი წარმოდგენის შედეგი.
მანამდე GEM fest ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევის და ნარკოდანაშაულების გამო.
ფესტივალიდან, გახსნის დღიდან დასრულებამდე, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჯამში, სხვადასხვა მიზეზებით, 33 ადამიანი მოათავსეს. როგორც „ლაივპრესს“ ჰოსპიტალის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აქედან 14 მოქალაქე ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული, ერთი კი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი განმუხურში 2015 წლიდან იმართება. GEM fest წელს სახელმწიფო პროექტის „Check in Georgia“-ს ფარგლებში მოეწყო და 1.9 მლნ გამოიყო, რაც, გიორგი სიგუას თქმით, ბიუჯეტის 30%-ია“, – აღნიშნულია სტატიაში.
„პრაიმტაიმი“ რამდენიმე დამსვენებელს დაუკავშირდა, რომელთაც სწორედ ეს ფესტივალი არჩიეს დასვენებისა და გართობისთვის. გთავაზობთ მათ კომენტარებს.
ანა კლაუსი:
– ამ ფესტივალზე საყვარელი არტისტების მოსასმენად და ბევრი დადებითი ემოციის მისაღებად ჩავდივარ ხოლმე. ამ მიზნით წავედი წელასაც. თავიდანვე, ვინც ჩავიდა, ყველა მიხვდა, რომ ის ის „ჯემი“ აღარ გამოვიდოდა.
გახსნაზე არ იყო იმდენი ხალხი, რამდენიც წინა წელს. ირანელებისა და უცხოელების ნაკადი გახსნის პერიოდში დიდი რაოდენობით იყო. თითქმის სულ ეგენი იყვნენ. მერე ნელ-ნელა საერთოდ აღარ შემხვედრიან.
სპეციალურად ჩავედი გახსნაზე, სანამ ყველაფერი გაბანძდებოდა, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ეგრე იქნებოდა. და მოლოდინმაც გაამართლა, უკვე სოლომუნის გამოსვლის დღეს ბევრი ობიექტი დამხვდა დახურული.
დახურვაზე 70% ობიექტებისა აღარ მუშაობდა. დილით პოლიცია შემოვიდა eye stage-ზე, დაიშალეთო და სოფლის ორღობეებში რომ ხდება, ისე შლიდნენ დამსვენებლებს. ყველა off stage-ზე იყო გადასული, ანუ ჩინურში, და ხიდის აქეთა ტერიტორია 13-ის მერე დახურეს. როგორც ვიცი, 14-დან იქ არაფერი ყოფილა. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ისე დაშალეს ხალხი, რომ, სავარაუდოდ, იქ დამთავრდა ყველაფერი... ჩემმა მეგობრებმა დაკარგეს ნივთები, ფული, ტელეფონები. პოლიციელები უზრდელურად მოგვმართავდნენ, გინებასაც არ ერიდებოდნენ დამსვენებლებთან...
წინა წელს „აკვა პარკი“ უფასო იყო და წელს 15 ლარი ღირდა შესვლა და არავინ არ დადიოდა... კარვების ქალაქშიც ვიცხოვრე 3 დღე. საშხაპეებში ცივი წყალი იყო და ისეთი გარემო, რომ ვერ გაჩერდებოდი. ჩემი მეგობრების უმეტესობა, ვინც ბარები გახსნა ადგილზე, დიდ ვალებში გადავარდა. მოკლედ, არ ვიცი, ბოლოს კმაყოფილი ვინ დარჩა ამ ფესტივალით. ამ ყველაფრის მიუხედავად, სამჯერ წავედი ამ ფესტივალზე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი საყვარელი დიჯეები უკრავდნენ. მაგრამ მათაც არ დახვდათ ის, რასაც იმსახურებდნენ. paul kalkbrener-ზე ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა და მანაც ცოტა ხანს დაუკრა. მოკლედ, ფესტივალის გახსნა, ასე თუ ისე, დონე იყო, დახურვა ფოიერვერკებისა და ყოველგვარი მსგავსი ეფექტის გარეშე შედგა. არადა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დახურვა ბევრად უფრო ეფექტურია ხოლმე, ვიდრე გახსნა... და კიდევ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მაინც არ მესმის, როდემდე უნდა „იგულაონ“ მხოლოდ ბიჭებმა ყველგან.
ნუკა გაბრიჭიძე:
– ისეთი უკმაყოფილო ვარ, საიდან დავიწყო, არც ვიცი. „Gem Fest 2017“ გახსნის წამიდან იყო ჯოჯოხეთი. რეალურად, 14 ივლისს არც იყო ბოლომდე დასრულებული 80% ობიექტის მშენებლობა და ოფიციალურად 16 თუ 17 ივლისს გაიხსნა, ზუსტად არ მახსოვს.
ვიცოდი, რომ ერთთვიანი ფესტივალი არ გაამართლებდა, მაგრამ ასეთ კრახსაც არ ველოდი. საშინელი სიტუაცია იყო, უსაშინლესი.
მუსიკა... რა Steve Aoki, რა Martin Garrix, ეს რა იყო? ვინც კარგ ელექტრონულ მუსიკას უსმენს, ისინი ფეხს არც კი ჩამოადგამდნენ, რა თქმა უნდა! იმიტომაც იყო ლაწირაკებით გატენილი იქაურობა. ხანდახან მთავარი სთეიჯიდან საერთოდ ისეთი მუსიკა ისმოდა, ქობულეთში მეგონა თავი. თავიდან ვითომ აკონტროლებდნენ სხვადასხვა ბარებში მუსიკას, მაგრამ საბოლოოდ „Despacito“-მ რომ გაიჟღერა და ერთ-ორ ადგილას ირანულ მუსიკასაც მოვკარი ყური, მანდ მივხვდი, რომ სრულ კოშმარში ამოვყავი თავი.
ყველაფერს თავი დავანებოთ, ელემენტარულია, მთავარ სთეიჯზე ხარისხიანად ისმოდეს მუსიკა. სთეიჯზე, სადაც რამდენიმე მსოფლიო წამყვანი არტისტი უკრავდა, ძალიან, ძალიან ცუდი საუნდი იყო და ეს პრობლემა მესამე წელია, ვერ მოგვარდა. როდესაც ამხელა ამბიციებით ხარ ადამიანი, ელემენტარულია, შენს სტუმრებს ხარისხიანად მიაწოდო მუსიკა. ნუ, გემოვნებაზე აღარ ვლაპარაკობ, საერთოდ. გართობის ნაცვლად, დროს კარგი მუსიკის ძიებაში ვატარებდი და ძალიან დიდი მადლობა Eye Stage-ს და Island Stage-ს, სადაც საბოლოოდ ვივიწყებდი, რა ჯოჯოხეთი ხდებოდა ირგვლივ. ერთთვიანი ფესტივალის ნაცვლად, აღმოჩნდა ერთდღიანი. 3 აგვისტოს, Solomun-ის დღეს გაცოცხლდა იქაურობა და 4 აგვისტოს ისევ უკაცრიელ კუნძულად იქცა.
უკვე აღვნიშნე, რომ საკმაოდ ბევრი არასრულწლოვანი იყო ტერიტორიაზე. არც ის მომწონდა, ამდენ ირანელს რომ ვხედავდი. უცხოელების არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ, ჩემი აზრით, არსებობს რაღაც ზღვარი და მხოლოდ ბილეთების გაყიდვის რაოდენობაზე არ უნდა იფიქრო და უნდა იფიქრო ხარისხზეც.
ტერიტორია წინა წლებში ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე წელს. წესით, ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ფესტივალი ყოველ წელს უფრო და უფრო ხარისხიანი და ლამაზი ხდება. ჩვენს შემთხვევაში, ესეც პირიქით მოხდა.
განმუხურის მხარეს სულ საკვები ობიექტები იყო ჩადგმული, იქაურობა ყარდა სხვადასხვა საჭმლის სუნით, ერთმანეთში გასასვლელებიც ძალიან ვიწრო იყო. ანაკლიის მხარეს კიდევ, ალაგ-ალაგ იდგა ობიექტები და ზედმეტად დიდი სივრცეც კი იყო დატოვებული. მოკლედ, ზომიერება არაფერში არ ჰქონდათ დაცული. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადადიოდა ყველაფერი... აკვაპარკი ფასიანი გახადეს რატომღაც. 15 თუ 20 ლარი ღირდა. მე პირადად თეთრსაც არ გადავიხდიდი, ისეთი მუსიკა ისმოდა ხოლმე იქიდანაც.... ობიექტების რაოდენობასაც შევეხები. როგორც ვიცი, იგეგმებოდა სადღაც 50 ობიექტის გახსნა, რეალურად კი გაიხსნა 150-მდე ობიექტი, მგონი, უფრო მეტიც. ამიტომაც იზარალა ამდენმა ადამიანმა.
წინა წლებშიც იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო ფაქტი, მაგრამ მუსიკით დაწყებული, ხალხით დამთავრებული, ყველაფერი ისეთი კარგი იყო, სუპერემოციებით დავბრუნდი თბილისში და მანდ უკვე ყურადღებას აღარ ამახვილებ თუნდაც მაღალ ფასებზე ან ტუალეტის სიბინძურეზე. ათასჯერ უკეთესი იყო ყველაფერი, ვიდრე წელს. მარტივად რომ ვთქვა, სამოთხე გადაიქცა ჯოჯოხეთად და ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი სუპერლოკაცია ფესტივალისთვის, როგორიც ანაკლიაა, ასე ერთი ხელის მოსმით განადგურდა ამდენი დაუდევრობით.
კომენტარს აღარ გავაკეთებ სპეციალურად შემოგდებულ უხარისხო ნარკოტიკზე, რაც ბევრი სკანდალის მიზეზი გახდა.
გიორგი, 23 წლის:
– რატომღაც წლევანდელ Gem fest-ზე ორგანიზატორებმა თავიდანვე ისეთი მოლოდინი შექმნეს, რის გამოც, ჩემი აზრით, უფრო მეტი უკმაყოფილება წამოვიდა, ვიდრე, წესით, შეიძლება ყოფილიყო. ყველაზე დიდ მინუსად რასაც ვთვლი ფესტივალისთვის, ეს ერთთვიანი პერიოდია. ფიზიკურად შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, რომელიც გართობას აპირებს, მთელი თვე გაძლოს ფესტივალზე, მეორე საკითხია ფინანსები.
მეგონა, რომ ფასები წელს შედარებით ახლოს იქნებოდა რეალობასთან, თუმცა რადგან ხალხის სიმცირე იყო, ბარების მეპატრონეებმა, ალბათ, ფინანსების ამოღება ჩვენგან გადაწყვიტეს. განსაკუთრებით სიძვირე ბოლო დღეებში იყო. რაც შეეხება კლუბური ნარკოტიკების თემას, ვისაც უნდოდა რაიმეს მიღება, ამის შესაძლებლობა ნამდვილად იყო, თუმცა ასე ვერ ვიტყვი, რომ მიხვიდოდი, კონკრეტული ადგილი არსებობდა და ჩვეულებრივად იყიდდი იქ. თუმცა ევროპულ ფასებთან შედარებით ოთხჯერ ძვირი ღირდა ესა თუ ის ნარკოტიკი, ამიტომ იყო სწორედ, რომ ზოგს ოღონდ რაიმე მიეღო და იაფფასიან, უხარისხო რაღაცებს ეტანებოდნენ, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. სწორედ ასეთი ნივთიერებების რეალიზატორებზე უნდა ყოფილიყო კონტროლი თავიდანვე და ფესტივალის ტერიტორიაზე ეს ნაგავი არ შეეტანათ.
მთელი თვის მანძილზე ჩასვლა რეალურად ორჯერ მოვახერხე, ისიც ორი-სამი დღით, ჩემ გარშემო ყველა ასე იყო. ბარის მეპატრონეებისა და ორგანიზატორების გარდა, არ ვიცი, ვინმე მთელი თვის განმავლობაში რომ დარჩენილიყო ფესტივალზე. რაც შეეხება გართობას, მთავარი სცენის გარდა, იყო ორი-სამი კარგი „სთეიჯი“, სადაც სულ კარგი მუსიკა იყო, ამიტომ კარგი მუსიკისა და გართობის პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა.
რადგან ბიჭი ვარ, გოგონების პრეტენზიებსაც ვერ გავიზიარებ, რომ ვინმე ირანელს იქ შევეწუხებინე, ამიტომ არც ეს პრობლემა მქონია.
:სიგუარაშუაშიაკაცო:
მიმაგრებული სურათი