"მე ვახო მეგრელიშვილი ვარ, ყოფილი ექიმი, ბიუროკრატი, მინისტრის მოადგილე, საერთაშორისო კონსულტანტი, კახა ბენდუქიძის თანამოაზრე და მისი უნივერსიტეტების თანამშრომელი, ერთი კერძო სკოლისა და უნიკალური პარტიის თანადამფუძნებელი.
თითქმის ოთხი წლის წინ, პოლიტიკოსი და ჩემი სკოლის მშობელი ზურა ჯაფარიძე ნიუტონის თავისუფალი სკოლის შეხვედრების ოთახში, კახა ბენდუქიძის ყოფილ სამუშაო კაბინეტში შემოვიდა და პოლიტიკაში თანამოაზრეობა მთხოვა.
და უკვე მეოთხე წელია ვაკეთებთ თავისუფლების უნიკალურ პროექტს, რომელსაც მოფერებით გირჩს ვეძახით.
დაფუძნებიდან სამი წლის შემდეგ, ჩემივე დაფუძნებული წარმატებული სკოლიდან წამოვედი, რადგან მივხვდი, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედო, თუ სისტემის წესებს ცნობ, თავისუფლებას კარგავ.
სისტემის მთავარი ღირებულებაა ბავშვებს ასწავლო ერთნაირად, მოსთხოვო ერთნაირად, შეაფასო ერთნაირად. ამ დროს კი, ბავშვები ძალიან განსხვავებულები არიან. განსხვავებულ ბავშვებთან ერთნაირი მოპყრობა ნიშნავს ბავშვების წამებას.
მე კი ვოცნებობ სკოლაზე, სადაც მთავარი ადგილი ადამიანურ ურთიერთობებს დაეთმობა, მოსწავლეები სწავლის პროცესით სიამოვნებას მიიღებენ და ზოგადად, ბედნიერები იქნებიან. ეს ჩემი მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, რადგან მჯერა, რომ ბავშვის ბედნიერება არის აღზრდის პროცესის შეფასების მთავარი კრიტერიუმი და ამავე დროს, აუცილებელი პირობა შემეცნებისთვის.
ნიუტონის სკოლაში ამ მიზნის მიღწევა დამაკმაყოფილებლად ვერ მოვახერხე, ამიტომ წამოვედი და გირჩი გავაკეთეთ.
რა არის გირჩი? უცნაური პარტიაა, ებრძვის იდეებს, რომლებიც ლეგიტიმაციას აძლევენ ძალადობას.
მოქმედი ნარკოპოლიტიკა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, სახელმწიფო განათლება და კიდევ ბევრი სხვა რამ, ამ ქვეყანაში არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავექეცით საბჭოთა მონურ მენტალიტეტს და საკუთარი უგუნური ქმედებებით, საკუთარ შვილებსაც კი არ ვაძლევთ მისგან გაქცევის საშუალებას.
გირჩის სკოლის მიზანი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაა, რათა საბჭოთა განათლების სისტემისგან დავიხსნათ ჯერ საკუთარი შვილები და ამ პრეცედენტმა გააჩინოს სხვისი შვილების დახსნის შანსიც. ბავშვები უნდა გავათავისუფლოთ საბჭოთა სკოლისგან, სადაც ბავშვი არ მიაჩნიათ ადამიანად.სამი შვილი გამოვიყვანე საკუთარი ხელით შექმნილი სკოლიდან, რადგან მივხვდი, რომ მათი ნორმალურ გარემოში აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც შეიძლება სისტემის სკოლამ მისცეს მოსწავლეს.
ბავშვებს სახლში ვზრდი, სანამ ჩემი შვილებისთვის შესაბამისი ადგილი არ გაჩნდება გირჩის სკოლის სახით.
სწორედ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ ჩემი აზრით იდეალურ სკოლას, მინდა მათ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ და ამ განცდით ისწავლონ ის, რისიც მე მჯერა და რისი სწავლაც მე მგონია აუცილებელი მათი უნარებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ასე უყურებს ამ სკოლას ყველა მისი დამფუძნებელი, ყველას თავისი შვილისთვის იდეალური სკოლის გაკეთება უნდა და ამაში თანამონაწილეობას ვთავაზობთ სხვა მშობლებსაც.
მთავარი დაპირებაც ესაა ამ სკოლის: ბავშვებს ისე ვეპყრობით, როგორც საკუთარ შვილებს.ასეთი სკოლის გაკეთების უფლება დააყენა ეჭვქვეშ სიკო ჯანაშიამ, ამერიკაში განათლებამიღებულმა ადამიანმა, სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და პრესტიჟული სკოლის თანამშრომელმა. ვთხოვე, სტუმრად მოსულიყო და გირჩის ფეიჯზე, „თავისუფალი ბაზარის“ ლაივში გვესაუბრა ამ საკითხზე.
პოლიტიკური პარტია ქვეყნის ისტორიაში პირველად, სისტემის წესების გათვალისწინების გარეშე ქმნის სკოლას, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მაგრამ აქამდე არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და უცნობია, რა რეაქცია ექნება სისტემას. ამ საკითხებზე, ცხადია, მნიშვნელოვანია მოსაზრებებისა და არგუმენტების საჯაროდ განხილვა.
იდეები, რომელსაც ჩემი ოპონენტი უჭერდა მხარს, ბავშვებს კლავს.
ერთი წუთით რომ დავანებოთ თავი საერთო ცნობიერების მოქალაქის აღზრდის ან ბავშვების მშობლებისგან პოლიციის ძალით დაცვის იდეებს, საუბრის ყველაზე სკანდალური ნაწილი ბავშვების ყიდვა-გაყიდვის თემა აღმოჩნდა. უნდა განვმარტო ჩემი პოზიცია.
წესი, რითაც მშობელს, რომელსაც ბავშვის აღზრდის სურვილი არ აქვს, ვაიძულებთ მის გაზრდას და ამის პარალელურად, ადამიანებს, რომელთაც ძალიან უნდათ ბავშვის შვილად აყვანა, ამას ვუკრძალავთ -
იწვევს აბორტით დახოცილ და ქუჩაში, ყინვაში უპატრონოდ მიტოვებულ ბავშვებს. ამ ბავშვების სიკვდილი იმ ადამიანების კისერზეა, ვინც მორალისტური არგუმენტებით უკრძალავენ ხალხს მშობლის უფლების გადაცემას სხვა ადამიანისთვის და ამაში საფასურის მიღებას.არასასურველ ჩვილებს ნაგავსაყრელებზე პოულობენ, ბავშვებს ანაკუწებენ და საპირფარეშოებში ყრიან, მე კი ამ პოლიტიკის გააზრებული თუ გაუაზრებელი მხარდამჭერები მაკრიტიკებენ, როცა ამ ბავშვის ,,გაყიდვის“ ალტერნატივას ვარჩევ.
შვილად აყვანა და გაშვილება უძველესი და ბუნებრივი ადამიანური ურთიერთობაა, რაც ადამიანის ბუნებაში დევს და მისი კანონით აკრძალვა, გამშვილებელთა და მშვილებელთა ამორალურ ადამიანებად გამოცხადება, ადამიანური ურთიერთობების შინაარსს ეწინააღმდეგება.
გამშვილებელიც კი მორალურად იქცევა, როცა იაზრებს, რომ მისი შვილისთვის გაშვილება სჯობს, მნიშვნელობა არ აქვს, ამ გააზრების მერე ფულს აიღებს თუ არა საკუთარი შვილის უკეთეს მომავალში.
ხოლო მშვილებლები, რომლებიც ადამიანის აღზრდის უფლების ყიდვაში ფულს იხდიან, ჩემთვის წარმოუდგენელიც კია, ნორმალურმა ადამიანმა ამ კეთილი საქმისთვის დაძრახოს.
ასეთი, ბავშვისათვის საზიანო მიდგომების მხარდაჭერამ გამაღიზიანა გადაცემაში ყველაზე მეტად. იმდენად ამაღელვა, რომ ვეღარ ვახერხებდი მიმეცა საშუალება ოპონენტისთვის, დაესრულებინა აზრი თუ სათქმელი. კი, საშინლად ვიქცეოდი და გადაცემის ჩავარდნის მიზეზიც ეს ადამიანური შეცდომა იყო. შეცდომა, რომლის წყალობითაც მთავარი აქცენტი გადავიდა ბავშვების-ყიდვა გაყიდვაზე, ნაცვლად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოგვეჩინა, რომ სწორედ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაა ჩვენი პროექტის მთავარი ღირებულება.
თავის მართლებაც უაზრობაა, მაგრამ მიზეზის მშობლებისთვის ახსნა ჩემი ვალდებულება მგონია.
კარგია, რომ საუბარი დავიწყეთ. კარგია, რომ შენიშვნები და პრეტენზიები უკვე ისმის. წინ ბევრი დებატი და დისკუსია გველის, სადაც დავამტკიცებთ, რომ შვილების პროცესის გართულება და მხარეების სტიგმატიზება არის ბავშვების მკვლელობის პოლიტიკა. ზუსტად ისევე, როგორც ნარკოტიკების აკრძალვა არის მომხმარებლების მკვლელობის პოლიტიკა.
P.S. კიდევ იმან გამაღიზიანა, რომ პოლიციელის გამოგზავნას ნატრობდა ჩემს ოჯახში, ჟუს, გაბესა და კოსტას ჩემგან დასაცავად. "
წყარო:
https://www.facebook.com/notes/%E1%83%92%E1...85782908139821/==========================================================================================
საინტერესოა როგორი სექტემბერი ექნება გირჩს
This post has been edited by Nickboy on 28 Jan 2019, 21:47