,,საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა პროცედურული ნაწილი ამით არ სრულდება. დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ და გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.
გარდა ამისა, პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დოკუმენტს - დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე ან კომუნიკაციის საშუალებები. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს. უწყებას იგივე ფუნქცია ეკისრება ეპიდემიისა თუ პანდემიის დროსაც.
პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტითვე შესაძლებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შეჩერება. გარდა ამისა, შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლებაც - კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესონ ანდა ისარგებლონ მათი ქონებით შესაბამისი ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ.
"საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული", - ვკითხულობთ კანონში
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას უფლებას მისცემს, მანამდე კორონავირუსისთვის გაცემული რეკომენდაციები გაამკაცროს და სავალდებულო გახადოს - კერძოდ, შემოიღოს მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა.
საიას იურისტი ამბობს, რომ თუ მოქალაქეთა მასობრივ შეკრებაზე აკრძალვა დაწესდება, იგივე რეგულაცია შეეხება ყველა რელიგიურ შეკრებასაც.“
https://www.google.com/amp/s/www.radiotavis...p/30487865.html