კარგი უფრო ახლოს დავწერ
"ვიცი რაც ელოდება მ. სააკაშვილს", (post #10735772)1 სექტემბერი 2008 წელი ლევან ბერძენიშვილი. ნაწყვეტი მისი სტატიიდან
არც იმით მოგვიგია, სამეგრელოში პოლიციამ იარაღი რომ ჩააბარა და პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებდა, მტერს ფიწლებით დახვდითო.
ესეც მთელი სტატია საინტერესოდ განიხილავს მიშას და 2008 წლის ომს.
ლევან ბერძენიშვილი: ”ვიცი, რაც ელოდება მიხეილ სააკაშვილს!”
[ნინო ლურსმანაშვილი, ”ვერსია”]
მორატორიუმი დასრულდა. ოპოზიციის ლიდერებმა რუსულ-ქართული ომის შეფასება დაიწყეს. ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ”ვერსიას” ხელისუფლების შეცდომებზე, კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ესაუბრება და პროგნოზებსაც აკეთებს. - საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ყოველთვის სჯეროდა ღრმა სისულელის, თითქოს, ამ პრობლემის მოგვარება ომის გზით შეიძლება. სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაგვეწყო, პროვოკაციას არ უნდა ავყოლოდით. იყო სხვა შეცდომებიც - მილიტარიზაცია, ბანაკები, გამუდმებით ომზე ფილმების გაშვება, არმიის სიძლიერით ტრაბახი, მთავარსარდლისა და მინისტრების სირბილი, რეზერვისტობა და ასე შემდეგ...
საქართველოს ხელისუფლებას რა უნდა ექნა, გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფდით?
- ჩვენც უნდა გაგვეხიზნა ქალები და ბავშვები და ომში არ უნდა ჩავრთულიყავით. როცა ამერიკა ამბობს, რუსეთმა მიმართა არაპროპორციულ პასუხსო, ადვილი მისახვედრია, აცხადებს, საქართველომაც დაუშვა შეცდომა და არაპროპორციული, ანუ გადაჭარბებული პასუხი მიიღოო. ჩვენც და გახარებულმა რუსებმა, ოსებმა და აფხაზებმაც უნდა გაიგონ, რომ ამ პრობლემას სამხედრო გადაწყვეტა არა აქვს. მისი გადაწყვეტა დიალოგშია.
ომისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ, ოსებთან და აფხაზებთან დიალოგი ადვილი წარმოსადგენი არ არის.
- დიახ, მოლაპარაკება მრავალი წლით გადაიდო. ომს თავისი წესები აქვს და ცხინვალში შესვლის შემდეგ, იქ წმენდის ოპერაცია ჩატარდა. სისულელეა ქართველების სისასტიკეზე საუბარი, თითქოს, ჩვენი ბიჭები ტანკებით ქალებსა და ბავშვებს ჭყლეტდნენ, მაგრამ სარდაფებში დამალული ხალხი რომ დაშავდა და დაიღუპა, ცხადია. ისიც ცხადია, რომ დავმარცხდით.
სამაგიეროდ, დიპლომატიური ომი მოვიგეთ, რაც ბევრისთვის ოპტიმიზმის საბაბია?
- საინტერესოა, რუსეთი შემთხვევით ცხინვალში რომ გაჩერებულიყო და ჩვენ გამოვეყარეთ იქიდან, რას იტყოდნენ? რა დიპლომატიური ომი მოვიგეთ? უბრალოდ, რუსეთმა საქართველოს ერთ შეცდომას ხუთი ათასი შეცდომით, არნახული თავხედობითა და დანაშაულით უპასუხა, მსოფლიოს მოროდიორობის, ქურდობის, ავაზაკობისა და არაკაცობის მაგალითები აჩვენა.
რუსეთმა შეცდომა შეცდომაზე დაუშვა. რამდენადაც დიდია იგი ჩვენს ქვეყანაზე, იმდენად უარესი აღმოჩნდა მისი ხელმძღვანელი ჩვენს ხელმძღვანელზე. ერთადერთი დადებითი მხარე ამ უბედურებისა ისაა, ევროპამ რომ აღიარა, საქართველო ჩვენი ნაწილიაო.
ამან ცოტა დაგვაიმედა, რადგან სათამაშო მოედანი აქამდე რუსეთსა და ამერიკას შორის იყო. თუ საქართველომ რამე მოიგო, იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ხელისუფალმა სწორად იმოქმედა, რუსეთმა აჩვენა თავისი პირსისხლიანი სახე და იმიტომ. მსოფლიომ, რომელიც ადოლფ ჰიტლერის მერე აგრესორებს ადვილად ცნობს, მასში აგრესორი ამოიცნო. ამით მოვიგეთ და არა იმით, ცხინვალში 2 სატვირთო მანქანით დროშები რომ შეგვქონდა.
არც იმით მოგვიგია, სამეგრელოში პოლიციამ იარაღი რომ ჩააბარა და პარლამენტის თავმჯდომარე ხალხს მოუწოდებდა, მტერს ფიწლებით დახვდითო. რუსეთის ნამდვილი სახის დანახვის შემდეგ, შუამავლის როლი სარკოზიმ იკისრა, რომელიც ახლა, მთელ ევროპასთან ერთად, შეურაცხყოფილია. აი, ეს არის სიმართლე - საქართველო და ქართული საზოგადოება, რომელსაც რუსეთმა დაანახა, რომ მასზე დაუცველი, გაჭირვებული და უპატრონო ნაცია მსოფლიოში არ არსებობს.
სამწუხაროდ, ჩვენთან კიდევ არიან ადამიანები, ვისაც სააკაშვილი და იარაღის ჟღარუნი მოსწონს. ისევე, როგორც რუსეთში მოსწონთ პუტინ-მედვედევი და იარაღის ჟღარუნი და ქართველების დამარცხებაზე უკვე სიმღერებსაც წერენ. იქ მყოფი ე.წ. ქართველებიც სამარცხვინოდ მოიქცნენ. არ ვგულისხობ გამონაკლისებს, მაგალითად, ბუბა კიკაბიძეს.
ამას იმით ამართლებენ, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებზე რუსები ზეწოლას ახდენენ...
- შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც ოკუპანტ ქვეყანაში ცხოვრობს, დუმს და ამბობს, რა ვქნა, ჩემზე ზეწოლას ახდენენო. ცუდია, რომ ვერ გავიგეთ ამ დღეებში თამარ გვერდწითელის მაღალი ხმა. ”მიშა მაგარია” რომ გვიმღერა პავლიაშვილმა, სად გაქრა ახლა? თიკა კანდელაკის ინტერვიუ ვნახე, ქართველებმა ისტორიულად ბრძოლა არ იცოდნენო, ამბობს. მაგ ბავშვის გადასაწყვეტია ჩვენი ისტორია? მამამ მაინც არ უთხრა, რომ ომით მოვიტანეთ დღემდე ქვეყანა, რომლისთვისაც ახლაც კი მთელი მსოფლიო იბრძვის? ეს ბავშვი ყოველთვის შეუსაბამო იყო იმ სიმაღლეებისთვის, რაც ეკავა...
ოკუპანტი რუსეთი ახსენეთ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის ოკუპანტად აღიარება, ამ ომის ერთ-ერთი დადებითი შედეგია.
- ხელისუფლებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადებას 1993 წლიდან ვთავაზობდით. დსთ-დან გამოსვლასაც შესვლის დღიდან მოვითხოვდით. მაინცდამაინც, ომი და უბედურება დაგვჭირდა, რომ ეს გაგვეკეთებინა. მაინც არავინ იტყვის, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. ამ ხელისუფლების ხელში, ვერც მაპ-ს მივიღებთ და ვერც ამ რეგიონებთან გამოვძებნით საერთო ენას. ვერავის დაელაპარაკება მთავარსარდალი, რომლის სახელსაც ომი უკავშირდება. როგორც არძინბას არ ჰქონდა ჩვენთან ლაპარაკის შანსი, ისე სააკაშვილს არა აქვს ოსებთან ლაპარაკის შანსი.
ესე იგი, თქვენც მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს?
- დიახ, ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია. მაგრამ სააკაშვილი რუსეთის კი არა, ქართველი ხალხის მოთხოვნით უნდა წავიდეს. მან ხალხის იმედები ვერ გაამართლა. ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად, 100 ათასზე მეტი ადამიანი ლტოლვილად აქცია. აი, ამას მიაღწია სააკაშვილმა - რუსეთთან ომი წააგო. წაგებული კაცი კი, ერთხელ რომ ავირჩიეთ პრეზიდენტად, გახსოვთ, რაც მოვიგეთ.
ვკითხოთ ხალხს, იმ დევნილებს, თბილისში რომ არ უშვებს და კარვების ქალაქს უშენებს, უნდათ პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი? ვიცი, რაც ელოდება მიხეილ სააკაშვილს - სირცხვილი და თავის მოჭრა! წესიერი კაცი რომ იყოს, გადადგებოდა. შეიძლება, გადადგეს კიდეც. შეიძლება, უკარნახონ და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარონ. არ მჯერა, რომ ის და მისი პარლამენტი ისე გააგრძელებს მუშაობას, თითქოს, არაფერი მომხდარა, თითქოს, ჯარი იმისთვის არის, რომ დაიხოცოს, ტერიტორია კი იმისთვის, რომ - რუსეთს ჩავაბაროთ... მაგრამ, ეს მომავლის საქმეა. ახლა მთავარია, რუსეთზე მსოფლიომ ზეწოლა მოახდინოს.
იმედი გაქვთ, ევროპა რუსეთს სანქციებს დაუწესებს?
- ევროპას შეუძლია, რუსეთს რამდენიმე სახის დარტყმა მიაყენოს, მაგალითად, გაუმკაცროს სავიზო რეჟიმი. არ არის აუცილებელი, მთელმა ევროკავშირმა ერთი სანქცია მიიღოს. გერმანიამ რომ უთხრას, შენი გაზი არ მინდაო - ესეც დიდი დარტყმა იქნება. ვფიქრობ, სანქციებს მიიღებენ. ამას, ალბათ, გააკეთებენ, რადგან მსოფლიომ დაინახა - თუ რუსეთს გაუვა საქართველოში, გაუვა უკრაინაში, მოლდოვეთში, ბალტიისპირეთშიც და მერე, შეიძლება, ამოაბრუნოს თავისი დროშა და საფრანგეთს უთხრას, მოვედიო...
ისე, რუსეთის პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ლავროვს, რომელმაც ვერ მიაღწია, ერთ ქვეყანას მაინც ეცნო მათ მიერ დამოუკიდებლად აღიარებული ”სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი, გავაგდებდი. სტალინი რომ ყოფილიყო, იმდღესვე დახვრეტდა მას. რუსეთს მოვუგებ ეკა ტყეშელაშვილითაც კი, რომელიც პროფესიონალიზმით ლავროვს აშკარად ჩამორჩება, რადგან სიმართლე არაა მათ მხარეს. ერთ მოვლენას შეგახსენებთ - იჯდა ბატონი სააკაშვილი, ირგვლივ 50 კაცი ეჯდა, 2 საათი ლაყბობდა ყველაფერზე და არაფერს ამბობდა.
იქვე ისხდნენ 7 ნოემბრის მონაწილეები და მათ უთხრა პრეზიდენტმა, 7 ნოემბერი რუსებმა მოაწყვეს და ორგანიზატორები რუსების აგენტები იყვნენო. ეტყობა, ცუდად ვიმუშავეთ, რადგან რუსეთმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ეტყობა, ჩვენ და სანდრო გირგვლიანმა შევუწყვეთ ხელი რუსეთის აგრესიას. იმაზე არავინ ლაპარაკობს, ”ჩვენი გემი” რომ იღუპებოდა, მას პირველი ვინ ტოვებდა.
ვის გულისხმობთ?
- გუბერნატორ ვარძელაშვილს, საკუთარ ხალხს რომ გამოასწრო გორიდან. მოგიწოდებთ, შეისწავლეთ ყველა ფაქტი, საქართველოს მთავრობის წევრების მიერ საქართველოს საზღვრების გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შესახებ ომის დროს და ყველაფერს მიხვდებით.