CMFIGE
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 893
წევრი No.: 21459
რეგისტრ.: 8-July 06
|
#7013284 · 18 Oct 2007, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატარკაციშვილი თავის მანიფესტს აქვეყნებს 18.10.07 13:16
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მანიფესტის მიღების შემდეგ, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა საქართველოს განვითარების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა.
'დღეს გამოქვეყნდა საერთო-სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი, შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამონახოს ქვეყნის განვითარების ჭეშმარიტი გზები.
2003 წლის შემოდგომაზე, რევოლუციის დასრულებიდან სულ რაღაც ორიოდე დღეში, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი იყო - შევხვდი და გადავეცი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მომავლის ჩემეული ხედვა იყო გადმოცემული. თეზისების სახით ეს ხედვა ურეკში, 'იმედის ქალაქის' გახსნაზე გავაცანი საზოგადოებას.
სამწუხაროდ, ბოლო ხანებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო და უფრო შორდება ჩემეულ (დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემეულ) იდეალებს. არა მისი გარემოცვის მიერ გამოგონილი 'კრიმინალური' ამბების, არამედ ზუსტად ამის გამო განვითარდა კონფლიქტი ჩემსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.
მსურს გაგაცნოთ საქართველოს განვითარების ჩემი დღევანდელი ხედვა.
საქართველოს ისტორიული ამოცანები და სტრატეგიული პრიორიტეტები
საქართველოს ისტორიული ამოცანები
საქართველოს წინაშე სამი ისტორიული ამოცანა დგას: დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს დემოკრატიზაცია; ამჟამად ქვეყანამ ზემოაღნიშნული ისტორიული ამოცანების შესრულების გზაზე მიაღწია მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს.
დამოუკიდებლობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწია და მისი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი ზედმიწევნით ზუსტად განისაზღვრა ქვეყნის კონსტიტუციით. თუმცა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა აუცილებლად საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს ეკონომიკური დამოუკიდებლობით გამყარებას.
ტერიტორიული მთლიანობა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს მიერ გადატანილი რევოლუციური ცვლილებების შედეგად მიღებული ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა - ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი დაკარგვა გახდა.
აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა (ბალტიისპირეთისა და ბელორუსიის გარდა) აღმოჩნდა სეპარატიზმის პრობლემის წინაშე. ვერ გაექცა ამ პრობლემას რუსეთიც. ეს პროცესი ტოტალიტარული ხელისუფლებისა და თავად იმპერიის რღვევის პირობებში ობიექტური ხასიათის მატარებელია, რამდენადაც იმპერიული ძალაუფლების მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ბალანსი დაფუძნებული იყო ხალხთა ურთიერთწინააღმდეგობაზე და არა მათ საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე, კულტურულ და ნაციონალურ ტრადიციებზე.
ამ კონტექსტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის აღდგენის ქვაკუთხედი ხდება. ამიტომაც საქართველოს მეორე ისტორიული პრიორიტეტი მდგომარეობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ისეთი სახელმწიფო სისტემის მოწყობაში, რომელიც ადეკვატური იქნება ქვეყნის ახალი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური წყობისათვის.
დემოკრატიზაცია.
საქართველოს, ისევე, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიერ გადატანილი რევოლუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს, საზოგადოებრიობისა და ადამიანის დემოკრატიზაციაში მდგომარეობს.
დამოუკიდებლობის მოპოვების მთელი ხნის განმავლობაში ქართველმა ხალხმა და პირველმა და მეორე პრეზიდენტმა ქვეყანაში საფუძველი ჩაუყარეს ახალ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას და ახალ საბაზრო ეკონომიკას. არსებითად ამით დაიწყო დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი პროცესი.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დასრულდა რევოლუციური პროცესი და ქვეყანა გადავიდა ევოლუციური განვითარების ეტაპზე, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა დაუმტკიცოს ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კონსტრუქციის უპირატესობა წინა, კომუნისტურთან შედარებით.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნების ფორმულირება ისტორიული ამოცანის გადაწყვეტის - ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტები
საქართველოს პირველი და მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი მდგომარეობს ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები განსხვავებულ ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდნენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა ბუნებრივი რესურსების არსებობაში სხვაობით, ვინაიდან თითქმის მთელი პროდუქცია, რომელსაც ეს ქვეყნები აწარმოებდნენ, კონკურენციას ვერ უწევდა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების პროდუქციას.
რესურსების ნაკლებობამ, უპირველეს ყოვლისა, ენერგომატარებლებზე, საქართველო ობიექტურად ჩააყენა ძალზედ მძიმე ვითარებაში.
მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი მძიმე გამოცდაზე წავიდა - მენტალიტეტის შეცვლაზე. საბაზრო ეკონომიკის არსი არა მხოლოდ ეკონომიკურ მექანიზმებში, არამედ მენტალიტეტში მდგომარეობს. დღესდღეობით მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ გაიცნობიერა საკუთარ სიცოცხლეზე, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა. ის აღარ ელის, როდის გადაჭრის მათ პრობლემებს მეფე, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ან სახელმწიფო ჩინოვნიკი.
ამიტომაც აღნიშნული პრიორიტეტის რეალიზაციის მთავარ ამოცანად იქცა ტექნიკური ამოცანა მაქსიმალური თვითრეალიზაციისა და მეწარმეობისათვის უფლებრივი ფორმატის შექმნისა და დაცვისა.
საქართველოს მეორე სტრატეგიული პრიორიტეტი მდგომარეობს ისეთი სახელმწიფოებრივი მოწყობის შექმნაში, რომელიც ქვეყნის ახალი სუვერენიტეტის და ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ადეკვატური იქნება.
ცხადია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება არის არა მარტო რუსეთის არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკის ბრალი, არამედ ასევე რეზულტატია საქართველოში მომხდარი სიღრმისეული ცვლილებებისა. უკანასკნელმა წლებმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი მოწყობის აშკარა არასრულყოფილება და მისი კარდინალური დემოკრატიზაციის აუცილებლობა. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ცენტრსა და რეგიონებს შორის ფუნქციების გადანაწილებას, ამ უკანასკნელის, ანუ რეგიონების სასარგებლოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ აუცილებლად ვსაჭიროებთ სახელმწიფოს ფედერალურ მოწყობას. სინამდვილეში ცენტრის საზრუნავი უნდა მდგომარეობდეს მხოლოდ საქართველოს ერთიანი ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შენარჩუნებაში. დანარჩენი ფუნქციები რეგიონებს უნდა ჰქონდეს გადაცემული.
მესამე სტრატეგიული პრიორიტეტი მდგომარეობს დემოკრატიული ხელისუფლების სრულყოფილებაში.
გადასვლა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოზე;
ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბება;
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების დაყოფის პრინციპის გამყარება;
ხელისუფლებაზე კანონის უზენაესობის უპირატესობა
- აი, დემოკრატიული საქართველოს ძირითადი ორიენტირები!
საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოთქმული, თანამედროვე დიდი ბრიტანეთის ანალოგიურად საქართველოში მონარქიის ინსტიტუტის განახლების იდეა, როგორც ხელისუფლების მორალური ავტორიტეტისა, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია საზოგადოების მხრიდან.
მეოთხე პრიორიტეტი – საზოგადოების დემოკრატიზაცია.
საზოგადოებრივი დემოკრატიზაცია ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილებას ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ამ უკანასკნელის (საზოგადოების) სასარგებლოდ.
ხელისუფლებამ წინააღმდეგობა კი არ უნდა გაუწიოს, არამედ ყოველნაირად უნდა წაახალისოს (უფრო სწორად მოვალეა) ქვემო შრეებიდან წამოსული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ინსტიტუტების შექმნის ინიციატივა, რომლებიც ნებაყოფლობით აიღებენ ხელისუფლების ამა თუ იმ ფუნქციას თავის თავზე.
დემოკრატიული ტრადიციების მატარებელი მხცოვანი ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ თვითფორმირებადი საზოგადოება - ზემოდან მართულთან შედარებით გაცილებით ეფექტურია.
მეხუთე პრიორიტეტი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის დემოკრატიზაცია.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის დემოკრატიზაცია გარე სამყაროში საქართველოს თავისუფლების ხარისხის გაზრდას ნიშნავს
საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა პასუხობდეს მხოლოდ ქვეყნის, მისი მოქალაქეების ინტერესებს. საქართველოს ინტერესები ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს - შეერთებული შტატების, რუსეთის და ყველა სხვა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.
საქართველო – უპირველეს ყოვლისა!
ზუსტად ამ მიდგომის შემთხვევაში ვართ ჩვენ პატრიოტები!
ცნობილი პოლიტიკოსის ფრაზის პერეფრაზირების მეშვეობით ვიტყვი - საქართველოს მეგობრები არა ჰყავს, საქართველოს აქვს ინტერესები.
ძირითადი გარე პოლიტიკური ინტერესი საქართველოს ორი აქვს - რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენადაც აგრესიული არ უნდა იყოს რუსეთი - იგი ჩვენი მეზობელია. რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს შტატები - ის ოკეანის გაღმაა.
ამერიკა ძლიერი და მეგობრულია, მაგრამ შორია. რუსეთი აგრესიულია, მაგრამ ახლობელია. საქართველოს ენერგორესურსებით მომარაგების პრობლემა ამ მოსაზრების აშკარა დადასტურებაა.
სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში და გულწრფელად ვთქვათ: საქართველოს საგარეო პოლიტიკის არსი დაბალანსების პოლიტიკაში მდგომარეობს. სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების დაბალანსებაში. ამიტომ საქართველოს შესვლა ნატოში და შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში სრულად პასუხობს ქართველი ხალხის ძირეულ ინტერესებს (თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ვიღაცის ჯიბრზე). ბალანსი - დინამიკური მდგომარეობაა და ნაკლებად მდგრადი, ვიდრე სტატიკური, სამაგიეროდ, გაცილებით ეფექტური - ორთვლიანი ველოსიპედი ხომ გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სამიანი.
მეექვსე პრიორიტეტი - ხელისუფლების მემკვიდრეობითობა.
არანაირი მოქმედება არანაირი სტრატეგიული მიმართულებით არ იქნება შესაძლებელი, თუ არ ხარ დარწმუნებული ხვალინდელ დღეში. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ხელისუფლება, ელიტა, საზოგადოება, ხალხი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ყოველივე, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, ლოგიკურ გაგრძელებას პოვებს ხვალ: ხელისუფლებაშიც, ბიზნესშიც, კულტურასა და მეცნიერებაშიც, საერთოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რთულ გარდამავალ ეტაპზე, რომელსაც განიცდის ახლა საქართველო, სტაბილურობის შესანარჩუნებლად მთავარი ამოცანაა - ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემა, ყველა ხელისუფალ ელიტაში: პოლიტიკოსებში, სასულიერო პირებში, მეწარმეებში, სამხედროებში, სპეცსამსახურების წარმომადგენლებში, ჟურნალისტებში.
ჩვენი უახლოესი მეზობლის, რუსეთის მაგალითზე ვხედავთ, თუ რაოდენ დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანა იგი ელცინის მიერ პუტინისათვის ხელისუფლების მემკვიდრეობითი გადაცემის წარუმატებელმა მცდელობამ. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიზუთხოთ ეს გაკვეთილი და რუსეთის შეცდომა არ გავიმეოროთ.
რომ არ დავკარგოთ უკვე არსებული მონაპოვარი და რეფორმების გზით განვაგრძოთ წინსვლა, ქვეყანაში არსებულმა ყველა ელიტამ უნდა მიიღოს გარანტია იმისა, რომ ნებისმიერი რევოლუციის თანმხლები შეცდომა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, შანტაჟის ინსტრუმენტად არ იქნება გამოყენებული.
ეს ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – წერტილი დავუსვათ რევოლუციურ ეტაპს და ვაღიაროთ მისი შედეგები. და ეს კანონის დონეზე უნდა გაფორმდეს. აქ ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის კონსტატაცია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების გარანტად, საქართველოს გარდა, უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და არა რუსეთი და თუნდაც ევროპული ქვეყნები.
ელიტებს შორის მემკვიდრეობითობა გვაძლევს საშუალებას, ანალოგიური განვახორციელოთ საზოგადოების სხვა ფენებშიც. განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს - მიუხედავად იმისა, რომ ეს პრიორიტეტი უკანასკნელ პრიორიტეტად გამოვყავი, წინა ხუთი პრიორიტეტი არ შესრულდება, თუ ხელისუფალ ელიტებს შორის ხელისუფლების მემკვიდრეობითობა არ იქნება უზრუნველყოფილი'.
--------------------
შე წვერებიანო ####
|