განკუთვნილია 90 იან წლებში გაზრდილი თაობისთვის
ეძღვნება ბავშვობის მოგონებებს, ბუნების სილამაზეს და პაპაჩემის ხსოვნას
(ძლივს დავამთავრე ეს ლექსი
)
* * *
აპრილია, ფრენა ისმის ბუზის,
მზემ ფერადი მოგვიქსოვა ტილო...
პაპაჩემი ტელევიზორს უზის
და დილიდან შეკეთებას ცდილობს.
ხარბად ვუმზერ გაზაფხულის ფერებს,
ზამთრის ყველა ნიშანწყალი გაქრა...
პაპაჩემი უჩხიკინებს ტელეს.
(ალბათ „ლამპა“ დაეწვა და ჩაქრა)
სხივი კვირტებს უზორებად ქარგავს,
თბილი სიო სულის სიმებს აშლის...
ააწყობს და შეაერთებს, ნახავს,
შეაგინებს, მერე ისევ დაშლის.
პაპა ისევ არ იშურებს ლანძღვას,
(„ლამპის“ ბრალი არ ყოფილა მგონი)
ვერ ვამტყუნებ, ნახვა უნდა, რა ქნას,
პარლამენტის პლენარული სხდომის.
გაიყოლა ქარიშხლიან მარტმა
ცივი ზამთრის ყველა ფერი მუქი...
ტელევიზორს არ ეღირსა ჩართვა!
(ჯინაზეც რომ დღეს არ ქრება შუქი)
არ მინახავს რამე ამის დარი,
ეს აპრილიც გარეთ აღარ ითმენს,
დამავიწყდა მომეხურა კარი,
თან გავრბივარ, თან გზადაგზა ვიცმევ...
გაზაფხულმა რადგან ასე ინება,
გული სახლში ვერ ჩერდება რაკი!..
გვერდზე ოთახიდან მესმის პაპაჩემის გინება:
„შენ ******** ძაან კარგის *****...“