ნეტავი იცოდეთ, როგორ გამახარა თქვენმა კეთილმა სიტყვამ! და ამის მერე მე ადამიანი ვარ, ასეთი ცუდი ლექსი რომ უნდა დავდო?!
არ იქნება ჩემი გამოსწორება, არა!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ორსახიანი იანუსები
ყოველი ლექსი
ვერ იქნება მზის სხივებში რამ მოლივლივე,
ზოგი ისეთი სათქმელია,
ვერ გაეცლები და ბნელში ვეღარ გაისუსები.
მწარედ გიზგიზებს,
არ მოგასვენებს, ზედ ფრთებს მიიწვავ,
ერთიანად გაიტრუსები.
ის - გარდაცვლილა.
ის - თბილისის დამანგრეველი.
ხოლო ბრძენკაცი შემახსენებს:
- განა არსებობს ქვეყნად ბოროტი,
თავი კეთილი არ ეგონოსო,
ან არ მიაჩნდეს,
რომ სამართალს ემსახურება,
ეწირებაო?
თურმე ბოლო დროს,
სიბერეში,
ღამ- ღამობით ტიროდაო,
კოშმარები მიეძალაო,
ესიზმრებოდა სულ მკვდრები,
რაღაც ნანგრევები,
გველეშაპები,
ურჩხულები,
მაძახურები და მაქცია…
- მას, ვინც სიფხიზლე,
დღეები ჩვენი, წლები ჩვენი,
მთელი ჩვენი ახალგაზრდობა
ერთ დიდ კოშმარად გადააქცია,
ვინც ჭერი თავზე დაგვაქცია,
გაგვაქცია…
არ გამიგია მისი სიკვდილი
და რომ გამეგო,
გულუბრყვილოდ გავიფიქრებდი,
ამ დედამიწას ერთით ნაკლები ნაძირალა ამძიმებს- მეთქი.
მაგრამ ცხოვრება ისეთია
და ყველა სფერო ისე არის დალაგებული,
რაკი არსებობს რაღაც ნიშა,
იმ რაღაც ნიშას ცარიელს დიდხანს ვინ დატოვებს?!
და ნაძირალას ისეთივე ნაძირალა ჩაენაცვლება.
ისიც უკეთეს შემთხვევაში, თორემ ცხოვრებას ნაძირალაზე ნაძირალა არ დაელევა,
არ დაელევა არც ანგელოზზე ანგელოზი
და ეს ყოფილა,
რაც ცხოვრებას ასე თუ ისე აწონასწორებს.
რა ვერცხლის სიმი ჩაგვატანე, ღმერთო, ყველას ბნელ არსებაში!
თვით უკანასკნელ ნაძირალასაც რატომ სჭირდება,
ანგელოზი ეგონოს თავი,
და ეს ამბავი თუ არ გამოსდის,
ვინმეს თვალში იყოს მართალი.
რომ მოკლას მთავარანგელოზიც,
რატომღა ცდილობს,
თავისი მსხვერპლი
რაღაცაში დამნაშავედ გამოიყვანოს.
მოღალატესა და გმირს შორის
მიჯნა სუსტი რატოა, ღმერთო?
რატომ არ არის ამქვეყნად გმირი,
ვიღაცის მიმართ ღალატს რომ არ სჩადიოდეს
ან მოღალატე -
გმირად არ ჩანდეს ვინმეს თვალში.
მეუბნებიან ხმები,
ჩემშივე მოჩურჩულე-მობობოქრენი,
იმისმა შვილმა ან შვილიშვილმა განა რამე დაგიშავაო?’
იცი, როგორი მოყვარული მამა იყოო,
ან შვილიშვილზე როგორ იყოო გადაგებული,
ან ნათესავებს
რა ძალიან პატრონობდაო?!
მათხოვარს ისე არ ჩაუვლიდა, რამე რომ არ გაეღოო…
ახლა ძაღლები როგორ უყვარდა, რომ იცოდეო!
დიდი პატივით დაკრძალესო…
დაკრძალავდნენ,
დაიტირებდნენ,
რა გამოგვილევს მოხალისე აპოლოგეტებს!
თან პირში ჩვარსაც რომ ჩაგჩრიან გულმაზიდებელს,
იმის კუბოდან ამოღებულს,
,,მიცვალებულზე ან კარგი ითქმის ან არაფერი” - წინაპრებმა დაგვიბარესო.
მეც ვამბობ,
თითქოს რაღაც ახალი აღმომეჩინოს!
სავსე იყო და სავსე არის
და თუ გადარჩა, სავსეც იქნება
ერი ჩვენი იმ ანუსებით -
ორსახიანი იანუსებით!
This post has been edited by nino darbaiseli on 13 Jun 2024, 00:22
მიმაგრებული სურათი
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004