გამარჯობა.
აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის წიგნი მეხუთე - საოჯახო სამართალი .
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=127 მუხლი 1158. მეუღლეთა თანასაკუთრება
1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მუხლი 1162. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები
ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად
თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
მუხლი 1164. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას
მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო, თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ – სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
მუხლი 1166. წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას
თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა – თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
მუხლი 1169. მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
რაც შეეხება ალიმეტს.
მუხლი 1212. შვილების რჩენის მოვალეობა
მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
მუხლი 1213. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ
არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 1214. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ
თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მუხლი 1215. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა
მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
მუხლი 1232. ალიმენტის გადახდა ნებაყოფლობით
1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.
2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.
მუხლი 1233. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა ალიმენტის გადახდისას
1. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს ხელფასიდან (პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან.
2. იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების მიღების ადგილის მიხედვით.
მუხლი 1234. ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა
1. იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
2. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
მუხლი 1235. ალიმენტის დავალიანების გადახდევინება
1. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.
მუხლი 1236. ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა
1. ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.
2. თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს.
მუხლი 1237. ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება
1. ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.
მუხლი 1238. საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა
მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
მუხლი 1128. გადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ
1. როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.