#60827492 · 8 Nov 2023, 20:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნარიყალის ციხეზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება 11:35, 01.11.2023 თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალს ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
როგორც თბილისი მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალის ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.
თბილისის მერია მუშაობს ახალი გზის პროექტზე, რომელიც ბაგების დასახლებას ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს 14:04, 03.11.2023 დედაქალაქის საცობების განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს.
პროექტის დეტალების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს. აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა ასევე ვამუშავებთ ახალი გზის პროექტს, ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება. გაკეთდება ახალი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა განიტვირთოს, ავტომობილით მოსარგებლეს კი ექნება შესაძლებლობა, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
This post has been edited by GEORGIA007 on 8 Nov 2023, 20:55
|