მოკლედ სანამ წაიკითხავ, მინდა გითხრა რომ მთლიანად ეს ლოზუნგობანა სასაცილოდ მიმაჩნია, თუ თვლი რომ შენ ვინ ხარ რომ ლოზუნგები განგვისაზღვროო, არავინ ბატონო, მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, უბრალოდ საკვებს გაწვდი განსჯისთვის,ვერთობი, ხოდა თუ უკვე არ დაიკიდე, მაშინ გააგრძელე კითხვა.
„მამული, ენა, სარწმუნოება“ ეს სიტყვები მახსოვს ბავშვობიდან და მასში მოკლედ ჩამოყალიბებულ სამ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას ვხედავდი. ჩემი ბავშვური ცნობიერება სრულად ივსებოდა როცა ვფიქრობდი სამშობლოზე, ან რა უნდა იყოს მეტი, მეტი არც გამეგებოდა. როცა 90-იანი წლების ავ-კარგი გამოვიარე, ჩემებურად მესმოდა რაში მდგომარეობს ქართველი ხალხის წარმატება. მეგონა კარგი პოლიტიკოსი ის არის ვინც უბანში ორმოს ამოგვივსებს, დენს და წყალს გვაღირსებს და ქალაქს გაგვილამაზებს. არც კი ვიცოდი სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა, განა გაგონილი არ მქონდა, მაგრამ თავისუფლების ის მნიშვნელობა არ მესმოდა რაც მოაქვს დემოკრატიას.
აქციის მონაწილე ბავშვებმა ილიას მოტო „მამული, ენა, ერთობით“ შეცვალეს. ეს ცვლილება დაასაბუთეს ისტორიული ფაქტით რომ ილიამ თავად შეცვალა, როცა გააცნობიერა რომ ქართველი ერი მრავალ ეთნიკურია და მრავალი აღმსარებლობის მიმდევარიაო. ცხადია ამ „თავხედობაზე“ იხუვლა ზნეობის ყარაულმა და ბავშვები სარწმუნოების მტრებად შერაცხეს, სააღდგომო ეპისტოლეშიც მხოლოდ ილიას სიტყვათა სიწმინდეზე ისაუბრეს. არ ვიცი ბავშვებმა მოიფიქრა ეს ცვლილება, თუ ვინმემ თავს მოგვახვია, მაგრამ მან სრულიად არასწორი მიმართულება აირჩია.
„მამული ენა სარწმუნოება“ კლასიკური შეგონებაა, მისი ცვლილება დაუშვებელია, რადგან მან თავისი ფუნქცია შეასრულა. ეს გახლდათ საბჭოთა დისიდენტების მთავარი დევიზი და ილიას სიტყვებმა ხელმეორედ შეასრულა თავისი ფუნქცია დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებაში. ცვლილების ავტორების მთავარი შეცდომა ამ დევიზის გამოყენებაა შეცვლილი სახით, რაც უკვე დაწერილია მას ნაჯახით ვერ ამოკვეთავ, ასე რომ ის უცვლელი უნდა დარჩეს, ჩვენ მხოლოდ განა ჩასწორების არამედ ახლის შექმნის საშუალება გვაქვს. საჭიროა განა ცვლილება, არამედ მთლიანად ახალი პროგრამის განსაზღვრა თანამედროვე ქართველობისათვის. ამ შემთხვევაში ილიას სიტყვებს არ უნდა შევეხოთ, ის ჩვენი პოლიტიკური კულტურის საუნჯეა, რაიმე ახალი უნდა მოვიგონოთ.
მოდი ჯერ დავასაბუთოთ რატომ უნდა მოვიგონოთ ახალი, თუ ძველი მუშაობს? ჩემი აზრით იმიტომ რომ, თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში ილიას სამი საუნჯიდან არც ერთი აღარ ატარებს საპროგრამო ხასიათს.
მეცხრამეტე საუკუნის საქართველო რომელიც ანექსირებული იყო ცარისტული რუსეთის მიერ ქმნიდან კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის სუვერენიტეტის მოპოვებისაკენ.
ცნება „მამული“ მოიცავდა სუვერენიტეტის და მოპოვების ამოცანას. საქართველო ანექსირებული იყო რუსეთის მიერ ასე რომ ამ ცნების მიზანი და ამოცანა თავისთავად ცხადი და პირდაპირია. თანამედროვე საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენს სუვერენიტეტს ცნობს ყველა. სამწუხაროდ ისევ რუსეთის მიზეზით ჩვენი სუვერენიტეტი შელახულია ოკუპირებული ტერიტორიებით. იქნებ სწორედ ამიტომ, ეს ცნება დღესაც უცვლელი უნდა დავტოვოთ?__ასეც შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით, ცნება მამული სემიოტიკურად დაძველებულია, მას სამეტყველო ლექსიკაში თითქმის არ იყენებს, ან თუ ვიყენებთ საკარმიდამო მნიშვნელობით. ბევრად უფრო მოქნილი და პოპულარული სიტყვაა სამშობლო, მაგრამ არც ამ ცნების აპოლოგეტი ვარ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სხვა ცნებაში უნდა გამოვსახოთ.
„ენა“- ამ პროგრამაც შეასრულა თავისი როლი, მაგრამ თანამედროვე სუვერენულ სახელმწიფოში მის პრიორიტეტულ ამოცანად განსაზღვრის აუცილებლობას ვერ ვხედავ, უბრალოდ იმ მიზეზის გამო რომ სუვერენულ საქართველოში ენას არაფერი ემუქრება. თავის დროზე „ენის“ პროგრამა მიმართული იყო ქართველთა რუსიფიკაციის წინააღმდეგ. ეს გახლდათ დრო, როცა ქართველმა ხალხმა ქართულად წერა კითხვა არ იცოდა და დაარსდა წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ამ დროს, მთელი საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ხორციელდებოდა მხოლოდ რუსულ ენაზე. ყოველი კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ბრძანება ქვეყნდებოდა რუსულ ენაზე. ჩვენებური ბომონდი ამაზრზენი რუსულ-ქართული ბარბარიზმებით საუბრობდნენ. „ ენა“ მნიშვნელოვანი პროგრამა იყო საბჭოთა დისიდენტების დროს, რადგან შეიქმნა საჭიროება ენის დაცვისა 1978 წ. დამოუკიდებელ საქართველოში კი ქართველ ხალხს უნდა გვესწავლა ჩვენს ენაზე ქვეყნის მართვა. დღეს მიმაჩნია რომ ეს მიზანი შესრულებულია, ჩვენი ენა იქამდე იარსებებს სანამ ნაციონალიზმისთვის კაცობრიობაში ადგილი დარჩება. აქ მთავარი ამოცანა არის დამოუკიდებლობის დაცვა, ენა თავისთავად დაცულია.
„სარწმუნოება“ -ჩემი აზრით ილია აქაც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას გულისხმობდა. 1810 წ. რუსეთმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და გაძარცვა. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სვეტიცხოველში რუსი ეგზარქოსის ზიარების ლოცვა?__ გაგაჟრჟოლათ? კი, სწორედ ასე იყო! ილიას კი სარწმუნოება გააზრებული ჰქონდა როგორც ფარი დამპყრობელთა წინააღმდეგ, და ამ ცნებასაც დამოუკიდებლობის პროგრამის ნაწილად მიიჩნევდა. დღეს სარწმუნოების პროგრამად განსაზღვრის ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ. პირველ რიგში იმიტომ რომ მას იგივე ფუნქცია აღარ აქვს რაც ერთ დროს ილიას წარმოდგენაში გვქონდა; მეორეც იმიტომ რომ, კაცობრიობა მიდის ინფორმაციონალიზაციისკენ, კიბერპანკისკენ, კოსმოსისკენ და ასეთ მომავალში რელიგია ნამდვილად არ გახლავთ კარგი მეგზური.
გამოდის, ილიას სამივე ცნება „მამული, ენა, სარწმუნოება“ ერთ პროგრამას ისახავს მიზნად და ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვება. თუ თანამედროვე საქართველოს მიზნები არსებითად განსხვავებულია განა ეს არ ქმნის აუცილებლობას რომ ნაციონალური ამოცანის განსასაზღვრად განსხვავებული პროგრამები დავსახოთ?
ჩემი აზრით ასეთი პროგრამა, ან საერთოდ არ უნდა განისაზღვროს და ახალი არაფერი არ უნდა მოვიგონოთ, იმიტომ რომ მსგავსი ლოზუნგები დრომოჭმული და პათეტიკურია, მაგრამ თუ მაინც ვთვლით რომ უნდა განისაზღვროს, მე ასეთ პროგრამად მიმაჩნია: დემოკრატია, ერთობა, თავისუფლება.
ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების მთავარ მექანიზმად დემოკრატია იქცა. ჩვენი ფარი რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი დემოკრატიულობაა. დემოკრატია ცივილიზაციური არჩევანია, ის არის მიმართული ორი დიდი ამოცანის ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესრულებისკენ. დემოკრატია არის ძირითადი მექანიზმი ჩვენში აღმოცენებული ავტოკრატიის წინააღმდეგ, სწორედ დემოკრატია გვიხსნის რა არის ინსტიტუციური მმართველობა და დაქირავებული ხელისუფლება. სწორედ დემოკრატია გვაძლევს არგუმენტებს გაქსუებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ რომ შევახსენოთ: „შენ ჩემი ბატონი კი არა მოსამსახურე ხარ! რახან ამის პატივი დაგდე რომ მე მემსახურო, უნდა მიპასუხო როცა გეკითხები!“ დემოკრატია გვაკავშირებს ევროპას და აშშ-ს, სწორედ დემოკრატიამ შექმნა შესაძლებლობა რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნებმა იარსებონ ისეთი ურჩხულის მეზობლად როგორც რუსეთია.
„ერთობა“- ამ ცნების ქვეშ მე უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შემდეგ მრავალ ეთნიკურ მრავალ აღმსარებლურ, მრავალ კულტურულ საქართველოს. „ერთობა“ არაჩვეულებრივად ათავსებს ერთმანეთში სახელმწიფოს ეგზისტენციალურ პრობლემებს და საზოგადოების კონსოლიდაციის ამოცანას. ქართველი ხალხი გაყოფილია სოფლის და ქალაქის თემად, „ნაცად“ და „ქოცად“, ჩვენ ერთი ხის ორი ნაყოფი ვართ, რომელსაც მხოლოდ განსხვავებული ფერი დაედო იმიტომ რომ მზე სხვა მხრიდან ასხივებს. განსხვავება ხელოვნურია, ის არ არსებობს, თავს მოგვახვიეს და სწორედ ერთობა დაგვაძლევინებს საერთო ეროვნულ სენს პოლარიზაციას.
„თავისუფლება“-ალბათ ყველაზე მეტად ღირებული ცნება, თავისუფლება არის მდგომარეობა და არა შედეგი. ჩვენ სწორედ თავისუფლების მდგომარეობამ გაგვაერთიანა, რადგან მისი დათმობა არ გვსურს. ქართველმა ხალხმა თავისუფლება იგრძნო, განა ისწავლა, ის რაც ორგანულად გვესმის, ვერ დავთმობთ. როცა ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის მას ბრძოლის მიზნების ახსნაც უჭირს რადგან რადგან თავისუფლება სიყვარულივით დიდი ცნებაა, მის ახსნას როგორც კი დაიწყებ ბევრი რამ გამოგრჩება, ამიტომ შეყვარებულივით დაიბნევი.
ჩემი აზრით ეს სამივე ცნება აერთიანებს ერთ მიზანს რომელიც თანამედროვე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია: ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია. ამიტომ ჩემთვის დღეს არის „დემოკრატია, ერთობა, თავისუფლება“.
This post has been edited by mepar on 8 May 2024, 22:02