#მემორია
ნინო დარბაისელი
ფული, აკროსტიხი და თეთრი ლაქები
(ნესტან რატიანს)
მეგობარმა იკითხა, აკროსტიხი თუ მოუძღვნიათ შენთვისო და ნეტა არ ეკითხა!
ჩემი პროფესიის ადამიანს, მართლაც, ბევრი მოძღვნილი ლექსი უგროვდება;
უძღვნიან თაყვანისმცემლები თუ არათაყვანისმცემლები, მოწაფეები, თავისი თუ სხვისი, მეგობრისა, თანამედროვე ტრუბადურები კალამს სცდიან პოემაზე, სონეტზე, ჯვარედინად გარითმულ ლექსზე. ზოგი კარგია, ზოგი უკეთესი, ზოგი - ნაკლებად კარგი, ცუდი ხარისხისა - არ მაგონდება!
აკროსტიხი - რატომღაც ის ფორმაა, დაოსტატებულნი რომ არა და არ სწყალობენ, აი, დამწყებები კი მუდამ რომ ეტანებიან.
ერთმა მოგონებამ დამასევდიანა… მეტიც, ცრემლი მომგვარა!
ახალგაზრდობისას რეპეტიტორობას ვეწეოდი.
ეს - თავისებურ მოდასავით იყო მაშინ ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის, თან კარგი, შემოსავლიანი მოდა და ხომ არ ჩამოვრჩებოდი!
ძირითადად სკოლის მოსწავლეებთან ვმუშაობდი და რაკი ხრუშოვკის სამოთახიანში, შინ ისედაც ათი სული ვტრიალებდით და მგონი, სკამიც არ გვეყოფოდა, უცებ, ერთდროულად ყველანი რომ დავმსხდარიყავით, ქეიფის დროს კი წამდაუწუმ კარის მეზობლებისგან შემოგვქონდა და გაგვქონდა, მერჩია, მე თვითონ მევლო მოწაფეებთან.
ერთი ჩემი “ფასიანი მოწაფე” გვარად ტაბატაძე იყო, მეპატიოს, რომ თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავია და სახელს ვერ ვიხსენებ, მგონი ზვიადი ერქვა. იყოს ზვიადი!
ბავშვი სანახევროდ რუსეთში იყო გაზრდილი, ქართული ცუდად ახსოვდა. მერე მამამისი, რაღაც ძალიან დიდი თანამდებობის პირი, თბილისში გადმოიყვანეს სამუშაოდ და ბავშვები ქართულ სკოლაში შეიყვანეს.
ბავშვს ნიჭიერება აშკარად ემჩნეოდა, ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო საგნებში აქებდნენ, მაგრამ რა თავისი ბრალი იყო, თუ ქართულ სკოლაში არ უვლია და ენა არ იცოდა!
სკოლის პროგრამას ხომ ერთი ფეხით ვუსწრებდით, მის ლექსიკურ მარაგზე მუშაობა ცალკე ამოცანად დავისახეთ.
ძირითადად გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხეს’ ვამუშავებდით, იქიდან სავარჯიშოებს ვუგონებდი და ქართულ პოეზიას ვკითხულობდით ბევრს, ვწერდით თავისუფალ თემებს.
გავიდა ზამთარი, თანდათანობით გაზაფხული დგებოდა.
თეო მეორე ან მესამე კლასში იქნებოდა, მაშინ ჭადრაკის სასახლეში სულ რაღაც ტურნირები ჰქონდა.
ჩემი მეცხრეკლასელი ბიჭი სასახლეში ყოველდღე მოდიოდა. იქით - ბავშვები თამაშობდნენ, ჩვენ - აქეთ ვიპოვიდით რამე, მყუდრო კუთხეს და გაკვეთილს ვუტარებდი. ხან თემას ვაწერინებდი, ხან ლექსებს ვუკითხავდი. ტურნირები გრძელდებოდა. დღე მართლა არ ჩაუგდია. იქვე, ახლოს მდებარე სკოლაში სწავლობდა და რაკი ვვარაუდობდი, რომ გაკვეთილების მერე მშიერიც იქნებოდა, რაღაც სასუსნავი, ტკბილეულობა მე თვითონ ისედაც მიყვარს და მასაც ვახვედრებდი.
მაშინ იაფობა იყო. ერთი ეკლერი - ოცდაორი კაპიკი ღირდა.
მის გარდა სხვა მოწაფეებიც მყავდა. ერთი ტაბელ-კალენდარი მქონდა ჩატარებული გაკვეთილების ჩასანიშნად და ერთი სული მქონდა ხოლმე, ჩატარებული გაკვეთილის თარიღის ირგვლივ წითელი წრე შემომეხაზა.
რაკი ზვიადი თვითონ ყოველდღე იქ მყავდა, კიროვის ბაღში, სახლში რატომ-ღა მივიდოდი მასთან?
თან რვა გაკვეთილში ერთხელ მიხდიდა მისი ოჯახი შვიდ მანეთს - რვაჯერ შვიდი რამდენია? 56, არა?! ჰო, ამით მაშინ 56 კილო შაქარი მოდიოდა და ცოტა ხურდაც გრჩებოდა, წარმოიდგინეთ!
არ ჰყავდა ძუნწი მშობლები. ოღონდ ზვიადს რამე ესწავლა და, გაკვეთილის წითელი ფასი ხუთი მანეთი რომ იყო, შვიდს მიხდიდნენ. გადახდა, ჩვეულებრივ, თვის ბოლოს უწევდა, ხანდახან ცხრა გაკვეთილი გამოდიოდა და აღარ ვიცოდი, ამდენი ფული სად წამეღო (აქ- გაიცინეთ, ვიდრე დროა, იმიტომ, რომ ბოლოში - ტირილი მოგიწევთ. ყოველ შემთხვევაში, მე უკვე ახლავე მეტირება).
შინ ტელევიზორს რომ შემოუსხდებოდა მთელი ოჯახი, ამოვიღებდი ჩემს ტაბელ-კალენდარს ჩანთიდან, როგორც რომ დიდ განძს და გაქანებული რვა-რვად ვითვლიდი შემოხაზულ თარიღებს. (ერთმანეთში რომ არ ამრეოდა, სხვა მოწაფეების თარიღებს მწვანედ, ლურჯად, და შავად ვხაზავდი). საერთო ჯამში, საზაფხულოდ, ბავშვის ქალაქიდან გასაყვანად, კარგი ფული გამომდიოდა.
როგორც იქნა, დამთავრდა სასწავლო წელი და დადგა მაისის ბოლოც. მახსოვს, საბურთალოზე, გურიელზე თუ გამრეკელზე ცხოვრობდნენ, მოვირთე, მოვიკაზმე და ვეახელი ანგარიშის გასასწორებლად.
ზვიადი შინ არ იყო და კიდევ კარგი!
შემიყვანეს ზალაში და დავჯექი. დედამისმა რაღაც შეხვეული გადმომცა სიტყვებით, ეს - ქალბატონო ნინო, დიდი არაფერია, ჩვენგან მადლიერების ნიშნად, სახსოვრად გვინდა რომ გქონდეთო. მართალია, ბოლო დროს ვეღარ ავეწყვეთ, მაგრამ ბავშვს ძალიან დაეტყო თქვენი ხელი, ბოლო საკონტროლოში თავისუფალი დაწერა და თვითონ, დაუხმარებლად, დამოუკიდებლად ოთხიანი მიიღო, სულ ორი შეცდომა ჰქონდაო. მასწავლებელმა გვითხრა, ფრიადის დაწერაც კი შეიძლებოდა, მაგრამ იმდენი დაბალი ნიშნების მერე - აკრძალული გვაქვსო.
იმედია, მომავალი წლიდან უკეთ ავეწყობითო და კონვერტით ფულს მაძლევს. რაღაც კი მეთხელა ხელში ის კონვერტი, მაგრამ იქვე ჩახედვისა მომერიდა, შიგ ალბათ ასიანებია-მეთქი, ვიფიქრე და მადლობით ჩანთაში ჩავიდე. დიდხანს აღარ გავჩეერებულვარ, ავდექი, სკამი მივწიე ადგილზე და დავემშვიდობე.
სახლის კარი შეიკეტეს თუ არა, გულმა არ მომითმინა, იქვე ვნახე და გავცივდი, კონვერტში ერთი ცალი ათმანეთიანი და ერთიც ხუთმანეთიანი იდო. ანუ სულ თხუთმეტი მანეთი.
უცებ რა ვიფიქრე?
ხდება, რომ კონვერტებში მისაცემ ფულს ანაწილებ და სიჩქარეში აგერევა.
კიდევ კარგი, ორი ნაბიჯიც არა მაქვს გადადგმული, აქვე ვდგავარ-მეთქი.
და კარზე ზარი დავრეკე.
დედამისმა გამიღო, ვუთხარი, რომ მგონი კონვერტი აერია. დახვეწილ სახეზე გაოცება დაეტყო:
-იცით, ქალბატონო ნინო, მე ამ მხრივ ძალიან აკურატული ვარ. შეცდომა გამორიცხულია, ბლოკნოტში ხომ ვიწერ, სამზარეულოში კედლის კალენდარზეც ვნიშნავ. მაისის თვის დასაწყისის მერე ბავშვს რომ უთხარით, უკვე თქვენთან ვეღარ მოვალ, აღარ მცალიაო, ხომ აღარ მობრძანებულხართ, გაკვეთილი ხომ აღარ ჩაგიტარებიათ?! იჯდა ჩემი ზვიადიკო და სულ დამოუკიდებლად მეცადინეობდა გვიანობამდე…
აი, ეს არის მომენტი, ბეწვის ხიდი, როცა თუ რამ წაგიკითხავს პედაგოგობაზე კარგი, თუ რამ გსმენია, უცებ, წამში უნდა გაიაზრო ყველაფერი და არაფერი შეგეშალოს. შეიძლება, უფროსები სიმართლის გარკვევას გამოეკიდონ და ამასობაში ბავშვმა თავს რამე მოუწიოს… აზრები და ემოციები ერთიანად მოვთოკე, გამომეტყველება - კონტროლს დავუქვემდებარე და რამდენადაც შემეძლო, მშვიდად, აუღელვებლად ვუთხარი, როგორც ჩანს, რაღაც შემეშალა, აპრილისა გადმომყოლია, სამი გაკვეთილი მახსოვდა და ზედმეტი შემომიხაზავს-მეთქი.
და კიდევ ერთხელ, ბოდიშის მოხდით დავემშვიდობე.
მივდიოდი ფეხით ნუცუბიძეზე და ვფიქრობდი:
- რას იზამ! როცა ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, მოწაფეებს ადვილად უმეგობრდები, აქ საკვირველი არაფერია. არც ისაა საკვირველი, ზოგს რომ შეუყვარდე კიდეც. უბრალოდ, საპირისპირო სქესის ბავშვები რაღაც განსხვავებულს, უცნაურს გრძნობენ, რასაც უკითხავ, ყველაფერი სიყვარულზეა და მზა მოდელში უნებურად სხდებიან. ასეთ დროს მშვიდად უნდა იყო! არაფერია! არ უნდა შეიმჩნიო, ან გული არ უნდა ატკინო ბავშვს უნებლიე სიტყვით, ან არ დასცინო, არ დააკომპლექსო, არც ქვეყანა შეუყარო! არც მეტისმეტად უნდა გაუშინაურდე, მეგობრული, თავაზიანი დისტანცია ყველაფერს სჯობია!
დრო გავა, მიიხედ-მოიხედავს და ყველაფერი თავისით გადაუვლის…
ეს ნათქვამად, თეორიულად, გამოცდილი მასწავლებლებისგან ხომ ისედაც ვიცოდი. ახლა კარგი პრაქტიკაც მივიღე…
***
მაშინ პიონერთა სასახლეში ვმუშაობდი, გვიანი მაისის ოდნავი საღამო იყო, რომ გამოვედი ბავშვებთან ერთად, ვხედავ, ჩემი ზვიადი შორიდან მიღიმის და ჩემკენ მოემართება, თეთრი ჯინსის შარვალი აცვია, ბაცი ცისფერი მაისური …
იცით, როგორი იყო?!- ულამაზესი, მაღალი, თვალადი, ტანადი, ალბათ უფრო შავგვრემანი ეთქმოდა, შავი, სწორი, ოდნავ მოზრდილი თმა ნიავში ერხეოდა, შავივე მაღალი თვალ-წარბიდან დიდი, წაბლისფერი თვალები უნათებდა, სახე კი ბაცი ხორბლისფერი ჰქონდა.
შეიძლება ერთი წუთითო? ის ლექსი დავამთავრე, თქვენზე რომ ვწერდი და მინდა, ჩემგან სახსოვრად გქონდეთო. ფურცელი გამომიწოდა და არც დაელოდა ჩემს რეაქციას, დაუმშვიდობებლად, თავქვე გაიქცა მეტროსაკენ.
ფურცელზე ეს ეწერა.
ნისლში გხედავ შორითშორად.
იღიმები, მიხმობ თითქოს,
ნეტავ მართლა მოვიდოდე,
ო, როგორ მსურს შენი სითბო!
მიხმობ ისე, თითქოს ვიყო
ის არჩივი, შენ რომ ელი,
ყველა ქალში შენ რად გხედავ?
ვამბობ, ნეტავ ხარ რომელი?
აიხადა ნისლის ფარდა,
როგორ შევძლო შენი ცქერა!
ხედავ, როგორ მიზიდავენ
ახლა ღაწვნი, თმებიც ქერა.
რა ვქნა, მიყვარს შენზე წერა!
შენი ნაზი ხელის ცქერა,
ერთი შენთან მოვილხინო,
ნინო მიყვარს, მიყვარს ღვინო!
შეამჩნევდით ალბათ, რომ აკროსტიხად იკითხებოდა “ ნინო მიყვარხარ შენ”.
მისი ხმა კი მესმოდა ლექსიდან, მაგრამ სადღაც, ისიც მომეჩვენა, რომ ვიღაც მოიხმარა, უფრო რითმებში.
ნეტა ვინ?
გავიდა ორიოდე წელი, იმის მერე ზვიადი აღარ მინახავს, შორიდან ამბები მომდიოდა, რომ სამედიცინოს სტუდენტი გახდა.
გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რომ დრო ასეთ რაღაცეებს ერევა.
თავზარი დამეცა, როცა მითხრეს, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ავარიაში მოყვნენ, ექვსივე დაიღუპა და მათ შორის ისიც, ერთი შენი მოწაფე რომ იყო, ზვიადიო.
ლექსებს სხვის მოძღვნილს კი არა და, საკუთარ დაწერილსაც ვერ ვიმახსოვრებ. ის სკოლის რვეულის ოთხად მოკეცილი ფურცელი, საწერი მაგიდის შუა უჯრაში რომ მედო დიდხანს, დიდხანს, გადასვლა-გადმოსვლაში სადღაც დამეკარგა. თუმცა ახლა ლექსის აღდგენა დიდად არ გამჭირვებია, ალბათ ორიოდე სიტყვა ჩავსვი, მეხსიერების თეთრი ლაქების ადგილას.
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გოდივა 2 - ჩემი ჩვენება
ხილვას ვერ ვახვევთ როცა ჩვენ ნებას,
სიზმარი არის ეს თუ ჩვენება?
როდესაც ძაღლი ცხენს კბენს და უყეფს,
ცხენი კი ზურგით შენ გეზიდება,
გაიშლი, იხვევ წითელ თავთუხებს,
მოგეკიდება კრძალვა- რიდება!
თავგანწირული მიეშურები,
ტანად აღნაგი, შესაშურები,
ვინ დაგიმატა აბრეშუმები?
სიზმარში რად მჭირს გულის ზიდება,
თანაც რომ აღარ გადამიარა?
რატომ გეძახი? -
-შეჩერდი, არა!
ვინ მოიხმარა დესპოტი ქმრად,
ვინ მოიხმარა,
კმარა,
ო, კმარა!
შენა ხარ შველი,
შველი - შიშველი
და ბრბოს უბრძანეს თვალარიდება,
დაიხუროსო ყველა დარაბა,
თრთიხარ, ცახცახებ შეუდარები
და ჭორიც იქვე დაიარება.
მაინც გაჩნდება ვინმე ჭყიტინა,
ენატარტარა,
ენის მიმტანი,
თერძი იქნება,
გინდაც ხარაზი,
რომ სურს იხილოს შიშველი ტანი
რომ დაინახოს
ეგ თმა წითელი,
ტანის მფარავი, შეირხა რაზე.
და დააბრმავებს მაშინ გამჩენი,
რა დროულია ეს განაჩენი,
რათა შეშინდეს სხვა დანარჩენი,
დაცხრეს სიბრაზე.
მოდიხარ,
ისევ ცახცახებს ტანი,
გვიან გაჩნდება კვალი სატანის,
ცოდვათა კითხვა, თან წარსატანის,
ჯერ - სირცხვილი გაქვს გადასატანი!
შენ ხარ ლეგენდა.
შორი ლეგენდა,
და რომ ვერავინ წარმოიდგენდა,
ვიღაც ბერს ამბად აუტაცია.
(თუ ადგილობრივ წმინდანს დაეძებ,
ჰა, სასურველი ინფორმაცია!)
მესხმის რეტი და ტანთ გამაცია,
ქმარი კი,
ქმარი - თუმცა დესპოტი,
გულხარბი იგი, ფულიტაცია,
მაინც კაცია,
საბოლოოდ სიტყვის კაცია!
ვინც განიძარცვა სიკეთისათვის,
ის - იმოსება მარადი კდემით,
შენ - სიკეთის ქმნით აწმყოს შეერთვი,
ჩვენ - უსიკეთოდ ყოველდღე ვკვდებით.
მაგ მარად ტკივილს რა გააყუჩებს,
მივყვები ფეხით კავენტრის ქუჩებს,
ავხედავ ვარსკვლავს მე ბასრქიმებას,
ვგრძნობ, რომ წარსულზე გული მიმება
და ვერც ვერავინ მეექიმება
და სევდიანად გამეღიმება,
სხვა დროა ახლა,
სხვა სული ახლავს,
არა ისეთი, შენს დროს რომ ახლდა,
კოშმარი ახდა.
დღეს საოცრება - შემოსვა გახდა
და არა გახდა,
და არა გახდა!
ძილში - შენ გხედავ,
გხედავ და მოგდევ,
მოვრბივარ, როგორც ადრე მოვრბოდი,
ხოლო ამ ცხადში - ვარ მონაბოდი.
ვარ მონაბოდი,
მონაბოდი ვარ
და მაინც მოდი,
ცხადშიაც მოდი,
ლედი გოდივა!
ლედი გოდივა!
This post has been edited by nino darbaiseli on 22 May 2024, 08:52