#ლექსები
ნინო დარბაისელი
ჰიმენე*
გახსოვს? -
შორეულ ანტიკაში,
შენს მოლოდინში დურგლები ჭერს რომ აზიდავდნენ და ქალწულები თეთრ სამოსელზე ფერად სარტყლებს შემოიხვევდნენ,
ზედ აისხამდნენ სამკაულებს და გიმღეროდნენ, ჰიმენეო!
მეფე-პატარძალს
შეუძეხო საწოლისაკენ,
და ბედნიერი თანაყოფა,
მუცლადღება არ მოაკლოო.
განარიდეო შეგმანვა იგი უკუნელთა,
ჰიმენე,
ჰიმნებს გიმღეროდნენ
ხმაშეწყობილად,
როგორ ხარობდნენ, ნეტარებდნენ წარმოსახვებით!
ზოგი ტუჩსაც რომ მოიკვნეტდა,
ეს რა ოხრობა მემართება,
ნელსაცხებლებით ტანდაზელილს რამ შემაცია,
რა ჟრუანტელმა დამიარაო,
ვეღარც სხვებივით ვეღარ ჟღერდა
და ჰიმნით ხმობას ეთიშებოდა…
ზოგი, ო, ზოგი მაინც როგორ სხვანაირია!
ჰიმენე, გესმის ჰიმენეო?!
ღმერთი იყავი,
ყველა ქალისთვის სანატრელო,
დაქალებამდე - სანუკვარი სიზმრის ახდენავ,
რა დაგემართა!
რომ ასეთი ცხოველი და ნადირი გახდი,
მხეცი გახდი?
ტანთ შემოსილხარ,
(ანუ ძალიან განძარცვულხარ)
და პოზირებ პოზირებისთვის,
თავს უღიმი თუ საკუთარ თავზე გეღიმება?
ვინც მღერის,
განა ემღერება ყველას, ჰიმენე!
ვინც ცეკვავს, განა ეცეკვება ყველას ჰიმენე!
ვინც კარგობს, განა ყველა მართლა ისე კარგია,!
ვინც ახლა ხარობს, განა მერეც გაუხარდება!
ციკუტას შხამი - ამბროზიის თასშიც ასხია,
ერთი ღამე გვაქვს სანეტარო, ისიც - სხვისია,
გესმის, ჰიმენე?
ერთ კაცს ვიცნობდი,
შენ გებრძოდა თავგამეტებით
და ის, საჯაროდ ხმლისა მქნეველი
ერთხელ კალთაში ამიტირდა,
როცა ერთ დღესაც მისი ასული მიატოვე,
გესმის, ჰიმენე?
და მე ვიხილე,
რანაირია უღონობით მამაკაცის სასოწარკვეთა.
გვტოვებ,
მიდიხარ ,
შენს ნაფეხურზე
სისხლისფერი ვარდები რჩება.
და ვინაა წამომკრეფავი!
ვინც დაგეთხოვა,
გვირგვინდადგმული,
გვირგვინმოწნული თუ უგვირგვინო,
ყველა უცხოსთან დატოვებული ბავშვივით რატომ გამოგეტირა?
სხვის დასანახად ბევრმა თავიც გაიმამაცა,
სხვისი თვალისთვის,
ქალი - როლით არის მამაცი, უდარდელი,
მერე კუთხეში მიიკუნტება და მარტო ტირის, გესმის, ჰიმენე?!
რატომ დატოვე საქალეთი,
რატომ, ჰიმენე?
საშოს გამყოფო ღრუ ტიხარო,
მონაც შენა ხარ,
ბატონიც და
შენ ხარ სატანაც,
ღმერთიც შენ ხარ,
შენში ერთდება ყოველივე, წელქვემოთიდან ქალისათვის ცამდე რაც არის.
და თუ წახვედი,
უკან არასდროს აღარ ბრუნდები.
შემოგმღერიან ქალთა გუნდები,
შეისმენ როდი.
თუ დაბრუნება შეგიძლია,
ჰიმენე, მოდი!
- - -
*ჰიმენე - ქორწინების ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
ამგვარადვე იწოდება მედიცინაში საქალწულე აპკი.
არსებობს ვარაუდი, რომ ეტიმოლოგიურად მის სახელს უკავშირდება ჰიმნი, რომ ეს ჟანრი სათავეს იღებს ძველბერძნული საქორწინო, საგუნდო სიმღერებიდან.
* * *
#ლექსები
ლანა ბიბილურიძე
ნინო დარბაისელი
ლედი გოდივა*
(ლ. ბიბილურიძეს)
-ხელოვნებისთვის ტანგაძარცვული და ცხენზე მჯდარი ანუ მხედარი
მე ვარ ქალღმერთი,
მონა როდი ვარ!
ვისთვის - ცოცხალი
და ვისთვის - მკვდარი,
მხოლოდ ლოდი ვარ.
- მარადისობა მოგეგო, დივა,**
ჩემო გოდივა,
ლედი გოდივა!
- - -
* ლედი გოდივა - ხელოვანთა მფარველად მიიჩნევა.
გადმოცემით, იგი ქალაქის მთავრის ცოლი იყო და როდესაც ქმარს სთხოვა, იქნებ ხელოვანებს გაზრდილი გადასახადები შეუმციროო, პასუხად მიიღო - ეს ხომ იგივეა, შენ რომ შიშველმა ცხენით გაიარო შუა ქალაქშიო. ლედი გოდივა მართლაც შიშველი ამხედრდა ცხენზე და ყველას დასანახად გაიარა. ქმარს აღარაფერი დარჩენოდა და არტისტები გადასახადისგან გაათავისუფლა.
** დივა - (იტალ) ქალღმერთი. სასაუბრო მეტყველებაში ნიშნავს თავკერძა ქალს, რომელსაც შესტრფიან, ხშირად გამოიყენება ოპერის მომღერალთა, მაგალითად, მარია კალასის მიმართ.
*** ლექსი აგებულია ბგერწერულ თამაშზე:
გოდ - ღმერთი
დივა - ქალღმერთი
შემოთავაზებულია თავისებური, პოეტური ეტიმოლოგია.
ჯონ ტომასი - მარმარილო. “ლედი გოდივა”