#თარგმანები
ნდს
პასტერნაკის ერთი ლექსი - ორ ქალს
ჩვეულებრივ მთარგმნელის მინაწერს ბოლოში ვურთავ ხოლმე ლექსს. ახლა გადავწყვიტე, რომ უმჯობესია, მკითხველი ჯერ ამას გაეცნოს.
მთარგმნელისაგან:
პასტერნაკის ეს ლექსი- ელეგია - ჯვარედინად გარითმული სამსტროფიანი, ოთხტერფიანი იამბი - რუსული პოეზიის საგანძურს კი მიეკუთვნება, როგორც სატრფიალო ლირიკის გამორჩეული ნიმუში, მაგრამ … ოჰ, კაცებო, სინსილა, სინსილა გაწყდეს თქვენი! (მედეა ჩახავას ხმაზე, კინოფილმიდან ,, აბეზარა”!) გაგიგიათ, ერთი ლექსის ადრესატი ერთდროულად ორი ქალი იყოს?
მეტყვით, ორს ეძღვნებოდეს კი არა, და შეიძლება, ერთ ლექსი ერთ ქალს ეძღვნებოდეს, მაგრამ ზოგადდებოდეს და ავტორს მთელი საქალეთი ჰყავდეს ადრესატადო.
არა, მე თვითონ მეტი რა ვიცი, თუ ქართული თუ უცხოური პოეზიიდან. ის კი არა და, ავტორმა რომაც არ გვიგულისხმოს, განა ჩვენ, ქალებმა თვითონვე შესანიშნავად არ ვიცით პოეზიით ზეაზიდული ქალის როლის მორგება?
- ისევე, როგორც “შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი” წარმოსთქვამ და გაგახსენდება ყველა მამაკაცი შეყვარებული, ვისთვისაც გული ასე დაგიწყვეტია შენი გათხოვებით… ან გინდა გჯეროდეს, რომ ასეც იყო.
ახლა, ლებანიძის “ციცო” ?!- საქართველოში ყველა ციცომ და მასზე შეყვარებულმა ზეპირად რომ იცის და მისთ.
მე სხვა სიტუაციას ვგულისხმობ, შეიძლება ადრესატებიდან -
ერთი - საკუთარი, მოქმედი ცოლი იყოს და მეორე - ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ცოლი?
ბ. პასტერნაკს ევგენია ლურიესთან (ევგენი პასტერნაკის დედა) ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლაო, ვერ ვიტყოდით. მის მხატვარ ცოლს საერთოდ ეჯავრებოდა საოჯახო საქმიანობა. თეფშსაც არ გადაავლებდა წყალს. დაგვა, რეცხვა, სადილის კეთება და ა.შ. სულ ბორისის საქმე იყო წლების მანძილზე (1922-1931) და აი, 1929 წელს “მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი” პიანისტ ჰენრიჰ ნეიჰაუზის ცოლი - ზინაიდა.
არ იყო ზინაიდა დიდად ინტელექტუალური პასტერნაკის მხატვარი ცოლივით, რუსები რომ ,,პრასტადუშნაიას” ეტყვიან, ისეთი იყო, დიდად არც გარეგნობით გამოირჩეოდა გვრიტივით წყნარი, მომსახურე, სიმართლის მთქმელი ეს ქალი ….
მათი რომანის დასაწყისში ერთხელ პასტერნაკმა რაღაც ლექსი წაუკითხა და ქალმა პირდაპირ უთხრა, მანდედან ვერაფერი გავიგე, რა კარგი იქნებოდა, უფრო გასაგებად რომ წერდეთო!
გულწრფელმა ზინაიდამ ორი წელი გაუძლო ერთდროულად თბილისში ფორტეპიანოს მასწავლებლად ნამუშევარი ნეიჰაუზის ცოლობას და თან პასტერნაკის მუზობას და 1931-ში ქმარს გაშორდა.
მაგავე წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ცოლი პასტერნაკისა - ევგენია გერმანიაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
არეულზე არეული წელი იყო. ყოველდღე რაღაც ხდებოდა.
1931-შია დაწერილი სწორედ ეს ლექსი.
ერთი წლის მერე 1932 -ში, პასტერნაკმა ზინაიდას გულისთვის მთელი ბოთლი იოდი რომ დალია, ქმარს შეურიგდაო და სიკვდილისაგან ისევ მოწყალების დად ნამუშევარმა ზინაიდამ იხსნა, შეუღლდნენ კიდეც, შეეძინათ ლეონიდე - პასტერნაკის მეორე ვაჟი.
ოცდაათიან წლებში ახალი ცოლი საქართველოშიც ჰყავდა ჩამოყვანილი, (მეორე ვიზიტისას), აქ ცისფერყანწელთა ოჯახებსაც დაუახლოვდა.
სურათის სისრულისათვის აღვნიშნავ, რომ არც ზინაიდა ნეიჰაუზი ყოფილა პასტერნაკის ბოლო მუზა. ეს იყო “დოქტორ ჟივაგოს” ლერას პროტოტიპად მიჩნეული, რამდენჯერმე რეპრესირებული ოლგა ივინსკაია, რომელსაც 1946 წლიდან დაუახლოვდა, ზინაიდამ სასიყვარულო სამკუთხედის ეს ამბავი იცოდა, არც სკანდალები დაკლებიათ ცოლსა და მეგობარ-საყვარელს, ქმარი ცალკე მას და ცალკე ოლგას წრფელ წერილებს წერდა, მხოლოდ შენ მიყვარხარო. მოკლედ, აქ მთელი რია-რიაა, რა!
გვეყოფა!
ამ ლექსში პასტერნაკის იმდროინდელი მდგომარეობიდან იმდენი რეალიაა შეტანილი, რომ ეს თუ არ იცი, ვერ გაიგებ, რა მძიმე ჯვარიო, დასაწყისიდანვე (ანუ მისი მოქმედი ცოლი) რა ნაგავიო, უნაგვო ყოფაო.
ამ ამბების გარეშე მკითხველს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პოეტური ტექსტი თარგმანში - ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობრივია. არადა, თვით ორიგინალის ტექსტია ასეთი.
იმედი მაქვს, ცოტათი დავეხმარე მკითხველს ლექსის შექმნისდროინდელი რეალური კონტექსტის გახსენებით.
ბ. პასტერნაკი
სხვები გიყვარდეს - ჯვარია მძიმე.
შენ მშვენიერი ხარ უაუგო
და შენს მშვენებას გაუგო რამე,
უდრის - სიცოცხლეს არსი გაუგო.
გაზაფხულს სიზმრის შრიალი ახლავს
და ჩურჩულია სიახლის, წრფელის,
შენ ამ საწყისთა ოჯახიდან ხარ.
შენ ჰაერივით ხარ უზაკველი.
გამოიღვიძო და გონს მოეგო,
გულს მოაშორო სიტყვები ფლიდი
და აწ უნაგვოდ ყოფნას მოერგო,
ამას - არ უნდა ხრიკობა დიდი.
1931
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Борис Пастернак
* * *
Любить иных тяжелый крест,
А ты прекрасна без извилин,
И прелести твоей секрет
Разгадке жизни равносилен.
Весною слышен шорох снов
И шелест новостей и истин.
Ты из семьи таких основ.
Твой смысл, как воздух, бескорыстен.
Легко проснуться и прозреть,
Словесный сор из сердца вытрясть
И жить, не засоряясь впредь.
Все это — не большая хитрость.
1931
* * *
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მარგალიტების ტრიპ(ს)ტიხი* პაოლოსათვის
1. დაბინდულები
თუ ხარ ქათამი
და მოგეხვივნენ მარგალიტებით მოთამაშენი
და სულ მარგალიტს გაყლაპებენ,
ბუნებრივი საკენკის ნაცვლად,
რა გიხარია,
ახლოს მოსულა სიკვდილი შენი.
მათ შენი კუჭის წვენი სჭირდებათ,
მარგალიტები დაბინდვიათ,
უნდათ მჟავაში გააჩერონ,
გახადონ ისევ გასაყიდად მოპრიალე- მოკაშკაშენი.
ზარალზე მიდის
უამისოდ მარგალიტთა მთელი საშენი.
2. ქომაგთა ჰიმნი
“მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება”.
- პაოლოს გარდა,
ვის შეეძლო ასე დაწყება,
საუკუნოა პოეტური ესე უწყება.
შემოეხვია ჭილ-ყვავების წყება და წყება
და გვერგო - მისი ქომაგობა-არდავიწყება!
3. პოეტური კულტივაცია**
არ დაგაბნიოთ
ვინმეს უბირთვო მარგალიტების
ლამაზმა ფერმა.
უპარაზიტო მარგალიტთა
ბევრია ფერმა.
- - -
* ტრიპ( ს) ტიხი - ჩემეული პოეტური თამაშია, ტერმინში სანი ჩავსვი და ერთი, პოეტური წაკითხვით “სტიხი” ანუ ლექსი გამოდის.
ტრიპტიხი - რაიმე, სამი ნაწილისაგან შემდგარ ქმნილებას ნიშნავს, “სამწყებას”.
ეს ლექსები დაწყობილია სამწყება მარგალიტის აცმის პრინციპით - დიდი, საშუალო, მცირე.
** ახალი ტექნოლოგიით, ფერმაში ხელოვნურად გამოყვანილ მარგალიტს გასაზრდელად 2-დან 7 წლამდე სჭირდება. მისი იდენტიფიცირება მცოდნისთვის ადვილია, რადგან სრულყოფილი ფორმა და ფერი კი აქვს, მაგრამ გულში არა აქვს მთავარი - ბირთვი - რაიმე ნამცეცი, ქვიშა ან პარაზიტი, რომლის ირგვლივაც მერე ,, შენდება” სადაფით მარგალიტი.
* * *
#თარგმანები
ნდს
მწარე პური
(პასტერნაკი და ოლგა ივინსკაია)
მთარგმნელისაგან:
გუშინ ხომ გიამბეთ პასტერნაკის ბოლო სიყვარულის შესახებ.
არ დარჩენია ოლგა ივინსკაიას დიდი პოეტური მემკვიდრეობა, თუმცა ლიტერატურის სფეროში მრავალმხრივ ნიჭიერი ნამდვილად ეთქმოდა.
ქალი სულ გადასახლებული იყო. დაიჭერდნენ- გამოუშვებდნენ- ისევ დაიჭერდნენ- გადაასახლებდნენ და თან ეს ხდებოდა როდის?! - ორმოციანი წლების მეორე ნახევარში და ორმოცდაათიანებში, როცა ოცდაათიანებში გადასახლებული ,, ხალხის მტრების” რეაბილიტაციაც მზადდებოდა და დაწყებულიც იყო.
აღარ იცოდა ბ. პასტერნაკმა, ვისთან მისულიყო, რა და რამდენჯერ ეთხოვა.
ბუნებრივია, გაიფიქრებთ, ცოლი - ზინაიდა, რეპრესირებულ ცისფერყანწელთა ოჯახებზე მზრუნველი- მეგობარი, ამ ყველაფერს როგორ ეგუებოდაო.
თავიდან, ვიდრე შემთხვევით წერილს იპოვიდა, ეჭვები ვიდრე სტანჯავდა, უჭირდა და მერე, რაკი ტოტალიტარული ტრადიციით, საყვარელს - საჯაროდ “მუზა” დაერქვა (ახლა უფრო “პარტნიორს” უწოდებენ), პასტერნაკი კი წამოისვრიდა რაღაცას ხანდახან, მაგრამ გაშორებას მართლა აღარ აპირებდა ცოლთან, რომელიც ოსტატი იყო ქმრისთვის/ქმრებისთვის იდეალური ყოფისა და სამუშაო პირობების შექმნის.
, ზინაიდა შეეგუა სამკუთხედურობას. როგორც მოგონებებში წერს, აღარც კითხულობდა მათ ამბავს და იმდროინდელ საბჭოთა ელიტურ საზოგადოებაში პოეტ პასტერნაკის ოფიციალური ცოლის სტატუსს მშვენივრად იფერებდა.
ალბათ უფრო ამ თავისებური კონფორმიზმის გამო ვერ იტანდა ანა ახმატოვა.
ზოგადად ზინაიდა არ იყო უგონო ქალი.
ადრე ბავშვობაშივე მამით დაობლებული გენერლის ქალიშვილი ცხოვრებამ თმენაში კარგად გაწვრთნა
თუმცა ჯობია, ისევ პასტერნაკის მუზის - ოლგას ლექსი წავიკითხოთ, მისი ქალიშვილის მოგონებებიდან.
ოლგა ივინსკაია
(ბორის პასტერნაკს)
***
რა ვუყოთ, მწარეა ეს პური, ბედმა რომ ზიარად გვარგო.
ეს სახლი და ტყეა ჩვენი მოლიცლიცე თასი.
მე ვარ ბედნიერი, ახლოს რომ ვბინადრობთ, კარგო,
და თვით დედამიწაც ჩვენ მოგვდევს ფეხდაფეხ ასე.
მე კარს გამოგიღებ, შეხვედრის სურვილით ვბორგავ,
შემოხვალ, პარმაღთან იშორებ გადაღლას, გშვენის.
ყოველი შემოსვლა იმ განვლილ შეხვედრას მოჰგავს,
ოდესღაც რომ ერქვა პირველი შეხვედრა ჩვენი.
რომელიც, ვინ იცის, საერთოდ პირველი იყო.
თუმცა-ღა რა მახსოვს, სულ გადამავიწყდა ალბათ,
რა იყო შენამდე, ცუნ იყო, რომ მოსულიყო.
და თითქოს ვიღაცაც მიყვარდა, არც მახსოვს ამბად.
ძვირფასო, ფაქიზო, გკოცნი და ეს ლოცვა გშველის.
ამ სიახლოვეში ხელს ვუწვდით ერთმანეთს ახლა.
ამ ცის ქვეშ, ამ ქარქვეშ მტკიცეა კავშირი ჩვენი -
- მას ვერ შეაშინებს ეს მოსალოდნელი გაყრა!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Ольга Ивинская
* * *
Пусть горек наш хлеб, разделенный судьбой,
Но дом наш и лес наш, как полная чаша.
Я счастлива тесным соседством с тобой,
И даже земля – только спутница наша.
Я дверь отворю тебе в темноту,
Ты входишь, с порога отбросив усталость.
И каждая встреча похожа на ту,
Которая первой когда-то считалась.
Которая, может быть, первой была,
Но я ее впрочем, наверно, забыла,
Как то, что до встречи с тобою жила,
И даже как будто кого-то любила.
Мой милый, мой нежный! Целую молясь,
Сквозь всю нашу близость простертые руки.
Под небом, под ветром, прочна наша связь - Она не боится грядущей разлуки.
This post has been edited by nino darbaiseli on 16 Jun 2024, 10:59
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)