CutOffHands
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 680
წევრი No.: 197403
რეგისტრ.: 1-February 15
|
#61230250 · 5 May 2024, 23:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ აღდგომას. იმედია ყოველთვის გვექნება საშუალება ამ დღეს აქ და ისე შევხვდეთ როგორც აქამდე ყოველთვის.
შარშან ვუყურე "ინიშერინის ავ სულებს" (Banshees of Inisherin). მაშინ დავწერე ირლანდიის ისტორიასთან რა საერთო მაქვს და არ მომეწონამეთქი. ახლა ვნახე კენ ლოაჩის "ქარი რომელიც თავთავებს არხევს". ესეც ირლანდიელების დამოუკიდებლობის და შემდეგ სამოქალაქო ომზეა. დაახლოებით ვიცოდი ომზე რომ იყო (ომზე ფილმებს საერთოდ არასოდეს ვუყურებ) და ამ დღეებში მაგაზე ბევრს ვფიქრობდი და მაგიტომაც ჩავრთე. მაგრამ რაც ვნახე კი არ ველოდი.
ფილმი ომზე კი არ არის - სროლაზე, ყვირილზე, დროშაზე, ჰიმნზე, რუკაზე... არამედ იმ გრძნობაზე ექიმს რომ კაცს მოაკვლევინებს, და იმ გრძნობაზე კაცს რო ტყვიას მიაშვერინებს მკერდს...
ახალგაზრდა ექიმზეა, რომელიც ირლანდიიდან მიდის უკეთეს ქვეყანაში სამუშაოდ. ჩემსავით... და მერე არ წავა. თავისუფლების გამო. მე მთელი ცხოვრება მესმის ეგ სიტყვა "თავისუფლება" და ბევრი წელია ეგ სიტყვა ჩემთვის არაფერს ნიშნავს: თავისუფლებას ყოველთვის ისე ვთარგმნიდი ჩემს გონებაში, როგორც "თავისუფალ ნებას", ეს აზრი კი ჩემთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ვთვლი არავის აქვს თავისუფალი ნება, ყველაფერი განსაზღვრულია (წარმოუდგენლად, შეუცნობლად, განუზომლად, დიდი რაოდენობის, მანამდე მომხდარი ამბებით) და არაფერია რაც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს გარდა იმ ერთისა რისი არ-გაკეთებაც არ შეეძლო. სულელურად ჟღერს შეიძლება, მაგრამ ფილოსოფიაში დეტერმინიზმი ქვია და სევდისთვის დამახასიათებელი უიმედობის თანმდევი და გამომდინარე ნაფიქრია. ამ ფილმის ყურების მერე მივხვდი, თავისუფლება, როგორც ქვეყნის, ხალხის თავისუფლება - სხვა რამეა. ეგ ნიშნავს უფლებას რომ ყველა ადამიანს ერთნაირად ჰქონდეს საშუალება იფიქროს და დაიჯეროს რაც უნდა მისი თავისუფალი ნების შესახებ; უფლება რომ იყოს იმდენად თავისუფალი (თუ კი ამის სჯერა) ან არათავისუფალი (თუკი ჩემსავით ამის სჯერა) რამდენადაც ყველა დანარჩენი; უფლება რომ გააკეთოს ყველაფერი ან არაფერი რამდენადაც ყველა დანარჩენმა; იცხოვროს, ისწავლოს, იმუშაოს, იყოს ბედნიერი - ან არ იცხოვროს, არ ისწავლოს, არ იმუშავოს, არ იყოს ბედნიერი - მაგრამ ზუსტად იმდენადვე რამდენადაც ყველა სხვა ადამიანი. და თავისუფლების დაკარგვაა როცა ვიღაც ხალხი მაგ უფლებას ართმევს სხვა ხალხს - და ვიღაცებს (იმ უცხოებს, სხვა ქვეყნელებს, მტრებს) აქვთ უფლება (ან არ აქვთ მაგრამ სჯერათ რომ აქვთ) რაღაცის გაკეთების ან არგაკეთების, და ამათ კიდევ არ აქვთ იგივე რაღაცების გაკეთების ან არგაკეთების უფლება (ან არ აქვთ მაგრამ აღარც სჯერათ რომ აქვთ). ამ თავისუფლების გამო ომში წავა ფილმის გმირი.
და დასაწყისში, მოკლული ბიჭის დამტირებელი ბებო მღერის: "რთული იყო იმ სიტყვების თქმა რომლებიც სამუდამოდ დამაშორებდა საყვარელს, მაგრამ უფრო რთულია სირცხვილის ატანა, ჩვენს ხელებზე მტრის ბორკილებს რომ ახლავს."
და სირცხვილიც ჩემთვის მნიშვნელოვანი გრძნობაა. რაც სკოლაში შევედი იქიდან მოყოლებული სწავლა არ შემიწყვეტია, და თან ისეთი რამეების სწავლა რაც მაშინვე სხვის დასახმარებლად უნდა გამოიყენო, და რაც კი რამე ვერ მისწავლია წლების განმავლობაში, და შესაბამისად ვნმესთვის ტკივილი მიმიყენებია ან ტკივილი ვერ შემიმსუბუქებია, ყველა სიტყვა და ასო სირცხვილი ყოფილა ჩემთვის. ფილმიც მაგნაირ სირცხვილზეა. სიმღერის სიტყვები ისე იკითხება თითქოს ისაა სამარცხვინო კაცს ბორკილი რომ ადევს. არაა ასე ჩემი აზრით. საკუთარი თავის ვერდახმარება სირცხვილი არაა. სამარაცხვინო ისაა, შენს გვერდზე რომ ბორკილი ადევს ვიღაცას, და არ ეხმარები "გათავისუფლებაში".
და თუ ის, ვისაც ბორკილი ადევს, შენს ენაზე ლაპარაკობს, შენს გვერდზე ცხოვრობს, გამარჯობას გეუბნება, გენათესავება, გემეგობრება, უყვარხარ, ახსოვს ის რაც შენ გახსოვს და არ ახსოვს ის რაც შენც არ გახსოვს... აი მაშინ არის სირცხვილი ისეთი უშველებელი, რომ შეიძლება არ დაგაყენოს (ზოგ ადამიანს მხოლოდ რათქმაუნდა, ზოგი ზოგ გრძნობას ვერ გრძნობს იმდენად, ზოგი მეტად), არც სხვაგან, არც უკეთესად, არც თავად უბორკილოდ... ამას აკეთებს ლოაჩის დახატული კაცი.
მე თვითონ 1 თვეში მივდივარ სხვაგან. და აქ კიდე ის ხალხი ვისაც ვიცნობ და მიცნობენ, მიყვარს და ვუყვარვარ, რჩებიან. რომ ცადონ ბორკილი არ დაედოთ.
ეხლა კენ ლოაჩის ფილმის პერსონაჟად რომ გამოვდგებოდი, არც არასოდეს მიფიქრია. მაგ კაცის ფილმების ხალხის ტოლი სიყვარული და სიყვარულის ცნობა ჩემთვის ძაან ბევრია... მაგრამ კონკრეტულად ასე ნათქვამმა, და ასე დანახულმა სიმართლემ (ჩემს თავზე) განსაკუთრებით დამწყვიტა გული.
თავისუფლება, ესეთი გაგებით, რომ კარგია უცხადესია მათთვის ვისაც ასე ესმის თავისუფლება (ახლა უკვე ჩემთვისაც). მაგრამ ფილმის შემდეგი ნაწილი უფრო მტკივნეულ თემაზეა, და ამაზე წერა (და კითხვა) ბევრად უფრო სახიფათოა და რამდენიმე დღეა ვცდილობ დავწერო მაგრამ რვეულისა მეშინია, და ფორუმი ნაკლებად საშიშია და იქნებ აქ მოვახერხო.
მეორე ნახევარში პერსონაჟებს, ერთი ქვეყნის, ერთი ქალაქის, ერთი სოფლის, ერთი ქუჩის ხალხს... უწევს კამათი იმაზე თუ რამდენი თავისუფლება, რანაირი ბორკილები, რამდენ სიკვდილად ღირს. ძალიან მკაცრი ბორკილები და სამაგიეროდ ცოტა მსხვერპლით მოპოვების შანსი თუ ძალიან რბილი ბორკილები და სამაგიეროდ ბევრი მსხვერპლით მოპოვების შანსი თუ არანაირი ბორკილები და სამაგიეროდ ძალიან ბევრი მსხვერპლით მოპოვების შანსი.
ჯერგერთი, ბორკილების სიმკაცრის გაგება სხვადასხვანაირია - რომ გადმოვაქართულოთ: ზოგისთვის ევროპის ბორკილებია უფრო უხეში (ასე ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ძალიან ცოტა ნაწილი, უმეტესობისთვის ევროპა რბილი კიარა საერთოდ უბორკილობაა) და ზოგისთვის რუსეთის ბორკილებია უფრო უხეში (ასე ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი, ცოტასთვის რუსეთი საერთოდ უბორკილობაა ასევე). (არანაირი ბორკილები რომ მთლად უკეთესია (თუმცა მიუღწეველი ჩვენთვის და თითქმის ყველასთვის ყველგან და ყოველთვის), ეგ ნათელია, ამიტომ არ განვიხილავ) ამაზე მე მეტ წერას არ ვაპირებ რადგან ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის რუსეთიც და ევროპაც ნაცნობია და არანაირი ეჭვი არც მე და არც დიდ უმრავლესობას ამაში არ ეპარება...
მეორეცერთი, მსხვერპლის გაგებაც სხვადასხვანაირია: რამდენია ბევრი და რამდენი ცოტა და ერთი ადამიანის, ასი ადამიანის, ათასი ადამიანის, ათიათასი ადამიანის, ასიათასი ადამიანის სიცოცხლე - რამდენი ღირს. და თუ შეუძლია ამაზე პასუხი იმას, ვინც არ იცის რომ უეჭველად შესწირავდა თავს მსხვერპლად. და თუ აქვს უფლება ამაზე პასუხის იმას, ვინც არ იცის რომ უეჭველად შესწირავდა თავს მსხვერპლად.
და მესამე, შანსის გაგებას სხვადასხვანაირია (რადგან ადამიანებს, ხალხს, ეხება საქმე და ადამიანის ქცევები კი მომავალში ზუსტად ან შეიძლება საერთოდ, არ იზომება...): რამდენია შანსი რომ მცირე მსხვერპლით, წარმატებით მოიპოვოს მკაცრი ბორკილები ან რამდენია შანსი რომ ბევრი მსხვერპლით, წარმატებით მოიპოვოს რბილი ბორკილები ან რამდენია შანსი რომ ძალიან ბევრი მსხვერპლით, წარმატებით მოიპოვოს არანაირი ბორკილები (ეს არარსებულია ალბათ, თითზეჩამოსათვლელი ქვეყნების გარდა, რომლებიც საერთოდ არავის არანაირი გავლენის ქვეშ არ არიან - და ესენიც იმით აღწევენ ასეთ პოზიციას რომ სხვა ხალხებს ართმევენ)
ამეებზე დავა იწვევს ირლანდიაში სამოქალაქო ომს. და ჩვენ ღმრეთმა დაგვიფაროს მაგისგან, ამაზე ერთი წამითაც არ ვფიქრობ. მაგრამ განსხვავებული აზრები რომაა ხალხში ცხადია (და ბუნებრივი და მოსალოდნელიც რათქმაუნდა) კი, ჩვენთან ხალხის დიდი ნაწილი ერთ აზრზეა და არ ემტერება ერთმანეთს და კარგია, მაგრამ იმ მცირე ნაწილის მიმართ, ვინც სხვა აზრზეა, ბევრი ზიზღია. (ზიზღი კარგია თუ ცუდი ეგ მე არ ვიცი და არაფერს ვიტყვი გარდა იმისა რომ არ მომწონს) (იმ ადამიანებზე არ ვწერ არაფერს, მოღალატეები რომ არიან - არ უყვართ გვერდზე მყოფები, თავისი ხალხი, და მათ საუბედუროს და მხოლოდ საკუთარის სასიკეთოს, მტერს, უჭერენ მხარს - ამათ მიმართ ზიზღი უმისამართო და დაბნეული არ მგონია). ნებისმიერ შემთხვევაში, რაც საერთოდ ყველას უნდა ეგ არ გამოვა რათქმაუნდა (ისევე როგორც ყველა საკითხში).
მე პოლიტიკოსი არ ვარ და რასაც ვწერ იმიტო რო რო არ დავწერო ძალიან ძნელია. აქ კიდე ცოტა ხალხი შემოდის და ამიტომ არ მგონია ძალიან საზიანო იყოს ჩემი ნაფიქრის წერა. და ასეათუისე, ფილმზეც არის (თან კენ ლოაჩის ფილმზე). და თან ადამიანი რახან ვარ, ძალიან მინდა ვინმემ გაიგოს რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ და რატომ, ოღონდ ჩემს გარშემო სირცხვილის გამო ვერ ვეტყვი ვერავის. აქ კიდევ ნაკლებად მრცხვენია. ამიტომ დავტოვებ აქ და რვეულში მერე გადავწერ...
This post has been edited by CutOffHands on 6 May 2024, 01:21
|