nino darbaiseli
Crazy member
ჯგუფი: Members
წერილები: 3462
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#61253800 · 13 May 2024, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გაქალთევზება (იუმორესკა)
შენ ქალთევზა გინახავს? ამბობენ რომ მითია, მასზე ფიქრში სიცხიანს ეკომ ღამე მითია.
სილამაზით - ვიცი, რომ ვერვის შევესილები, სიზმრად - ქალთევზებია, ტუჩებდაბრეცილები.
ისე დაუბერიათ, მართლა ჰგვანან ქალთევზებს, იმათ გარეგნობაში თვალი იმ ძველ კვალთ ეძებს.
ყველა ერთნაირია, “ლოპეც” ისე, რაც ია, ნასესხები ფულებით უყვართ ოპერაცია.
ქალთევზებად ქცეულან ფულიანი ქალები, ჩამორჩენას დარდობენ იმათი დაქალები.
ოღონდ ვინმეს აჯობონ, მტერს დაუვსონ თვალები! მოუმრავლდა სუყველას ვალები და ვალები.
ასე მთელი ცხოვრება გასდით, განა წამები. სახეები გაუხდათ ტანჯვით განაწამები.
ერთ თარგზეა აჭრილი, სადაც კი ლამაზია და ჰგონია, შეჰხარის მას მთელი ევრაზია.
მე შევხარი, ბუნებამ, ღმერთმა როგორც ინება და ვთვლი, არის ამაო მეტი გულმოდგინება…
შემხედვარე იმათი - უასაკოც - ნელია, ნეტა დარჩათ რაიმე კაცის საკოცნელია?!
არაფერი ასხვავებს სირინოზს და სირენას… იტყვით, არ დააყენებს ნინო თავის სირ ენას,
იტყვით, მე რა მადარდებს, გული შურით მევსება? მთელს ქვეყანას მოელის მალე გაქალთევზება! * * * #ლექსები
ეს მიყვარს - ჩემს სიყმის და მას მერეც სულ და სულ მეგობარს ტელეჟურნალისტ თამარ ბოლქვაძეს ეძღვნება
ნინო დარბაისელი
თამრი
ამ ბოლო დროს სარკეებს სულ მრუდეებს უშვებენ! - ჩაიხედავ, - ვიღაცას, - შენს ვერსიას აჩვენებს, ოღონდ ფორმადაკარგულს, უცხოდ სხეულმოშვებულს, თვალებს რა დაემართათ ამ სხვისას და ან ჩვენებს!
ძველებურად ვერ ვიხდენთ, გოგო, რამე მოსახდენს, ხან ფეხები გვაწუხებს, ხან წელი და გვერდები, აღარ ვიბრძვით ვეფხვივით, ვეგუებით მოსახდენს… თამრი, რა გვჭირს ნეტავი, თამრი, ხომ არ ვბერდებით?
ზოგჯერ ვერ გაგვიგია, ასე რა გვაგულისებს, აღარც გვეთუმცავება, აღარც გვემაგრამება. ეპიზოდურ როლში ვართ, მივეჩვიეთ კულისებს, თამაშდება სცენაზე შვილიშვილთა დრამები.
ქარმა წარმავლობისა ასე როგორ დაბერა, ვინმე უცხო თუ გვიცქერს, დაძაბულნი ვიცინით. თანატოლნი გვხვდებიან, ვამბობთ, “რამ დააბერა”, და ვინ იცის, ასევე იძახიან ისინიც.
მეგობრები მიდიან, ყოფა შემოგვატოვეს, დატირება - ჩვენ გვიწევს, გზად ყვავილთა დაგება… თამრი, როგორ გავუძლოთ ამ დარდს, ამ სიმარტოვეს, ვამბობთ ნაღვლიანები, “ჩვენი ჯერიც დადგება”!
მეგობარო სიყმისა, შენი დარდი აქაც მდევს, მწერ, “თუ სადმე სენია, სულ მე შემომესია”… თავს მიხედე, იცოდე, თანამდევო აქამდე, კარგად უნდა დავბერდეთ, დღეგრძელობის წესია!
This post has been edited by nino darbaiseli on 13 May 2024, 22:57
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|