ოსაკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლაბორატორიაში შექმნილი სტეიკის “დაბეჭდვა” შეძლეს. მათი თქმით, ეს სტეიკი ძალიან ჰგავს ნამდვილი პირუტყვის ხორცს და ნამდვილი დელიკატესის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრად ალტერნატივას წარმოადგენს.
გუნდმა ვაგიუს ძროხების ღეროვანი უჯრედების ორი ტიპი შეაგროვა. შემდგომ მათი ინკუბაცია და კუნთებად, ცხიმებად და სისხლძარღვების უჯრედებად გარდაქმნა მოახერხა. საბოლოო პროდუქტს ცხიმიანი სტეიკები წარმოადგენს, ხუთიდან ათ მილიმეტრამდე ზომით.
“ვაგიუს ძროხის ჰისტოლოგიური სტრუქტურის ნიმუშის გამოყენებით, ჩვენ 3D ბეჭდვის ტექნიკა შევიმუშავეთ. მას შეუძლია, რთული სტრუქტურები შექმნას, როგორიცაა კუნთების ბოჭკოები, ცხიმი და სისხლძარღვები” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დონგ-ჰი კანი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს პროცესი შეიძლება, სრულად მორგებული იყოს ვაგიუს სტეიკის ნაჭრების შექმნაზე. რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი ხორცის მოყვარულისთვის საოცნებო იყოს, რადგან ლაბორატორიაში მოყვანილ ხორცსაც კი ნამდვილის გემო ექნება.
“ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, არა მხოლოდ ხორცის ისეთი რთული სტრუქტურების რეპროდუცირება იქნება შესაძლებელი, როგორიცაა მშვენიერი ვაგიუს ძროხის სტეიკი, არამედ ცხიმისა და კუნთების კომპონენტების დახვეწილი ცვლილებების განხორციელებაც” – განმარტავს კვლევის მონაწილე მიჩია მაცუსაკი.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად შექმნილი ხორცის ინდუსტრია ეტაპობრივად სრულფასოვან კომერციულ საწარმოდ გარდაიქმნება – მომავალი წლის ივნისში ისრაელში მსოფლიოში პირველი ლაბორატორიული ხორცის ქარხანა იხსნება. გარდა ამისა, სილიკონის ველის სტარტაპმა Orbillion Bio ცოტა ხნის წინ მსგავსი ეგზოტიკური ხორცი წარადგინა.
თავის მხრივ, ლაბორატორიული ხორცის შექმნის სარგებელი ძალიან მნიშვნელოვანია – ის დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ცხოველების დახოცვა და ასევე, გაცილებით ნაკლები გავლენა ვიქონიოთ გარემოზე.
https://www.marketer.ge/3d-printerit-sehkmn...oTHM12dMYyjJ6as