დეზინფორმაციამ კი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბაწინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ქართული ტელეკომპანიების აქტიური დახმარებით გალის რაიონში მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციას ხშირად ავრცელებდა. გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელი ანგარიში ამ ინციდენტებს უარყოფს.
ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი დეზინფორმაციით საქართველოს მთავრობა საკუთარ იმიჯზე ზრუნავს. ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ გაეროს გალის რაიონში არსებული მდგომარეობის ასახვა არ აწყობს.
იანვრის დასაწყისში საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 2008 წლის 1 იანვარს გალის რაიონში, აფხაზურმა „ბანდფორმირებებმა“ ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის 7 სახლი გადაწვეს, 25 გალელი ახალგაზრდა კი დააკავეს. მათი დაბრუნება ადგილობრივი ნათესავების დახმარებით მოხერხდა. ინფორმაციას ამ ინციდენტების შესახებ გალის მიმართულების კოორდინატორი თორნიკე კილანავა ავრცელებდა.
საქართველოს ტელევიზიები გადმოსცემდნენ, რომ სახლების დაწვამ არ შეაშინა გალის რაიონის მკვიდრნი და ისინი მაინც გამოდიოდნენ ტელევიზიების პირდაპირი ეთერით და აცხადებდნენ, რომ ხმას, მიუხედავად ყველაფრისა, მაშინდელ პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს მაინც მისცემდნენ.
ამ ინციდენტმა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გააღიზიანა. მან საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მაღალი დონის წარმომადგენელი დაიბარა. გელა ბეჟუაშვილმა მას მოსთხოვა, რომ მისია მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოს აფხაზეთში შექმნილ ვითარებას, გამოიძიოს და დაუყონებლივი რეაგირება მოახდინოს გალის რაიონში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ყველა ფაქტთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი დაინტერესება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ბედით მისასალმებელია, თუმცა, არანაკლებ მისასალმებელი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან დაინტერესება იქნებოდა. მით უმეტეს, მსგავსი ფაქტების გამოძიება და დაზუსტება ამ სამინისტროს კომპეტენციაშიც შედის.
ამ ფაქტების გავრცელებისთანავე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწია იმ ოჯახებს, ვისი სახლებიც „აფხაზმა „ბანდფორმირებებმა“ დაწვეს“. უცნაურია, მაგრამ მაშინ, როდესაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა და საქმის გამოძიებას ითხოვდა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაცია ამ ინციდენტებთან დაკავშირებით არ ჰქონდა.
მეტიც, მას შემდეგ, რაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით „ზედმეტი“ ინტერესი გამოიჩინა და სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს რამდენიმე კითხვით მიმართა, ამას თავად მინისტრის, კობა სუბელიანის, ზარი მოჰყვა. ცენტრის ხელმძღვანელთან საუბრისას ბატონი კობა „ჟურნალისტის კატეგორიულ ტონთან“ დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავდა.
საბოლოოდ, ვერც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის და ვერც მისი პრესსამსახურის მხრიდან ინფორმაცია ჩვენ ვერ მივიღეთ. კონკრეტული ფაქტებზე კონკრეტული კომენტარების ნაცვლად მხოლოდ შენიშვნები ისმოდა. კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს. ვინაიდან მინისტრთან საუბარი ამით დასრულდა, ჩვენ ვერ გავარკვიეთ, რატომ არ გამოუყოფდა მინისტრი საცხოვრებელ ფართს იმ ადამიანებს, ვისი სახელითაც ასეთ კატეგორიულ განცხადებებს საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი აკეთებდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაციის დაზუსტებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის“ ხელმძღვანელ ნონა უბილავას დაუკავშირდა. ქალბატონი ნონა ყველა გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„გადაიწვა მხოლოდ ერთი, ადგილობრივი მცხოვრების როსტობაიას სახლი. თუმცა იქამდე, სანამ ამის შესახებ განაცხადებდნენ. ეს ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. აფხაზეთში ის ძველი პარტიზანი იყო, მისი საქმიანობა მთლად მისაღები არ იყო. გადამოწმების შემდეგ ასევე არ დადასტურდა 25 ახალგაზრდის გატაცების ფაქტი. ტყუილი აღოჩნდა კიდევ ერთი გავრცელებული ინფორმაცია 23 რუსი და ჩეჩენი ჯარისკაცის გაქცევის შესახებ. გაირკვა, რომ გაიქცა მხოლოდ ერთი ჩეჩენი, რომელიც ისევ დაბრუნდა“.
საქართველოს ხელისუფლების და მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაეროს უშიშროების საბჭოც არ ადასტურებს. მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2007 წლის 3 ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. 25 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში გაერო აღნიშნავს, რომ მსგავსი დაუზუსტებელი ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლება ზიანს მიაყენებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. გაეროს ინფორმაციით, გალის რაიონში კრიმინალური ინციდენტები კი მოხდა, თუმცა მათი რაოდენობა 2006 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაცილებით შემცირებულია. ხოლო მედიის და პერიოდულად მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციები მოსახლეობაში შიშს ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, თითოეულ ცალკე აღებულ არასწორ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე შესაძლოა მცირე ზემოქმედება ჰქონოდა, „თუმცა, საერთო ჯამში, მათ დიდი წვლილი შეიტანეს უნდობლობის და საფრთხის ზრდის საქმეში, რამაც შედეგად კონფრონტაციის შანსები გაზარდა ”.
გაეროს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ზოგჯერ უსაფუძვლო, ზოგჯერ ნაწილობრივ სწორი, ზოგიერთი შემთხვევაში არასწორად ინტერპრეტირებული იყო. მაგალითად, იმის მტკიცება, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხაზი დანაღმული იყო, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებაში აღნიშნავენ, რომ საბჭოს აქტიური პატრულირების შემდეგ დამწვარი სახლების ინციდენტი, ინფორმაცია გატაცებული ახალგაზრდების შესახებ, საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის ხაზში უამრავი აფხაზი სამხედროს შეყვანა, ქართველების მასიური დაკავებების ფაქტები არ დადასტურდა.
თუკი საქართველოს მთავრობის და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, რამდენად სახიფათოა ეს საქართველოს იმიჯისთვის და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის?
ექსპერტ სოსო ცინცაძის აზრით, ის, რასაც აფხაზეთთან დაკავშირებით ავრცელებენ რეალობაა. უბრალოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ამის გახმაურება არ სურს.
„ჩვენ ჯიუტად არ გვინდა დავინახოთ ის, რაც რეალურად არსებობს. კონკრეტულად ის მაქვს მხედველობაში, რომ გაეროს ამ პრობლემის დრამატიზირება არ აწყობს. ბან კი-მუნს აქვს სხვა პრობლემები, აფრიკა, სომალი და სამხრეთ სუდანი. ახალი თავის ტკივილი მას არ უნდა. ვინაიდან აფხაზეთში სისხლი არ იღვრება, მასობრივი ომი არ არის, გაერომ რატომღაც ჩათვალა, ყველაფერი ნორმალურად მიდის. დანარჩენს, იმას, რომ კონფლიქტი ჰაერშია გამოკიდებული და მოლაპარაკებები კიდევ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს,“.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ისტორიაში გაეროს მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირების ერთი პრეცედენტიც არ არსებობს.
„დღეს რომ ითქვას, გაერო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ეს მათ გააღიზიანებს. დარწმუნებული ვარ იტყვიან, ეს ქართველების და აფხაზების ბრალიაო, მათ არ უნდათ მორიგება. ქართველებს არ უნდათ თავისი შენაერთების გამოყვანა ზემო აფხაზეთიდან და ა.შ.“
განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გადაუმოწმებელ ინფორმაციას კი არა, შეგნებულ დეზინფორმაციას ავრცელებს. გალის რაიონში დაძაბულობის შექმნა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააზრებული ნაბიჯი იყო.
„მიკვირს მედიის დამოკიდებულება, როდესაც ის გადაუმოწმებელ ინფორმაციას უშვებს, თუმცა ეს არ მიკვირს ტელეკომპანია „მზის“-ის და „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში..
პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ხელს უშლის, საქართველოს უკვე ისედაც ძალიან უარყოფითი იმიჯი აქვს მსოფლიოში.
„ყველას მიაჩნია, რომ საქართველო გადასულია პოპულიზმზე, PR კამპანიებზე და თვალში ნაცრის შეყრაზე. ანუ მისი მთავარი ამოცანა ქართული საზოგადოების და მიამიტი უცხოური საზოგადოების, ექსპერტების მოტყუებაა. მცდელობა აქვს შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში რამე ხდება.
დეზინფორმაცია, ექსპერტის აზრით, ასევე უარყოფითად მოქმედებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზეც, აფხზები ქართულ მხარეს საერთოდ აღარ ენდობიან. შესაბამისად ეს გაუცხოება მხოლოდ ართულებს სამომავლო პერსპექტივაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარებას.
http://www.humanrights.ge/index.php?a=arti...id=2304&lang=ge