Doct0rIN ბატონო,
BPG-Chveulebrivi-2002-01.ttf და BPG_Chveulebrivi_2002_01.ttf ერთი-და-იგივე ფონტის ფაილებია ოდნავ განსხვავებული სახელებით (ზოგ სისტემას ურჩევნია ქვემოთა ხაზგასმა).
არსებითად, ორივე ფონტი ახალ და უახლეს (ხვალინდელ) სისტემებზეა გამიზნული -- IE ძველმა ვერსიებმა შესაძლოა ვერ დაინახონ „გლახო“, ხოლო - „ჩვეულებრივი“-ს ასოების პოზიციონირება შესაძლოა პრობლემატური გახდეს მოძველებული ბრაუზერების, ტექსტური პროცესორებისათვის და სხვ. სხვათა შორის -- „გლახო“ უკვე გამოცდილია „მაკ X“-სისტემაშიც და იქაც სავსებით ნორმალურად მუშაობს როგორც ბრაუზერში, ასევე ტექსტურ პროცესშიც.
„ტაჰომა“-ს გამოყენება ლათუნურ ნაწილში არაა არსებითი პრობლემა (არც სამართლებრივი კუთხით - ასლი მაინც თუნდაც ოდნავ განსხვავებული იქნება) -- პრობლემაა მისი შესაბამისი ქართული ფონტი -- „სანშერი/სან“ ტიპისა, სამწუხაროდ კარგად შემუშავებული ასეთი ქართული ფონტი არ გაგვაჩნია.
„გლახო“ ქართულ პრაქტიკაში პირველი დელტა ჰინტირებული ფონტია (რომელიც ბიტმაპის მსგავს, მკვეთრ გამოსახულებას იძლევა) -- მისი კეთების პროცესში არსებითი იყო როგორც დელტა ჰინტირების მეთოდის ათვისება, ასევე -- შეფარდებითი შრომატევადობის დადგენა. ერთი ზომის ერთი ასოს/გლიფის გაკეთებას საბოლოო ჯამში (პროექტირება, კეთება, გამოცდა) დაახლოებით 1 საათი სჭირდება (200 ასო*5 ზომაზე=1000 საათი მძიმე სამუშაო) - მაგალითად, კომეციული ფირმები დასავლეთში ერთი გლიფის/ასოს დელტა ჰინტირებას 300-500 USD-ს აფასებენ.
და, მაინც მთავარი პრობლემა დასავლური ტიპის/დასავლური პროპოციების ფონტების კეთებაში ისაა, რომ ქართული დამწერლობა !!!ითხოვს!!! უფრო მაღალ/მოგრძო ასოებს -- განსაკუთრებით ქვედა ნაწილში/საყრდენი ხაზის ქვემოთ. ამის გამო ან ქართული ნაწილია ლათინურზე დიდი, ან უნდა დავთანხმდეთ იმაზე, რომ ერთსა და იმავე ზომაში ქართული ასოები ლათინურზე პატარა და უგვანო იქნება -- აქ მაგალითად შეადარეთ: oი -- ლათინური „ო“ და ქართული „ი“ -- რამდენად დიდია ლათინური ასოს „თვალი“ ქართულისაზე. დიდი თვალის მქონე ასოს დელტა ჰიტირება კი უფრო მარტივია და უკეთეს შედეგს იძლევა. აგრეთვე, შეადარეთ ამ ფონტში ასოების რიგი (სილფაენი ან არიალ უნიკოდ მს): qქpიoოw -- „ქ“ რომელიც სრული სიმაღლის ქართული ასოა -- აქ ლამის იმავე სიმაღლისაა როგორც ქვედა რეგისტრის ლათინური ასოები და „ქ“-ს ჯვარი (არიალ უნიკოდ მს-ში) ლამის საყრდენ ხაზზეა (როდესაც „ი“-ს ზემოთა ნაწილის დონეზე უნდა იყოს). ან შეადარეთ: „შწოღდ“ და „MWmw“ სიგანეები -- როგორც ლათინური, ასევე ქართული ასოები 2-2 სექციისაგან შედგება, მაგრამ რამდნად განიერი-დიდია ლათინური ასოები... ქართული კალიგრაფიული ტრადიციის მიხედვით, ეს ყოვლად დაუშვებელი დისპროპორციებია!
თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა თქვენი, მომხმარებლების საზრუნავი არაა...
გმადლობთ გამოხმაურებისათვის და ფონტების გამოცდისათვის.