ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დღეს საღამოს შეხვდება
15:26 01-02-2013
მგონია, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" ხალხი შეგზავნილია "ნაციონალური მოძრაობიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, არ ფიქრობს, რომ ამაში რაიმე დანაშაული "თავისუფალ დემოკრატებს" მიუძღვით.
"მართლაც არსებობს ის კითხვები, რაც საგანელიძემ დასვა. გუშინ მე დამხვდა 20 დემონსტრანტი ჩემს სახლთან და მათ შევხდი. ისინი აბაშიდან არიან ჩამოსულები და მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელად არჩეული პირი და არ მოსწონთ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აბაშის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერი. გასაკვირი არის ის, რომ არც ერთი მათგანი "ქართული ოცნების" წევრი არ იყო. მათგან სამი იყო "თავისუფალი დემოკრატებიდან". საგანელიძეს აქვს ეჭვი და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსპირირებული "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მე არ ვფიქრობ, რომ აქ "თავისუფალი დემოკრატების" დანაშაულია, მე მგონია, რომ იქაც შეგზავნილია ხალხი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და ისინი ახერხებენ სიტუაციის ინსპირირებას", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს საღამოს ირაკლი ალასანიასთან აქვს შეხვედრა, რომლის დროსაც დასვამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს". ამის შესახებ საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...shekhvdeba.html